ჩვენებურ პოლიტიკაში მოვლენები დრამატულად ვითარდება - “ოცნების” ორწლიან მმართველობას უკვე ორი მსხვილი კორუფციული სქემა უკავშირდება: საბოლოდ, გაირკვა, რომ “ტრაქტორების საქმე” მეტ-ნაკლებად თითიდან გამოწოვილი იყო და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძეს ბოდიშიც მოუხადეს. რა მოხდება ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით? - ეს ჯერჯერობით რიტორიკული შეკითხვაა. პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის მინისტრს ვიღაც ინტრიგას უწყობს და ამ ვერსიას, პირდაპირ თუ ირიბად, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძეც იზიარებს... ვის აძლევს ხელს ალასანიას გარშემო ხმაურის ატეხვა? - ამას დრო გამოაჩენს, თუმცა ერთი პოლარული ღამესავით ნათელია: გადაუდებელი აუცილებლობა, ცხადია, არ იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს კორუფციული სქემა (თუკი ასეთი რეალურად არსებობს), რომელსაც პროკურატურა, თურმე, რამდენიმე თვეა სწავლობს, მაშინ გასაჯაროებულიყო, როცა უწყების ხელმძღვანელი ევროპაში იმყოფებოდა. ეს გასაჯაროება ალასანიას “ცუდ მუშაობაზე” კი არ მიუთითებს, არამედ, უარყოფითად, პირველ რიგში, ქვეყნის საგარეო იმიჯზე მოქმედებს! მაშასადამე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ვიღაც თუ ვიღაცები ცდილობენ, შეიქმნას მითი, აი, საქართველოში, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე ორიენტირებულ ქვეყანაში, კორუფცია ყვავისო. დასავლეთში, ჩრდილოეთისგან განსხვავებით, კორუმპირებულები არ უყვართ... იმას, რომ “კაბელების საქმეს” პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, კონსტანტინე ფორჩხიძეც იზიარებს და “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში კითხულობს, თუ რა ისეთი მნიშვნელოვანია ოთხ თუ რვაწვერიანი კაბელები, რომ ამ საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო. ამ თემაზე განცხადება თითქმის ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკმა გააკეთა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, ალბათ, აშშ-ს ელჩისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოსაზრებებია. თეა წულუკიანმა ბრძანა: “ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იგივეს მოითხოვს მათგან”. რიჩარდ ნორლანდმა კი განაცხადა: “ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს, როგორც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საუბრებს, ასევე, თავად საქმის მიმდინარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მოხდეს მართლმსაჯულებისა და კანონის პრინციპების სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვისთვის ხელმისაწვდომი იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები და მათ ჰქონდეთ საქმის მასალებთან სრული წვდომა”. როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ მიაწოდა პროკურატურას “კაბელების საქმეზე” პირველადი ინფორმაცია და რატომ ატყდა აჟიოტაჟი მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ბატონო კონსტანტინე, მართალია, ამ თემაზე ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ რაკიღა თემა ისევ აქტუალურია, უნდა გკითხოთ: ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, შსს მომისმენს თუ ფიჭური კავშირგაბმულობის რომელიმე ოპერატორი, ან კანონიერად მომისმენენ თუ უკანონოდ?
- (იღიმება) ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რომელიც ვანო, შეიძლება, მხოლოდ თქვენი რანგის ჟურნალისტს გაუჩნდეს... თუ დანაშაულს არ ჩავდივარ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მომისმენენ თუ არა. იმდენი მომისმინონ, რამდენიც უნდათ! ნორმალური და ჭკვიანი ადამიანები ტელეფონით ინტიმურ თემებზე არ საუბრობენ...
- რა, ტელეფონით ინტიმურ თემებზე საუბარი უკანონობაა?
- არა... საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ინტიმურ ცხოვრებაშიც თავისუფალია და მისთვის სულ ერთია, ამ ე.წ. კომპრომატებს სად და როგორ გამოიყენებენ.
- მაშასადამე, ფარული მოსენისა და თვალთვალის მთავარი მიზანი ადამიანზე ინტიმური მასალების მოგროვებაა?
- ასე გამოდის... ისე, “ნაცმოძრაობა” ტელეფონზე ათი წელი მისმენდა, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია - სპეცსამსახურელი ვარ და ვიცი, ტელეფონით რაზე უნდა ვილაპარაკო და რაზე - არა...
- სხვათა შორის, თავის დროზე, როცა “ნაციონალებმა” მოსმენები დაიწყეს, უშიშროების ერთმა გენერალმა, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლებაში ერთხანობას მაღალი პოსტი ეკავა, მითხრა, “ლაივში” არავის უსმენენ, ჩანაწერები კეთდება და როცა ადამიანი რაღაცით საინტერესო ხდება, ამ ჩანაწერებს მაშინ შიფრავენო. ხალხი იმასაც ამბობდა, სპეციალური პროგრამაა, რომელიც გარკვეულ სიტყვებზე, მაგალითად, “პრეზიდენტზე”, “ბომბზე”, “ტერაქტსა” თუ “რუსეთზე” აქტიურდებაო...
- ეს ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა, თავის დროზე კი, ყველაფერი მარტივად იყო. სხვათა შორის, გარკვეული ტექნიკური საშუალებები ადრეც არსებობდა. მაგალითად, საუბრის მოსმენა მაშინაც შეიძლებოდა, როცა ე.წ. ქალაქის ტელეფონის ყურმილი დადებული იყო...
საერთოდ, ოპერატიული მუშაობა მოსმენით არ იწყება.
- აბა, რითი იწყება?
- თუკი ოპერატიულმა მუშაკმა პიროვნებაზე გარკვეული ინფორმაცია არ მიიღო, როგორ მოუსმენს?!
- ხმა დადის, რომ “ნაციონალები” ოპერატიულ ინფორმაციას სწორედ ფარული მოსმენებით იღებდნენ და სხვადასხვა დანაშაულს სწორედ ასე ხსნიდნენ...
- ასე არ ყოფილა... თუკი დაინტერესებულ ობიექტზე არ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ უკანონო ქმედებას ჩადის, არავინ არავის უსმენს! მოსმენა, ფარული თვალთვალი თუ მიყურადება ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის დამხმარე ღონისძიებად ითვლება, რაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ დაინტერესებული ობიექტის თვისებები და დანაშაულებრივი მიდრეკილებები გამოვლინდეს, მაგრამ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია ასპროცენტიან მტკიცებულებად არ ითვლება.
- რატომ?
- რატომ და, - ოპერატიული დაკვირვების ობიექტმა ტელეფონით შეიძლება, ისეთ რაღაცებზე ისაუბროს, რომ სპეცსამსახურს გზა-კვალი აურიოს. სატელეფონო მოსმენით მხოლოდ ოპერატიულად საჭირო კავშირების დადგენა შეიძლება...
ისე, მოსმენების გარდა, სპეცსამსახურს სხვა მეთოდებიც აქვთ, რომლებიც პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
- მაგალითად?
- ვთქვათ, ოპერატიული მიყურადება რესტორანში. მაგალითად, წინა ინტერვიუში იმაზე ვისაუბრეთ, რომ სასულიერო პირების ავტომანქანებში დამონტაჟებული ჩვეულებრივი “შაიბით” გარკვეულ ინფორმაციას იღებდნენ. მოკლედ, საზოგადოებამ აჟიოტაჟი მხოლოდ სატელეფონო მოსმენაზე არ უნდა ატეხოს. იმ ყბადაღებული 28 ათასი ფაილიდან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი რამდენი იყო? ახლა რომ გაიძახიან, სატელეფონო მოსმენები დავარეგულიროთო, მაინტერესებს, ეს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დანარჩენ დამხმარე ღონისძიებებს, მაგალითად, ფარულ თვალთვალს როგორ დაარეგულირებს?
ვანო, იცით, პრობლემა რა არის? - მხოლოდ საზოგადოებამ კი არა, კანონი არც არასამთავრობოებმა და ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა იციან, თორემ დღევანდელი კანონით, მოსმენა დარეგულირებულია, ანუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ოპერატიული დაკვირვების ობიექტის ფარული მოსმენა, დადგენილების საფუძველზე, კანონით, სამი დღის განმავლობაში შეიძლება. ამის შემდეგ კი, სპეცსამსახური ვალდებულია, სასამართლოს, ან პროკურატურას მიმართოს და ეს სამძებრო-ოპერატიული ღონისძიება დააკანონოს. აქედან გამომდინარე, ე.წ. გასაღები დღესაც სასამართლოსა და პროკურატურას აქვთ.
- ბატონო კოტე, მგონია, რომ ყველაფერი ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკებია. სხვათა შორის, “გასაღების” თემა ძალიან საინტერესო კონტექსტში გაიშალა - თავდაცვის სამინისტროში პროკურატურა “საუკუნის კორუფციულ სქემას” შიფრავს და ამ დროს “თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. მოსმენების კანონის გადავადებას მხარს არ უჭერენ. ერთი სიტყვით, “გასაღები” შესაძლოა, დიდი პოლიტიკური დაპირისპირების საბაბი გახდეს?
- დიახ, ასეთი პირი უჩანს. საერთოდ, ჩვენთან ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ, არადა, სინამდვილეში, “გასაღების თემა” ჩვეულებრივი სამართლებრივი საკითხია, რომელსაც პოლიტიკური წრეები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ამ თამაშში პრეზიდენტიც ჩაერთო, რაც ძალიან სახიფათო და ცუდია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ყველაფერ ამით სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს.
- საუბარი საითკენ მიგყავთ?
- თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიტანეს და მოსმენების ე.წ. გასაღები მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ხელში აღმოჩნდება, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის გაჟონვის საფრთხის წინაშე დავდგებით. ამ თემაზე ადრეც ვისაუბრეთ და დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ პარლამენტარმა შალვა შავგულიძემაც ბრწყინვალედ განმარტა, თუ რატომ არ უნდა იყოს ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველამ იცის, რომ “ბილაინი” რუსული კომპანიაა და გასაგებია, ეს რა კონტექსტშიც ჯდება.
აქ მეორე მომენტიცაა - ოპერატიულ საქმიანობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანული კანონი განსაზღვრავს. პარლამენტში ბიჭები რომ სხედან და იურისტები ჰქვიათ, ცვლილება იმ კანონში შეაქვთ, რომელიც ოეპრატიულ-სამძებრო ღონისძიებებს არ ეხება. ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებას შეიტან თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? - ამ ცვლილებით ძალოვან უწყებებს, რომლებიც ოპერატიულ მოსმენებს ანხორციელებენ, ხელი მაინც არ შეეშლებათ და ისევ იმას გააკეთებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ! სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშების თემაა და უნდათ, ამ მანიპულაციებით ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება გაზარდონ!
- “თავისუფალმა დემოკრატებმა” კანონს მხარი რომ არ დაუჭირეს, კარგი ქნეს თუ ცუდი?
- “თავისუფალ დემოკრატებში” ძალიან ბევრი ყოფილი სპეცსამსახურელია და ეს თემატიკა ბრწყინვალედ იცის... მათი დემარში კი, შეიძლება, იმით ავხსნათ, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება.
- ლოგიკურად, მთავარ თემამდეც მივედით. ბატონო კონსტანტინე, თავდაცვის სფეროს გადასარევად იცნობთ. ამიტომ, პირდაპირ გკითხავთ: იმ ინფორმაციების მიხედვით, რაც გაქვთ, ირაკლი ალასანიას ინტრიგას ვინ უწყობს?
- საერთოდ, ადამიანები ინტრიგას თავად ქმნიან.
- შეიძლება, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, თუნდაც იმიტომ, რომ ე.წ. კაბელების საქმეს პროკურატურამ გრიფი “საიდუმლო” დაადო...
- დიახ, ეს მთავარი ინტრიგაა, რადგან ბოჭკოვანი კაბელი ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლო არაა, რომ გასაიდუმლოვდეს, მაგრამ ესეც “ნაციონალების” გადმონაშთია - ისინი ყველაფერს გრიფ “საიდუმლოს” ადებდნენ, რადგან ინფორმაციას არ გაეჟონა და აჟიოტაჟი არ ატეხილიყო, თორემ ვინმემ ამიხსნას, სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ბოჭკოვან კაბელს უკავშირდება, რა საიდუმლოს შემცველია?
- ადრეც გვისაუბრია, რომ ვიღაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირებას მიზანმიმართულად ცდილობს, რადგან ამ უთანხმოებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანა დაზარალდეს... ეს მოცემულობა უკვე მივიღეთ, არა?
- დიახ, ასეა... სხვათა შორის, “რესპუბლიკელების” განცხადებაც სახეზეა და, ვანო, თუ გახსოვთ, ამ თემაზე 6 თვის წინ გელაპარაკეთ...
- კი ბატონო, მაგრამ “რესპუბლიკელების” განცხადებაში, ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია - კოალიციაში შემავალ პარტიებს აზრის დამოუკიდებლად გამოთქმის უფლება რომ უნდა ჰქონდეთ, ეს ხომ დემოკრატიის არითმეტიკაა! “რესპუბლიკელების” ადვოკატი არ ვარ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათგან ვიღაც მტრის ხატს ქმნის, აი, ქართველობას გვართმევენო...
- პრინციპში, ესეც მიზანმიმართული ქმედებაა, რადგან მუხტი აიწიოს. მითქვამს და ვიმეორებ: თუკი სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, ამას ორი ძალა ვერ შეძლებს...
- ბატონო კოტე, საუბარი სახელმწიფო გადატრიალებისკენ რატომ მიგყავთ?
- იმიტომ, რომ 15 ნოემბერს “ნაციონალები” ქუჩაში გამოსვლას აპირებენ და არ ვიცით, ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება...
- მაპატიეთ, მაგრამ თუკი სახელმწიფო გადატრიალებაზე ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს და სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, საამისოდ “სატოპკეს” თავად რატომ წევს? - 15 ნოემბრის წინ თავდაცვის სამინისტროს სკანდალის აგორება ხომ მუხტის ერთგვარი აწევაა?
- კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ვთქვათ, ყველაფერი ეს პროკურატურიდან დაიწყო, თუმცა ჯერ ის გავარკვიოთ, თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციაზე მთავარ პროკურატურას ინფორმაცია ვინ მიაწოდა.
- თქვენი არხები რას ამბობენ, ინფორმატორი ვინ იყოო?
- ოფიციალურად, ინფორმატორი ან თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია იყო, რომელმაც ეს საქმე ჯერ თვითონ შეისწავლა, ან შსს-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მომსახურებას უწევს, ან კერძო პირი თუ პირთა ჯგუფი. პირველი ორი შემთხვევა გამორიცხულია. ესე იგი, რჩება ერთადერთი ვარიანტი, რომ ყველაფერი პროკურატურის შემოქმედებაა, მაგრამ საინტერესოა, არსებობდა თუ არა საფუძველი, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალი წაეყენებინათ.
- თუკი “ტრაქტორების საქმიდან” გამოვალთ, შეიძლება, გაჩნდეს ეჭვი, რომ პროკურატურამ იჩქარა და ეს მინიშნება, პრინციპში, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა...
- მე, როგორც მოქალაქეს, “კაბელების საქმიდან” გამომდინარე, მაინტერესებს, პროკურატურა იმ მილიარდობით თანხის გადარიცხვითაც რატომ არ ინტერესდება, რომელზეც ამდენი ხანია, ვლაპარაკობ? სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში რა გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებული ტიპებიდან რამდენიმეს ძალიან კარგად ვიცნობ და თავის დროზე მათი თავდაცვის სამინისტროში დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი...
- წინააღმდეგი რატომ იყავით?
- რატომ და, - ვიცი, წლების განმავლობაში რომელი ქვეყნის ინტერესებსაც ატარებდნენ... მათ, წლების განმავლობაში, ფეხის ფრჩხილიდან თმის ძირამდე ვსწავლობდი და ვიცი, ვინ არიან, რას საქმიანობენ, რა კავშირები და როგორი პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ.
მოკლედ, ვსვამ შეკითხვას: ხომ არ არსებობენ ძალები, რომლებიც ალასანიას ასეთ კადრებს მიზანმიმართულად “უსვამდნენ” და, ასე ვთქვათ, შემოვლითი გზებით თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიასა და პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებელი კადრების შენარჩუნებას ცდილობდნენ?
- ნიშანდობლივია, რომ თეთრი სახლი, როგორც აშშ-ის ელჩმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს სრულ ნდობას უცხადებს...
- მოდით, პირდაპირ ვთქვათ: აქ საუბარი თავდაცვის სამინისტროზე კი არა, კონკრეტულად ალასანიას ფიგურაზეა! ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალასანიას ურთიერთობა გუშინ არ დაწყებულა და ამერიკელები, პირველ რიგში, სწორედ მას ენდობიან!
საერთოდ, ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაჯაროებაა. რუსული გამოთქმაა, იმას, რაც ქაღალდზე წერია, ნაჯახით ვერ ამოშლიო.
- თავდაცვის სამინისტრო საქმის გასაჯაროების მომხრეა...
- თუკი ამ შესყიდვებზე მინისტრის ხელმოწერა არაა, მაშინ ალასანიას ბრალეულობა გამორიცხულია!
- საქმეს საიდუმლო გრიფი შეიძლება, იმიტომ დაედო, რომ ალასანიას ხელმოწერა არ არსებობს და ვიღაც ამის დამალვას ცდილობს?
- გამორიცხული არაფერია... შეიძლება, შესყიდვებს ხელს გენერალური შტაბის უფროსი აწერს და თუ ასეა, მაშინ ეს სხვა სკანდალი იქნება. სხვათა შორის, დაკავებულები სწორედ გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ემორჩილებოდნენ... აღსანიშნავია, რომ გენერალური შტაბის უფროსი პრეზიდენტისა და სხვა წრეების მხარდაჭერით სარგებლობს.
- გენერალური შტაბის მოქმედი უფროსი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაინიშა...
- დიახ, ასეა...
- იმის თქმა გინდათ, რომ ვახტანგ კაპანაძეს შეიძლება, “ნაციონალური” წარსული აქვს?
- შეიძლება, კი არა, ნამდვილად აქვს.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- გენერალური შტაბის დღევანდელი უფროსი, წლების განმავლობაში, 2012 წლის ბოლომდე, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
მოკლედ, ამ თემის რეზიუმე ასეთია: უნდა გაირკვეს, შესყიდვების ხელშეკრულებაზე ხელს ვინ აწერს. ერთ-ერთი დაკავებული, ნუკრი კაიშაური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის უწყებას ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილი პირი არ იყო, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინა. ამ დეტალის გარკვევის შემდეგ, ნათელი გახდება, კორუფციულ სქემაში, თუკი ასეთი მართლა არსებობდა, ვინაა ჩარეული.
- გამორიცხავთ, რომ კორუფცია საერთოდ არ არსებობდა?
- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სხვათა შორის, მე რომ ვყოფილიყავი, ამ ადამიანებს კი არ დავიჭერდი, არამედ, თანამდებობიდან დროებით გადავაყენებდი...
- ბატონო კონსტანტინე, მაშინ, როცა ქვეყანა ნატო-სკენ მიისწრაფვის, თავდაცვის უწყებაში კორუფციის გამოვლენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ერთგვარი მესიჯი ხომ არაა?
- არც უამისობაა... უელსის სამიტზე, ბევრი პრობლემის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები წარმატებულად შეაფასეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს სტანდარტების თავსებადი გახდა. ამ ფონზე, თავდაცვის სამინისტროში კორუფციაზე ლაპარაკი, შეიძლება, იმ ფარული ბრძოლის მეთოდია, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთელი “მეგობრის” ინტერესში შედის. დიახ, პირდაპირ ვამბობ: ასეთი ფაქტის გამოვლენა, შეიძლება, რუსეთის ინტერესში იყოს!
- ესე იგი, ამ ლოგიკით, მთავარ პროკურატურაში, თუნდაც ქვედა რგოლში, კრემლს მეკავშირეები ჰყავს?
- არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: ის, რაც მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად თუ გააზრებულად დაემართა - მის გვერდით რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი თუ ყოფილი წარმომადგენლები იყვნენ, გამორიცხული არაა, რომ “ქართულ ოცნებასაც” იგივე დაემართოს, ანუ არსებობს ალბათობა, რომ გარკვეული ტიპები უცხო ქვეყანასთან იყვნენ მიბმულნი და, შესაბამისად, მათ გავლენა ყოფილ და მოქმედ სამხედროებზეც ჰქონდეთ. სპეცსამსახურებმა ყველაფერი ამ ჭრილში უნდა განიხილონ და მხოლოდ კორუფციაზე არ ილაპარაკონ. თუ კორუფცია აინტერესებთ, იმ სქემებს რატომ არ იძიებენ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში 2004-დან 2012 წლამდე არსებობდა?!
- იარაღის უკანონო ბიზნესს გულისხმობთ?
- დიახ, თან ეს თემა უფრო საშიშია, ვიდრე ის, თავდაცვის სამინისტრომ ოთხწვერიანი კაბელი შეიძინა თუ რვა. კორუფცია კორუფციაა, მაგრამ სად ახალაიას დროს გაფლანგული 57 მილიონი და სად - დღევანდელი 4 მილიონი.
- სიტყვამ მოიტანა და, ახლახან ცნობილი გახდა, რომ შაქრო კალაშოვი, რომელსაც იარაღის ბიზნესთან აკავშირებთ, ესპანეთმა რუსეთს გადასცა, რუსეთმა კი, გაათავისუფლა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაშოვი, რომელიც “დედ ჰასანის” დაჰგუფების წევრად ითვლება, “დედ ჰასანის” მკვლელებზე შურისძიებას გეგმავს...
- ვანო, ადრეც გითხარით, რომ კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების ილუზია არ უნდა გვქონდეს, რადგან ის, ჯერ ერთი, რუსეთის მოქალაქეა, მეორეც, როგორც აღნიშნეთ, “დედ ჰასანის” კრიმინალურ დაჯგუფებასა და რუსულ სპეცსამსახურის ტიპებთანაა დაახლოებული. ჩემი ინფორმაციით, კალაშოვი ესპანურ სამართალდამცავ უწყებებთანაც თანამშრომლობდა, თუმცა არ ვიცი, მათ რა ინფორმაცია მიაწოდა.
- თუკი კალაშოვი რუსული იარაღის მაფიის წევრია და ესპანელებს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, ესე იგი, რუსეთში შეიძლება, მისი ლიკვიდაცია მოინდომონ?
- არა, ეს გამორიცხულია...
- რატომ?
- რუსებს კალაშოვის ლიკვიდაცია რომ უნდოდეთ, მაშინ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ესპანეთში იმყოფებოდა, არ გამოიყვანდნენ. პრაქტიკულად, რუსეთის სახელმწიფომ ითამაშა დიდი როლი, რომ კალაშოვის რუსეთში ექსტრადირება მომხდარიყო... მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, კალაშოვი რუსეთიდან ქურთისტანში იარაღის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად ითვლებოდა. გარდა ამისა, სხვა საქმიანობასაც ეწეოდა და ყველაფერი ეს ფაქტებია. სხვათა შორის, კალაშოვი თავის დროზე არაბეთში დააკავეს...
რაც შეეხება კალაშოვის საქართველოში ექსტრადირებას, ეს, პირველ რიგში, “ნაცმოძრაობას” არ აწყობდა.
- აბა, რატომღა ითხოვდა?
- მოთხოვნა ერთია, მაგრამ კალაშოვი 2006 თუ 2007 წელს დააკავეს და “ნაციონალებს” ხომ შეეძლოთ, რომ ექსტრადირების კუთხით ემუშავათ? კალაშოვი საქართველოში რომ ჩამოეყვანათ, ციხეში მოკლავდნენ!
- რა საბაბით?
- საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული, რაც, ბუნებრივია, კალაშოვმაც იცის...
- პრივატული საუბრისას, კოტე ბატონო, თქვით, რომ კალაშოვი შესაძლოა, სომხეთში ჩავიდეს. კალაშოვის კონტექსტში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილიც ახსენეთ...
- რუსული იარაღის ქურთისტანში შეტანა, ძირითადად, სომხეთის გავლით ხდებოდა. რუსეთს კალაშოვი ამ მიმართულებით შეიძლება, კიდევ სჭირდება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სახმელეთო ოპერაციებს მხოლოდ ქურთისტანი აწარმოებს...
- კრემლს ისმალისტებთან ბრძოლა აწყობს?
- რა თქმა უნდა, თურქეთი ხომ მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. გარდა ამისა, სირიაში ჩეჩნებიც იბრძვიან, რომლებიც მხოლოდ რუსეთისთვის კი არა, აშშ-სთვისაც სახიფათონი არიან. ამ შემთხვევაში, რუსეთის, აშშ-სა და ევროპის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად, კალაშოვი, რომელსაც ქურთები ძალიან დიდ პატივს სცემენ, შესაძლოა, რუსეთსა და ქურთისტანს შორის გარკვეული ხიდი აღმოჩნდეს...
რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, თავის დროზე, ანუ როცა სოდ-ი შევარდა და სახლი ჩამოართვა, კალაშოვის ადვოკატი სწორედ კბილაშვილი იყო. მთავარი პროკურორობის დროს, კბილაშვილს კალაშოვის ექსტრადირების საკითხი, წესით, უნდა დაესვა, მაგრამ ამით, მინიმუმ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.
- კალაშოვის საქართველოში ექსტრადირება მნიშვნელოვანი რატომაა?
- თუკი იარაღის უკანონო ბიზნესის გამოძიება დაიწყება, კალაშოვი შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყოს... ვფიქრობ, კალაშოვის საქმეში გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც დიდი როლი ითამაშა.
- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, 15 ნოემბრის აქცია რუსეთის ინტერესის სფერო არის თუ არა?
- დიახ, არის. დღეს დესტრუქცია ყველაზე მეტად წყალს რუსეთის წისქვილზე დაასხამს - ამღვრეულ წყალში კრემლი ძალიან დიდი ღლავის დაჭერას შეეცდება. ეს ღლავი კი, ამ შემთხვევაში, მთელ საქართველოზე რუსული ინტერესების გავრცელებაა. სხვათა შორის, თავის დროზე პუტინმა თქვა, რომ ევრაზიული კავშირის შექმნაში 2015 წელი გარდამტეხი იქნება. ასე რომ, ძალიან საინტერესო და რთული წელი მოდის.
- ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
- ჩიხურ სიტუაციაში ვართ და ვერც ამერიკელები გვიშველიან და ვერც - ევროპელები.
- აბა, ვინ, ან რამ უნდა გვიშველოს?
- რა გვიშველის და, ერთმანეთის არდაჭმა!