ვარდების რევოლუციის ფარდაახდილი საიდუმლოებები

ვარდების რევოლუციის ფარდაახდილი საიდუმლოებები

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბრძანა, ის, რაც ყირგიზეთში მოხდა, შეიძლება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც განმეორდეს, თუ ისეთი მძიმე სოციალური მდგომარეობა იქნება, რაც ბაკიევის სამეფოში იყოო.

ასეთი სიტუაცია, როცა ხალხი ქუჩაში ძირმომპალი ხელისუფლების აუტანელი მმართველობის გამო გამოვიდა, 2003 წელს ჩვენთან უკვე ვნახეთ. მაშინ გადატრიალებას მომხიბვლელი სახელი "ვარდების რევოლუცია" ეწოდა.

მერე იგივე მოხდა უკრაინაში და ის ნარინჯისფრად შეფასდა, ყირგიზეთში – ტიტების რევოლუციად. სამივე გადატრიალების უკან დღემდე ამერიკა მოიაზრება. ყვავილოვანმა ხელისუფლებებმა ხალხის იმედები ვერ გაამართლეს და ჩარხი უკუღმა დატრიალდა. უკრაინაში არჩევნების გზით პრორუსი იანუკოვიჩი მოვიდა. ყირგიზეთში სისხლიანი გადატრიალებით შეიცვალნენ ტიტოსნები, სხვათა შორის, ისევ ტიტების რევოლუციის მონაწილეებით. საქართველოშიც არის რაღაც მსგავსის მოლოდინები.

არის თუ არა ეს ყველაფერი ყვავილოვანი რევოლუციების, ანუ ამერიკის პოლიტიკის კრახი და იბრუნებს თუ არა რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დაკარგულ გავლენას? ამ კითხვებით "სარკემ" ვარდების რევოლუციის ერთ–ერთ შემოქმედს, ყოფილ თავისუფლების ინსტიტუტელს, რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს მიმართა, რომელმაც ბევრ აქამდე უცნობ დეტალს ახადა ფარდა.

დავით ზურაბიშვილი

 

– რევოლუციურ სცენარებზე რაიმე სერიოზული ამერიკული ჩანაფიქრი, რომელიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა გავრცობილიყო, არ ყოფილა. ეს არის პოსტ ფაქტუმ, პიარის კონტექსტში გაკეთებული მითი. კარგად ვიცი, რა მოხდა ჩვენთან, რა ხდებოდა უკარაინაში და რა მოხდა ყირგიზეთში. მაშინ ჯერ ისევ საპარლამენტო უმრავლესობაში ვიყავი. ეს სამი სრულიად სხვადასხვა რამ იყო. მეორე მომენტია, რომ სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა, თავისი მონაწილეობა დაეფიქსირებინა უკრაინაშიც და ყირგიზეთშიც. ყირგიზეთში გაგზავნილი იყო გივი თარგამაძე, რომელმაც შუადღით რომ დაიწყო სმა, საღამოს მორჩა და მაშინ გაიგო, რომ რევოლუცია უკვე მომხდარი იყო.

თვითონ ამბობს, ისეთი ამბები დავატრიალე, მერე ვირით ძლივს გამოვასწარიო.

– ეს ლეგენდებია, რომლებიც ამერიკის ადმინისტრაციამ შექმნა. დასჭირდა იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში თავისი პოლიტიკა გაემართლებინა. მეორე მხრივ, იყო რაღაც დამთხვევები. იყო ძველი, ძირმომპალი რეჟიმები ყირგიზეთშიც, უკრაინაშიც. ყირგიზეთში ბაკიევის რეჟიმი ისე დალპა, რომ სულ ხუთასმა კაცმა მოაწყო რევოლუცია. მოკლედ, ძალაუფლება ქუჩაში ეგდო, ვიღაცას უნდა აეღო. იყო ოპოზიცია, რომელიც ახალგაზრდული გუნდისგან შედგებოდა, ჰქონდა პრეტენზია დემოკრატიულობაზე და ბუშმა ეს ახლო აღმოსავლეთს მიაბა. ბუში თბილისში რომ იყო და რევოლუციები ჩამოთვალა, მიაყოლა ერაყის იასამნისფერი რევოლუცია. მაშინ გამიკვირდა, რადგან ერაყში არანაირი რევოლუცია არ მომხდარა, ამერიკელები შევიდნენ და სადამ ჰუსეინი ჩამოაგდეს. თურმე ამერიკელები ცდილობდნენ, არჩევნები წარმოეჩინათ რევოლუციად. ეს ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის, ნეოკონსერვატორების პოლიტიკის ნაწილი იყო.

გაგახსენებთ "კმარას", "თავისუფლების ინსტიტუტს", რომლის წევრი თქვენც იყავით და რომლებიც ამერიკასთან და სოროსთან იყო მიბმული.

– ვარდების რევოლუცია ლამის ამერიკის მაშინდელ ელჩს, მაილსს მიეწერა. ამ დროს მაილსი სულ იმას ცდილობდა, როგორმე შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთთან დაელაპარაკებინა. ყოველგვარი აქციის წინააღმდეგი იყო. 12 ნოემბერს, რევოლუციამდე ცხრა დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, თუ ცესკო ნაციონალური მოძრაობის პირველ ადგილს აღიარებდა, მიტინგები შეეწყვიტა. "კმარა" ძალიან არაპოპულარული იყო. სტუდენტობაშიც არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ერთი ადამიანის პროექტი, ლევან რამიშვილის ახირება და მისი ლობირებით გაკეთებული იყო. თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. მისი როლი შემდეგში ძალიან გაიბერა. "კმარათი" ლევან რამიშვილმა მოახერხა ის, რომ მთელი არასამთავრობო სექტორი ამ პროექტში ჩართო. სოროსის ფონდიდან იყო ამ პროექტისთვის ხელშეწყობა. "კმარა" ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო, რომელიც აკეთებდა ხმაურიან აქციებს, რაღაცეებს წერდა ასფალტზე, ნერვებს უშლიდა ხელისუფლებას. მათ უტარებდნენ სემინარებს, ტრენინგებს. მაშინ ხელისუფლებას ამისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობა რომ არ მიეცა, არა მგონია, ამას წარმატება მოჰყოლოდა. არჩევნების შემდეგ დაწყებულ აქციებზეს მოხდა "კმარას" პოპულარობის მკვეთრი ზრდა. მახსოვს, როგორ ხდებოდა მიტინგებზე "კმარას" შემოსვლა. მოდიან ახალგაზრდები, მოუძღვიან წინ თეა თუთბერიძე და ლაშა ჩხარტიშვილი, შეერეოდნენ ხალხში დროშებით. ნახევარი საათის შემდეგ ისევ მოდიოდა ახალგაზრდების ჯგუფი. გავხედავდი და ისევ ესენი იყვნენ. დაარტყამდნენ წრეს და ექვს ასეთ შემოვლას აკეთებდნენ. ვიღაცას ეგონა, რომ ახალგაზრდების არმია მოდიოდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ შვეიცარიაში, ეკონომიკურ ფორუმზე, ჯორჯ სოროსმა თქვა, რომ საქართველოში მისმა ექსპერიმენტმა გაამართლა.

– სოროსს არანაირი პროექტი არ ჰქონია. მან სერიოზული ფული ჩადო არამარტო "კმარას" ორგანიზაციაში, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხით იყო დაფინანსებული, ის პირდაპირ აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას და ბურჯანაძე–დემოკრატებსაც.

რა იყო მისი მიზანი?

– დღეს სოროსი სულ სხვა ჭკუაზეა, ასეთი სისულელეს როგორ ჩავიდენო, ამბობს, მაგრამ მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იყო ის ძალები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარებას შეუწყობდა ხელს. როცა ნახა, ასე არ გამოვიდა, ინანა, მაგრამ ამასობაში სოროსის სახელის ისეთი დემონიზირება მოხდა, ლამის ეშმაკს ადარებდნენ.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პოლიტიკური ძალების დაფინასება კანონით აკრძალულია. დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი არა, ადგილობრივი ბიზნესმენები ვერ ბედავენ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. მაშინ რატომ უშვებდა ამას ხელისუფლება?

– შევარდნაძე უკვე მოხუცი იყო და ბერკეტებს ვერ ფლობდა. სახელისუფლებო ინსტიტუტში სრული ქაოსი იყო. უშიშროება თავისით რაღაცას აკეთებდა, პოლიციასა და ხელისუფლების სხვა შტოებში სხვადასხვა დაჯგუფებები იყო. ჯარი და სპეცრაზმი მშიერი იყო, პოლიციას ხელფასები არ ჰქონდა. ასეთ დროს გინდა უცხოელი დაგაფინანსებს, გინდა ადგილობრივი ბიზნესმენი. ახლა ასეთი სიტუაცია არაა. სააკაშვილს რეპრესიული აპარატი გამაძღარი ჰყავს.

როდიდან დაიწყო სააკაშვილმა რევოლუციაზე ფიქრი?

– 12 ნოემბრის შემდეგ. 3 ნოემბერს მივედი სააკაშვილთან. ვხედავ, ყველა კმაყოფილია. რა გიხარიათ, არჩევნები გაყალბდა–მეთქი, ვეუბნები. მოიცა, კომისიებში ხალხი მყავს და ყველაფერი კარგად იქნებაო. სააკაშვილი არანაირ მიტინგს არ აპირებდა. ამით უფრო ჟვანია იყო დაინტერესებული, რომელმაც 7 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი მიეხმარა. რუსთავის და მარნეულის ხმების მეშვეობით აქაჩეს 7 პროცენტამდე. ჟვანია ითხოვდა არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას, სააკაშვილი კი – არა. 12 ნოემბერს დიდი მიტინგი გაიმართა. შევარდნაძე არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა და მეორე ადგილზეც ასლან აბაშიძე გაიყვანა. მაშინ გადაწყდა, რომ სხვა ზომები იყო მისაღები.

დასავლეთისგან იყო მხარდაჭერა – მიაწექით და ჩვენ აქ ვართო?

– ასეთი რამ არ იყო, მაგრამ არც ის იყო, არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთო. ელჩები ძირითადად ცდილობდნენ, მოერიგებინათ ხელისუფლება, მიტინგების დარბევა და ძალის გამოყენება არ ყოფილიყო. შევარდნაძემ გაუწია ანგარიში. ყირგიზეთში ბაკიევსაც ურჩიეს, მაგრამ მან ანგარიში არ გაუწია.

რევოლუციური ხელისუფლება დასავლეთმა სწრაფად აღიარა. რუსეთიდან უშიშროების საბჭოს მდივანი ივანოვი ჩამოვიდა. დღემდე არის მოსაზრება, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ამერიკის და რუსეთის ხელშეწყობით მოვიდა. მართლა ასე იყო?

– ორივე მხრიდან ჰქონდა მხარდაჭერა. ივანოვი მიტინგზე გამოვიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, დღეს მიტინგზე რომ რუსი ჩინოსანი გამოვიდეს, რა მოხდება?! იყო თანხმობა, რომ შევარდნაძე აღარ სჭირდებათ არც რუსეთს და არც ამერიკას. სააკაშვილს, ჟვანიას და ამ ჯგუფს რუსეთთანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც რაღაც ვალდებულებები ჰქონდა აღებული, რაღაც შეთანხმების მომენტიც იყო. შევარდნაძემ გადადგომა მაშინ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ არც რუსეთი და არც ამერიკა აპირებდნენ მის დატოვებას თანამდებობაზე. ამერიკელებმა მას რბილი ვარიანტი შესთავაზეს – არჩევნების წესიერად ჩატარება. არ დაეთანხმა. სააკაშვილის ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ანტირუსული არ იყო. რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ფიქრობდა. ისეთ ვალდებულებასაც იღებდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ ეს განიხილებოდა სანაცვლოდ იმისა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობდა ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას. აჭარის ამბავშიც რუსეთმა სერიოზული როლი შეასრულა. ასლან აბაშიძე წაიყვანა, თორემ შეიძლებოდა სისხლისღვრაც კი მომხდარიყო. ასლანს მაშინ რუსეთის მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ასეთ ადვილად არ დამთავრდებოდა.

რამ განაპირობა ჩვენი ხელისუფლების გადაქცევა ანტირუსულად?

– სააკაშვილი ანტირუსული 2004 წლის იმ ავანტიურის შემდეგ გახდა, როცა ცხინვალის რეგიონში ომს ძლივს გადავურჩით. მაშინ ამერიკამაც და რუსეთმაც ამას მკვეთრი რეაქცია მისცა. ამის შემდეგ გადაწყდა რუსეთთან ურთიერთობის გაციება.

რატომ მოინდომეს რუსეთმაც და ამერიკამაც ლეგიტიმურობა მიეცათ რევოლუციური ხელისუფლებისთვის?

– ძალიან მარტივია – ორივეს ჰქონდა რაღაც ინტერესები. როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებისგან ჰქონდათ პირობა, რომ მათ ინტერესებს დაიცავდნენ. რუსეთისთვის მთავარი იყო, აქ ამერიკა სამხედრო–პოლიტიკურად არ გამაგრებულიყო. პრორუსული კურსი ქართულ პოლიტიკაში ჟვანიას სიკვდილის შემდეგ დასრულდა. ჟვანია იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების და ამ გზით ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ხაზის გამტარებელი. გახსოვთ რუსული ბიზნესის შემოსვლა, კახა ბენდუქიძის ჩამოყვანა, ლაპარაკი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების გაყიდვაზე. სააკაშვილის მეორე ფრთა, უფრო "თავისუფლების ინსტიტუტი", ამერიკული ხაზის მომხრე იყო და ამ ჯგუფმა გაიმარჯვა. სააკაშვილი ერთი პერიოდი ცდილობდა, ორივე ფრონტზე ყოფილიყო, ხან ერთ მხარეს იხრებოდა, ხან – მეორეს. ბუნებრივია, ეს არ გამოვიდოდა.

როცა ბუშის ადმინისტრაცია რუსეთს სერიოზულად დაუპირისპირდა, ცალსახა არჩევანი გაკეთდა. ეს მოხდა ბუშის ვიზიტის შემდეგ, რამაც მთლიანად შეცვალა იქამდე არსებული ქართული გეოპოლიტიკა. მანამდე საქართველოს მთავარ კოზირად ორი რამ ითვლებოდა: ნავთობსადენი და ამ რესურსებით ცენტრალური აზიის და აზერბაიჯანის დაკავშირება ევროპასთან. და მეორე, ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი იყო დემოკრატია. ბუშის ვიზიტის შემდეგ ეს ხაზი შეიცვალა. ორივე უკანა პლანზე გადავიდა და წინ წამოვიდა ისრაელის ტიპის გასამხედროებული, დიქტატორული რეჟიმი, რომელიც რატომღაც დასავლეთში დემოკრატიის დიდ მიღწევად საღდებოდა, რომელიც შეასრულებდა ამერიკის მთავარი სამხედრო მოკავშირის ფუნქციას ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. იქნებოდა ამერიკის სამხედრო დასაყრდენი რეგიონში.

ეს იყო ნეოკონსერვატორების პოლიტიკა. მათ სჭირდებოდათ ასეთი ხელისუფლებები რეგიონებში. დახედეს რუკას, ნახეს, რომ ახლოს ვართ ისრაელთან და პალესტინასთან. იქით რუსეთია. ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში საქართველო განიხილებოდა, როგორც ერთ–ერთი სერიოზული მოკავშირე, დაახლოებით ისრაელის ტიპის სამხედრო–პოლიტიკური ფუნქციით.

საკმაოდ სარისკო ფუნქცია დაუკისრებიათ ჩვენთვის. ეს ამერიკელების შემოთავაზება იყო თუ, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენმა ხელისუფლებამ იმატრაკვეცა?

– არ ვიცი, ვისგან იყო შეთავაზება, მაგრამ საქმე აქეთ მიდიოდა. ამერიკელებს არასდროს ამოუღიათ ხმა, როგორ იხარჯებოდა ფული ჩვენთან თავდაცვის სამინისტროში, გვჭირდებოდა თუ არა რეზერვისტები. სრული კარტ ბლანში ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას მიცემული. აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე იქ ფულიც შეუჭამიათ, მექრთამეობაც ყოფილა და არაპროფესიონალური მომზადებაც.

ბუშმა და სააკაშვილის მეგობარმა მაკკეინმა, რომელიც რუსეთის დიდი მოძულეა, ხომ არ წააქეზეს სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ?

– ვერ დავიჯერებ, რომ ომისთვის წააქეზეს, იმიტომ რომ ყოველთვის საომარი მოქმედებების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მკვეთრ ანტირუსულ კურსში სააკაშვილს სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა მათგან, არა მხოლოდ ანტირუსულ კურსში, არამედ ყველაფერში. გონიერი ხელისუფლება ამას ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებდა. სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ კი გადაწყვიტეს, რომ თვითონ არიან სახელმწიფო და ყველაფერს საკუთარი რეჟიმის გასამყარებლად იყენებდნენ.

ყვავილოვანმა ხელისუფლებებმა რამდენიმე წელი იარსებეს და ერთბაშად რყევა და ნგრევა დაიწყეს. რა მოხდა?

– ყირგიზეთში მოხდა იგივე, რაც ჩვენთან, ცოტა უფრო აზიური ფორმით. ბაკიევის შვილი ქვეყნის მთავარი ჯალათი იყო. დაპატიმრებები, ბიზნესებში სულ მათი სანათესაო... ბოლოს ხალხს ყელში ამოუვიდა. ოპოზიციის ლიდერების 80 პროცენტი თავის დროზე ბაკიევთან ერთად ახდენდა ტიტების რევოლუციას. ამერიკის ძველი ადმინისტრაცია ბაკიევს უჭერდა მხარს. ახალმა ადმინისტრაციამ კი პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარი უთხრა, ანუ ახლა სხვა გეოპოლიტიკური კონტექსტია. ასეთ რეჟიმებს, როგორიც სააკაშვილის და ბაკიევის რეჟიმებია, მხარდაჭერა მოაკლდათ. უკრაინაში სხვანაირად მოხდა. დემოკრატიული გზით შეიცვალა.

ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დაკარგულ გავლენებს იბრუნებს?

– რუსეთის გავლენა ძლიერდება. ჩვენთან ამაში სააკაშვილის დამსახურება დიდია. რუსეთის ჯარი გაყვანილი გვყავდა, იმაზე ვედავებოდით, გუდაუთაში რატომააო და აგერ გვიზის, სეპარატისტული რეგიონები აღიარებული აქვს. რომ არა აგვისტოს ომი, რუსეთისთვის ასე იოლი არ იქნებოდა პოზიციების გაძლიერება.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მრავალათასიანი გამოსვლების რადიკალიზაციის შემთხვევაში, დასავლეთი სააკაშვილს ურჩევდა გადადგომას?

– ყველა ნორმალური ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე წავიდოდა. ეს ნიშნავდა, რომ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, მაგრამ აქ სხვა რამ იყო. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული პროექტი იყო. ნოემბრის შემდეგ მთელ მსოფლიოში სააკაშვილის დისკრედიტაცია მოხდა და მის გადასარჩენად ის ამერიკის საელჩოში დაიბარეს, უთხრეს, უნდა გადადგე, ჩაატარო არჩევნები, მოიგებ, მხარს დაგიჭერთ, გაღიარებთ და შენზე ვიტყვით, კაცი ისევ დემოკრატიაო. ამას სხვა ცვლილებიც უნდა მოჰყოლოდა. თუმცა "გაპრავება" სათანადოდ ვერ მოხერხდა. რაც მოხდა, ამას თვითონ ამერიკის ადმინისტრაციაც არ ელოდა. სააკაშვილმა ადმინისტრაციულ რესურსიანად და გაყალბებიანად 50 პროცენტი ვერ დააგროვა.

რატომ არ უნდოდა დასავლეთს ოპოზიციის რომელიმე ლიდერი?

– სააკაშვილის გარდა, არავინ განიხილებოდა. ლევან გაჩეჩილაძე არ მიიღო დასავლეთმა. არ იყო ის ტიპაჟი, რომელზეც დასავლეთი ჩათვლიდა, რომ მათი ღირებულების და პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა. ამერიკისთვის და ევროპისთვის მისაღები ფიგურა რომ ყოფილიყო ოპოზიციის ლიდერი, ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილის შეცვლა მოხდებოდა, მაგრამ გაცილებით მეტი იქნებოდა სააკაშვილზე ზეწოლა, სერიოზულ დათმობებზე წასულიყო.

შეიძლება თუ არა ადგილობრივი არჩევნები რუსეთის მხარდაჭერით გახდეს ხელისუფლების შეცვლის საბაბი?

- რუსული კურსის დარჩენა პოლიტიკაში სააკაშვილის დამსახურებაა. როცა სააკაშვილმა ყველა გზა მოჭრა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩათვალეს, პოლიტიკაში რომ დარჩნენ, ამ გზას უნდა დაადგნენ. მოსახლეობაშიც ღვივდება პრორუსული განწყობები. სააკაშვილის რეჟიმი ამერიკასთან და ევროპასთანაა ასოცირებული და ასეთი ამერიკა და ევროპა არავის უნდა. ამიტომ საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.