დუტა სხირტლაძე - წარმატებული შოუმენი, ფარული პოლიტიკოსი და ცნობილი "ფულოლოგი", რომელიც თავს უფლებას აძლევს, ქართველი ხალხის თავზე სახარება იკითხოს. მის იუმორში დღემდე აშკარად გამოსჭვივის ზიზღი მათ მიმართ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს წინ აღუდგა. აკი გაამართლა კიდეც 2007 წლის ნოემბრის დარბევა? იმ დღეებში "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოვიდა და მომიტინგე ქართველებს სულელები უწოდა, კიდევ კარგი, თინეიჯერები არ დგანან პარლამენტის წინ და ამ სულელებს არ უყურებენო. სადღაც წავიკითხე: დუტა არ მალავს, რომ ხელოვნებისგან ისევე შორსაა, როგორც შორენა ბეგაშვილი ინგლისის დედოფლობისგან, შორენა ფულს თავისი სექსუალურობით შოულობს, მე კი - ჩემი იუმორითო. როგორ და რანაირად გაჩნდა ეკრანზე დუტა სხირტლაძე, ეს მხოლოდ თვითონ იცის - ჯერ იყო "ჯეოსელის" ლატარია, შემდეგ სხვადასხვა სამთავრობო შოუ, სარეკლამო კლიპები, მერე "ჯეოსტარი" "რუსთავი 2"-ზე და ასე შემდეგ. დუტა სააკაშვილს მისტირის, მაგრამ მშვენივრად მოერგო მის შემდგომ წყობილებასაც - უტიფრად წამოჯდა იმ ტელეარხზე, რომლის დასაცავად გამოსულ ადამიანებს სულელებს უწოდებდა. დიახ, დრომ დაამტკიცა, რომ ისინი, სამწუხაროდ, მართლაც სულელები აღმოჩნდნენ, ისინი ისევ სახლებში სხედან, ხოლო დუტა ისევ ეკრანზეა და მათ "სახარებას" უკითხავს წესიერებაზე, კაცობაზე, ცხოვრებაზე, მორალზე და ასე შემდეგ. აი, რას ამბობს "ჯეოსტარის" ყოფილი წამყვანი ანანო მჟავია (ამონარიდი თამარ დავითულიანის სტატიიდან. გაზეთი "საქართველო და მსოფლიო". 2012 წელი):
"2011 წელს საახალწლო ბანკეტზე ნასვამ მდგომარეობაში ვსაუბრობდით რამდენიმე ადამიანი პოლიტიკაზე. მათ შორის იყო დუტა სხირტლაძეც. მას შემდეგ, რაც დუტამ შეიტყო ჩემი პოლიტიკური შეხედულება, მითხრა, რომ სჯობდა, დავფიქრებულიყავი მომავალზე და უტაქტოდ მომმართა. ამ შემთხვევის შემდეგ დუტამ მითხრა, გაგანადგურებო და, თავისი აზრით, აასრულა ნათქვამი. 2011 წლის თებერვლის შემდეგ მბლოკავენ ყველა გადაცემასა თუ სერიალში. პირად საუბრებში ყველა მეუბნება, რომ დიდ პატივს მცემს, მაგრამ... არავის არ უნდა დუტასთან დაჯახება. ყველა ერიდება მასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რადგან დუტა ცნობილია შოუბიზნესში, როგორც სახელისუფლებო "ჩამშვები".
დუტა სხირტლაძეს "ღვაწლი" დაუფასეს და ორიოდე წლის წინათ თელავის თეატრის მმართველად გაამწესეს, მაგრამ მსახიობებს თავი მხოლოდ ლანძღვა-გინებითა და თეატრის შენობიდან ვაჟა-ფშაველას ბარელიეფის ჩამოხსნით დაამახსოვრა. ერთ-ერთი ტემპერამენტიანი შეხვედრის დროს მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი გარდაიცვალა (თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, მსახიობ პაატა გულიაშვილის მამა). დუტამ დანაშაული "გამოისყიდა", პაატას უთხრა, თელავის თოჯინების თეატრს მამაშენის სახელი უნდა მივანიჭოო... თუმცა, როგორც ამბობენ, პაატასა და დუტას მეგობრობა მაშინ დამთავრდა.
დუტა ცხოვრებაზე მორგებული ტიპია, როცა ძველბიჭობა იყო მოდაში - ძველბიჭობდა, შემდეგ (სააკაშვილის პერიოდში) ჩაშვება შემოვიდა მოდაში და "სტუკაჩი" გახდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა, მიშა სააკაშვილი ბიზნესის კეთების საშუალებას არ მისცემდა - ვერც სტუდია "დუტა პროდაქშენს" გახსნიდა და ვერც კაფე "თან წაიღე"-ს. მეტიც, ვერც ცოლს გაუხსნიდა "შპოონ კაფეს".
დუტამ ყოველთვის კარგად იცის, საიდან უბერავს პოლიტიკური სიო. მან ჯერ სააკაშვილის რეჟიმს აუღო ალღო, ხოლო შემდეგ ხავერდოვნად ისკუპა ტელე "იმედში". როგორც ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, "რუსთავი 2"-დან და "ჯეოსელიდან" ისე წამოვიდა, წამოსვლის მიზეზი არავის უთხრა. არც იყო საჭირო, როცა პოლიტიკური წყობილება იცვლება, ისე უნდა წამოხვიდე, მიზეზი არავის უნდა უთხრა.
ახლა 2014 წლის ნოემბერია. დუტა სხირტლაძე ტელე "იმედის" ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და ინგა გრიგოლიას კოლექტიური გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ეს ის ტელევიზიაა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ნიღბიანმა "ზონდერებმა" საერთოდ გაანადგურეს - თანამშრომლებს "დუბინკებით" თავ-პირი დაამტვრიეს და ბადრი პატარკაციშვილის ქონება ბეისბოლის ჯოხებით დალეწეს. მაშინ დუტა შორიდან იცინოდა. სხვათა შორის, ინგა გრიგოლია კი ტყე-ტყე მირბოდა, გავეშებულ სპეცრაზმელებს რომ ცოცხალი გადარჩენოდა... ეს ის ტელევიზიაა, რომლის ეკრანზეც ბოლო დღეებში, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბადრის ფოტოებით გაფორმებული კლიპი გადის. ის რომ ცოცხალი იყოს, შეხედავდა თავის ტელევიზიას და ალბათ, გული, მართლა გაუსკდებოდა. 2012 წლის შემდეგ, როცა პატარკაციშვილების ოჯახს ტელევიზია დაუბრუნეს, ყველას ეგონა, რომ იქ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა და ვისაც ბადრის სიკვდილში წვლილი მიუძღვის, მის ეკრანზე არ გაჭაჭანდებოდა, მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ - "იმედში" "პარადი" ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებს მიჰყავთ. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში აღარც მორალია, აღარც პატიოსნება, აღარც წარსული და აღარც გუშინდელი დღე ახსოვს ვინმეს. ნათქვამია, ბრალი იმას, ვინც მოკვდება, თორემ ქარავანი ისევ თავისი გზით წავაო. კი, ბატონო, ქარავანი თავისი გზით წავა, მაგრამ ჩემთვის და ჩემისთანებისთვის ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ვინ დამელაპარაკება ეკრანიდან და ვინ წამიკითხავს მორალზე გრძელ ლექციას. როგორც ჩანს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!
შალვა რამიშვილი - სანამ ეს ადამიანი ტელე-სივრცეში გამოჩნდებოდა თავისი მაიმუნობებით, ჯერ რადიო "105"-ში ჯღანაობდა. სხვათა შორის, "ჯღანაობა" იმ დონეზე გამოუვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყურადღება მიიქცია და შევარდნაძის გადაშენების პერიოდში "დარდუბალა" დაუფინანსა. სიმართლე უნდა ვთქვათ, ამ ანიმაციურმა ფილმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შევარდნაძის გაგდებაში. შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის პიარი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ გადაინაცვლა თუ არა ტელე "202"-ში, იგივე სააკაშვილს დაუწყო ღადაობა, ხან ცხვირში თითის შეყოფით ბაძავდა, ხან კიდევ დორბლიანობაში ადანაშაულებდა. თუ შევარდნაძემ ჯღანაობა გაუტარა და სახლში წავიდა, მიშამ პირდაპირ ვირის აბანოში უკრა თავი. თან სახელიც ისე გაუტეხა, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, დღემდე ვერ დაიხეთქა. როგორც შალვა რამიშვილი ამბობს:
"ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ იგი პიარცხოველია და მას აქვს პიარინსტინქტები. თუმცა ძალიან მცირე იდეები იყო ჩემი".
თუ სააკაშვილი პიარცხოველია, მე არ ვიცი, რა ჰქვია მის პიარს, მაგრამ 2005-ში რაღაც გადაცემის მოყომარების სანაცვლოდ ჯერ 70 ათასი დოლარი მოითხოვა დეპუტატ კობა ბექაურისგან, შემდეგ კი მაზანდა 100 ათასამდე ასწია, სახლში რემონტი მაქვს და თან ჩემი დაბადების დღეც მოდისო. კი იძახიან (თვითონაც იძახის) და კობა ბექაურმაც აღიარა, ზურაბ ადეიშვილმა დამავალა, რამიშვილს ფული შეაძლიეო, ყველაფერი დადგმული იყოო, მაგრამ სააკაშვილმა იქ გაარტყა, სადაც შალვა რამიშვილს სუსტი წერტილი ჰქონდა, მან კარგად იცოდა, ყველაზე მეტად რა უყვარდა შალვას. რა თქმა უნდა, ფული... რაც არ უნდა იმართლოს თავი, მთელ საქართველოს კარგად ახსოვს მისი სატელეფონო საუბარი კობა ბექაურთან. მოკლედ, ასეა თუ ისე, შალვა რამიშვილი ჩასვეს 4 წლით. ბუნებრივია, ქართული მედია მაშინ, გამონაკლისის გარდა, მხარს უჭერდა და ჩვენს გაზეთებშიც მისი დასაცავი არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, შალვას ერთი მადლობაც არ წამოსცდენია. არადა, ციხეში ყოფნისას მოსთქვამდა, მე ცინიკოსი ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანს ვატკინე გული, აქედან რომ გამოვალ, სულ სხვანაირი ვიქნებიო. როგორც ამბობენ, თავის ციხის მეგობრებსაც ჰპირდებოდა რაღაცებს, ოღონდ აქედან გავიდე და არც ერთს არ დაგივიწყებთო, გარედან მოგხედავთო. გავიდა დრო, შალვა განთავისუფლდა, ბედზე ბიძინა ივანიშვილმაც მოუსწრო, ისევ მიკროფონი მოიგდო ხელში და გიჟივით დარბოდა, ხალხს ეკითხებოდა, ბიძინა როგორი კაციაო? ერთხელ მეც მკითხა, ვუპასუხე, კარგი კაცია-მეთქი, მაგრამ მაინც აქეთ დამამუნათა, - ბიჭო, შენ ვალერი გელბახიანს უჭერ მხარს, თანახმა ხარ, რომ საქართველოში დაბრუნდესო? კი, შალვა, ნუ დაგავიწყდება, რომ მე შენც გიჭერდი მხარს-მეთქი. მან თავი გადააქნია, აშკარად არ მოეწონა ჩვენი პოზიცია. მე მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები არასოდეს იცვლებიან, შალვა რა აფერისტიც იყო, იგივე აფერისტი დარჩა. ადამიანი, რომელიც 4 წელი ციხეში იჯდა, როგორ შეიძლება, დევნილი კაცის წინააღმდეგი იყოს? მით უმეტეს, ვიცი, ვალერი გელბახიანს მისთვის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა ერთი-ორჯერ გააკრიტიკა და ამანაც ჩაიხვია, ბატონ ბიძინას დაუჭირა მხარი, უფრო სწორად, მას ასიამოვნა. შალვა ჯერ "მაესტროზე" მოჯდა, მერე რაღაც "დარდუბალას" მსგავსი ფილმის კეთება დაიწყო, მაგრამ არ გამოუვიდა და შეეშვა. იბობოქრა შალვამ, იხტუნავა შალვამ და ბოლოს მაინც გამარჯვებულ გუნდში აღმოჩნდა, მერე "მაესტროდან" წავიდა, უკვე აღარ შეეფერებოდა, უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად გაეშურა და ახლა გიორგი მარგველაშვილის პიარი გახდა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეგენი ჩემს ფეხებს გაიმარჯვებდნენ, მაგრამ შალვასაც ჩაეთვალა, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებაში ერთი აგური დადო. ნახეთ, როგორ აფასებს მას:
"მარგველაშვილი წინა პრეზიდენტისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მისი მმართველობის სტილი, რაზეც მასთან მისაუბრია, იქნება სრულიად განსხვავებული. მარგველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ჩვენი კულტურისადმი მტრულად არ არის განწყობილი. მას არ აწუხებს ის კომპლექსები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა. არ აწუხებს განდიდების მანია, არ უნდა ქართველის შეცვლა, ეს იქნება სულ სხვა ადამიანის, სულ სხვა ყაიდით წარმართული მმართველობა".
თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ასეთი მდარე და პრიმიტიული შეფასება არსად მინახავს, ანუ არ წამიკითხავს. ესეც არაფერი, შალვასაც დაუფასეს "ღვაწლი" და მარგველაშვილმა თავის პიარსამსახურში წაიყვანა. ნუ, ახლა ამ პრეზიდენტს რა პიარი სჭირდება? შალვა რამიშვილი იქ იმისთვის იყო, რომ ჟურნალისტებისთვის არ ეპასუხა, თუ უპასუხებდა, ისიც "არ ვიცი, მე არ მეხება"-თი შემოიფარგლებოდა. არავის ახსოვს მისი ერთი ჭკვიანური ფრაზაც კი. როგორც იქნა, ჩაამთავრა ცნობილმა შოუმენმა ერთი წელი (თან ხელფასი არ იყო ისეთი, როგორიც ბიძინასთან) და წამოვიდა, მაგანაც ტელე "იმედს" მიაშურა. ისე, რა ყველა დაკარგული "იმედში" მიდის? მოკლედ, შალვამ იმიჯი შეიცვალა - ცოტა თმა მოუშვა, სათვალე მოირგო, ღიპი გამოსწია, წითელი კედები ჩაიცვა, რაღაც ფრაკის მსგავსი კოსტუმი შეიკერა და ერთი შეხედვით პინგვინს დაემსგავსა. არიქა, ბიძინას ასე მაინც ვასიამოვნებო... მე არ ვიცი, პინგვინებს წითელი კედები აცვიათ თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს გაამართლა. დაიწყო ახალი შოუ, ფორმატი იგივეა, რაც "ვანოს შოუ", მაგრამ მის დონემდე (ვანოს დონეც ხომ იცით?!) ნამდვილად ვერ ქაჩავს - აქ მაიმუნობა უფრო მეტია, ვიდრე იუმორი, აქ შალვას "პრიჩოსკაზე" და მარგო ლუჩკოს დამტვრეულ ქართულზე უფრო იცინებთ, ვიდრე მის იუმორზე (ამ მხრივ ტირილი მოგინდებათ).
და აი, დადგა დრო, როცა შალვა რამიშვილმაც, თავის "იმედელ" ამხანაგებთან ერთად, ქართველი ხალხის თავზე "სახარების" კითხვა დაიწყო. როცა ინგა გრიგოლიამ კოლექტიური გადაცემის შესახებ დააანონსა და მომავალი წამყვანები სტუდიაში დასვა, შალვა ერთი წამით "ნამუსმა" შეაწუხა: მე 4 წელი ვიჯექი, ჩემი დანაშაული გამოვისყიდე და ახლა მაქვს მორალური უფლება, თქვენს თავზე "სახარება" ვიკითხოო. მას დაავიწყდა, რომ ამის მორალურ უფლებას ხალხი იძლევა და არა თავად ის პიროვნება, რომელსაც ამის გაკეთება უნდა. სხვათა შორის, ამის უფლებას არც პატარკაციშვილების ოჯახი იძლევა.
მაშ ასე, ტელე "იმედმა" ახალი შოუ დაიწყო ორი აფერისტისა და სხვათა მონაწილეობით, ისინი ისეთი რაღაცების თქმას აპირებენ, რომლის შესახებაც მთელი საქართველო ალაპარაკდება. დრო მიდის, მთავრობები იცვლებიან, პრეზიდენტებიც იცვლებიან, მობილურებიც უმჯობესდება, ტელევიზორების ეკრანებიც უფრო ფართოვდება, ავტომობილების მოდელებიც იხვეწება, ყველაფერი წინ მიდის, მაგრამ ჩვენს სატელევიზიო სივრცეს არაფერი ეტყობა - ისევ შალვა, ისევ დუტა, ისევ... და მართლაც სულელი ყოფილა ქართველი ხალხი!