„დეი“: რას უნდა ელოდოს აზერბაიჯანი საქართველოში დაწყებული კრიზისისაგან?

„დეი“: რას უნდა ელოდოს აზერბაიჯანი საქართველოში დაწყებული კრიზისისაგან?

საქართველოს აციებს და აცხელებს: მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებამ თავის პიკს მიაღწია. თუ ადრე ეს პროცესი ფართო საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მალულად მიმდინარეობდა, ახლა უკვე ყველასათვის ნათელი გახდა: „მეოცნებების" მიერ ჩატარებული სხდომა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის აწ უკვე ექს-მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სკანდალურად დატოვა, მას კი თანაგუნდელებიც მიჰყვნენ - პროევროპულმა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს", - წერს აზერბაიჯანული გამოცემა „დეი" სარედაქციო მასალაში.

„მართალია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცველია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი, რომელიც ალასანიას თანაგუნდელია, თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, ერთი რამ მაინც ცხადია: მმართველი კოალიცია აღარ არსებობს, ქართული ოცნება არ ახდა.

ბუნებრივია, ყველაფერი ის, რაც ჩვენს მეზობელ საქართველოში ხდება, აზერბაიჯანში აქტიურად შუქდება და განიხილება. ჩვენი ქვეყანა ხომ დიდი ხნის მანძილზე ქართულ ბაზარზე მსხვილ ექსპორტიორად და ინვესტორად ითვლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენგან საქართველო სტრატეგიულ ნედლეულს - გაზს და ნავთობპროდუქტებს იღებს. საკმარისია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი" ნავთობპროდუქტებით საქართველოს 80%-ით უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, საქართველო ჩვენთვის სატრანზიტო ქვეყანაა და იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია იქნება, დიდადაა დამოკიდებული იმ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების რეალიზება, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ევროპული მილსადენების მშენებლობა და სხვა მრავალი, მათ შორის „სამხრეთის გაზის დერეფანი".

აზერბაიჯანს საიმედო სასაზღვრო პარტნიორი სჭირდება თურქეთთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელებაზე. აშკარაა, რომ ყოველი პოლიტიკური გაურკვევლობა შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს იმიჯზე ევროპის თვალში არა მარტო სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, თუ რამდენად საიმედოა ის ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანზიტს ახორციელებს.

საქართველოს ევროპული კურსი ამ ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ თითქმის ერთხმად მიიჩნევა დამოუკიდებლობის გარანტად. მასში ეკონომიკაც თავის როლს ასრულებს. საქართველო ძალიანაა დამოკიდებული იმპორტზე, პირველ რიგში კი, ენერგორესურსებზე. თბილისი არა მხოლოდ აზერბაიჯანს ეხმარება კასპიის ენერგოშემცველების ევროპულ ბაზარზე გასატანად, არამედ თვითონაც მოიხმარს. ამ თვალსაზრისით საქართველოს ყოველი მთავრობა, როგორი კურსის ერთგულიც არ უნდა იყოს, სასიცოცხლოდ იქნება დაინტერესებული იმაში, რომ ხელი არ შეეშალოს აზერბაიჯანისათვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას შიდაპოლიტიკური პრობლემების გამო.

http://news.day.az/politics/532793.html