ის, რომ კუსტურიცამ უარი თქვა რუსული სცენარით აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღებაზე, დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხელოვანმა მას და ანდრეი კანჩალოვსკის თავის დროზე ღია წერილით მიმართა, რომელიც დღეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ენაზეა ნათარგმნი და ყველა საიტზე დევს.
რატომ აპირებს 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას და რა უთხრა მას პრეზიდენტის ნათესავმა ქარვასლაში? ამ და სხვა საინტერესო თემებზე „რეზონანსი“ ცნობილ რეჟისორს, ქეთი დოლიძეს ესაუბრა.
რა ხდება თქვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ?
- ვაგრძელებ მუშაობას, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით მოხსნა. დღევანდელი ხელისუფლების მეთოდი ხომ ასეთია - მთავარია, არაფერზე უპასუხო, მთავარია, რეაქცია არ გქონდეს. ადამიანები რაც უნდა შეურაცხყოფილნი იყვნენ, უნდა გაჩუმდნენ. თუ ერთ სიტყვას იტყვით ჩვენ საწინააღმდეგოდ, დაისჯებით! დაისჯებით! დაისჯებით! ეს არის მათი სლოგანი. პირველ ხანებში იყო რაღაც მოგონილი ვერსია, თითქოს მე აპრილში თეატრი დავკეტე, რაც ტყუილია. ერთადერთხელ მოიხსნა სპექტაკლი იმიტომ, რომ ერთი ბილეთი გაიყიდა. მაშინ ყველა თეატრს პრობლემა ჰქონდა, მათ შორის რუსთაველის თეატრსაც, რაც სრულიად ბუნებრივია.
ვინმე მეტყვის, რომ რუსთაველის თეატრში ხალხი დადიოდა საკნების ფონზე? რა თქმა უნდა, არა. მარჯანიშვილის თეატრს ძალიან ჭკვიანური მენეჯმენტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც "ბალი ბიჭუნა" გჭირდება იმისთვის, რომ ბილეთები გაყიდო და მოიყვანო ხალხი, ცოტა რთულია. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ ვამბობ, რომ ეს ფაქტია. თქვენ, ჟურნალისტები არ დადიხართ თეატრში და სხვას რა უნდა მოვთხოვო?
ოქტომბერში დამნიშნა გრიგოლ ვაშაძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დღესაც მადლობას ვეუბნები, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. მაშინ უკვე ვიყავი ოპოზიციაში. ეტყობა, ვაშაძე ის პოლიტიკოსია, რომელსაც მიაჩნია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. შეიძლება ადამიანს რაღაცა არ მოსწონდეს ჩემი, მაგრამ, მე ერთხელ კიდევ ვამბობ, თუნდაც ჩემი ასაკით, ჩემი საქმიანობით, ბიოგრაფიით ბევრად უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს, ვიდრე რომელიმე მინისტრს დღეს საქართველოში. ამიტომ, ნებისმიერი მინისტრი და, მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც ვახო რურუას ოჯახში გაიზარდა, თეატრისა და კინოს მხატვრის შვილია, ამას უნდა გრძნობდეს.
ალბათ, უნდა დავებარებინე და უნდა ეთქვა, ქალბატონო ქეთი, რას ჩადიხართ, რა ხდებაო? მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის თეატრი არაფერს ნიშნავს. ღირსადაც არ გთვლიან, რომ რამე შეგატყობინონ. ეს რას ჰგავს, იცით? აი, წკრიალაშვილის ფონდით რომ უნდათ, ჩაანაცვლონ პაატა ბურჭულაძის არაჩვეულებრივი ფონდი, მაგრამ, ერთ რამეს ვერ თვლიან - პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ვერავინ მოერევა.
თუმცა წკრიალაშვილმა განაცხადა, რომ ეს არაა მისი ფონდი...
- როგორ შეიძლება წკრიალაშვილს რამე ფონდი ჰქონდეს? მერე რა, რომ ლამის მინისტრის მოადგილედაა დანიშნული? წკრიალაშვილი თეატრში არ მინახავს. კონცერტებზე, ალბათ, დადის. არც ის ქალბატონი, რომელმაც მე გამლანძღა.
ვის გულისხმობთ?
- კოკა იგნატოვის ქალიშვილს, ქეთუსია იგნატოვას, რომელიც ჭკუას მასწავლის. მარტო კი არა ვარ გაოგნებული, რომ ნინა წკრიალაშვილი ლამის მინისტრის მოადგილეა, სხვებიც არიან. მაგრამ მე ამას ვამბობ, სხვები კი არ ამბობენ. ქეთუსია იგნატოვამ ყველაზე კარგად იცის, მე, ქეთი დოლიძეს რა მაქვს გაკეთებული. დღეს საქართველოში კულტურა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იმართება. თქვენ გგონიათ, ჩემი კოლეგები არ მეუბნებიან, ხომ იცი, ვინც არიან და გაჩუმდი, რა, ნუ აკრიტიკებო. დაანებე ამ მთავრობას თავი და ყველაფერი გექნებაო. მე სხვანაირად ვცხოვრობ. თქვენ გგონიათ, ამ მინისტრებმა არ იციან, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც თეატრს და ხელოვნებას ემსახურება, მაინც დისიდენტია? თუ არ იქნება დისიდენტი, ისე თეატრში ვერ იმუშავებს და ვერც ვერაფერს შექმნის.
მაგ ლოგიკით დიდი ხანია, რობიკო სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელი არ უნდა იყოს, მაგრამ რობიკოს ვერ მოერივნენ. ის ზედმეტად დიდი ავტორიტეტია. პაატა ბურჭულაძეს კონცერტი ჩაატარებინეს და ზაზა აზმაიფარაშვილი მოხსნეს.
ყველაზე მეტად, იცით, რატომ მიკვირს? არ მეგონა, რომ ამ ყველაფერს ნიკა რურუა გააკეთებდა. სანამ თვითონ არ გამოვიდა და არ თქვა ჩემთან დაკავშირებით, შეუძლია, რეჟისორად იმუშაოსო, არ მჯეროდა, რომ ეს მისგან მოდიოდა. დიდი მადლობა, რომ რეჟისორად დამტოვა. მისი გადასაწყვეტი არაა, მე სად დავრჩები და სად - არა. მე რეჟისორი მაშინ ვიყავი, როდესაც ის აკვანში იწვა. ამიტომ, მართლა გაოგნებული ვარ.
რატომ ხდება ასე?
- იცით, მას უნდა, ამ გუნდის წევრი იყოს. სოხუმის თეატრის გამო, იცით, რატომ დაიხიეს უკან? მარტო იმიტომ, რომ მთელმა თეატრმა შეიტანა ყველა საელჩოში განცხადება, ითხოვდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ეს სკანდალი არ უნდოდათ. აბა, სოხუმის თეატრი არ ყოფილიყო, თუ ამოიღებდა ვინმე ხმას. რომელ დიალოგზე ლაპარაკობენ ესენი? ჯერ ერთი, არასწორია, როდესაც პრეზიდენტი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნა-მოხსნაზე საუბრობს. ბატონმა სააკაშვილმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ქეთი ჩვენი მოწინააღმდეგეა და არ გვეთანხმება რაღაცებში, მაინც დავნიშნეთ სამხატვრო ხელმძღვანელადო. ე.ი. თავად ვერ მიხვდა, როგორ თქვა ის, რომ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან პოლიტიკური ფიგურები. ჩემმა შედარებით ახალგაზრდა კოლეგამ მითხრა, აბა, რა გინდა, ფული მაგათია და შენ გინდა, თან უკმაყოფილო იყო, თან ეს ხმამაღლა თქვა და თან ფული მოგცენო? კი, მაგრამ თავის ფულს მაძლევენ? ამაშია მთელი უბედურება, რომ უგულავას ეს ფული თავისი ჰგონია. მან მოინდომა, ფესტივალი "საჩუქარი" გაენადგურებინა. არადა, მე ამისი მიზეზი არ მიმიცია, კეთილგანწყობილი ვიყავი მის მიმართ.
რა ბედი ელის ფესტივალ "საჩუქარს"?
- ფესტივალი "საჩუქარი" მაინც დაბრუნდება. შევარცხვინე ყველა მისი მოწაფე, ვინც ხმა არ ამოიღო, ვისაც რეაქცია არ ჰქონდა იმაზე, რომ თუმანიშვილის სახელის წაშლა მოინდომეს. თუ ქეთი დოლიძე არ იქნება, ფესტივალმა "საჩუქარი" მაინც უნდა იარსებოს. ეს არის ერთადერთი ფესტივალი მსოფლიოში, რომელიც თეატრის რეჟისორის სახელს ატარებს.
როგორია ამ თემაზე საერთაშორისო გამოხმაურება, როგორია თქვენი მეგობრების რეაქცია?
- ძალიან დიდი. დღეს ამ თეატრში რეპეტიციებს გადის ადამიანი, არაჩვეულებრივი ინგლისელი რეჟისორი, უფასოდ, უჰონორაროდ, თავისი ხარჯით ჩამოვიდა. ჯერ მისწერა წერილი პრეზიდენტს, ძალიან დიპლომატიური, გაწონასწორებული, ძალიან თავაზიანი. ბრიტანელები ჩვენსავით არ გამოთქვამენ თავის აზრებს. წერილში ნათქვამია, იქნებ, დაელაპარაკოთ კულტურის მინისტრს, რატომ მოხდა, რომ საქართველოში ყველაზე გულწრფელი ელჩი ხელოვნების დარგში ასე შეურაცხყოფილიაო.
და რა პასუხი მიიღო?
- პასუხი არ მიუღია, თუმცა ღია წერილებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაინც უნდა პასუხობდეს, თუ არა - თავად პრეზიდენტი. რაც შეეხება კუსტურიცას, მიუხედავად იმისა, რომ არსად ამას არ წერენ, კარგად დაიმახსოვროს რურუამაც, უგულავამაც, სააკაშვილმაც, რომ ჩემმა მის მიმართ დაწერილმა წერილმა დიდწილად განაპირობა ის, რომ ის ფილმს აღარ იღებს. რა, დამსაჯეს?! რითი დამსჯიან?! პრეზიდენტის ერთ-ერთმა ნათესავმა, იცით, რა მითხრა?
რა გითხრათ პრეზიდენტის ნათესავმა, ქალბატონო ქეთი?
- ამას წინათ ქარვასლაში შემხვდა - ძალიანაც კარგი, რომ მოგხსნეს, ქალბატონო, ღირსი იყავი და მოგხსნესო. მე ვუთხარი, თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, რომ პრეზიდენტის ნათესავი არ შეიძლება, ასე ელაპარაკებოდეს ხალხს-მეთქი. მან მითხრა, თქვენ მისი არაკეთილმსურველი ხართო. მაშინ მე შევუბრუნე სიტყვა და ვკითხე, თვითონ ვისი კეთილისმსურველია, გამაგებინეთ-მეთქი.
კონკრეტულად თქვენ რის გამო დაისაჯეთ?
- იმ ნათესავმა მითხრა, რა იყო ეს, ცოცხი რომ დაიჭირეთ ხელშიო. მე ვუთხარი, ცოცხი კი არა, თქვენს ნათესავს ფოტოები ეჭირა ხელში-მეთქი. მე ახლა იაპონიაში ვიყავი ათი დღე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ლანძღვა აზრადაც არ მომსვლია. იქ "თეთრი მანდილის" ეგიდით ვიყავი მიწვეული. 25 ოქტომბერს ძალიან დიდი მასშტაბით ტოკიოსა და კიოტოში გადაიხადეს "თეთრი მანდილის" დღე. ახლა მე მაინტერესებს, ამათი ელჩები უფრო კარგად მუშაობენ თუ მე, ხელში რომ რუკა მეჭირა და იაპონელებს ვუხსნიდი, რა მოხდა და როგორ დაგვესხა რუსეთი თავს. ძალიან კარგად ვიცი, სად რა უნდა ვილაპარაკო.
ამ ბოლო დროს უცხოურ პრესაში ხშირად იბეჭდება მოსაზრებები, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა პრეზიდენტ სააკაშვილის იმიჯი. თქვენი აზრით, აგვისტოს მოვლენებზე ჰოლივუდური ფილმის გადაღება ემსახურება თუ არა სააკაშვილის შერყეული ავტორიტეტის ამაღლებას?
- გეთანხმებით. ეს ამათთვის არ შეირყა არაფერი, თორემ საზოგადოებისთვის ყველაფერი შეირყა. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ აქ არ წყდება საქართველოს ბედი. არ წყდება თბილისში, წესით, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ ასე არ ხდება. დღეს საქართველოს ბედი წყდება სადღაც მოსკოვს, ვაშინგტონსა და ევროპას შორის.
მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს ფილმი აბსოლუტურად ქართული ფულით კეთდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ სცენარი წაკითხული არ მაქვს. მე ერთი რამე მინდა, ვიცოდე, ყველა მსახიობი, რომელიც თამაშობს ამ ფილმში, ყვება ისტორიას ომის შესახებ. იმედი მაქვს, ისინი კარგად იცნობენ როგორც მოვლენის კონტექსტს, ასევე კონკრეტულ ისტორიას. როცა ვნახავ ამ ფილმის საბოლოო ვარიანტს, მაშინ შემიძლია ვთქვა, როგორი იქნება ის. როგორ დავიჯერო, სცენარის ავტორებს ტალიავინის კომისიის დასკვნა არ აქვთ წაკითხული? ანდა ენდი გარსიას, რომელიც ძალიან ზუსტად ასახიერებდა სააკაშვილს, არ აქვს ინფორმაცია, ვინ არის სააკაშვილი? რუსს არ ეპატიება არც ერთი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ჩვენ წინააღმდეგ. გამორიცხულია. მაგრამ ტალიავინის კომისიის რამდენი დასკვნაც უნდა დაიდოს, ნამდვილად ვიცი, რაშია ჩვენი მხარე დამნაშავე.
და რაშია საქართველოს ხელისუფლება დამნაშავე?
- ყველა აფრთხილებდა, პროვოკაციას არ წამოეგოთო, მაგრამ მაინც აჰყვნენ პროვოკაციას. მე ისიც ვიცი, ივლისშიც აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, არ გაბედოთ პირველი ნაბიჯის გადადგმაო. მართალია, ხელისუფლება ამას მალავს, მაგრამ აბა, რა უნდა ქნან ახლა? მე ვიცოდი, რომ როკის გვირაბთან მთელი არმია იდგა და ხელისუფლებამ არ იცოდა? უშიშროება რისთვის არსებობს ამ ქვეყანაში?
მაშინ, რატომ გადადგეს ასეთი ნაბიჯი?
- სჭირდებოდათ, საქართველო დაეპყრო რუსეთს. მერე ჩვენ უნდა გვეთქვა, აი, რა დღეში ვართ უბედური ქართველებიო. ან ეს არის სამხედრო დანაშაული, როდესაც შენ შეგნებულად ხარ მოლაპარაკებული, მეორე ქვეყანას, ეს ტერიტორიები ჩააბარო. არის მეორე ვერსიაც, რომლის დაჯერებაც საშინელ სიზმარშიც არ მინდა. რა ეგონა სააკაშვილს, რომ ესენი არ წაართმევდნენ ტერიტორიის ერთ მესამედს? ის არაა უჭკუო კაცი. არ უყურებს კლიპს, სადაც 155 დაკარგული სოფლის სახელია ჩამოთვლილი?
ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ მოვიგეთ ომი და მსოფლიომ ნახა, რომ რუსეთი აგრესორია...
- ტერიტორიის ერთ მესამედს რომ დაკარგავ, ეს მოგებაა? ვის მოუგო ომი, რუსეთს? რუსეთმა როგორც კი მოუჭირა გაზის საკეტს ხელი, ევროპამ მყისვე შეიცვალა პოზიცია. ანგელა მერკელმა არ დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკებები? როგორ, ბრმები ვართ? ტრაგედია არ არის, რომ ჩემს არც ერთ შვილს აქ გაჩერება არ უნდა? აბა, ერთი, ჰკითხეთ რომელიმე ტელევიზიას, თუ აქვთ ჩემი გამოჩენის უფლება და მერე მე მკითხონ, მე თუ მინდა მაგათ ტელევიზიებში გამოჩენა. თქვენ გგონიათ, მაგათ შავი სია არა აქვთ?
რას ნიშნავს შავი სია?
- ვინ შეიძლება, მაგათი ტელევიზიებით ელაპარაკოს ხალხს და ვინ არ შეიძლება, ელაპარაკოს. თქვენ გგონიათ, მაგათ არ იციან, რომ 100%-ით მართალი ვარ? თქვენ გგონიათ, არ იცის რურუამ, რას მოაწერა ხელი? ივლისის ბოლოს არაჩვეულებრივად, წარმატებულად დავასრულე სეზონი, ასე მითხრეს თვითონ. მაგრამ ესენი გეტყვიან, არაფერი არ დაგიდგამს, 4 პრემიერა არ ყოფილა, არაფერი არ გაგიკეთებიაო. შეგხედავენ თვალებში და გეტყვიან, არ გაამართლე ჩვენი იმედებიო. რომელი იმედები? რურუა თუ სერიოზული მინისტრია, ადამიანს 2-წლიან ხელშეკრულებას რომ უდებს, როგორ არღვევს ამ ხელშეკრულებას 6 თვეში? მე დამნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. არც ერთი თეთრი არ მოუცია ჩემთვის კულტურის სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ მუხლებზე დამდგარი ვეუბნებოდი, თუ ფულს არ მომცემთ, ხალხო, ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი. რატომ არ იკითხეს, ამდენი რამეც როგორ მოვახერხეთ. ვიქურდე, თეატრში გავყიდე ავეჯი თუ რა გავაკეთე.
და არ კითხულობდნენ ამას?
- არა. 1 ივნისს დანიშნეს ზურა გეწაძე მმართველად. პირველ რიგში, ის ჯერჯერობით მსახიობია. აქვს ორი სპექტაკლი დადგმული, საერთოდ კარგი ადამიანია, მაგრამ, ექვსი თვის წინათ, როდესაც მე დამნიშნეს ამ თანამდებობაზე, მასაც ჰქონდა შეტანილი განცხადება და მაშინ რატომ არ დანიშნეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ზურაბს არაფერი საერთო არა აქვს ამ გადაწყვეტილებებთან, ის არის უაღრესად ღირსეული ადამიანი, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი და 4 შვილის მამა, მაგრამ მას არც კი უთხრეს, რომ მე მხსნიდნენ.