პრემიერმა ალასანია გადააყენა - ვინ არის თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე

პრემიერმა ალასანია გადააყენა - ვინ არის თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე

ორი ირაკლის პოლიტიკური ქიშპობა პირველის გამარჯვებით დასრულდა _ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ,,ქართული ოცნების' პოლიტსაბჭოს 4-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. მთავრობის მეთაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მხრიდან სახეზეა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა: ,,ნაცვლად იმისა, ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიების პროცესისთვის, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზედაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეძლეოდა შენიშვნები და მითითებები. მაინც გამოვლინდა დარღვევები, რასაც მიეცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ უწყებას და მინისტრსაც უნდა ეხებოდეს ეს. იმისთვის, რომ მოხდეს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება, ის რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ'. პრემიერმა ირაკლი ალასანიას განცხადებას, თითქოს სამინისტროს საქმეზე მიმდინარე გამოძიება ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევაა, უპასუხისმგებლო უწოდა: ,,ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის შეუქცევადი. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არასოდეს იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის პოზიციაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება'. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ვერც ერთ კითხვაზე, რომელიც მას თავდაცვის მინისტრის მისამართით გაუჩნდა, არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღო.

,,მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს 2 წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამოც, მე მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან. მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს, სავარაუდოდ, 4 მილიონი ლარის გაფლნაგვა. ეს თანხა ჩვენ ჯარისკაცებს აკლდებათ... გუშინ მქონდა შეხვედრა ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატებთან', რომელიც ჩვენი კოალიციის წევრია. მათ გულახდილად ვესაუბრე. მათ წინაშე ალასანიას კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვები იმ გამოძიებაზე, რომელიც მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. მე, როგორც პრემიერ- მინისტრს, ამ გამოძიებაზე მაქვს კითხვები, თუმცა დღემდე ვერ მივიღე კონკრეტული პასუხები'. ღარიბაშვილის თქმით, 5 ნოემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და მასზე დასწრების უფლება, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი ალასანიასაც აქვს: ,,ალასანიას და მის პარტიას, აქვს სრული უფლება დაესწროს პოლიტსაბჭოს სხდომას. მინდა დავაფიქსირო, რომ მსურს, გაფართოებული პოლიტსაბჭოს მოწვევა და ამ სხდომაზე მსურს დაესწროს ,,თავისუფალი დემოკრატიები' სრული შემადგენლობით'. თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის გადაყენების მიზეზების ახსნის შემდეგ, ღარიბაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრის ვინაობაც გაამხილა _ ირაკლი ალასანიას, მინდია ჯანელიძე შეცვლის. ვინ არის მინდია ჯანელიძე და რა დამსახურებისთვის ანდო მას თავდაცვის მინისტრის პორტფელი პრემიერმა? მინდია ჯანელიძე 2013 წლის დეკემბრიდან, ანუ დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს. მას დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/ იურისტი- სამართალმცოდნეს სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით არის ვიცე- პოლკოვნიკი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო _ მედალი ,,მაღალი პროფესიონალიზმისთვის'. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.