მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას რეფორმები მან დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, 800-ზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან სამ ეტაპიანი ტესტირების შედეგად და სამინისტრო მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ინარჩუნებს.

პრეზიდენტი შეიარაღების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს მინიმალურ დონეზე საკმარისი იარაღი გააჩნია და დამატებითი იარაღის შეძენა საჭირო არ არის და კარგად მომზადებული არმია ნებისმიერი იარაღის პირობებში მზად არის საბრძოლველად.

შეხვედრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ქართველი ჯარისკაცებისთვის.

ვიზიტისას პრეზიდენტმა მუხროვანის ინციდენტი გაიხსენა: "თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს "ალიას", "ასავალ-დასავალს" და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი". "საქართველოში ყველაზე მეტად ფასობს ის ვინც თავს სწირავს ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა რეზერვისტთა სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ყველა სოფელს უნდა შეეძლოს საკუთარი მიწის დაცვა. ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს პატარ-პატარა მომზადების ჯგუფები და ამისთვის საჭირო იარაღიც. უკვე ცხადია, რომ აბსოლიტურად არც ერთ ნორმაში არ ჯდება ის ძალა რომელთანაც საქმე გვაქვს. თუ მოინდომებს ის უკვე დაკავებული რაიონებიდან ნაბიჯის წინ გადმოდგმას, ყველა კვადრატული მიწის ნაკვეთი ფეხქვეშ უნდა ეწვებოდეს. ქვეყნის დაცვა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის ამოცანაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.