ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა (ვიდეო)

ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე  ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გენერალ-ლეიტენანტ  ანდერსონს ავღანეთში ქართველი სამხედროების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახელით საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონის განცხადებით, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველი სამხედროების მიმართ. ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ავღანეთში ქართველ სამხედროებს არაერთხელ შეხვდა. გენერალ-ლეიტენანტი ანდერსონი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალ დონეს, ბრძოლისუნარიანობას და ISAF-ის მისიაში ქართველების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს.

ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან შეხვედრით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში დასრულდა.