„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებმა ის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. ირაკლი ალასანიას პარტია დღეიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი აღარაა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა თხუთმეტი წუთის დაწყებულიც არ იყო, როდესაც კოალიციის ოფისის შენობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დატოვა. მან თქვა, რომ შეხვედრისას მისთვის სასურველი საუბარი არ შედგა და მისმა პარტიამ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა:
„ჩვენ აქ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ. მე დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება „თვისუფალ დემოკრატებს“ მისცემს შანსს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა“.
კოალიციის 5 ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოზე ყოფილი პრემიერ- მინისტრის, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმაც დაადასტურა:
„ბატონმა ბიძინამაც გამოთქვა თავისი აზრი. მას ამ აზრის გამოთქმის უფლება აქვს. თქვა, ფაქტობრივად, იგივე, რასაც ბატონი პრემიერი ამბობდა. ჩვენ ეს რამდენჯერმე მოვისმინეთ. ამიტომ ახალი არაფერი თქმულა. უბრალოდ, შეხვედრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. იგივე ბრალდებები იყო, რომ თურმე ვიღაც ადამიანები არიან კორუმპირებულები“.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, იმ ყველაფერმა, რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, პოლიტიკური შეფერილობა მიიღო:
„აქედან გამომდინარე, იქ, სადაც ჩვენი ხილვა არ უნდათ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიქნებით“.
პოლიტსაბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება გასაკვირი არ არის:
„საზოგადოებაში ეს კითხვები არ ჩნდება და რადგანაც თქვენ, ჟურნალისტებს, გიჩნდებათ, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფელთვის დარჩება იმ ადამიანად, ვისი აზრიც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.
მანამ, სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად დატოვებდნენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, შემდეგ კი თანამდებობა თავიანთი ნებით დატოვეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
კოალიციიდან გამოყოფის მიუხედავად, „თავისუფალი დემოკრატები“ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, დატოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობასაც. გამოყოფის შემთხვევაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ათი დეპუტატი გამოაკლდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მისთვის ეს დასანანი იქნებოდა:
„ჩვენ მათ არ ვითვლით მხოლოდ როგორც უმრავლესობაში შემავალ ხმებს და ჩვენთვის თითოეული მათგანის ყოფნა, მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც თანამებრძოლების. იმედი მაქვს, რომ მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში“.
ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ კოალიციას დაშლა არ ემუქრება და პარლამენტში მყარ უმრავლესობას ინარჩუნებს.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „თავისუფალი დემოკრატების“ ათი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობასაც გამოეყოფა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 73 მანდატი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში არც საპარლამენტო უმრავლესობა, არც უმცირესობა აღარ იარსებებს.