მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს არაკეთილსინდისიერებაში. ის ჟურნალისტებისგან იმ ტენდერების შესწავლას მოითხოვს, რომლებიც ნაციონალების სიმამრებმა მოიგეს.
- სახელისუფლებო არხებმა უსინდისოდ და უნამუსოდ მიწოდეს მე ხარბი ადამიანი. მოვიდნენ და შეამოწმონ ჩემი ქონება. ყოველთვის კარგ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მაგრამ ქონება არ დამიგროვებია. ამათ კი რა ქნეს, ყველაფერს დაეპატრონენ, - განაცხადა ჩვენთან საუბარში აღშფოთებულმა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ნაციონალები თავად მდიდრდებიან, არც თავიანთ ნათესავებს ტოვებენ ისე.
- რატომ არავინ არ ინტერესდება ტენდერებით. ყველაფერს ესენი როგორ იგებენ? ხარაგაული რომ ხარაგაულია, იქ გამართული ტენდერიც კი ამათ მოიგეს. დავით ბაქრაძის სიმამრმა მოიგო. ახმეტაში გზის დაგებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი და ის პეტრე ცისკარიშვილის სიმამრმა მოიგო, - აცხადებს შაშიაშვილი.
მას ნაციონალების სიმამრების, სიდედრების. დედამთილების და მამამთილების საწინააღმდეგო არაფერი არა აქვს. ის მხოლოდ იმას არკვევს, რატომ უმართლებთ მათ შემდეგ ტენდერებში, რაც მათი სიძეები და რძლები დაწინაურდნენ.