სოზარ სუბარის ძმას, ვახტანგ სუბელიანს ბრალი წუხელ, გვიან ღამით წაუყენეს.
როგორც სუბელიანის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, წუხელ, 01:00 საათზე დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაეყენა ბრალი, რაც ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადებას გულისხმობს და 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისივე ცნობით, სუბელიანი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ჩვენებას ბრალდებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მისცემს. საქმის მასალებს ჭკადუა დღეს ელოდება.
- სუბელიანს გაუგებარი ბრალდება წაუყენეს. ვახტანგს კომპანიაში არ ეკავა ის თანამდებობა, რომელიც კავშირში იქნებოდა ანგარიშ-ფაქტურებთან. მან არ იცოდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და ამ დოკუმენტებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, - განაცხადა ირმა ჭკადუამ და აღნიშნა, რომ სუბელიანი შპს "ამოში" მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.
მისივე განცხადებით, წუხელ ბრალი წაუყენეს "ამოს" კიდევ ერთ თანამშრომელს, შპს-ს დირექტორის მოადგილეს, ვაჟა ლეკიშვილს. ადვოკატის ინფორმაციით, გუშინვე გაათავისუფლეს "ამოს" დირექტორი გურამ გიორგობიანი და ორი ბუღალტერი.
ირმა ჭკადუას განცხადებით, "ამოს" თანამშრომლების გარდა, წუხელვე ბრალი წაუყენეს კიდევ სამი კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს შპს "ამოს", შპს "გრანდის", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები, ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე.
გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. დანაშაული ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
დაკავებული პირების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.