თანამედროვე რუსს არსებობა ვერ წარმოუდგენია შავი ზღვის კურორტებზე ნებივრობის გარეშე. ამ ადამიანურ მისწრაფებაში საკვირველი არაფერია. საკვირველი და მიუღებელი ის არის, რომ რუსი იმ ტერიტორიას, იმ ქვიშას და ტალღებს, რომელზედაც ზაფხულობით ნებივრობს ხოლმე, რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
არადა, ლიტველებმა, ლატვიელებმა, ესტონელებმა, უკრაინელებმა და ქართველებმა „შენისა” და „ჩემის” გარჩევის კარგი მაგალითი მისცეს მათ. თუმცა, რუსის ველიკოდერჟავული ფსიქოლოგია ამას ვერ ეგუება. რუსეთის სწრაფვა შავი ზღვის საკურორტო რეგიონებისკენ დიდი ხნის წინ დაიწყო. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
როდის გაუჩნდათ რუსებს მისწრაფება შავი ზღვის სანაპიროების დაუფლებისკენ?
– ძველი რუსულ სახელმწიფოს, კიევის რუსეთს და მის სამართალმემკვიდრეს – მოსკოვის რუსეთს, არანაირი ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე არ ეკუთვნოდათ. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის რეგიონი დასახლებული იყო სულ სხვა ხალხებით. შავი ზღვის სანაპიროებზე პრეტენზია პირველად რუსეთის მეფემ პეტრე პირველმა (1689-1725) გამოაცხადა.
კონკრეტულად, რომელი ტერიტორია გახდა პეტრე პირველის სამიზნე?
– პეტრე პირველმა 1695 წელს ორი მიმართულებით გაილაშქრა: მდინარე დნეპრისა და მდინარე დონის შესართავებისკენ. ეს რეგიონები, იმხანად, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. რუსთა ლაშქრობამ მარცხი განიცადა, თუმცა მომდევნო წელს, მათ აზოვის ციხესიმაგრე აიღეს და შიგ ჯარი ჩააყენეს. ეს იყო რუსეთის პირველი წარმატება შავიზღვისპირეთის დაპყრობის გზაზე.
რადგან აზოვის აღება პირველ წარმატებად დაასახელეთ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია რუსეთის მხარემ შავიზღვისპირეთის ხელში ჩასაგდებად.
– უფრო მეტიც, ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის ხელში ჩაგდება რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად იქცა. ყირიმის ნახევარკუნძული და შავიზღვისპირეთის სხვა ტერიტორია, ყირიმის სახანოს ეკავა. ყირიმის ხანი კი ოსმალეთის ვასალი იყო. ასე რომ, რუსეთი ომის გარეშე იქ ვერაფერს მოიპოვებდა. 1735-1739 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსეთის ჯარმა ყირიმის სახანოს ტერიტორია დედაქალაქ ბაღჩისარაითურთ დაიკავა, მაგრამ საბოლოოდ, რუსეთის იმპერატორი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ზავის თანახმად, რუსეთის ჯარმა დაკავებული ტერიტორია დატოვა და მხოლოდ აზოვის ციხესიმაგრის ამარა დარჩა. მორიგი ომი რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1768-1774 წლებში მიმდინარეობდა. რუსეთმა გაიმარჯვა და მიიღო დიდი ტერიტორია – შავი ზღვის სტეპის ზონა. ამ ტერიტორიას შემდგომში ნოვოროსია ეწოდა. მიუხედავად გამარჯვებისა, რუსებმა ყირიმის სახანოს ლიკვიდაცია ვერ მოახერხეს. ეს სანუკვარი ოცნება რუსებმა რამდენიმე წლის შემდეგ აისრულეს – ყირიმის სახანო დაიპყრეს. კიდევ ერთ ომში, რომელიც 1787-1791 წლებში მიმდინარეობდა, რუსეთმა ოსმალეთი ისევ დაამარცხა და საბოლოოდ, რომანოვების მფლობელობაში გადავიდა უზარმაზარი ტერიტორია – მთელი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. დღეს, ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები: ნოვოროსიისკი, აზოვი, ქერჩი, სევასტოპოლი, ოდესა და ყირიმის ნახევარკუნძულის ყველა ცნობილი კურორტი.
როდის დაიწყო რუსეთმა ბრძოლა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ხელში ჩასაგდებად?
– რუსეთის იმპერიამ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან დაიწყო. უზარმაზარი ტერიტორია ანაპის სიმაგრიდან (ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი) დაწყებული ბათუმამდე ოსმალეთის მფლობელობაში იყო და ყველას ძლიერი გარნიზონები იცავდა. კერძოდ, ოსმალთა გარნიზონები იდგა: ანაპაში, სოხუმში, ანაკლიაში, რედუტ-კალეში, ფოთში, შეკვეთილში, ქობულეთში, ციხისძირში, ბათუმში. ასე რომ, ოსმალეთის განდევნა შავი ზღვის სანაპიროდან, არც ისე ადვილი საქმე იყო. საქართველოში ფეხის მოკიდებას რუსეთი უკავშირებდა მახლობელ აღმოსავლეთში (სირია, პალესტინა, ერაყი) აგრესიული პოლიტიკის გატარებას, რის გამოც შავიზღვისპირეთიდან ოსმალთა განდევნა აუცილებელი იყო.
ამისთვის რა ღონისძიებები გაატარა რუსეთმა?
– ასეთ შემთხვევაში, რუსეთი მიმართავს ერთადერთ ღონისძიებას – ომს. მორიგი ომი რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1806-1812 წლებში მიმდინარეობდა. რუსები საგანგებოდ ემზადებოდნენ ბათუმის დასაკავებლად. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური სამხედრო სტრატეგიული გეგმაც კი შედგა. ეს ომი რუსეთის უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ბათუმის დაკავება რუსებისთვის კვლავ ოცნებად დარჩა. ქართველების აქტიური მხარდაჭერით, მათ ფოთი და სოხუმი დაიკავეს. საზავო მოლაპარაკების დროს რუსეთი იძულებული გახდა, ფოთი ოსმალთათვის დაებრუნებინა, მაგრამ შეძლო სოხუმის შენარჩუნება.
საბოლოოდ, რუსეთის ხელში აღმოჩნდა შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რედუტ-კალემდე ანუ მდინარე ხობის შესართავამდე.
რუსეთი, ცხადია, მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა. მის უმთავრეს მიზანს აჭარის ხელში ჩაგდება შეადგენდა. ამ მიზნის განხორციელებას რუსეთი 1828-1829 წლების ომის დროს შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთი ამ ომში სასტიკად დამარცხდა, რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროზე დიდი წარმატებები ვერ მოიპოვა. მათ მხოლოდ ფოთი და შეკვეთილი მიიღეს, ხოლო ოსმალეთ-რუსეთის სასაზღვრო ხაზი მდინარე ჩოლოქზე დადგინდა. ანუ, აჭარა კვლავ ოსმალთა მფლობელობაში დარჩა.
საბოლოოდ, ამ ორი ომის შედეგად, რუსეთის ხელში აღმოჩნდა შავი ზღვის სანაპირო მდინარე ჩოლოქის შესართავიდან (შეკვეთილიდან) მდინარე ყუბანის შესართავამდე.
რატომ გაუჭიანურდა რუსეთს აჭარაში გაბატონება?
– ამას, სულ მცირე, ორი მიზეზი ჰქონდა. ოსმალეთი სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძოდა აჭარის შენარჩუნებისთვის, ხოლო ევროპის დიდ სახელმწიფოებს არ სურდათ, რუსეთის შეჭრა საქართველოს ამ რეგიონში. თუმცა, ყოველივე ამის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ თვით აჭარის მოსახლეობას, ქართველ მაჰმადიანებს არ სურდათ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრება. აჭარელთა ეს მისწრაფება საკმაოდ მოხერხებულად და სარფიანად გამოიყენა რუსეთის იმპერიამ.
კერძოდ, რაში გამოიხატა ეს?
– რუსეთი მორიგ დიდ შეტევას, აჭარის ხელში ჩაგდების მიზნით, გეგმავდა ყირიმის ომის დროს (1853-1856) თუმცა, ეს ომი რუსეთის კატასტროფით დამთავრდა, რის გამოც, ცხადია, აჭარის საკითხიც გადაიდო. გაცილებით უკეთესად მოემზადა რუსეთი ოსმალეთთან კიდევ ერთი ომისთვის, რომელიც 1877-1878 წელებში მიმდინარეობდა. ომი ამჯერად ოსმალეთის სრული კატასტროფით დასრულდა. ომის შედეგები აისახა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებასა და ბერლინის ტრაქტატში. რუსეთმა მიიღო აჭარის შავი ზღვის სანაპირო, მდინარე ჩოლოქის შესართავიდან მდინარეების – ხოფისა და ჭოროხის წყალგამყოფამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოსმალეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, გამარჯვებულ რუსეთსაც კი, ბოლომდე უწევდნენ წინააღმდგობას და ცდილობდნენ, არ დაენებებინათ აჭარა. ისინი კარგად გრძნობდნენ, თუ რა დიდ საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთის გაბატონება აჭარაში. დასავლეთევროპელი და ოსმალო დიპლომატები ცდილობდნენ, რუსეთი დაეყოლიებინათ, ფულადი კონპენსაციის სანაცვლოდ, დაეთმო ქართული ტერიტორიები ოსმალეთისთვის. კერძოდ, რუსეთს სთავაზობდნენ 1, 410 მილიონ მანეთს. ამ თანხის სანაცვლოდ, ოსმალეთს უნდა დარჩენოდა: არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი, ბათუმი და კიდევ სხვა ქართული ტერიტორიები. რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე მეორემ კატეგორიულად განაცხადა უარი ბათუმის დათმობაზე და თანაც დასძინა, რომ ეს რეგიონი ღირდა ოსმალეთის მიერ შემოთავაზებული თანხის დაკარგვად.
როგორც ვხედავთ, ბათუმი განსაკუთრებული ინტერესის საგანი ყოფილა რომანოვებისთვის.
– ამას არც მალავდნენ რუსი იმპერატორები. ბათუმის მნიშვნელობა კარგად იცოდნენ დასავლეთ ევროპის დიდმა სახელმწიფოებმაც. ამიტომ იყო, რომ მათ უკანასკნელი ღონე იხმარეს და ბერლინის კონგრესმა ბათუმი, უშუალოდ კი არ გადასცა რუსეთს, არამედ მას მიენიჭა „პორტო-ფრანკოს” ანუ თავისუფალი ნავსადგურის სტატუსი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი განუყოფლად ვერ იბოგინებდა ბათუმში. პორტო-ფრანკოს თავისი განსაკუთრებული მმართველობა ჰქონდა და იგი არც ერთ ქვეყანას არ ექვემდებარებოდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალაქ ბათუმის ტერიტორია რუსეთის ნაწილი არ იყო. პორტო-ფრანკოს რეჟიმის არსებობის პერიოდში ბათუმში დაიწყო დიდი აღმშენებლობა და პატარა დასახლებამ თანდათან თანამედროვე ქალაქის სახე მიიღო.
ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეგუა რუსეთი ასეთ მდგომარეობას.
- რუსეთი არასდროს შეგუებია ბათუმში პორტო-ფრანკოს რეჟიმის არსებობას. საიმპერატორო კარი მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ეს დროც დადგა. პორტო-ფრანკოს სტატუსის გაუქმება ბერლინის ტრაქტატზე ხელის მომწერი ქვეყნების თანხმობას ითხოვდა. როგორც ხშირად, ამ შემთხვევაშიც, რუსეთმა ბათუმის საკითხის მოსაგვარებლად აირჩია პრინციპი: „ძალა თუ გაქვს, ჭკუა რად გინდა?!” 1885 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ცალმხრივი აქტით გააუქმა ბათუმის პორტო-ფრანკოს სტატუსი, ხოლო მომდევნო წლიდან, ბათუმში რუსული მმართველობა დამყარდა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიის აღსასრულამდე არსებობდა.