თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანის შეხვდა, ხოლო შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
"ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით, ჩემს, როგორც თავდაცვის მინისტრისა, და ზოგადად, "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ წარმოებულ იერიშზე, რაც ჩვენი მხრიდან ჩათვლილია, რომ ხდება მიზანმიმართულად, რათა დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯი და ხელი შეეშალოს იმ მიზნების შესრულებას, რაც დასახული აქვს ქვეყანას, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის...
როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი დაინტერესებული იქნებიან, გამოძიება წარიმართოს ღიად, მაგრამ ღიად ვერ მიმდინარეობს - ადვოკატებს არ აქვთ საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, ეჭვები, რომელიც დღითი დღე მყარდება, საქართველოს აზიანებს. არავის მივცემ საშუალებას, შებღალოს როგორც იმ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების იმიჯი და სახელი, ვინც დღეს დაკავებულია, ისე ჩემი პატივი და ღირსება. ამიტომ ამ საქმეს მე ბოლომდე მივყვები. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ყურადღებით იქნება ამ კუთხით, ისევე, როგორც დღეს განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმაც. ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ და ცუდ ფორმას მიიღებს, თუ არ მოხდება გამოძიების ღიად წარმართვა".
რატომ მოუხშირა ალასანიამ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს? რისი მიღწევა სურს ამ შეხვედრებით? რატომ თვლის ექსმინისტრი, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ქვეყნის საგარეო იმიჯს დააზიანებს?
"ალიას" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა:
- ბატონო რამაზ, ირაკლი ალასანია ჯერ ამერიკის ელჩს შეხვდა, შემდეგ კი - ევროკავშირის. რა მიზნით ხვდება, რის მიღწევას ცდილობს?
- ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ დახურულ კარს მიღმა ალასანია არწმუნებდა დასავლეთის პარტნიორებს, რომ მისი ფრაზა საგარეო ვექტორის შეცვლის შესახებ იყო ემოციურ ნიადაგზე ნათქვამი და არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ, თუ აღმოჩნდა ისე, რაც ალასანიამ კომენტარში გააკეთა, მაშინ, ალბათ, ძალიან მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე. საზოგადოება ძალიან კრიტიკულად აღიქვამდა იმას, როცა უცხოეთში რომელიმე პოლიტიკოსი ქართულ სინამდვილეზე დაასველებდა ენას და როცა ქვეყნის კურსს აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ მაშინ, როცა გიჯერებენ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.
- შეგიძლიათ, ამიხსნათ, თუკი არსებობს დოკუმენტები, რომ მოხდა კორუფცია და გამოძიებამ დადო ასეთი დასკვნა, რატომ უნდა დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი? რატომ აიგივებენ "თავისუფალი დემოკრატები" საკუთარ თავს ქვეყანასთან, დანაშაული თუ არსებობს, ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ?
- თუ აღმოჩნდა, რომ კორუფცია არის, გამოვა, რომ ეს პოლიტიკური განცხადება ყოფილა მასკირების ხერხი. ასეთ რამეს ხშირად იყენებენ ხოლმე დანაშაულის გადასაფარად, მაგრამ აქაც არის საზღვარი. როცა ქვეყნის პოლიტიკას იყენებ და სახელმწიფო იმიჯს წირავ იმისთვის, რომ დანაშაული გადაიფაროს, ეს კიდევ უფრო უარესი დანაშაულია, ვიდრე ფულის გაფლანგვა. სიტუაციამ უკვე ისეთი სიმწვავე მიიღო, რომ ყველა მხარემ უკან დასახევი გზა მოუჭრა ერთმანეთს. ახლა ხელისუფლებასაც არ აქვს უკან დასახევი გზა და უნდა მიიყვანოს მთელი ეს ბრალდების პროცესი ბოლომდე, რადგან მე ვიცი, რომ ხელისუფლება ერთხანს ცდილობდა ალასანიას ზოგიერთი შეცდომებზე თვალების დახუჭვას, მიჩქმალვას და უნდოდა ხელშეუხებელი დაეტოვებინა. ეს ბუნებრივია, როცა გუნდის წევრი შეცდომას დაუშვებს, ცდილობ, ეს შეცდომა თვალშისაცემი არ იყოს. ახლა უკან დახევა გამორიცხულია, უკვე ალასანია შეურიგებელია. მოდით, ასე ვთქვათ: თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში იყო ნიშნები, რომ ქვეყნის ორიენტაცია სხვა მხარეს იცვლება, ეს მაინცდამაინც მაშინ შენიშნა თავდაცვის მინისტრმა, როცა მისი თანამშრომლები პროკურატურამ დააკავა?
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება, ეჭვობენ, რომ სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებაო. რატომ კეთდება გამოძიების დასრულებამდე ასეთი განცხადებები? ასე ცალსახად რატომ უჯერებენ ალასანიას, ისევე, როგორც აქამდე "ნაციონალებს" უჯერებდნენ?
- დასავლეთის უამრავი განცხადება გვინახავს ამ ხნის მანძილზე, სადმე გინახავთ ისეთი ფრაზა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკოსებისგან ვითხოვთ ხოლმე, რომ თუ ჩახედული არაა ბოლომდე სიტუაციაში, ვერსია თქვას, მორიდებით თქვას. ეს არის დარწმუნებული ტონი მათი მხრიდან და მიაჩნიათ, რომ რასაც ამბობენ, ეს არის სწორი. ისინი უმეტესწილად, როცა საქმე აქვთ ჩვენნაირ ქვეყანასთან, თვლიან, რომ, რასაც ხედავენ, ისაა ჭეშმარიტება. დასავლეთი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უშეცდომო არ არის, მაგრამ ჩვენი ბრალია, რომ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ, მათ იდეალიზებას ვეწევით და ვამბობთ, რომ არ უნდა აღვშფოთდეთ მათ ტენდენციურობაზე.
- ასეთი განცხადებების კეთება დასავლეთში შეიძლება ჩვენი საგარეო უწყების უმოქმედობას ან საბოტაჟს დავაბრალოთ? ხომ შეეძლოთ ეთქვათ დასავლეთის ქვეყნებისთვის, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან თავი შეიკავეთო?
- ვერ ვიტყვი, რომ საგარეო უწყება არ მუშაობდა, რადგან ბოლო ერთ წელიწადში საკმაოდ წარმატებული იყო. ჰქონდა მიღწევებიც, მაგრამ რამდენად საკმარისი იყო, ესაა საკითხავი. რა თქმა უნდა, გამოუცდელობაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რადგან მთელი ხელისუფლება გამოუცდელია. ისინი არ ითვალისწინებენ ზოგად ანტურაჟს და იმას, რომ უცხოელებიც ადამიანები არიან.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ რესურსების გამოყენება სააკაშვილმა იცოდა კარგად, ის კარგად იყენებდა საგარეო კონტექსტს. მაგალითად, 2008 წლის ომი რომ დამთავრდა წარუმატებლად, სააკაშვილს დასავლეთი ხმას არ სცემდა, არც არსად იწვევდა, რა გააკეთა მიშამ? ირანთან გახსნა საზღვარი. როგორც კი დასავლეთში დაინახეს, რომ ამ პოლიტიკოსს შეუძლია იმის გაკეთება, რაც მათთვის საზიანოა, მაშინვე გული მოიბრუნეს. გულში რას ფიქრობენ, სულერთია, მაგრამ აშკარად შეიცვალეს ტონი და ამით სააკაშვილმა ისარგებლა. სააკაშვილი მარტო შიდა ფრონტზე კი არ იბრძოდა, ამერიკას არ ეპუებოდა და ნახულობდა მის სუსტ წერტილებს, რომ დაერტყა. ესაა პოლიტიკა და არა ის, მე კარგი ბიჭი ვიქნები და შენ ხუთიანი დამიწერეო. ეს სკოლა კი არაა.
- ანუ ფიქრობთ, სააკაშვილის ტაქტიკას მიმართავს ალასანიაც?
- უკვე იყენებს ამ ტაქტიკას. კიდევ უფრო აგრესიული იქნება ამიერიდან, ვიდრე აქამდე იყო. ეს პროცესები გაგრძელდება.
- დაბოლოს, თუ აღმოჩნდა, რომ ალასანია გამართლდა და მართლა პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი, ამ დროს როგორ იქნება ხელისუფლების საქმე?
- რა ფორმით, ვერ გეტყვით, მაგრამ უკან დახევას ველოდები. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და როცა შეეშალა, უკან დაიხია. უკან დამხევი ხელისუფლება ჯობია, ვიდრე ამ შეცდომის მერე გზის გამგრძელებელი. თუ ასე მოხდა, ალასანიას რეიტინგი საგრძნობლად აიწევს, ისედაც არ აკლია ხალხისგან კრიტიკა და ძალიან კრიტიკული გახდება მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ.