“სანდრას მზითვი რომ დაუყადაღეს, ეს საზოგადოებამ უკვე იცის, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყვარლის 80 000 ლარად აშენებულ სახლსაც ყადაღა რომ აქვს დადებული და ამავე სახლში ფრანგები ღვინის ქარხანას აშენებენ, ჯერ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის”, - მითხრა ერთმა ყვარლელმა სტუდენტმა სასხვათაშორისოდ...
ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე კომპანია “ინ-სი”-მ 80 000 ლარის ფარგლებში ყვარელში სახლი აუშენა.
სახლს გარშემო ვენახი არტყია. ასე რომ, გამვლელ-გამომვლელი ვერ ხედავს, ვენახისა და ხეხილის ბაღს მიღმა, რა ხდება, რა შენდება, ან რა ინგრევა...
ყვარელში კი ამბობენ, რომ მიშა სიურპრიზს უმზადებს ხელისუფლებასო.
- “აკი ვამბობდით, ყიდისო?! გაყიდულიც აქვს და გასხვისებულიც, ისეთი გაქანებული მშენებლობა მიდის იმ ეზოში, რომ გაგიხარიან, საბჭოთა პერიოდი გაგაგხსენდება... ჩემი მეზობლის ბალღი მუშაობს დაცვაში და მითხრა, იგეთ ღვინის ქარხანას აშენებენ ფრანგები, რომ მასეთი ქარხანა მეორე არ იქნება საქართველოშიო...
ჰოდა, გამიკვირდა, კაცო?! მე გავიგე, რომ პრეზიდენტის სახლს ყადაღა ადევს, არადა, ანტენაც არ მაქვს, საცოდავად მავთული მაქვს გაყრილი ტელევიზორში და იმ ტელევიზორიდან ვიგებ ახალ ამბებს და მაშ, ეგ ფრანგები, რა სულელები არიან?! მიშას სახლს და ვენახს ართმევენ და ისინი კიდე ქარხანას აშენებენ?
მანდ რაღაც ამბავი უნდა იყოს! ისე გაყიდიდა სახლსაც და ეზო-ყურესაც, რომ ესენი აზრზეც არ არიან”, - მეუბნება სანდრო მეტრეველი
მიშას დაყადაღებული სახლის გვერდით ერთი მოსახლეც არაა, ისე,უბრალოდ თუ გაივლის ვინმე ვენახისკენ, ან მწყემსი თუ აივლ-ჩამოივლის, სულ ეგ არის. ისინიც ვერაფერს ვერ ხედავენ - სახლს დღემდე დაცვა ჰყავს, თუმცა ეზოში მძიმე ტექნიკით საშენი მასალები რომ სისტემატურად შედის, ეს ყვარელში ყველამ იცის...
მოკლედ, ამბობენ, მიშამ სახლი გაყიდა და ახლა ყვარლელების მეზობელი ფრანგი პროფესორიაო. ზოგი კი ამბობს, ის, ვისთვისაც მიშას სახლი მიუყიდია, ცნობილი მეღვინეა და კარგ ღვინის ქარხანასაც აშენებსო...
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება:
2012 წელს, სამშენებლო კომპანია “ინ-სი”-მ, ტურიზმის სააგენტოს შეკვეთით, ყვარლის თეატრის უკან ახალი საპირფარეშო ააშენა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 81 ათასი ლარი დაუჯდა. იგივე ფასად იგივე კომპანიამ მიხეილ სააკაშვილს სახლიც აუშენა... გამოდის, რომ ტუალეტის ფასად აშენებულ “დაჩაზე” დღეს ფრანგები ღვინის ქარხანას ისე აშენებენ, რომ არც კი იციან, ეს მიწა და ეზო-ყურე რომ დაყადაღებულია...
ან იციან, მაგრამ მაინც აშენებენ.
“ქართულ სიტყვასთან” პრივატული საუბრისას დაცვის ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა:
- “აქ ფრანგები თითქმის 2013 წლის დასაწყისიდან არიან, სხვადასხვა ვაზის ჯიშები გამოჰყავთ, ვენახსაც აშენებენ და შიდა მშენებლობაც მიმდინარეობს. ჩვენ ვიცოდით, რომ ექსპრეზიდენტის შენობას ვიცავდით, თუმცა ამ შენობას დიდი ხანია, ქართველები აღარ პატრონობენ... გაზაფხულზე მიშას ვენახებში ახალი ფრანგული ღვინის ქარხანა იქნება აშენებული. ამ უცხოელებმა მხოლოდ ეს კი არა, გარშემო, თუ სადმე მიწა და ვენახი იყიდებოდა, ყველაფერი შეიძინეს...”
ჭირი იქა, ლხინი აქა...
ყადაღადადებული მზითვის მერე, ყადაღადადებული საპირფარეშოს ფასად აშენებულ შენობას ახალი მეპატრონეები ჰყავს...