კუდიანებმა კუდების მოწყვეტა დაიწყეს. „ინფო 9“–მ გაავრცელა კადრები, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას წვავს.
ამ პირებმა ტელევიზიის გამოჩენისას ტერიტორია დოკუმენტაციის სრულად დაწვამდე არ დატოვეს. იმავე დღეს გამოქვეყნებულ მასალაში ამოიცნეს პირი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირთან ერთად სტუდენტებისა და უფლებადამცვლების მიერ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს რეგულარულად ესწრებოდა და უთვალთვალებდა.
იგივე პირები დაბურულმინიანი ოპერატიული ავტომობილით მოძრაობდნენ და აქციის მონაწილეთა ფოტო–გადაღებას აწარმოებდნენ. თუმცა საპროტესო აქციების სახელისუფლებო „დამკვირვებლები“ ინტერნეტში ჯერ კიდევ 21 სექტემბერს ამხილეს.
ორი დღის წინ მე-9 არხმა გადაყრილი დოკუმენტები გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა. დოკუმენტების კოცონი ხუდადოვზეც შენიშნეს. ამ უეცარი პირომანიის მიზეზს საზოგადოება იმაში ხედავს, რომ ხელისუფლებიდან აბარგებასთან ერთად „ნაცები“ მათ მამხილებელ დოკუმენტებს ანადგურებენ. გამოითქვა ვარაუდი, რომ დამწვარი დოკუმენტები მიტინგებზე იდენტიფიცირებული ადამიანების მონაცემებს შეიცავს.
რადიო „ობიექტივის“ ერთ-ერთი წამყვანი მამუკა ბაკურია: „ეს, ჩემი აზრით, მიტინგებზე იდენტიფიცირებული ადამიანების დოსიეებია - ანუ, ვინ ვინ არის! ამის გამოჩენა შსს-ს არ აწყობს, იმიტომ რომ მაშინვე გახდება ცნობილი, რომ შსს კი არა, ეს გესტაპო იყო! ასეთი დოსიეები ჰქონდა მარტო გესტაპოს, НКВД-ს და ჩვენ სახელოვან შსს-ს.
„ინფო 9“-ის ჟურნალისტი, რომელიც ლისის ტბაზე ამ დოკუმენტების გადაღებას ცდილობდა, ამბობს, რომ სწორედ მსგავსი შინაარსის ტექსტებს მოჰკრა თვალი, ვიდრე დოკუმენტებს დაწვავდნენ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ კუდ-ის თანამშრომლების მუშაობის სტილს და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დოკუმენტები ოპოზიციის აქტივისტების შესახებ პირადი სახის ინფორმაციას შეიცავდა, რასაც მათი დევნისთვის იყენებდნენ“, - აცხადებს ბაკურია.
კუდ–ის თანამშრომლების ყურადღების ნაკლებობას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები არასოდეს უჩიოდნენ, მაგრამ თუ მათ ამ რაოდენობის დოსიეები ჰქონდათ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. მიხეილ ბულგაკოვი წერდა, რომ ხელნაწერები არ იწვის, ჩვენ კი კუდიანების საყურადღებოდ ვაცხადებთ: რამდენი დოკუმენტიც არ უნდა დაწვათ, კარგად გახსოვდეთ: ცოცხი არ იწვის!