საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პენტაგონის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრები.
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთან, გენერალ რეიმონდ ოდიერნოსთან საუბრისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა. ყურადღება გამახვილდა გლობალურ საფრთხეებზე, ასევე ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.
გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გენერალმა კაპანაძემ აღნიშნა, სწორედ ამერიკული მხარის დამსახურებაა, რომ დღეს ქართული არმია ნატოსთან თავსებადია.
გენერალური შტაბის უფროსმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში. თავის მხრივ, გენერალმა ოდიერნომ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ასევე, უმასპინძლა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა მარტინ დემპსიმ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებს. აშშ-ის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოში გაწევრიანების პროცესს.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ასევე, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილესთან, გენერალ ჯონ პაქსტონთან. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, წარმატებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდეს.
სპეციალურად ქართველ გენერალთან შესახვედრად ჯორჯიის შტატიდან ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯეიმს ბათერვორთი ჩავიდა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები დასახეს.