ბოლო დროს რუსეთის თემა ქართულ პოლიტიკაში ისევ აქტუალური გახდა. შეიმჩნევა ცვლილებები ოპოზიციურ ფრონტზეც. გვესაუბრება ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძე:
– პოლიტიკოსების ინტერესი იქითკენ არის, სადაც უფრო მეტი შანსია ძალაუფლების მოპოვებისა. რუსეთისადმი ინტერესი მხოლოდ ოპოზიციაში არ არის. ხელისუფლება ქმნის ისეთ პიარს, რომ რუსეთთან დალაპარაკება არის სირცხვილი და მიუღებელი იმიტომ, რომ თვითონ ვერ ელაპარაკება რუსეთს. განა არ ელაპარაკება, ვერ ელაპარაკება. სირცხვილი არაფერია, როდესაც საქმე შენი ქვეყნის ინტერესებს ეხება. გააჩნია, რუსეთს რაზე ელაპარაკები. შენ თუ მიდიხარ და იმაზე ელაპარაკები, მხარი დამიჭირე, ძალაუფლება მომეცი და მე უფრო მეტს გაგიკეთებ, ვიდრე სააკაშვილმა გაგიკეთა, ეს, რა თქმა უნდა, სირცხვილია. თუ რუსეთში ჩადიხარ და ლაპარაკს იწყებ ერთიან საქართველოზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს სირცხვილი კი არა, უპირველესი ვალდებულებაა პოლიტიკოსის.
თქვენ ახსენეთ, რომ სირცხვილი ის არის, რუსეთს სთხოვო ძალაუფლების ხელში აღებაში დამეხმარეო, ნოღაიდელმა სწორედ ეს სთხოვა პუტინს?
– როგორც ვიცი, ნოღაიდელმა სწორედ ეს ითხოვა პუტინთან შეხვედრისას. მე არ გამიგია, რომ მათ ტერიტორიულ მთლიანობაზე ჰქონოდათ საუბარი. ასეთი ლიდერი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და არასასურველი.
რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?
– ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, ის ხშირად წამოეგება ხოლმე ხელისუფლების ანკესს და ხელისუფლების მიერ შექმნილ პიარზე ცდილობს თავისი პიარის აგებას. ხელისუფლებამ ნოღაიდელისგან დააპირა საფრთხობელას შექმნა და ოპოზიციამაც ეს აიტაცა. ამ დროს ოპოზიციას დაავიწყდა, რომ როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ის შესანიშნავად თანამშრომლობდა იგორ გიორგაძესთანაც, ჯუმბერ პატიაშვილთანაც და რუსეთთანაც. სააკაშვილი ცდილობდა, ერთიანი ფრონტით შეეტია შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. დღეს სააკაშვილი იგივე შანსს არ აძლევს ოპოზიციას.
ალასანია შეძლებს გახდეს ერთიანი ლიდერი ადგილობრივ არჩევნებში?
- დღეს ოპოზიციაში ირაკლი ალასანიას ალტერნატივა არ ჰყავს. დღეს ალასანია რეალურად ოპოზიციის უპირობო ლიდერია, თუნდაც იმიტომ, რომ ალასანია არ არის გაიგივებული არანაირ დამარცხებასთან. არ არის გაიგივებული პოლიტიკურ ინტრიგებთან თუ გარიგებებთან. ის არის გაიგივებული მოლოდინთან, იმედთან. როდესაც ალასანია ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, მას ჰქონდა უზარმაზარი რეიტინგი. ამ რეიტინგს ჩამოეკიდნენ რესპუბლიკელები და "ახლები", რომლებიც დღეს ალიანსში შედიან. მათი რეიტინგი ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობით საგრძნობლად გაიზარდა. ეს პარტიები ალასანიას გარეშე ვერაფერს გააკეთებენ. ეს თავადაც კარგად იციან. ახლა ყველაფერი ალასანიაზეა დამოკიდებული.
პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. რა პროცესები მიმდინარეობს კულუარებში?
– საქართველოში პოლიტიკაში ბევრი გაუთვლელი ნაბიჯი გადაიდგა. ბევრი ისეთი ნაბიჯი, რომელიც კრახით დამთავრებულა სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ შეგნებულად არ ან ვერ დაიკავა სწორი პოზიცია. თუ ოპოზიციური ძალები დღესაც ასე მოიქცევიან, ისინი წამოწყებულ პროცესს დღესაც კრახით დაამთავრებენ. ვფიქრობ, ირაკლი ალასანიამ ისე უნდა იმუშაოს, რომ ამ პოლიტიკოსებს შეაგნებინოს, რომ დღეს კრახით დამთავრება იქნება ოპოზიციის სრულად დასამარება. თუ ალასანია ამას ვერ შეძლებს, მან უნდა მოახერხოს გახდეს სრულიად საქართველოს, ანუ ხალხის ლიდერი.
პოლიტიკური ძალები ამბობენ, რომ ოპოზიციური ერთობა აუცილებელია. ალიანსში შემავალი ლიდერები კი ამ აუცილებლობას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ალიანსს შესწევს ძალა დაამარცხოს სააკაშვილის ხელისუფლება თბილისში. ეს თქვენც შესაძლებლად მიგაჩნიათ?
– დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა პოლიტიკური ფიგურა გაერთიანდეს ერთ ძალად და ერთ ფრონტად. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ლევან გაჩეჩილაძის გაერთიანებაც. თუ არ მოხდება ეს გაერთიანება და ოპოზიციური ძალები ასე დაქსაქსულები დარჩებიან, მაშინ ალასანიამ უნდა აიღოს ხალხის ლიდერის ფუნქცია. მან ხალხის მანდატით უნდა იმოქმედოს და უარი თქვას იმ პარტიულ ლიდერობაზე და გაერთიანებაზე, რომლის ლიდერიც დღეს არის. ოპოზიციურ ძალებში არის პოლიტიკური ამბიციები, ვალდებულებები, რაც ამ ხალხს არ აძლევს ერთად დგომის და გაერთიანების საშუალებას. ამ პოლიტიკოსთა ნაწილი უკვე 10–15 წელია, პოლიტიკაშია, ეს პარტიები მეტ–ნაკლებად გაჭრილი კარტია საქართველოს მოსახლეობისთვის. ერთადერთი სიახლე და ახალი სიტყვა არის ალასანია. თუ ეს ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა, წაგებული დარჩება.
ითქვა, რომ ალასანია ძმები ბერძენიშვილების ტყვეობაშია, რაც უარყოფითად მოქმედებს ალასანიას იმიჯზე.
- ალასანია მკვეთრ ნაბიჯებს არასოდეს დგამს. საბოლოოდ მოგებული ალასანია გამოვიდა. ვინც რადიკალურები იყვნენ ალასანიას მიმართ, საბოლოო ჯამში თავად გამოვიდნენ საზოგადოების თვალში იმიჯშერყეულები. ისინი გახდნენ მარგინალიზებული საზოგადოების თვალში იმიტომ, რომ როცა საზოგადოების დაკვეთაა გაერთიანება, ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ნოღაიდელი, ვინ არიან რესპუბლიკელები და ვინ არიან კონსერვატორები. არავის სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ზურაბ ნოღაიდელი. ხალხი გაერთიანებას იმიტომ მოითხოვს, რომ მას სჭირდება გამარჯვება სააკაშვილის რეჟიმზე. მათ იციან, რომ გამარჯვება ვერ მოხერხდება ცალკეული ძალებით, გამარჯვება მოხერხდება მხოლოდ ერთიანობით. რომელ პოლიტიკოსს აქვს შავი ლაქები, ამაზე გამარჯვების მერე ვისაუბროთ, ეს არის ხალხის პოზიცია. როცა პოლიტიკოსები ხალხის ამ მოთხოვნას ვერ იგებენ და პირადი ინტერესებიდან მოქმედებენ, შეცდომებსაც იმიტომ უშვებენ და შედეგიც იმიტომ არ არის. შესაბამისად, საზოგადოების თვალში წაგებული რჩებიან. დღეს ქვეყანას სჭირდება გამარჯვება იმ უზარმაზარ ბოროტებაზე, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია და ეს რეჟიმი დამარცხდება მხოლოდ ერთიანობით.