შეხვედრა გერმანიის ოპერაციების სარდლობის მეთაურთან

შეხვედრა გერმანიის ოპერაციების სარდლობის მეთაურთან

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოპერაციების სარდლობას ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ოპერაციების სარდლობის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ჰანს ვერნერ ფრიცმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს ოპერაციების სარდლობის ამოცანები გააცნეს. გენერალ-ლეიტენანტმა ჰანს ვერნერ ფრიცმა 2015 წელს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში გერმანიის კონტრიბუციაზე ისაუბრა. მხარეებმა მისიაში გერმანულ კონტინგენტთან ერთად ქართული ასეულის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა მისიის წარმატებით განხორციელებისთვის ქართველ სამხედროებზე დაკისრებული ამოცანის მნიშვნელობა. გერმანელი ოპერაციების მეთაურის შეფასებით, ქართული ასეული წარმატებით გადის მომზადებას გერმანიაში და პრაქტიკულად უკვე თავსებადია გერმანულ ქვედანაყოფთან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე გადის მომზადებას. ხუთ თვიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესრულებას გერმანელ სამხედროებთან ერთად შეუდგებიან.