ავადსახსენებელი 90-იანების დასაწყისში, როდესაც ჩვენი ჩინოვნიკების აბსოლუტური უმრავლესობა სკოლებში ჯერ კიდევ დედიკოებს ხელჩაკიდებული დაჰყავდათ, ძალიან საყვარელი, საბავშვო სიმღერა იყო: “საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია”... მაშინაც და მერეც, სულ ვფიქრობდი ანოსა და ვანოზე, უბრალოდ, კარგად ერითმებოდა ეს სახელები ერთმანეთს, თუ რამე საკრალური დატვირთვა ჰქონდა? მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ანო და ვანო და რატომ იყო საქართველო მხოლოდ მათი? თუმცა მაშინ ხომ “იყო ბნელი და უკუნი, ახლა მოვიდა რევოლუცია და განათდა”, - ესეც პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერია” და ჩემი პასუხიც, გამგებმა გაიგოს!
ჰოდა, ამ სტატიის მომზადების შემდეგ, როგორც იქნა, მივხვდი, რატომაა საქართველო ვანოსი (მერაბიშვილის), ანო კი, როგორც ჩანს, ვერა ქობალიას კოდური სახელი უნდა იყოს, კანადის აეროპორტიდან პირდაპირ ეკონომიკის მინისტრის სავარძელში რომ დაეშვა. “საქართველო ვერასია, საქართველო ვანოსია”! - ისევე ცუდად კი ერითმება თუ ეწყობა ერთმანეთს, როგორც ქობალია და მერაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ორბიტაზე, მაგრამ “ნაციონალების უკვდავ საქმეს” სჭირდება და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ასე შეხმატკბილებულად ატარებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესს მეთოდით - “იყიდე ვერასგან, გადაუხადე - ვანოს”!
იყიდე ვერასგან, გაურემონტე ვანოს!
თუ ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას დეტალურად გაეცნობით, ერთ საინტერესო ჩანაწერს მიაგნებთ, მაგრამ მანამდე, ოფიციალურ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც სწორედ ამ საიტიდან მოვიპოვეთ:
“თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №33ა-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 235 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია. პრივატიზების ფორმაა - აუქციონი პირობებით. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.14.012.012.01.500)
საწყისი გასაყიდი ფასი - 50 000 აშშ დოლარი.
აქვეა ყველა საჭირო ოფიციალური ინფორმაცია, მითითებულია ანგარიშის ნომერი, თუ სად და როგორ უნდა გადაიხადოს მყიდველმა ეს თანხა და მითითებულია აუქციონის პირობებიც, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა ერთი პირობა:
მყიდველი ვალდებულია, საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაკავებულ (ან მშენებარე) შენობა-ნაგებობებში ჩაატაროს ან დააფინანსოს 270 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარებში) სამშენებლო-სამონტაჟო ან/და სარემონტო სამუშაოები.
გამყიდველია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღი - 15/12/2010, 17:00 საათი”.
ამ ჩანაწერმა ისე დაგვაბნია და გაგვაოცა, მთელი ნუსხა დეტალურად გადავქექეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი დათქმა უამრავ აუქციონს ახლავს თან, მნიშვნელობა არ აქვს ქონება თბილისში იყიდება, მცხეთასა თუ ფოთში. შესაბამისად, ამ ტიპის უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ, მაგრამ ჟურნალისტური მოკვლევისთვის ორი მისამართი შევარჩიეთ (რომელიც ადგილმდებარეობასთან შედარებით, გასაოცრად დაბალ ფასად იყიდებოდა და ნათელ სურათს იძლევა, დასკვნების გასაკეთებლად) - ჭავჭავაძის 33ა-ში განთავსებული შენობა-ნაგებობები და დოლიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტი:
“თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, №28-ე კორპუსში არსებული ფართი - I სართული, ფართი 169.97 კვ.მ ანტრესოლი 157.67 კვადრატული მეტრი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. პრივატიზაციის ფორმა - აუქციონი პირობებით. საწყისი გასაყიდი ფასი - 30 000 აშშ დოლარი.
მყიდველი ვალდებულია, საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაკავებულ (ან მშენებარე) შენობა-ნაგებობებში ჩაატაროს ან დააფინანსოს 160 000 აშშ დოლარის (ექვივალენტური ლარებში) სამშენებლო-სამონტაჟო ან/და სარემონტო სამუშაოები.
გამყიდველია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აუქციონის ჩატარების თარიღი - 15/12/2010, 17:00 საათი”.
მას შემდეგ, რაც მყიდველი აუქციონს მოიგებს, ვალდებული ხდება, საპრივატიზებო თანხის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობში, ჩაატაროს ან დააფინანსოს სარემონტო სამუშაოები. “ვერსიაში” უკვე ვწერდით, რომ ნებისმიერი ტიპის ტენდერში, მთავარი მაქსიმალურად მაღალი ფასია, ანუ ვინც წარმოდგენილ ფასზე უფრო მეტს შესთავაზებს, გამარჯვებულადაც ის ითვლება. მაგალითად, 50 000 დოლარად შეფასებული ქონების შეძენისას, მყიდველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 270 000 დოლარიც უნდა გადაუხადოს!
საქართველო ვანოსია?
პირველ რიგში, დოლიძის ქუჩაზე, 28-ე კორპუსის პირველ სართულს ვეწვიეთ. მართალია, აუქციონი 2010 წლის 15 დეკემბერს იყო გამოცხადებული, მაგრამ “ვერსია” ამ ობიექტს აუქციონამდე ორი კვირით ადრე ესტუმრა. მეზობლებს თავი პოტენციურ მყიდველად გავაცანი და ობიექტის დათვალიერება გადავწყვიტე, თუმცა ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ბევრს ვერაფერს ვნახავდი:
- რამდენიმე წლის წინ, აქ პოლიციის შენობა იყო განთავსებული, მაგრამ ახლა სხვაგან გადაიტანეს. ვიცით, რომ ეს სართული იყიდება, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით, არც ის ვიცით, მფლობელი ვინ არის.
- მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა, ბატონო ჩემო, სწორედ ის ყიდის ამ ობიექტს.
- არ ვიცი, ხომ გითხარით, ადრე აქ პოლიციის განყოფილება იყო, მაგრამ მერე ტელევიზიასთან გადაიტანეს და მეტი არაფერი ვიცი.
რეალურად, ის მაინც გავარკვიე, ვინ იყო ამ ობიექტის მფლობელი. ახლა უკვე მესმის, რატომ უნდა გადაუხადოს მყიდველმა 270 000 აშშ დოლარი ვანო მერაბიშვილის უწყებას, მაგრამ ასეთ ლოგიკას მაინც ვერ ჩავწვდი. არადა, ჯერ არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მინდა დარეკვა და არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ინფორმაციის მოპოვება განვაგრძე და ჭავჭავაძის 33ა-ს ვესტუმრე. აი, აქ კი სრული აბრაკა-დაბრა დამხვდა. ამ მისამართზე იმდენი შენობა-ნაგებობაა რეგისტრირებული, რომ მე-9 საავადმყოფო და ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, მარჯვნივაც და მარცხნივაც, სულ 33ა-შია რეგისტრირებული. აბსოლუტურად ყველა შენობა დავათვალიერე, ზოგი დაკეტილი, ზოგი - გახსნილი, ზოგი - დარაჯიანი და ზოგიც - უდარაჯო.
ვერსაც ვნახე ზუსტად ის პირველი სართული, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი აუქციონზე. ერთგან მითხრეს, რომ კი, ამ შენობის მისამართია 33ა და ადრე აქ მე-9 საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის დიაგნოსტიკური ცენტრი იყო, მაგრამ ახლა საპატრიარქოს ბალანსზე ირიცხება და ეს შენობა არ იყიდებაო. მეორეგან მითხრეს, თქვენ, ეტყობა, მე-9 საავადმყოფოს ეძებთო, არაფერს არ ვეძებ, ადამიანებო, პირველ სართულს ვეძებ, რომელიც იყიდება-თქო. ასე გეთქვა, შე დალოცვილი, ან შენ რატომ წვალობდი, ან ჩვენ რას გვერჩოდიო, შენ, ეტყობა, “თი-ბი-სი ბანკის” მიმდებარე ტერიტორიას ეძებო.
არა, რა “თი-ბი-სი ბანკი”, ჭავჭავაძის 33ა-ს ვეძებ...
- აი, სწორედ მაგაზე გეუბნები. მე-9 საავადმყოფოს გვერდით, ზედ ქუჩაზევე მდებარეობს, თითქოს ცალკეა გამოყოფილი შენობა და მისი მარჯვენა მხარე იყიდება.
ეს შენობა როგორ არ ვიცი, ჭავჭავაძის ქუჩის პირასაა და პირველი სართულიც ვნახე, რომელზეც დიდი ტრაფარეტი იყო გამოკრული - ”იყიდება!” ტრაფარეტზე მითითებულ ნომერზეც დავრეკე და გავარკვიე, რომ ეს ფართი კერძო საკუთრება ყოფილა. მართალია, პატრონი ყიდის, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს საიტზე როგორ მოხვდა მისი საკუთრება, ვერაფრით გაიგო. მივხვდი, რომ სულ სხვა ობიექტი იყო საიტზე მითითებული და სულ სხვა ფართი დავათვალიერე, ოღონდ ერთსა და იმავე მისამართზე. ძლივს გავაგებინე, რომ შემეშალა, ბოლოს საშინლად ანერვიულდა და ლამის გაყიდვაც გადაიფიქრა... მე მაპატიეთ, მაგრამ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი პირველი სართული ჭავჭავაძის 33ა-ში მაინც ვერ აღმოვაჩინე.
ისევ მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავბრუნდი და დოლიძის მაგალითის მიხედვით, პოლიციის კუთვნილი შენობის ძებნა დავიწყე.
ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ერთმა დარაჯმა მითხრა: “ეტყობა, ქართულ-შვეიცარულ სადიაგნოსტიკო ცენტრს ეძებ, ეგ ხომ კოდუების საკუთრებაა. ადრე ხომ მაგათ სანაპიროზე, კორტები ჰქონდათ, ჰოდა, იმ კორტების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ კოდუებს ეს სადიაგნოსტიკო ცენტრი გადასცა. სწორედ, ეგ ცენტრი იყიდება”.
მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი, როგორც გითხარით, უამრავი აუქციონი ჩატარდა ასეთი დათქმით, თანაც სარემონტო სამუშაოებისთვის სულ სხვადასხვა თანხები იყო მითითებული. “ვერსია” შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა:
- ეს არის პოლიციის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც დალუქულია. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის შენობა იყიდება, მყიდველს ეკისრება ვალდებულება, რომ პოლიციას გადაუხდის მითითებული ღირებულების ადეკვატურ ფასს, ან ოფისს გაურემონტებს.
ბატონო შოთა, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, სადაც ასეთი პირობაა დათქმული, ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაა?
- დიახ, ასეა. შენობა, სადაც პოლიციაა განთავსებული, ხომ არ გაქრება? ამიტომაც იდება ასეთი პირობა, პრივატიზების დროს.
თანხები რატომაა წინასწარ მითითებული? წინასწარ როგორ ადგენთYთანხის ამ რაოდენობას? რა იცით, რამდენი ათასი აშშ დოლარის რემონტი დაგჭირდებათ?
- რატომ გიკვირთ, წინასწარ რატომ არ უნდა დადგინდეს. შენობა რომ იყიდება და კაცმა იყიდა, მერე რომ ვიღაცამ უთხრას, სასახლე ამიშენეო, როგორ აუშენებს? ადამიანმა წინასწარ ხომ უნდა იცოდეს, რომელ შენობას ყიდულობს და რა ფასად მოუწევს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
მაინც მიკვირს, ბატონო შოთა, რადგან ჩვეულებრივ, სახლში რემონტი ყველას ჩაგვიტარებია. ცხადია, წინასწარ გარკვეული თანხა განსაზღვრული გვქონია, მაგრამ რემონტი ისეთი რამაა, ან მეტი დაგეხარჯება, ან - ნაკლები. ამიტომ, წინასწარ განსაზღვრული თანხა სავარაუდოა და ეჭვიც ამიტომ ჩნდება. მეორე, ამ ნუსხაში იმდენი ობიექტი აღმოვაჩინეთ, ალბათ, ნახევარი ცხოვრება არ მეყოფა, გავარკვიო, რომელია პოლიციის შენობა და რომელი -არა და თანაც, თუ ეს შენობები შს საქმეთა სამინისტროსია და არსებობს შიდაუწყებრივი შეთანხმება, რომ მათი გაყიდვის შემდეგ ამ უწყებას სახელმწიფოსგან გარკვეული თანხა ეკუთვნის საკომპენსაციოდ ანდა პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად, მაშინ გაყიდოს ეკონომიკის სამინისტრომ ერთიან ფასად და შემდეგ ბიუჯეტმა გადაანაწილოს, რა რაოდენობის თანხა უნდა გამოიყოს პოლიციის ახალი შენობის ასაშენებლად და რა რაოდენობის თანხა რესტორნებსა და ღამის კლუბებში მერაბიშვილის მაღალჩინოსნების გასართობად... რატომღაც ეს ასე არ ხდება - მითითებულია, რომ ჭავჭავაძის შენობის შემთხვევაში, 50 000 დოლარი სახელმწიფოსია, 270 000 დოლარი - ვანო მერაბიშვილის უწყების, დოლიძის ქუჩაზე კი 30 000 სახელმწიფოსია, 160 000 დოლარი კი შს სამინისტროსი. როგორც ჩანს, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე ბიუჯეტი აქვს და მისი ხაზინაც სწორედ ამ გზით ივსება. საინტერესოა, რომელი კანონის საფუძველზეა ეს ყველაფერი “მოკვარახჭინებული”?
“მერაბიშვილის ბეგარა”
ჩვენს ხელთ არსებული მასალებისა და ჟურნალისტური მოკვლევის შეფასება ეკონომიკის ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ:
- მესმის, რომ ეს შენობები შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაა, მაგრამ თუ უკვე გაყიდე შენობა, მერე ადამიანი იმას ან დაანგრევს, ან გაყიდის და რასაც უნდა, იმას გააკეთებს.
ბატონო სოსო, ჭავჭავაძის 33ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობებმა სულ მთლად დამაბნია, როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანი პოლიციის კუთვნილება იყოს?
- ჭავჭავაძის 33ა-ში, პირდაპირ პოლიციის განყოფილებაა, არაყიშვილზე რომ დაანგრიეს, მანდ გააკეთეს. სხვა რამეს ვამბობ,
თუ ამ ქონებას კერძო პირი ყიდულობს, რა ვალდებულება აქვს სამინისტროსთან, რომ ის გაარემონტოს. შესაძლოა, მერიასთან ჰქონდეს ვალდებულება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ გაყიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაყიდა და დამთავრდა. როგორც ჩანს, ეს არის სამინისტროს ბეგარა. რას ნიშნავს ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით? სამინისტროსთან შეთანხმება რაში მდგომარეობს? აუქციონის პიროებებში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, რა ვალდებულება აქვს მყიდველს სამინისტროს წინაშე. მით უმეტეს, თუ ვყიდულობ, გამყიდველის რა საქმეა, რა ფასის რემონტს გავაკეთებ იქ?
დააკვირდით, აუქციონის საწყისი ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე იქ გასაკეთებელი რემონტის ვალდებულება. ეს გახლავთ არა გაყიდვაზე, არამედ სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი. თანხების წინასწარ განსაზღვრა ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულიად კონკრეტული მადა გააჩნია ნებისმიერი შენობის მიმართ, რომელიც იყიდება.
ბატონო სოსო, წინასწარ რატომ ვიცით, რომ 270 000, ან 160 000 დოლარის რემონტი დაგვჭირდება?
- პრაქტიკულად, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გავანიავეთ საავადმყოფოების ტერიტორიები, მფლობელებს მხოლოდ შვიდი წლით მივეცით ვალდებულება, რომ ჯანდაცვის ობიექტის ფუნქცია შეინარჩუნონ, თითქოს შვიდი წლის მერე აღარავინ იცხოვრებს საქართველოში, ან არავითარი დაავადება აღარ იქნება. იქაც კი, სარემონტო სამუშაოებში დასახარჯი თანხა მითითებული არ ყოფილა. თუ ყიდი საკუთარ ქონებას, იქ შენობის გასარემონტებელი თანხის ჩაწერა, თანაც ყოფილ მფლობელთან შეთანხმებით, სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელია. პრაქტიკულად, მყიდველს უწევს ორი თანხის გადახდა - ერთი ეკონომიკის, მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
ჩვენს პლანეტაზე, რომელიმე ქვეყანაში, პრივატიზების ამგვარი ფორმა არსებობს?
- ზოგადად, ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ჩემთვის ნაცნობია. სპეციალობითაც საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობა ეკონომისტი ვარ და საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია მაქვს დამთავრებული. მცნება, რომლითაც მყიდველმა გამყიდველის გარდა, კიდევ ვინმე სხვას, თუნდაც ქონების ყოფილ მფლობელს რამე უნდა გადაუხადოს, არ არსებობს, თუ ასეთი რამ კანონის ცალკე მუხლად არ არის შემოღებული. ვთქვათ, შესაძლოა, გამყიდველი, მით უმეტეს, სახელმწიფო ქონების, გარკვეულ პროცენტს აძლევს ამა თუ იმ დამსახურებისთვის მესამე პირს. მაშინ, ესეც მისი გადასახდელი უნდა იყოს იმ ფასიდან, რასაც მყიდველი გადაიხდის. გაუგებარია, რატომაა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული, რომ მაინცდამაინც, იძულებით გაარემონტებინოს კერძო მყიდველს შენობა. აქ, შესაძლოა, მხოლოდ ერთადერთი დაშვება, რომ სამინისტროს საკუთარი მადის დაუოკებლობის პირობებში, საკმარისი ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ქონება უკან დაიბრუნოს საკუთრებაში, ხოლო ნებისმიერი მიზეზით, უფრო ხშირად კი ყალბი ბრალდებით, პატიოსანი მყიდველი პატიმრად აქციოს.
ეს არის ბიუჯეტის გვერდის ავლით, ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხული თანხები, ეს რომ შსს-ს გარდა, სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებას გაეკეთებინა, აბსოლუტურად ყველას დაიჭერდნენ ეკონომიკის მინისტრის ჩათვლით, როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით აშენებენ გამჭვირვალე შენობებს.
ოგორ შეიძლება კერძო პირის ნაყიდი და გარემონტებული შენობები შსს-ს საკუთრებაში აღმოჩნდეს.