"ნაციონალებმა" პედაგოგების გადაბირება დაიწყეს?

4 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში კვლავ ზოგადი განათლების კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით შეიკრიბებიან. შექმნილია ჩიხური სიტუაცია და ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის ორ წარმომადგენელს - კოალიცია "ქართული ოცნებასა" და საქართველოს მთავრობას შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტი რამდენჯერმე გავიდა ბიუროზე, კომიტეტისა და პარლამენტის რამდენიმე სხდომაზე, მაგრამ ყველგან ჩაფლავდა და რა მოხდება 4 ნოემბერს? 

"ალიას" ესაუბრება ექსპერტი განათლების საკითხში მანანა ნიკოლაიშვილი: 

- ამასობაში გაჩნდა ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ივანე კიღურაძემ და ეს ცალკე გამოძიების თემაა, ვინ შექმნა ეს ახალი კანონპროექტი, მაგრამ, თუ განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე ამბობს კიღურაძე, რომ მთელი რიგი საკითხები ბუნდოვანია, მის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტშიც ასევე მთელი რიგი საკითხებია ბუნდოვანი. კერძოდ, ვინ ატარებს მასწავლებლების კონკურსს, ვინ მოახდენს მასწავლებლების შეფასებას, ვინ მიანიჭებს მასწავლებლებს თანამდებობებს, ეს არ ჩანს ახალ კანონპროექტში, ანუ ეს ის საკითხებია, რაც აქეთაც სადავოა და იქითა კანონპროექტშიც. ამიტომ, მიმაჩნია და ამაში ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს, რომ ჩიხიდან გამოსავალი არის შემდეგი: როცა იღებ ახალ კანონს, ცვლი და შემოგაქვს ახალი სქემა, ყველა პედაგოგი უნდა ჩააყენო თანაბარ პირობებში, ამისთვის წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გასაუქმებელია, ხელფასების მომატება უნდა მოხდეს იმ 42 000 მასწავლებელზე და 75 ლარი კი არა, უკვე 500 ლარი უნდა იყოს საბაზისო ხელფასი, რასაც ივანიშვილი შეჰპირდა მასწავლებლებს. 
მასწავლებლებს კატეგორიები სახელმწიფო კომისიამ კი არ უნდა მიანიჭოს, არამედ ამ კომისიაში მხოლოდ გასაჩივრება უნდა მოხდეს, მასწავლებელი კი სკოლამ უნდა შეაფასოს და შეფასება სწორად რომ მოხდეს, ამიტომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს პროფესიონალი, მას უნდა ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და თანაც წარმატებული ყოფილი მასწავლებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის დირექტორი გაკვეთილს ვერ შეაფასებს. ტრენინგცენტრები, განსხვავებით სამინისტროს კანონპროექტისა, არ უნდა იყოს ცალკე არსებული და აგიხსნით, რატომ: გვახსოვს, სააკაშვილის დროს რაც მოხდა: ფული რომ აკეთეს და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა რომ ჩააგდო მასწავლებლების მომზადების საკითხი და შედეგები რომ უარყოფითი მივიღეთ, ეს იყო სწორედ ცუდად ჩატარებული და მეთოდურად გაუმართავი ტრენინგების ბრალი. 

- აბა, სად უნდა იყოს ტრენინგცენტრი? 
- უნდა მოეწყოს მაღალრეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში და იქ პროფესურამ და ძლიერმა ტრენერებმა უნდა წაუკითხონ ლექციები მასწავლებლებს. ბატონი კიღურაძე რომ ამბობს, გაუგებარია მასწავლებლის შეფასების საკითხიო, ვეთანხმები, რომ ის, რაც სქემაშია ჩადებული, ვერ იმუშავებს.  იმუშავებს ის, რაც ზემოთ ვილაპარაკე. 

- წინა კვირას ტარას შავშიშვილი გამოცხადდა სხდომაზე და მასთან დაკავშირებით მოხდა სერიოზული გაწევ-გამოწევა, - კანონი ვის ახსოვდა, ისეთი ამბავი აიწია. 
- ტარას შავშიშვილი არის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, "ნაციონალების" ფრაქცია რომ სერიოზულად მუშაობს და პოლიტიკა ესმის, ტარასი მაგიტომ აღმოჩნდა განხილვაზე, მაგრამ მაინტერესებს, "ქართული ოცნების" ფრაქცია, რომელიც სამი პარტიისგან შედგება, რატომ არ უშვებს ჩვენზე საშვებს? დირექციამ დაუშვა მათზე საშვი და ისინიც მივიდნენ, ვინ აუკრძალავდა მისვლას? 

- თუ დღეს სხდომაზე არ მოხდა ამ კვანძის გახსნა, მაშინ რა მოხდება? 
- ეს უკვე პოლიტიკური ბრძოლაა. სამწუხაროდ, აქეთა მხარეს ვერ ვხედავთ პოლიტიკოსების ჩარევას, კოალიციას ვგულისხმობ, ამ დროს "ნაციონალები" იბრძვიან ერთიან გუნდად მხარშეწყობილები და ამიტომ ათით ნული მოიგეს. 

- კი, სამწუხაროდ, ხალხის სათქმელს "ნაციონალები" ამბობენ და ამაზე გვისკდება გული, აქაც, რასაც ვუყურებ, მასწავლებლების ინტერესების დამცველად "ნაციონალები" გვევლინებიან, ვინც დაანგრია ეს სისტემა. 
- გავაგრძელებ: ვინც მასწავლებლებს ღირსება შეულახა, ვინც მათ გამოცდებზე ჭრიდა, ვინც არაპროფესულ ტრენინგებს ატარებდა, ვინც არ გამოყო საკმარისი თანხა, რომ მასწავლებლები ჯეროვნად გადამზადებულიყვნენ და ახლა გვევლინებიან "ნაციონალები" მასწავლებლების დამცველებად. ეს ხალხი მასწავლებლებს ეუბნება, "ქართულმა ოცნებამ" გაგწირათ და შემოაქვთ ისეთი საკონკურსო წესი, რომელიც ყველას შეგეხებათ, სერტიფიცირებულსაც და არასერტიფიცირებულსაც, ყველა განთავისუფლდებითო, ამ დროს "ქართული ოცნება" ისე იქცევა, რომ "ნაციონალების" დასაცავი გახდნენ მასწავლებლები და "ქართულ ოცნებას" ვეკითხები: ამას რა ჰქვია? თქვენ იცით, რომ ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად უამრავი მასწავლებელი გადავიდა "ნაციონალების" მხარეს? ივანიშვილი მიტინგებზე რომ გამოდიოდა, გახსოვთ, რას ამბობდა?
 

- ბევრ რამეს ამბობდა და რას გულისხმობთ? 
- რომ მასწავლებლების ღირსების შემლახავი გამოცდები გაუქმდებაო, არ ამბობდა? ამათ ამ გამოცდების შედეგები რატომ დატოვეს ძალაში? ხომ ვიცით, რომ ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით კეთდებოდა "ნაციონალების" დროს და ამას რატომ არ მიხედეს? 

- წინა კვირას, როცა სხდომა ისეთი ხმაურით ჩატარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად კომიტეტის სხდომის წევრებს შორისაც გაიყო აზრი, მე ვესაუბრე გუგული მაღრაძეს და მან განაცხადა, რომ სამინისტროს აზრს იზიარებდა და ეს იმიტომ ხომ არა, რომ მისი შვილი მილენიუმის დირექტორად დაინიშნა საკმაოდ მაღალი ხელფასით? 
- ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ქალბატონმა გუგულიმ ეს აზრი მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა. მე სხვა რამ მაწუხებს: ვერ ხედავენ, რომ "ნაციონალების" მხარეს მიაწყდნენ მასწავლებლები? პოლიტიკური საარჩევნო ბატალიები უკვე დაწყებულია, წამმზომი ჩართულია და "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გასაგონად ვამბობ, გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და იცოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიმართება იურიდიულად სამართალი, რაც უკვე გითხარით დასაწყისში, ის თუ გაკეთდება. 

- თუ არ გაკეთდა ასე? 
- მაშინ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში საქმე პროფესიულადაც და პოლიტიკურადაც დამარცხდება, მორჩება და დამთავრდება. არ არის აუცილებელი, ყველა "ნაციონალებს" მიეკედლოს, არავინ არაა შეუცვლელი. გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაუჭერენ მხარს ეს ადამიანები. 
არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბევრი ჰყავთ "ნაციონალებს" და რასაც ვუყურებთ, ძალიან კარგად იბრძვიან და პოლიტიკური ხელმძღვანელებიც ჰყავთ. ხმამაღლა მივმართავ ვანო კიღურაძეს: რატომ არ აუქმებს გამოცდების შედეგებს? რატომ არ განსაზღვრა ბატონმა ივანე კიღურაძემ ის პოლიტიკა, როგორი უნდა ყოფილიყო ამ ბრძოლის ძირითადი პრინციპები? პარლამენტს არ ევალებოდა, განესაზღვრა ყველა დარგში საშინაო და საგარეო პოლიტიკა? 

- თვლით თუ არა, რომ უკვე "ქართული ოცნების" პარტიული ხელმძღვანელები უნდა ჩაერიონ ამ განხილვაში? იგივე გია ვოლსკი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ყველაფერზე აკეთებს განცხადებას? ან თუნდაც უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე? 
- მართალი ხართ, რადგანაც იქითა მხრიდან ამ საკითხის განხილვაში ყველა ჩარეულია, ყველა "ნაციონალი" პოლიტიკოსი და ესენი რას ელოდებიან? სამშაბათს არის კიდევ ერთი განხილვა ამ პროექტის, პასუხი უკვე უნდა გახდეს ცნობილი! გავიგეთ, ბატონებო, რომ ჩიხია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ვადა შეცვალონ? 

- რომ დანარჩენზე შემდეგ იდაონ? 
- კი, ბატონო! ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიდის ბრძოლა და ამ უსერტიფიკატო მასწავლებელთა კორპუსის გაყრა უნდათ, მაგრამ რამდენია, ვინც სერტიფიცირებულია და გაკვეთილს ვერ ატარებს? ამიტომ, ვთვლი, რომ ყველას გაკვეთილი უნდა შემოწმდეს და ვინც ვერ ატარებს გაკვეთილს, უნდა ჩამოერთვათ ის სერტიფიკატი, მორჩა და დამთავრდა.