...ჯერ იყო და, ცხონებული ედუარდ შევარდნაძის ინტონაციით გაგვაფრთხილა, დიქტატურა მოდის, დემოკრატია საფრთხეშია და გადავდექიო; მერე, მესამე პარტყრილობაზე სულ ფეხბურთის ენით ი..., ხელისუფლებავ, მოედანი შენია, სავარაუდოდ, მთავარი მსაჯიც, მაგრამ ბურთი მრგვალიაო... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პოლიტიკაში დიპლომატიიდან მოსულ ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, როგორც მისი პარტიული ბოსი ამბობს, მაღალინტელექტუალური იუმორი აქვს, თუმცა ძველი ნათქვამია, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი არ ერიოსო... ასე და ამგვარად, ,,ვერსია' ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს წარმოგიდგენთ. ისე, თუ გაინტერესებთ, რატომ ჰქვია ორი სახელი, წინამდებარე არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ აუცილებლად ბოლომდე უნდა წაიკითხოთ. მაშ ასე, ვიწყებთ.
- ბატონო ალექსი, იმ ემოციების დროს, შევარდნაძე რამ გაგახსენათ?
- ფონი, მართლაც, ძალიან ემოციური იყო და ღია ეთერში მოსმენა, რომ პრემიერმა თავდაცვის მინისტრი მოხსნა, ადვილი არ ყოფილა.
- ამ დროს თქვენ ,,მაესტროს' პირდაპირ ეთერში იყავით... დავიჯერო, ალასანიას მოხსნას არ ელოდით?
- მოვლენები ისე ვითარდებოდა, რაღაც ეტაპზე კულმინაციას მიაღწევდა და გამორიცხული არაფერი იყო. სხვათა შორის, ვიდრე პრემიერის გამოსვლა დაიწყებოდა, პროდიუსერმა ნინო ჟიჟილაშვილს უთხრა, ალასანია, მგონი, გადააყენესო... ამ ამბებამდე რამდენიმე საათით ადრე, თუ ნახეთ facebook- ზე დავპოსტე: ,,კაბელების საქმე, ექიმების საქმე... რომელი წელია?!' ამ პოსტს ცალკეულ ადამიანებში გარკვეული რეაქცია მოჰყვა.
- ,,ცალკეულ ადამიანებში' ანუ პრემიერში?
- არა, ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს... მოკლედ, ინფორმაცია გვქონდა, რომ სხვა საქმეებიც მოდიოდა და ყველაფერი ეს წინა წლების საუკეთესო ტრადიციებში ,,ჯდებოდა'. ვანო, იუმორთან ჩემი დამოკიდებულება იცით...
- კი, ირაკლი ალასანიას სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალინტელექტუალური იუმორი გაქვთ...
- ბუნებრივია, მიფიქრია, თუკი ირაკლი ალსანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტი დადგებოდა...
- უკაცრავად, ამაზე რატომ ფიქრობდით?
- იმიტომ, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ასეთი შესაძლებლობების ალბათობაც იზრდებოდა...
- ამაზე, წესით, იმ დღიდან უნდა გეფიქრათ, როცა ალასანია თავდაცვის მინისტრად დანიშნეს - კულუარებში მაშინვე ითქვა, მალე მოხსნიანო...
- კულუარებში ბევრ რამეს ამბობენ...
- ბატონო ალექსი, მოდი, აღიარეთ, რომ ღარიბაშვილი და ალასანია ერთმანეთს იმთავითვე ვერ იტანდნენ...
- არა, არა... შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ასე არ ყოფილა. მათი ძალიან გულწრფელი და ხალასი ურთიერთობის მომსწრე ვარ...
- ესე იგი, საგანელიძემ ისე კარგად იმუშავა, ეს ხალასი ურთიერთობა გააფუჭა?
- საგანელიძის როლი ძალიან პატარაა...
- აბა, ხუხაშვილს უფრო დიდი როლი ჰქონდა?
- ამ გადაწყვეტილებაში წვლილი არც ხუხაშვილს მიუძღვის... როცა მოვლენები კულმინაციამდე მივიდა, ბუნებრივია, იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორი იქნებოდა ხალხის რეაქცია ჩემს გადადგომაზე. იყო მცდელობა, ყველაფერი იმით აეხსნათ, რომ აი, ერთ მეგობარს მეორე გაჰყვა, მეორეს - მესამეო...
- ალექსი ბატონო, უჭკუო და ამბიციურ მეგობარზეა ლაპარაკი...
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას.. ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა, მოწყდით სკამებსა და ჯიპებსო, მაგრამ სკამსა და მანქანას არასოდეს გამოვკიდებივარ და მინდოდა, ხალხისთვის ყველაფერი სხვა ჭრილში, იუმორით დამენახებინა... ცხონებულ შევარდნაძესთან კარგა ხანს ვმუშაობდი... - განსვენებული პრეზიდენტის პაროდიას შინაც აკეთებთ ხოლმე? - (იღიმის) ვერ ვიტყვი, რომ ვრეპეტიციობდი...
- ისე, სოცქსელის ,,იუზერებმა' იწინასწარმეტყველეს, თუ პეტრიაშვილი სამსახურს სახელმწიფო სტრუქტურაში ვეღარ იშოვის, სცენაზე დასაქმდებაო...
- ჩემს თავს მივხედავ, სცენისთვის კი, ჩემი უმცროსი შვილი, შოთიკო ემზადება, რომელიც კარგად ცეკვავს და მღერის... ერთი სიტყვით, მინდოდა, იუმორით მეთქვა, რომ ცხოვრება გრძელდება, თუმცა ყველა ხუმრობაში სიმართლის წილიცაა.
- ახლა ნუ დამაბნიეთ და მარტივად მითხარით: დიქტატურა მართლა მოდის თუ ხუმრობით?
- ეს, ერთის მხრივ, იყო გზავნილი, მეგობრებო, რაღაც ცუდად არისო და მეორეს მხრივ, იმის თქმა მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობა შეწყდა, ცხოვრება გრძელდება და უფრო საინტერესო ხდება- მეთქი.
- საინტერესო აი, მაშინ იქნება, თქვენსა და მაია ფანჯიკიძეზე საქმე საბოტაჟის მუხლით რომ აღძრან და ერთ მშვენიერ დღეს, ,,მატროსოვზე' აღმოჩნდეთ...
- ,,მატროსოვი' არ მემუქრება, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.
- მომიტევეთ და, ჩვეულებრივი მოქალაქე კი არა, მთავარი ,,საბოტაჟნიკი' ხართ - ალასანიას პირველი ,,პადდერჟკა' თქვენ მიეცით...
- ჯერ ერთი, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და თანამშრომელი არ ვყოფილვარ, ,,მატროსოვზე' რომ აღმოვჩნდე. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და იქ წავალ, სადაც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი მიჰყავთ! მეორეც, ასეთი აზრის გაჩენისა და, ღმერთმა არ ქნას, განხორციელების შემთხვევაში, ამ აზრის ავტორების კარიერის დასასრული დაჩქარდება და ყველაფერი კატასტროფული კოლაფსით დამთავრდება! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ... უბრალოდ, 37-ს კი არა, 2007 წელსაც ვერავინ დააბრუნებს!
- სხვათა შორის, დღეს 7 ნოემბერია... ბატონო ალექსი, შეიძლება, ვიღაცამ პირფერობად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია: ,,თავისუფალი დემოკრატები' განსაკუთრებულები თუნდაც იმიტომ ხართ, რომ ლევან მიქელაძის პრინციპებს უერთგულებთ. facebook- ის ავატარზე, როგორც მახსოვს, სწორედ ცხონებული მიქელაძის ფოტო გიყენიათ...
- დიახ, ასეა...
- მსმენია, 2007 წელს რომ გადადგა, თანამდებობების დატოვებას თქვენ, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ალასანიაც აპირებდით, მაგრამ ლევანმა თურმე, გითხრათ, თქვენც რომ გადადგეთ, ამას საბოტაჟს დაარქმევენო... ასე იყო?
- ვანო, დიდი მადლობა, ამ თემას რომ შეეხეთ... ლევან მიქელაძის ცხოვრების პრინციპები და წესები მხოლოდ ჩემთვის კი არა, თითოეული ჩვენგანისთვის ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება. ლევანი, თავისი ცხოვრებითა და ღირსებით ჩვენთვის სამაგალითო ადამიანი იყო და მის ირგვლივაც ამიტომ გავერთიანდით. ლევან მიქელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ჩვენთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ გავიგეთ, ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, დავით ზალკალიანი და მეც დავუკავშირდით და ვუთხარით, გამჩერებლები არც ჩვენ ვართ-თქო, მაგრამ ლევანმა ამის საშუალება არ მოგვცა. მართლაც, მნიშვნელოვანი რაღაცები იყო - მაგალითად, ირაკლი ალსანიას გაერო- ში ბოლომდე უნდა მიეყვანა დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული ერთადერთი რეზოლუცია, რომელიც დღესაც ჩვენი დიპლომატიისთვის დიდი წარმატებაა, რუსეთისთვის კი - თავისტკივილი. ვიქტორ დოლიძეს იგივე საკითხები ეუთო- ში უნდა დაესრულებინა საქმე, დავით ზალკალიანმა კი უდიდესი როლი შეასრულა, რომ ბელორუსმა, აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აღიარა. სხვათა შორის, 2009 წელს, ოპოზიციაში რომ წავედით, გვეკითხებოდნენ, ლევანთან ერთად რატომ არ გადადექითო. ღმერთმა მისი სული გაანათლოს და, მოკრძალებულად ვუსაყვედურე, რატომ არ მითხარი, გადადგომას რომ აპირებდი- მეთქი, მიპასუხა, რომ მეთქვა, შენს დარწმუნებას ვერ შევძლებდი, თანამდებობაზე დარჩენილიყავიო... ვანო, წეღანაც გითხარით, რომ ერთი თანამდებობაც არ მიღირს ფასეულობების, ადამიანური ურთიერთობებისა და, რაც მთავარია, სამშობლოს ფასად!.. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ირაკლის საფრანგეთში ვიზიტისას მოხდა, პროკურატურის მიერ გამძაფრებული დიარეის საკითხის დაყენებისას კი, გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ირაკლი ალსანიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.
- სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობთ?
- არა, სამსახურეობრივს...
- ზოგი ვენებს იხსნის, ალასანიას, უეჭველი, დაიჭერენო. ისეთი მეზღაპრენიც არიან, რომლებიც ამბობენ, ალასანია სახელმწიფოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებაზე აპირებდა წასვლასო... ალექსი ბატონო, იზიარებთ ირაკლი ალასანიას მოსაზრებას, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების' წინააღმდეგ დაფინანსებული კამპანია მიმდინარეობს? ალბათ, იცით, დავით ბერძენიშვილმა ისიც თქვა, ყველაფერ ამის უკან ,,ოცნების' გარკვეული ფრთა დგასო...
- რეალური ფაქტები არ მაქვს, ამაზე დაბეჯითებით რომ ვისაუბრო, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ, კონკრეტული ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება და ე.წ. უფლებადამცველები, ექსპერტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ირაკლი ალასანიაზე შეტევას პერიოდულად მიზანმიმართულად და ორგანიზებულად იწყებდნენ. სწორედ ამიტომ ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ეს დაკვეთილი კამპანია იყო. ზოგი კითხულობს, რატომ გააიგივა ირაკლი ალასანიამ თავი ნატო-სთან, ეს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არ იყოო, მაგრამ იმას, რაც ირაკლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ღირსეულად ვპასუხობდით...
- მოკლედ, ინტრიგა ვინ მოაწყო?
- რა გითხრათ... ვიცი?.. არ ვიცი!
- იცით, მაგრამ დიპლომატი ხართ და არ მპასუხობთ...
- მტკიცებულებები არ მაქვს, რომ დაბეჯითებით გიპასუხოთ...
- მთავარ ,,ბრალდებაზე' მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა: ნაციონალებთან რატომ თანამშრომლობთ?
- ირაკლი ღარიბაშვილისთვის პირადად მითქვამს, რომ გზავნილის გაშალაშინებაში პრობლემები ყოველთვის იკვეთებოდა. იმაზე, რომ ირაკლი ალასანია ნაციონალების ლობისტია, გამეღიმა. გასაგებია, ამით უნდოდათ, საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ალასანია ნაციონალებზეა მიბმული...
- ამას გარკვეული ეფექტი ჰქონდა...
- კი ბატონო, მაგრამ მაშინ, როცა ირაკლი ალასანიამ ნიუ იორკში მნიშვნელოვანი პოზიცია დატოვა და ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესში იყო და ამაში დასაძრახი არაფერია. სხვათა შორის, ამ აზრის დამკვიდრებას ხელს ნაცმოძრაობის გაქნილი პოლიტიკოსებიც უწყობენ - როგორც კი ალასანია გაათავისუფლეს, მათგან მხარდამჭერი მესიჯები წამოვიდა...
- უცნაურია და, მხარი ალეკო შალამბერიძემაც დაგიჭირათ...
- ალეკო კარგი ადამიანია და მასზე ახლა ვრცლად არ ვისაუბრებ... მოკლედ, ეს ნადირობაა, რომელიც ირაკლი ალასანიას დაზიანებისკენაა მიმართული. ბრალდებულ გიგი უგულავას ალასანიასთვის მოუწერია, ჩემო მეგობაროო. მაგის მეგობარი ტამბოვის მგელია. ჩვენ მეგობრობისა და სახელმწიფოს სხვანაირი აღქმა გვაქვს. ნაცმოძრაობისთვის სახელმწიფო კარგი პროექტი იყო...
- ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც ნაციონალები რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, ,,განსხვავებული აღქმა' არ გქონდათ? სხვათა შორის, მასთან პირველსავე დაძახილზე მიხვედით...
- ვანო, აბა, ნახეთ: ჩვენი საგარეო კურსი დეკლარირებულად ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც პრაქტიკულად, ამ მიმართულებებზე საუბრობდა და იმ ძალებს ეძებდა, რომლებიც ამ იდეალების ერთგულები იყვნენ. ,,პირველივე დაძახილზე მისვლა' ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ, როცა კომუნიკაცია შედგა, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან კი არა, სხვა პარტიებთანაც, რომლებსაც მანამდე ნატო- ზე საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები ჰქონდათ გაკეთებული, დეკლარირებულად შევთანხმდით, რომ ევროატლანტიკური კურსი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამ დეკლარაციის ძირითად საფუძველს ყველა დისციპლინურად მივყვებოდით.
- მთავარი პროკურორის მოადგილე შოთაძე უდისციპლინო აღმოჩნდა და ეს დისციპლინა დაარღვია, არა?
- ეს საკმაოდ რთული საქმეა. შოთაძე რიგითი გამომძიებელი კი არა, მთავარი პროკურორის პირველი და საკმაოდ გავლენიანი მოადგილეა. უმაღლესი განათლების მქონე, ზრდასრული ადამიანი, როცა რომელიმე უწყებაში დაკავებას ახორციელებს, იკითხავს, მინისტრი სად არის, საქმის კურსში უნდა ჩავაყენოო..
- ანუ შოთაძემ დავალება შეასრულა?
- დამელოდეთ და ამასაც მოგახსენებთ...
- ,,დამელოდეთ' კი არა, ,,მომითმინეთ, მომითმინეთ'...
- (იცინის) უკაცრავად... შოთაძემ შეცდომა დაუშვა და პრემიერ ღარიბაშვილის ადგილას დავინტერესდებოდი, ამ კაცმა ყველაფერი უმეცრებით ხომ არ გააკეთა, თორემ დიარეის საქმე პანიკის გამოვლენა იყო, მით უმეტეს, ეს მასალები ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურას ათი თვის წინ გადაუგზავნა. ერთ კვირაში კაბელები, დიარეა, მშენებლობა, ჩაცმა- დახურვა, კვება და რა ვიცი, კიდევ რა აღარ, როგორ გამოიძიეს?!
- ასეა თუ ისე, ,,კოალიციაში' მუდმივად ,,რაზბორკებს' გიწყობდნენ. ,,ოცნების' ბოლო პოლიტსაბოჭზე კი, თურმე, დაჭერითაც დაგემუქრნენ...
- არა... ეს აბსოლუტური სიცრუეა! ისე, ამას წინათ, პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, ივანიშვილი ,,ქართული ოცნების' გამოკვეთილი საზოგადო ლიდერიაო, მაგრამ ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა დიდია და ამას ერთმნიშვნელოვნად მიხეილ სააკაშვილიც აღიარებს, დავით საგანელიძეც და ნინო ბურჯანაძეც...
- ისე, კი გაახარეთ ეს ქალბატონი...
- კი, სიხარულისგან ნამდვილად ბრწყინავს, ოღონდ ჩვენ არ გაგვიხარებია და ინგოროყვას ქუჩაზე მოიკითხეთ, ვინ გაახარა. პოლიტსაბჭოზე გასარჩევად არ მივსულვართ, ბიზნესმენი არასოდეს ვყოფილვარ და ამ ,,გარჩევების' ასავალ- დასავალი ნამდვილად არ ვიცი. ყველაფერი სასამართლომ უნდა გაარჩიოს... საარჩევნო კამპანიის დროს, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად ჩამოვაყალიბეთ პოზიცია, რომ კორუფციაში ბრალდებული ადამიანების წინასწარ დაკავებას და საქმეების ასე გამოძიებას აღარ ვაპირებდით. პრემიერი ამბობს, პროკურატურა მარწმუნებს, ეს ადამიანები აუცილებლად დაკავებულები უნდა იყვნენო. მთელი თავდაცვის სამინისტრო თავდებში ჩაუდგა, არსად გაქცევას აპირებდნენ და ჩემი კითხვისნიშნებიც აქაა - ირაკლი ღარიბაშვილი მაინცდამაინც პროკურატურის მხარე რატომ გახდა?!
- ბატონო ალექსი, დიპლომატიის გარეშე მითხარით, საგარეო კურსს პროკურატურა პრემიერის მითითებით ცვლის?
- დიპლომატიის გარეშე მაშინაც ვერ ვილაპარაკებ, იმქვეყნად რომ ვიქნები!
- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!
- ისეთი გულუბრყვილოც არ ვარ, დავიჯერო, მთავარი პროკურატურის რამდენიმე მაღალჩინოსანმა თავისით გადაწყვიტა, ევროატლანტიკურ კურსზე შტურმი უნდა მივიტანოთო. თუ ასეა, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურებაა, თუ ვინმემ უკარნახა, თუმცა სავალდებულო არაა, ეს ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო...
- მოქალაქეზე ეჭვობთ?
- სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია, ამის გამოძიება მოხდეს. თუ უმეცრებით მოხდა, უნდა დაისაჯონ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ კვალი გარეთ გადის. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?
- რა თქმა უნდა, ვხვდები...
- სხვათა შორის, ბოლო დროს ანუ უელსის სამიტის შემდეგ, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ნატო- ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი უნდა გადმოეცეს, რუსეთის სპეცსამსაუხრები გააქტიურდნენ...
- ...ბატონო ალექსი, არ გაბრაზდეთ და, მეგობრებში არ გიმართლებთ. აი, თუნდაც თეა წულუკიანი...
- ჩვენ ძალიან სერიოზული თანამებრძოლები ვიყავით...
- რატომ გიღალატათ?
- აპ-პა-პა-პა.. მან თავისი არჩევანი გააკეთა და ის გზა აირჩია, რომელიც სწორად მიაჩნია... წარმომიდგენია, მისთვის როგორი რთული იქნებოდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ალასანიაზე აბსოლუტურად აბსურდულ რაღაცებს ამბობდა.
- იუსტიციის მინისტრის ადგილას თქვენ რომ ყოფილიყავით, რას იზამდით?
- მე რომ ვყოფილიყავი, ამას არ იტყოდა... საერთოდ, ღალატი უმძიმესი ბრალდებაა... ის არ ეყოფა ქვეყანას, რომ ვიღაც ,,მიღალატა- გვიღალატაზე' ლაპარაკობს და ახლა, ამ ორღობისეულ საუბარს მეც ხომ არ დავიწყებ?.. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ - მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და ნატო- ს უელსის სამიტის პაკეტი. ასე რომ, ,,ოცნებიდან' ხელცარიელები არ წამოვსულვართ!
- ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ,,თავისუფალ დემოკრატებს' ერთპროცენტიანებს და უმადურებს გეძახიან...
- ვიცი...
- მერე, რისი ან ვისი იმედი გაქვთ?
- ქართველი ხალხის... სხვათა შორის, მაშინაც კი, როცა მინისტრი ვიყავი, ძალიან ბევრი ,,ძლიერთა ამა ქვეყნისაგან' განსხვავებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფეხით დავდიოდი, რაც ახლა გაათმაგდება და გაასმაგდება. პოლიტიკოსი საზოგადოების განწყობის პულსს აუცილებლად გრძნობს - საყვედურის მოსმენის უნარიც უნდა ჰქონდეს, არგუმენტურებული საუბრისა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმისაც. ის სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, რომელსაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო- ში გაწევრიანების ცნობადობის ამაღლება მევალა, ამიტომ მთელ საქართველოში დავდიოდი და ხალხის მხოლოდ ადამიანური დამოკიდებულება კი არა, პოლიტიკური სიმპათიებიც ვიცი. ასე რომ, არ ვითხოვთ, მაგრამ ყველანაირი პროცესისთვის - ლონდონიდან ბომბეიმდე, გვირაბის გათხრით დაწყებული ვადამდელი არჩევნებით დამთავრებული, მზად ვართ!
- იმისთვისაც მზად ხართ, ბიძინა ივანიშვილმა ერთი მილიონის უკან დაბრუნება რომ მოგთხოვოთ?
- რისი?
- აი, იმ ერთი მილიონის, 2012 წლის არჩევნებამდე კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას რომ მოგცათ...
- ჩვევა მაქვს: სიგარეტისა თუ კანფეტის ყუთებს, რომ ცარიელდება, უჯრაში ვყრი. ახლა, კაბინეტს რომ ვცლიდი, მაგიდა დავალაგე. მართალია, მილიონის მასშტაბზე ვერ გავიდა, მაგრამ ამ ცარიელი ყუთებით პოლიეთილენის დიდი პარკი გაივსო. აი, სამსახურიდან ამის მეტი არაფერი გამომყოლია და არ ვიცი, თუ ეს შეეხიდება იმ ერთ მილიონს.. ისე, არავინ არაფერს ითხოვს, ვინმეს ფული არც ჩვენ წაგვიღია სადმე. ეს თანხა საერთო ბრძოლას მოხმარდა და ამ ბრძოლის დროს ყველა ,,თავისუფალმა დემოკრატმა', მორალურს თავი რომ დავანებოთ, მატერიალურადაც იზარალა, მაგრამ ამაზე საუბარს არასოდეს ვიკადრებთ. ალბათ, გახსოვთ, ზურა აბაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ ეს ლამის სიკვდილამდე მიყვანის საქმე დღემდე გამოუძიებელია.
- ბოლო ხელფასის აღება მოასწარით?
- (იცინის) ბოლო რამდენიმე დღის ნამუშევარი, ალბათ, ანგარიშზე დაჯდება, მაგრამ არა უშავს, ჩვენ არ დავიკარგებით!
- ...ბატონო ალექსი, ორი სახელი რატომ გქვიათ?
- ბებიამ დამარქვა... მინისტრობისას სახელი პრობლემა იყო: ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველა ბუკას მეძახის, მათ შორის, უცხოელი მეგობრებიც. ამავე დროს, ალექსი მქვია და სერიოზული ბრძოლა მიწევდა, რომ ბატონო ალექსანდრეთი არ მოემართათ. ერთხელ, ჟურნალისტი ტელეფონით პროდიუსერს ეუბნებოდა, ჯერ ბუკას ,,გადმოგიგორებო'. გავეხუმრე, ვის გადაუგორებ- მეთქი?!...
- მე როგორ მოგიხსენიოთ - ბუკა თუ ალექსი?
- როგორც გინდათ, ოღონდ - ალექსანდრე არ დაწეროთ...
- კარგი, შევთანხმდით. ბოლოს, ერთი პოლიტიკური ანეკდოტი მომიყევით და თავს დაგანებებთ...
- ბოლო მოვლენებთან დაკავშირებული ანეკდოტი არ ვიცი, მაგრამ ერთი მომწონს ძალიან, ოღონდ მიხეილ სააკაშვილს ეხება...
- ახალ პრეზიდენტზე გადავაკეთოთ, რა პრობლემაა...
- არა, არ გამოვა...
- თქვენი ნებაა... წარმატებას გისურვებთ!