ქალები, რომლებმაც ქმრები მოკლეს

ქალები, რომლებმაც ქმრები მოკლეს

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში ბრალდებული, სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვაგთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

მაშ ასე, დავიწყეთ... როგორები არიან მკვლელი ქალები?!

ნატაშკა

 

მორჩილი, ისეთი წყნარი, ისეთი მშვიდი და ისეთი აუღელვებელი, რომ დიდი-დიდი გეფიქრა, მისი დანაშაული თაღლითობას არ გასცდებაო. არადა, 17 წლის წინ, დედოფლისწყაროში ჯერ დედამთილი მოკლა, პირველი სასჯელი მოიხადა, წლების მერე კი, - ქმარი...

სულ ეკითხებოდნენ, დედამისი მოკალი და მერე, მასთან როგორღა ცხოვრობდიო?

ისიც მშვიდად პასუხობდა:

- სხვა სახლი არ მქონდა, თან ვერც გამომაგდებდა, სახლი ორივეს საკუთრება იყო... მერე კი, როცა ციხიდან დავბრუნდი, ცოტა ხანში შემირიგდა... ბოლოს, ყოველ დღე სვამდა, მთვრალი მაგინებდა და მცემდა, დედა რატომ მომიკალიო. თუ უნდა ვეცემე, რაღა აზრი ჰქონდა შერიგებას? დავიღალე და როცა გავბრაზდი, მოვკალი!

მერე, ვიღაც ჩაიჩურჩულებდა:

- მოსაკლავი იყო, აბა, არ იყო?! - დედა მოუკალი და გაპატია, მასეთები უნდა მოკლა!

 

ნატო

ასეთი მაღალი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს - 2 მეტრს აღწევდა...

მისი ხმა მაშინ გავიგეთ, როცა ერთ დღეს, “ბალანდიორმა” შაქარი დააკლო და ნატომ ჩათვალა, რომ ხმა უნდა ამოეღო...

დაიყვირა და რა დაიყვირა....

მთელი “ზონა” შეძრა...

იქვე, ჩემი “ნარიდან” 3 მეტრში იყო მისი “ნარი”...

ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა - არაფერი ჰქონდა...

ერთხელ, “მატროსოვზე” ყოფნისას, დილით, ეზოში გავედი. ნატო მარტო იჯდა.. ეზოს ყვავები დასჩხაოდნენ... უცებ მომიბრუნდა და მითხრა:

- შეგიმჩნევია, “მატროსოვზე” ჯერ ერთი მტრედი და შაშვიც არ ყოფილა... აქ მარტოდმარტო ყვავები არიან...

მაღლა ავიხედე... ხეებზე ფრინველები შეფრთხიალდნენ - ყველა ყვავი იყო...

მას მერე სულ ვაკვირდებოდი და ნატო მართალი აღმოჩნდა: “მატროსოვზე” მხოლოდ ყვავები დაფრინავენ...

ახლა კი, რაც შეეხება ნატოს საქმეს: აი, ასე, ზუსტად ისე მიამბო, როგორც ახლა მე გესაუბრებით:

- ვაჭმევდი, ვასმევდი, თან ვყვებოდი... ბაღში ვმუშაობდი, ის კი „ბეზძელნიკი“ იყო... ერთხელაც, მითხრა, რომ ცუდ საქმეში გაეხვია და ან მოკლავდნენ, ან დაიჭერდნენ, თუ არ მიიტანდა 10 000 ლარს... სულელმა და გატუტუცებულმა სიყვარულისაგან, იცი, რა გავაკეთე?! - გავყიდე სახლი და ფული მივეცი, ოღონდ ვუთხარი, რომ ვასესხებდი მანამ, ვიდრე მისი სოფლის სახლი არ გაიყიდებოდა... გავიდა თვეები... ფულსა და სახლის გაყიდვაზე ხმას არ იღებდა, ერთხელაც, ვკითხე და ასე მიპასუხა, დედაჩემს ქუჩაში ხომ არ დავტოვებ, ვიდრე ცოცხალია, სახლს ვერ გავყიდიო... მერე, ვიდავეთ, თან ძალიან მაგრად, მაგრამ მაინც მოვითმინე...

ერთ თვეში დედაც მოუკვდა და აღმოჩნდა, რომ სახლი დედამ ქალიშვილს დაუტოვა... გამწარებული მის მკვდარ დედას ვლანძღავდი... მომიბრუნდა და, ამ პატარა, მოკლე კაცუნამ არ “მხია” მუშტი?! რომ დავავლე ხელი, ჯერ სკამზე მივაბი, მერე “დავსკოჩე”, მერე, კარგად ვცემე და ბოლოს ისე მოვკალი, როგორც იმსახურებდა...

აი, ასეთ ამბავს რომ გიყვებიან, იცით, რა უნდა უთხრათ?

უბრალოდ, უნდა დაეთანხმოთ, მესმის, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდაო...

 

ნინო

ერთ საკანში ერთად სამი დღე ვიცხოვრეთ. მერე, ზვიად კვარაცხელიას ვთხოვე, რომ ეს ქალი სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანა... გადაიყვანა...

სამივე ღამე კი, ის მოდიოდა და სულს უმწარებდა...

ის მისი ქმარი იყო, რომელიც სადილობის დროს, იარაღით განგმირა...

- სულ ვეხვეწებოდი, არ ეღალატა, სულ... წლები მიჯერებდა და ჩემი ერთგული იყო, მაგრამ ბოლოს, უკვე შვილები და შვილიშვილების შემყურეს, მოუნდა საყვარელი და ის მიიღო, რასაც თავის დროზე საკურთხეველთან შევპირდი.

ნინომ არ იცოდა, ვინ იყო მისი ქმრის საყვარელი...

იცით, მომხდარს როგორ ხსნიდა?!

- ვიგრძენი, რომ მას აღარ ვაინტერესებდი, სულ მოწესრიგებული და გამოპრანჭული დადიოდა. საღამოს რომ დავწვებოდით, შუბლზე კოცნაც კი ეზარებოდა... ვუთხარი, რომ ვიღაცა ჰყავდა და მღალატობდა. მან კი, იცით, რა მიპასუხა?! - კლიმაქსი გაქვს და ჯობია, ექიმთან წახვიდეო...

მეორე დღეს, სადილობისას მოვკალი - რძალს უყურებდა მსუნაგი თვალებით და ჩავთვალე, რომ მოსაკლავი იყო...

ნინოს ქმარი ყოველ ღამე ეცხადებოდა და სტანჯავდა...

 

მე

ციხემ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი, აი, ძალიან ბევრი, მაგრამ ამ ბევრიდან, ერთია განსაკუთრებული: ადამიანს თვალებში რომ ჩახედავ და იმას დაინახავ, როგორიც სინამდვილეშია..

ტკივილმა და მონატრებამ იმაზე მეტი დამანახა, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავები ხედავენ...

საკუთარი თავის მიმართ სინდისის ქენჯნამაც იმაზე მეტი შემძინა, ვიდრე ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში შევიძენ!

ახლა ვზივარ და ვითვლი, თუ რამდენი მკვლელი გავიცანი ციხეში...

ვითვლი იმ ნოველებსაც, რომლებიც მკვლელ ქალებზე მაქვს დაწერილი, მაგრამ ყველა მკვლელს მეტ-ნაკლებ გამართლებას ვუძებნი...

მათზე, ვისაც გამართლება ვერ ვუპოვე, არაფერი დამიწერია.

ამ დროს ასეთები, იცით, რამდენნი იყვნენ?!

მახსოვს, ერთი აზერი ქალი იყო, დმანისის რაიონის რომელიღაც სოფლიდან... მარტომ იმშობიარა, დიდი თოვლის გამო, ქმარიც კი ვერ მივიდა სოფლამდე... ფსიქოლოგების დასკვნით, სამშობიარო სტრესი ჰქონდა და შვილი ამიტომ მოკლა და დამარხა...

მახსოვს ბორჯომელი გოგოც, ტყეში მარტომ რომ იმშობიარა და საკუთარი ნაშიერი ბალიშის პირითა და “ცელოფნით” გაგუდა...

ბაბუციძეც მახსოვს, რომელსაც ფსიქიკა შერყეული ჰქონდა და თავისი გაჩენილი ჩვილი ვედროში ჩასვა და დაწვა...

ვერც ერთს ვერ ვუპოვე გამართლება...

ისიც მახსოვს, თ. ბ. როგორ შემოიყვანეს ციხეში, მკერდიდან რძე მოსდიოდა, ჩვილი ჰყავდა შინ... ისე შემეცოდა, რომ მისი ცოდვით ვბღაოდი, მაგრამ როცა გავიგე, საკუთარი დაქალი დაკუწა, ჩემოდანში ჩადო და ჟინვალის წყალსაცავში გადააგდო, აღარც გამხსენებია, რომ დედა იყო და რამე სტკიოდა...

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რას ფიქრობდა მკვლელი, როცა ბავშვის ხელებს აუთოვებდა?!

ან ბავშვს აყურებინებდა, როგორ უსერავდა დედამისს სახეს?!

რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი ჩემი ბიძაშვილია თუ შენი?

მკვლელი მკვლელია  და მისი ადგილი ციხეშია!

ამნისტია ამნისტიაა!

მე, ადამიანი, რომელიც 6 წელი ციხეში, ნებსით თუ უნებლიედ, ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამო ვიყავი, ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ, რომ ამნისტია შეცდომათა შორის ყველაზე დიდი შეცდომაა!

P.S. ციხეში ერთი გოგო იყო, ავტომანქანებს იტაცებდა... ერთხელ, მორიგი ავტომობილის გატაცებისას, შენიშნა, რომ უკანა სავარძელზე ჩვილს ეძინა... პარონთან მივიდა... მაინც 12 წელი მიუსაჯეს! ვერ შევძელი იმ დედის თვალები დამენახა, თუ როგორ ტიროდა შვილის დაკარგვას, - ამბობდა...

ასე, თავჩაღუნული ჩაბარდა პოლიციას!

მკვლელი მკვლელია და მისი საზოგადოებაში  თავისუფლად თარეში აგრსიასა და ბოღმას შობს! აი, ახლა სწორედ ეს აგრესია და ბოღმა გვჭირს!