ტრადიციულად, “ტრადიციონალისტი” აკაკი ასათიანი პოლიტიკურ პროცესებში საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში ერთვება ხოლმე. თუმცა ეროვნული ფორუმის რიგებში მისი გააქტიურება, როგორც ჩანს, გამონაკლისი იქნება, რადგან პოლიტიკური ვითარება დღითიდღე იძაბება. “არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში”, - აცხადებს ხელისუფლებისგან მრავალგზის “გადაგდებული რვიანი”, რომლის აშკარად დატოვებას, ჯერჯერობით, ყველა პარტია ერიდება, მათ შორის, “ფორუმიც”. “რვიანის” საპირწონედ კი სულ უფრო აქტიურდებიან რევოლუციური ანონსების ავტორები და ექსტრემისტული განცხადებებით საკუთარი თავი ჩიხში შეჰყავთ. მიაღწევს თუ არა “რვიანის” ფორმატში კოორდინირებულ პარტიათა ერთობა მაისის ბოლომდე, შეუერთდება თუ არა “ფორუმი” რევოლუციონერების რიგებს, რა ფაზაშია მისი მოლაპარაკება ქართულ პარტიასთან და რა იგეგმება პოლიტიკურად ცხელ სეზონზე - “ვერსიას” აკაკი ასათიანი ესაუბრება:
თქვენი გამოჩენა ცუდად ენიშნათ, როგორც წესი, ასათიანი კრიზისის გადავლის მერე ბრუნდება ხოლმე და ამ აქტიურ სეზონზე რამ გამოიყვანაო?
- მსოფლიო კრიზისს გულისხმობენ?
გამსახურდიასდროინდელ ამბებს, ალბათ, იმასაც, აპრილის აქციების დროს ოპოზიციას რომ შეუთვალეთ, 40 გრადუს სიცხეში ჩემი იმედი ნუ გექნებათ, აგრილდება და მერე მოვალო.
- ნუ, იქ ის პრობლემა იყო, რომლის მოხსნასაც ახლა ვცდილობთ. ამბობდნენ, მოდით, სადმე შევიკრიბოთ და მიშას გადადგომა მოვითხოვოთო, მკაფიო ამოცანა კი არ ჰქონიათ. განწყობა ნამდვილად იყო, მაგრამ მას მიმართულება უნდა მისცე და კალაპოტი გაუჭრა. რატომ ჩავერთე ახლა ამ პროცესში?! ვიცი, მომენტი მომწიფდა, სახელისუფლებო კრიზისია, სააკაშვილი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, პირველი პირის წასვლა კი ქვეყანაში ვითარებას ავტომატურად შეცვლის. იმის შანსი, რომ ეს მშვიდობიანად მოხდება, დიდია. ახლა, რა უნდა ქნას ჩემნაირმა კაცმა?! მანამდე ტყუილუბრალოდ უნდა მეფართხალა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ წარმატების გარდაუვალი შანსია და ამას გამოყენება უნდა.
რა ხდება, ასე ოპტიმისტურად რამ განგაწყოთ?
- რატომღაც, ყველა დავით აღმაშენებელს მიახტება ხოლმე და ერთი რამ არ ახსოვთ - აღმაშენებელმა მომენტი არ გაუშვა ხელიდან. როცა ფრანგებმა იერუსალიმი აიღეს, მან თურქებს ხარკი შეუწყვიტა, მერე თვითონ მოძლიერდა და აქეთ შეუტია. მამამისმა კი შანსი ვერ გამოიყენა. ანუ, შანსი დავითს არ შეუქმნია. ასევეა ხალხის განწყობა, რომელიც სულ არის.
თქვენი “ფორუმთან” გამოჩენა არავის გაკვირვებია, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ მაინცდამაინც “ფორუმი” არ გაუშვებს მომენტს ხელიდან?
- ჯერ ერთი, თვითონ არიან ჩემთვის სანდო ადამიანები. თან, ცალკე ყოფნა და ახალი ბლოკის, ან ახალი სახელწოდების გამოგონება პამპულაობა იქნებოდა.
ახალი არც იდეაა, არც სახელები, არც სახეები...
- სამაგიეროდ, კომბინციაა ახალი.
რომელი კომბინაცია, თქვენი და სანიკიძის, თუ თქვენი და მაღრაძის? მე გააქტიურების რეალურ მიზეზებზე გეკითხებით, რაკი ამბობთ, რომ ქვეყანაში რეალური შანსია გაჩენილი.
- ყველაფერი ამით არ დასრულდება და ეს კავშირი სხვა სახეს მიიღებს. ჯერ ვერ გეტყვით, კონკრეტულად, ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი. ამის უფლება არ მაქვს.
მეეჭვება, ეს ბლოკი იყოს, მაგრამ, ალბათ, კოორდინირებულნი ყველასთან ვიქნებით. აი, ქართული პარტიის პოზიცია ვითარების ადეკვატურია. მთავარი ისაა, რომ ურთიერთობის პრობლემა არავისთან გვაქვს. ყველანი სალაპარაკოდ რომ დასხდნენ, აღმოაჩენენ, დაახლოებით, ერთსა და იმავეს ვამბობთო. სინამდვილეში, ყველა ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია.
მერე რგოლები ამ ჯაჭვში ვინ უნდა ჩააბას?
- ჩვენ ვეცდებით.
ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხომ არაა, ჯაჭვის პირველრგოლობას რომ აპირებთ?
- ეს იმპულსია, სტიმული.
მთავარ ფსონს მაინც ვისზე აკეთებენ ფორუმი და ასათიანი - “რვიანზე”, ქართულ პარტიაზე, თუ კრებაზე?
- “ფორუმი” “რვიანშია” და ეს ხელს არ გვიშლის, სხვა პარტიებთანაც გვქონდეს კონსულტაციები. ხელი არც კრებასთან შეხვედრასა და კონსულტაციებში გვეშლება. ამას, ბოლობოლო, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე, გავაკეთებთ და იმას მაინც გავარკვევთ, ვინ რას აპირებს.
ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ, შესაძლოა, “რვიანთან” ლაპარაკი აქეთ აღარ მოინდომონ - ეს რვა პარტია ხომ მრავალგზის “გადაგდებულია” და, დიდი ალბათობით, “ნაციონალები” არც ივნისამდე დათმობენ რამეს.
- ვიცი, ეგენი არაფრის დათმობას აპირებენ, მარტო “რვიანს” კი არავითარი შანსები არ აქვს. ივნისამდეც ვერ მივა მოლაპარაკების ეს პროცესი. თუმცა ორი უკიდურესობა თავშივეა გამოსარიცხი. ერთი მხარე ამბობს, მოლაპარაკებას ვეცდები, მაგრამ ხელისუფლება თუ არ დათმობს, არჩევნებში მაინც მივიღებ მონაწილეობასო. ვინც ამაზე წავა, ჩათვალეთ, პოლიტიკურად გაღმა გავა. მეორე მხარე კი, მარტო იმას ამბობს, გინდა თუ არა, რევოლუცია მოვაწყოთო. გაუგებარი ამბავია ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთს ლოგიკურად რატომ არ ებმის! მე, პირადად, მოვითხოვ არჩევნებს, რადგან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, სასურველია, მშვიდობიანად. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის და თუ ეს ნებით არ გამოვა, მაშინ ბრძოლა საპროტესტო გამოსვლებში უნდა გადავიტანოთ, ოღონდ იგივე, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ძალიან კარგი, რომ ხელისუფლება არაფერს თმობს. არც აქ და არც ქვეყნის გარეთ, კაცი არ დარჩება, ვინც შეგვეკამათება, საპროტესტო გამოსვლები რატომ გაქვთო. მით უმეტეს, ჩვენი მოთხოვნა ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღები და გასაგები იქნება. მთავარია, ყველამ იცოდეს, რა უნდა საბოლოოდ, როგორ აპირებს ამ მიზნის მიღწევას და ვინ იქნებიან პროცესის მონაწილეები.
მაგ სამიდან რამდენზე გაქვთ პასუხი?
- ვინ ვართ, ვიცით, რა და როგორ გვინდა, ეგეც ვიცით. ვეცდებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, თუ უარს მივიღებთ, საპროტესტო გამოსვლების რეჟიმზე გადავალთ და შევხედავთ, რა იქნება. თუ ხელისუფლება ისე გაგიჟდა, რომ ხალხს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ამას ფიზიკური პასუხი გაეცემა.
ამას რის იმედად ამბობთ, ქართული პარტის 50 000-კაციანი არმიის?
- სადმე 50 000 კი არა, 500-კაციანი არმია იყოს, ეგეც მეცოდინებოდა.
წინასწარ ვერაფერს ვიტყვიო, მაგრამ ქართული პარტია იმდენჯერ ახსენეთ, აშკარაა, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სწორედ მათთან გექნებათ. თან, ცოტა ხნის წინ, ამას არც “ფორუმი” გამორიცხავდა და დღის წესრიგში უშუალოდ სანიკიძისა და ოქრუაშვილის მოლაპარაკებებიც იდგა. დიახ, კონსულტაციები იქნება. დარწმუნებული ვარ, მინიმუმ, კოორდინაციაც გამოვა. რასაც მე ვუყურებ, ვატყობ, რომ მზაობა მეორე მხარესაც აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსები მსახიობები კი არიან, მაგრამ არა იმ დონის, რომ ასე დამაჯერონ.
ის ხუთი სახე, რომელსაც ამ პარტიაში ხედავთ, ან მათი განცხადებები სისხლისღვრებსა და არმიებზე სკეპტიკურად არ განგაწყობთ?
იცით რა, არც მე დავიხევ უკან, სხვა გზა თუ არ იქნება. რევოლუცია უკიდურესი, არასასურველი, მაგრამ მაინც გამოსავალია მდგომარეობიდან. ცდება ის, ვინც ამბობს, ამის გაკეთება არ შეიძლებაო. პოლიტიკა არჩევნებსაც გულისხმობს და რევოლუციასაც, შენი საქმეა, უკეთეს გზად რომელი მიგაჩნია. როცა ჩემი გუნდი გოლს გაიტანს, ან გაუშვებს, გული ორივე შემთხვევაში მეკუმშება. გული ამ დარტყმებს ერთნაირად აღიქვამს და არ იცის, ეს წყენითაა გამოწვეული, თუ -სიხარულით. ასევეა ცვლილება რევოლუციის, ან არჩევნების შემთხვევაში, მაგრამ თუ დაიწყებ, უკან აღარ უნდა დაიხიო, ამაში ქართული პარტია მართლია და კიდევ იმაში, “რვიანს” ბოლომდე რომ აცლის მუშაობას.
რა განსხვავებაა ქართულ პარტიასა და კრებას შორის? გასაკვირია, იგივეს სწორედ კრებაზე რომ არ ამბობთ, თქვენ ის პოლიტიკოსი ხართ, ვინც ეროვნული კრების მოწვევასა და პარალელურ მთავრობებზე 2006 წელს საუბრობდა.
- დიახ, იდეა ჩვენი იყო. პოლიტიკა მეცნიერული გამოგონება არაა, საავტორო უფლებები მიიწერო და არც ლიტერატურული ნაწარმოებია, სიუჟეტი მომპარესო, თქვა. აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. მაშინ ქალბატონმა ბურჯანაძემ მითხრა, სააკაშვილს ორი თვით სიცოცხლეს უხანგრძლივებო, მაგრამ ყველაფერი ისე რომ წავიდა, როგორც არასწორად მიმაჩნდა, ზუსტად იმიტომ დარჩა სააკაშვილი ადგილზე კიდევ ორი წლით.
კრებას იმ მასშტაბის ლეგიტიმაცია არ აქვთ, როგორსაც მე ვთვლიდი საჭიროდ. იგი საყოველთაო და არა რომელიმე პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის ინტერესების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. დღეს მას ამხელა მოცულობა არ აქვს და პარტიების მოკვეთაც შეცდომად მიმაჩნია. მხოლოდ ის ვიცი, რომ მთელი საქართველოს მხარდაჭერა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას ექნება. ამ ხალხში კი ზოგი რადიკალურ ცვლილებებს სასწრაფოდ ითხოვს - მოდით, ესენი დღესვე შევცვალოთო. მეორე ნაწილი კი ფიქრობს - ეგებ, მშვიდობიანად ვქნათ ეს ამბავიო, მაგრამ შეცვლაზე ისიც თანახმაა. ჰოდა, მოვითხოვოთ ეს არჩევნები და ამაზე თუ არ წამოვა, რჩება გამოსავალი - რასაც ნებით არ გვაძლევენ, იმას ხელიდან გამოვგლეჯთ.
ხომ ვერ მეტყვით, ეგ როგორ უნდა გააკეთოთ? განსაკუთრებით მაშინ, თუ აქეთ დაგასწროთ და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დაგინიშნათ?
- ჰო, აი, ეგ პრობლემაა. ამ შემთხვევაში, გადაწვეტილებას ვითარების მიხედვით მივიღებთ. ეს შეთქმულება არაა, “ფორუმი” მასობრივ საპროტესტო ტალღაზე ღიად გადავა, თუ “რვიანის” ფორმატით რეალური შედეგი ვერ მიიღო. ვნახეთ, როგორ დაიშალა საბჭოეთი, როგორ იცვლება დიქტატურული რეჟიმები ახლო აღმოსავლეთში. ეს შეუქცევადი, გარდაუვალი პროცესია და ჩათვალეთ, უკვე ჩვენამდეც მოღწეული აქვს, იმედია, მოვლენები საუკეთესო, ამ შემთხვევაში, ტუნისის სცენარით განვითარდება. ნებისმიერ ვარიანტში, ეს ჩვენი არჩევანი არ იქნება და სცენარსაც ხელისუფლება გადაწყვეტს. თუ ვითარების ადეკვატურები აღმოჩნდებიან, თავს როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად გადაირჩენენ. პოლიტიკას მარტივი ლოგიკა აქვს - თმობ ცოტას და ინარჩუნებ ბევრს. დღეს ხელისუფლებაში ახალგაზრდები არიან და დაბრუნების შანსი აქვთ - რა, ეს ცოტაა? ის, რომ შევარდნაძე ხალხის ურმავლესობის მოთხოვნით გადამდგარი პრეზიდენტია და საქართველოში მშვიდად ცხოვრობს, ქვეყნის მაღალი კულტურის მაჩვენებელია. გამსახურდიაზე კი ნადირობა იყო გამოცხადებული.
გამსახურდია სულ სხვა შემთხვევა იყო და ეს თავადაც იცით.
- დიახ, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც პროგრესი მაინც განვიცადეთ. პროგრესის იმედი კიდევ მაქვს. ეს ზაფხული პოლიტიკური ტემპერატურითაც ცხელი იქნება. არავინ თქვას, ზაფხული მკვდარი სეზონიაო. თუ გინდა, მაშინ მკვდარი არ არის, თუ მოკვდები, მოკვდება სეზონიც. ალბათ, “ნაციონალებს” ჰგონიათ, პროცესებს ივნისამდე მიიყვანენ, მერე პარტიებს ყველაფერზე უარს ეტყვიან და ოპოზიცია დაიძინებს.
როგორც ყოველთვის... და ამჯერად 40-გრადუსიანი სიცხე არ შეგაშინებთ?
- არა და ამის არც მაშინ შემშინებია. თუ ვიცი, რომ საქმე ამად ღირს, არც მინუს 40 გრადუსი მაშინებს და არც პლუს 40. ხოლო თუ არ ღირს, ჩემთვის იდეალური 15 გრადუსიც რომ იყოს, არც გავტოკდები. ახლა ღირს და გადამწყვეტი ეტაპია - ქვეყანა ან ჩიხში რჩება და უფსკრულში იჩეხება, ან ფონს გადის.
თუ კაცი ხარ, და ამბობ, რომ საქართველო გიყვარს, მის გადარჩენასაც უნდა ეცადო. ვინც ამ მიზნის გარშემო შემოიკრიბება, ის გაიმარჯვებს. თუ ხელისუფლებამ ისროლა, ეს მისიUბოლო თუ არა, ნამდვილად ბოლოსწინა დღე იქნება. შეშინებული კაცის რეაქციის გამოცნობა ძნელია. შევარდნაძე მამაცი კაცი იყო და დარწმუნებული ვიყავი, არ ისროდა. სააკაშვილს კი ვერ გათვლი და ამაზე დროსაც არ ვკარგავ. მე ჩემსას გავაკეთებ, ვნახოთ, ის რას იზამს.
სისულელეა, გამუდმებული მარჩიელობა, რას ფიქრობენ ხელისუფლებაში, მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ. ისინი კი თავისას იზამენ და უსათუოდ, დაუშვებენ შეცდომებს, რომელთაც ჩვენ გამოვიყენებთ. არ ვიცი, რას აპირებს სააკაშვილი და რაც მთავარია, არ მაინტერესებს. მე ვიმოქმედებ და იმან იფიქროს, რა იქნება ჩემი მომდევნო ნაბიჯი. ამ შანსს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხელიდან არ გავუშვებ.