ვინ უპირებდა ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას გია მაისაშვილს

ვინ უპირებდა ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას გია მაისაშვილს

მათ შორის, ვისაც ჰარვარდის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცა, ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, გია მაისაშვილიც იყო. ის ამბობს, რომ ჰარვარდმა მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. ქართული სამყაროდან უცხო რეალობაში მოხვედრილ გია მაისაშვილს ჰარვარდამდე ძალიან რთული გზის გავლა მოუხდა. თუმცა დღეს ამას სხვა ემოციებით იხსენებს და იმასაც ამხელს, რომ ჰარვარდის მთავარი „ფორმულა” –  სამყარო შენს ირგვლივ ტრიალებს, მისთვის იმ დროს ახალი სამყაროს ყველაზე საჭირო გასაღები იყო.

გია მაისაშვილი:  ჰარვარდი მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყოველთვის  გამორჩეული უნივერსიტეტი იყო და ასეა დღემდე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან პატარა ასაკში, ჩემთვის გაუცნობიერებლად, როცა  ჯერ კიდევ ბევრი არაფერი გამეგონა ჰარვარდის შესახებ, გონებაში ჩამებეჭდა უზარმაზარი წყურვილი – მესწავლა ამ უმაღლეს სასწავლებელში. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი თეზა, რომ – როდესაც ადამიანს აქვს მკაფიოდ ვიზუალიზებული მიზანი და იმაზე ახდენს ფოკუსირებას, ფოკუსისა და ქმედების ერთობა იწვევს მიზნის აღსრულებას. ჩემს შემთხვევაშიც, ალბათ, ასე მოხდა.

„საგზალი,” რომელიც თბილისიდან წავიღე, იყო ჩემი სიყვარული და პასუხისმგებლობა ადამიანების მიმართ. მქონდა  ჩამოყალიბებული მიზანი, არასდროს დავკმაყოფილებულიყავი საშუალო დონით,  ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე „ვთამაშობდი”. ეს იმ უცხო სამყაროში ცოტას არ ნიშნავდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ ყველა ბარიერსა და წარუმატებლობას  განვიხილავდი როგორც პროცესს, რომლიდანაც  საჭირო გაკვეთილები უნდა მიმეღო. ამ აზროვნებამ  განაპირობა ის, რომ, როდესაც აღმოვჩნდი  ჰარვარდის უნივერსიტეტში და საქმე გასაუბრებამდე მივიდა, ჩემსა და  ჩვენი პროგრამის დირექტორს, სუ უილიამსონს შორის ისეთი კავშირი დამყარდა, რომ მან გააღო თავისი კაბინეტის კარი და  ჩემ გასაცნობად სხვა პროგრამის ხელმძღვანელებსა და კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის დეკანს დაუძახა. ეს სკოლა სანატრელი ადგილია ყველასთვის, ვისაც დიდი ამბიცია აქვს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ  ასპარეზზე. აქ იკრიბებიან მთელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსები. აქ ლექციებს ატარებენ ყველაზე მაღალი კლასის პროფესორები. ჩემთვის  იქ მოხვედრა, ერთი შეხედვით, ძალიან მედიდური ნატვრაც კი იყო.

როგორ აუდიოდით იმ დიდ ხარჯებს,  რაც ჰარვარდში სწავლას ახლავს.

–  ჰარვარდში ჩარიცხვამდე წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი ამერიკაში.  ეს იყო გადარჩენისთვის ბრძოლის ურთულესი პერიოდი. ჩემთან ერთად იყო ჩემი დისშვილი, მატერიალურად იმდენად გვიჭირდა, ძალიან ხშირად, სადილს გამოვტოვებდი ხოლმე, რომ ბავშვს მეორე დღეს სკოლაში საგზალი წაეღო. ვიმუშავე ყველა ტიპის სამსახურში, სადაც კი ადამიანმა შეიძლება იმუშაოს. ზოგჯერ ერთდროულად ხუთი სამსახურიც კი  მქონდა. ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ვიყავი და ეს ძალიან გამომადგა. ვმუშაობდი დაწესებულებაში, სადაც  მსუქანი ადამიანები დადიოდნენ გასახდომად. მე მათ ვეხმარებოდი,  რომ სწორად  ევარჯიშათ,   რაც არასპორტულ ადამიანებთან იოლი არ იყო. მეორე სამსახური, რაც მქონდა, იყო ქსელური კომპანია, რომელიც ემსახურებოდა ავტომანქანებს ზეთის გამოცვლაში. ყველაზე საინტერესო ისტორია, რაც იმ პერიოდს უკავშირდება, იყო ჩემი საქმიანობა ცნობილ  სავაჭრო ცენტრში ნორდსტრომში, რომელიც კალიფორნიაშია, სტენფორდის უნივერსიტეტის კემპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ეს არის გამორჩეული  ცენტრი, სადაც მხოლოდ მდიდარი ადამიანები დადიან საყიდლებზე. თავიდან ცენტრის კაფეში დავიწყე მუშაობა,  მაგრამ მექსიკელებთან საერთო ენის გამონახვა ძალიან ძნელი იყო. კაფეში კი თითქმის სულ მექსიკელები მუშაობდნენ, ამას ისიც ემატებოდა, რომ არც მზარეულობის და არც ოფიციანტობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა.  ცენტრში მითხრეს, ადამიანებთან ურთიერთობა კარგად გამოგდისო და დამაწინაურეს. შემომთავაზეს სამუშაოდ გადასვლა სავაჭრო მოედანზე, სადაც ყველაზე მიმზიდველი პროცესი ხდებოდა. ეს უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურიც იყო.  ყველაზე კარგი შემოსავალი მქონდა ქალის ფეხსაცმლის გაყიდვისას, საკომისიოც გვეკუთვნოდა, თუმცა გარკვეული კვოტის დაკმაყოფილება აუცილებლობა იყო. როგორც აღმოჩნდა, ყველა დანარჩენი მამაკაცი, ვინც ფეხსაცმელს ჰყიდდა,  ამ საქმეში ძალიან გამოცდილები იყვნენ. მე მათ ფონზე „მწვანე” ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ კარგად ჩაცმა მიყვარდა, ქალის ფეხსაცმლის გაგებაში არ ვიყავი. თუმცა, მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ  ჩემს კოლეგებს ძალიან  დიდ კონკურენციას ვუწევდი და მათი კლიენტურის დიდი ნაწილი ჩემი მომხმარებელი გახდა.  ამ სფეროში, როგორც შოუ-ბიზნესში, მამაკაცების უმრავლესობა ეგრეთ წოდებული „გეია”.  ესეც დამატებითი კონფლიქტის ფაქტორი იყო ჩვენს შორის. მე ნორდსტრომში არსებულ ყველა წესს ვარღვევდი, მაგრამ გეგმას გადაჭარბებით ვასრულებდი, რაც მათ ძალიან არ მოსწონდათ. კვოტის შევსება იმდენ ძალისხმევას მოითხოვდა, რომ ჩვენს შორის დაუნდობელი,  ბრძოლა წესების გარეშე  დაიწყო. მე ვიყავი მოქცეული მგლებს შორის, რომელთაც სულ უნდოდათ ხორცსაკებ მანქანაში გავეტარებინე (იცინის).

როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა?

–  სავაჭრო ცენტიდან წამოვედი, ისინი კი იქ დარჩნენ. ოღონდ იმიტომ არ წამოვსულვარ, რომ მათთან დავმარცხდი (იცინის), მე ჩემი გეგმები მქონდა. ჩემი მიზანი იყო ჰარვარდი, სადაც  დოკუმენტაციის მთელი ნუსხა მქონდა გაგზავნილი – დავწერე 11 ესე, ასევე  აპლიკაცია, სადაც აუცილებლად  უნდა მიუთითო, გარდა კარგი სწავლისა, რით ხარ გამორჩეული და წარჩინებული. შერჩეული ადამიანების რაღაც ნაწილს გასაუბრებაზე იბარებენ. გასაუბრება ჩემი ძლიერი მხარე იყო.  GMAთ და GღG-ის შედეგები საკმაოდ დაბალი მქონდა. ეს საკმაოდ რთული ტესტებია მათთვის, ვინც ამერიკაში არ არის გაზრდილი. თან, მე, საბჭოურ სისტემაში გაზრდილს, ჩართული წამზომის  ქვეშ  მუშაობის კარგი შედეგი არ მქონდა. თუ წამზომის გარეშე ვწერდი, თითქმის ასპროცენტიან შედეგს ვაჩვენებდი.  ასეთი შედეგის მიუხედავად, ერთ დღეს,  როდესაც ნორდსტრომიდან სახლში  დაღლილი ვბრუნდებოდი,   დამირეკეს და მითხრეს, ტესტებში დაბალი შედეგები გაქვთ, ვერ მიგიღებთ, მაგრამ ვგრძნობთ, რომ განსხვავებულ „ქეისთან” გვაქვს საქმე და  ეგებ გასაუბრებაზე მოხვიდეთო. სიხარულისგან  გული  ამიფართხალდა, ფაქტობრივად, დაწუნებულ და „დაბრაკულ“ კაცს ბოლო შანსს მაძლევდნენ – გასაუბრება ჩემი სტიქია იყო. სასწრაფოდ გამოვნახე თვითმფრინავის ფული და დაახლოებით 10 დღეში ჩავედი ჰარვარდში. გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ისინი შეკითხვებს მისვამდნენ, მე ვპასუხობდი. ხომ ხდება ხანდახან ცხოვრებაში, ძალიან რომ გაგიღიმებს ბედი, აი, ამას ვგრძნობდი იმ წუთებში.  მერე დაიწყო მოლოდინის რთული პერიოდი,  მე გაგზავნილი მქონდა აპლიკაციები კოლუმბიის, სტენფორდის, პრისტონის, ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში,  იელის უნივერსიტეტებში, მაგრამ ყველაზე მოუთმენლად, რა თქმა უნდა, ჰარვარდის პასუხს ველოდი. ვიცოდი, რომ თუ პატარა კონვერტს მივიღებდი, ეს  ნიშნავდა  ზრდილობიან უარს.  წერილში გიხდიდნენ მადლობას, კარგი კვალიფიკაცია გაქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენზე მაგარი ბევრიაო. დიდი კონვერტი კი უკვე ჩარიცხვას  ნიშნავდა. მე დიდ კონვერტს ველოდი.  ერთ დღეს ეს დიდი კონვერტიც მოვიდა ჰარვარდის ბეჭდით.  საოცარი განცდა  დამეუფლა,  მისი მსგავსი ცხოვრებაში კიდევ ერთხელ მქონდა –  როცა ჩემი პირველი შვილი გაჩნდა ამქვეყნად.            

ალბათ, ძალიან ცნობილ ახალგაზრდებს   შორის გიხდებოდათ სწავლა და ცხოვრება. როგორია ჰარვარდის  წესები? 

–   იქ იყო ბევრი  ძალიან  მდიდარი და ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. იყვნენ, ჩვენნაირი  ქვეყნებიდანაც, მაგრამ  ჩემნაირი გაჭირვებული, მგონი, არავინ ყოფილა.  ადგილობრივ ამერიკელებშიც ყველა მდიდარი კი არ იყო, იყვნენ განსხვავებული, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდები. ჰარვარდში თამაშის წესები  ძალიან მკაცრი და დაუნდობელია, მთელი იქ ყოფნის დროს ვიყავი უზარმაზარ სტრესში. ჰარვარდში გიწევს ცხოვრება ძალიან საინტერესო გარემოში, სადაც საოცარი ადამიანები მოდიან, იმართება  უამრავი ღონისძიება. სასწავლო პროცესი საოცრად დატვირთულია –   ყველა ლექციაზე უნდა გასცე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, თორემ დიპლომს არ მოგცემენ. მთელი ორი წლის განმავლობაში ქალაქში გასვლასაც კი ვერ ვახერხებდი, როცა სწავლას მოვრჩი, „ოფსილა” აღარ მქონდა. სწავლა ისე დიდ ხარჯებთნაა  დაკავშირებული, იმდენი სამეცადინო გვქონდა, მუშაობა გამორიცხული იყო.  მე ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდი ჩემს მენტორს, სუ უილიამსონს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მახსოვს, როცა  გადაწყდა, რომ მე ჩავირიცხე, მან მიმიყვანა კენედის სკოლის  ფინანსური დახმარების დეპარტამენტში და განაცხადა: ეს განსაკუთრებული ადამიანია, როგორმე მოვახერხოთ, რომ მისი ჩამოსვლა ჰარვარდში  ფინანსურად შესაძლებელი გახდესო. მათ  დაიწყეს გზების ძიება, თუ როგორ დამეფარა სწავლის საფასური. ერთი წელი, ცხოვრების ხარჯით,   ლიტერატურით და ყველა საჭირო სასწავლო  ატრიბუტიკით,  დაახლოებით 80 ათასი დოლარი ღირდა.  მე არ ვიცოდი, საიდან მომეტანა ამდენი ფული. იმ დიდ კონვერტში, რომელიც ჰარვარდიდან მივიღე, შევიტყვე, რომ სწავლების ნახევარ  საფასურს სკოლა მიხდიდა, მეორე ნახევარი კი უნდა გადამეხადა  სახელმწიფო სასწავლო  კრედიტით, რომელიც დაბალპროცენტიანია და სანამ მუშაობას არ დაიწყებ, არ იხდი. როცა ჰარვარდი დავამთავრე, ჩემი ვალი 100 ათასი დოლარი იყო.  ეს ვალი ერთ წელიწადში დავფარე, ოღონდ ნორდსტრომში აღარ მიმუშავია (იცინის).

თქვენ თქვით, ჰარვარდში მოხვედრილ ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ სამყარო მათ ირგვლივ  ტრიალებს.  რატომ აქვს ჰარვარდს ასეთი „ლოზუნგი”?

–   როცა ჰარვარდში მიდიხარ, იქ უნდა იცოდნენ, რომ შენ განსხვავებული მენტალობის ადამიანად ყალიბდები. იქ ახალგაზრდებში ნერგავენ  განსხვავებულობის და მედიდურობის განცდას, რომ შენ ხარ პატრონი სხვების, ვინც ჯერ  ჰარვარდამდე არ მისულა. იქ ყოველ  ლექციაზე „გეუბნებიან”, აქ რომ ხარ, ეს ნიშნავს, შენ მაგარი ხარ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო ისაა, რომ დანარჩენი სამყარო შენგან წვლილის შეტანას ელის, სამყარო თქვენზე ჰკიდია, ჰარვარდელებო! –  ესაა ერთგვარი, უტრირებული ლოზუნგი, რაც  ჩემში დისკომფორტს იწვევდა. თუმცა, ასეთი მიდგომა ბევრს გასწავლის, მაღალი თვითშეფასება  ბევრი პრობლემის დაძლევაში გეხმარება.

და ასე, რეალობას არ წყდები?  როდესაც საქართველოში დაბრუნდით, თქვენი მაღალი კომპეტენციის მიუხედავად, ხშირად ისმოდა – გია მაისაშვილი სხვა სამყაროდან უყურებს საქართველოსო.

- ჰარვარდის ფორმულა გრძელვადიან ცხოვრებაში ამართლებს. ზუსტად ამ განწყობით ჩამოვედი საქართველოში, გარკვეულწილად, ეს მიამიტური განწყობა იყო და ამას მოგვიანებით მივხვდი.  იქაური მენტალიტეტით იცხოვრო სხვა სამყაროში, სადაც ადამიანებს ეს ფორმულები არ გაუგიათ, რთულია. ეს, რა თქმა უნდა, დღემდე მიქმნის ბარიერებს, მაგრამ ესეც გამოცდილებაა.  მაგრამ ჰარვარდში ნამდვილად  გეძლევა გასაღები, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც შენს ქვეყანაში დაგხვდება. როდესაც ჰარვარდს ამთავრებ,  ფიქრობ, რომ ყველა გზა ხსნილი  გაქვს. დასაქმებაზე ხომ საუბარიც არაა,  იქ მოდის მილიონი ორგანიზაციის წარმომადგენელი და იქვე, კომპუსში ხდება მოლაპარაკებები დასაქმების თაობაზე. როდესაც ENღON-ში ვმუშაობდი, მე თვითონ მივდიოდი ჰარვარდში როგორც დამქირავებელი, ახალი კადრის შესარჩევად. ჰარვარდის დამთავრებულთათვის ყველა სამსახურის კარი ღიაა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არაა ამ უნივერსიტეტის ხიბლი. ჰარვარდი იმაზე მეტს გაძლევს, ვიდრე წარმოიდგენ, ალბათ ამიტომაც არის ჰარვარდში გატარებული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული და განსაკუთრებული.