გერმანიაში თავდაცვის მინისტრებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს (ვიდეო)

გერმანიაში თავდაცვის მინისტრებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს (ვიდეო)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მედიის წარმომადგენლებითვის განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები გერმანიაში და ვარ პირველი მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს. საქართველოსა და გერმანიას შესანიშნავი მეგობრობა აკავშირებთ. ოცი წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, გერმანიას საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერებაში წამყვანი როლი ეკავა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსიები გვქონდა. განვიხილეთ ორივე მხარისთვის აქტუალური თემები, როგორიცაა ჩვენი გამოცდილება ავღანეთის ოპერაციაში, რამაც ძალიან დაახლოვა ჩვენი ჯარისკაცები და გაზარდა ნდობა საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის. ასევე, ვიმსჯელეთ მომავალი ოპერაციის შესახებ, რომელშიც ერთობლივი ძალებით შევიტანთ წვლილს. ჩვენი სამხედროები გერმანულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებენ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას მაზარ-ი-შარიფში.

ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ ვიზიტის ფარგლებში  ქართველი ჯარისკაცები მომენახულებინა, რომლებიც გადასროლის წინა მომზადებას გერმანელ კოლეგებთან ერთად გადიან. როგორც გერმანელმა გენერლმა მითხრა, რომელიც მომზადების პროცესს ზედამხედველობდა, ქართველი სამხედროების თავსებადობის დონე და მზადყოფნა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

დღეს განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სამხედრო განათლების სფეროზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმსჯელეთ ქართველი მეკავშირე ოფიცრების გამოყოფის შესაძლებლობაზეც, რომლებიც გერმანელებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაზრდაზე იმუშავებენ.

განათლების სფეროში თანამშრომლობა და სამხედრო გამოცდილების გაზიარება მყარ საფუძველს ჩაუყრის მომავალი ოპერაციის წარმატებას, როგორიცაა „გადამწყვეტი მხარდაჭერა“. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ISAF -ის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თუმცა, კვლავ უნდა გავაგრძელოთ ავღანელი ხალხის დახმარება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ საკუთარი ძალებით შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და „არსებითი პაკეტი“, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გერმანულ მხარეს, რადგან ეს მათი იდეა იყო და გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევუდგეთ პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებას, რომელიც საქართველოს უფრო თავსებადს გახდის ნატოსთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს.

დასასრულს, მინდა ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიო, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. მაღალი დონის ვიზიტები იქნება დემონსტრირება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ ევროპული ოჯახისკენ.“

ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადებით: „მოხარული ვარ, რომ ჩემს ქართველ კოლეგას ვმასპინძლობ. დღეს არაერთი თემა განვიხილეთ. ჩვენი ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის და ძალიან მნიშვნელოვანი და  საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთად მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ჩვენი შეიარაღებული  ძალების წარმომადგენლები ერთმანეთის მხარდამხარ  მსახურობდნენ ჯერ კოსოვოში, შემდეგ კი ავღანეთში. დღეს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება გვსურს.  ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაშიც ჩაერთვებიან. მიხარია, რომ მისიის შესრულებას ქართველი ჯარისკაცები მაზარ-ი-შარიფის რაიონში გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად  შეუდგებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის  ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ქართველი სამხედროები სანდო პარტნიორები არიან,  რის გამოც „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ.  ჩვენ დღეს განათლების თემასაც შევეხეთ და ოფიცრების განათლების საკითხზე ვისაუბრეთ.  ვფიქრობ, ამ კუთხითაც კონსტრუქციული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს.“