ამ დღეებში ქართულ პოლიტიკაში მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყო ძალზე აქტუალური გახდა. მტრებთან შეხვედრა კერძო შეხვედრა არაა, როცა ჯაყოებს, ანუ შენი ქვეყნის მტრებს ხვდები, ეს სხვა რამეაო, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში თაკარა მზის ქვეშ გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარგში, გოგა ხაინდრავამ, "სარკესთან" საუბრისას სწორედ "ჯაყოს ხიზნები" ახსენა, ოღონდ აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, მანამდე კი ოპოზიციის გეგმებზე ილაპარაკა.
გოგა ხაინდრავა:
– ოპოზიციის გეგმები არ შეცვლილა, ტაქტიკა იცვლება. სამი თვე გახდა, რაც განუწყვეტელი აქციებია. ეს დამქანცველია როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიებისთვისაც, მით უმეტეს, იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის განუწყვეტელი ტერორი, ყოველღამ თავდასხმები საკნებში მყოფებზე. ეკა ბესელიას პარტიის წევრები საპირფარეშოში გადიოდნენ და ქრებოდნენ. მერე ორ–სამ დღეში ვპოულობდით ზოგს სამმართველოში და ზოგს – მოდულში. ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ ფორმებს შეიცვლის.
პერმანენტული აქციები აღარ იქნება?
– ბრძოლა იქნება პერმანენტული, რომ ეს ჭირი მოვაცილოთ ამ ქვეყანას. ყოველდღე ვხედავთ, როგორ ნელ–ნელა მოიწევს რუსების ეს მცოცავი ანექსია და ინტერვენცია. ხელისუფლებიდან ამაზე რეაგირება არ არის, რადგან ეს დავალებაა, რომელსაც პირნათლად ასრულებენ.
რა დავალება?
– საქართველოს დაქუცმაცება და მისი გადაქცევა ისეთ ტერიტორიად, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ეს ამოცანა დააყენეს სააკაშვილის წინაშე და პირნათლად ასრულებს.
ვინ დააყენა?
– მისმა პატრონებმა რუსეთიდან.
ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, იგივე პაატა დავითაია, რუსეთიდან ახალ საფრთხეზე საუბრობენ. ხედავთ ამ კუთხით რაიმე საშიშროებას?
– ამათი მხრიდან ყოველდღიურადაა მოსალოდნელი. თუ ვინმეს კიდევ აქვს კითხვები, რას ემსახურება სააკაშვილის, მერაბიშვილის საქმიანობა, გადახედოს საქართველოს რუკას და დაინახავს. ამ ამოცანების ნაწილი შესრულებულია, ნაწილი – დარჩა. ეს სულ ახლახან სომხეთში სააკაშვილის ვიზიტის დროსაც გაცხადდა, როცა უმაღლესი ჯილდო გადასცეს დამსახურებისთვის და "ველიკაია არმენიას" სადიდებლად.
რა გაცხადდა ერევანში?
– თურმე ქართველებმა და სომხებმა ერთი ენა უნდა შევქმნათ და ყველამ ერთად სომხურად ვილაპარაკოთ. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რა არ გაცხადდა და რისი მომსწრენი გავხდებით. ჩემთვის საინტერესო ისაა, რა დამსახურებისთვის მიიღო სააკაშვილმა სომხეთის უმაღლესი ჯილდო.
თქვენ რას ფიქრობთ?
– შედეგებზე ვარ ორიენტირებული, განსხვავებით წიკლაურებისგან, ოჩიაურებისა და სხვა ნაციონალებისგან. ხე ნაყოფით გამოიცნობა, იმ ნაყოფით, რომელიც ჩვენ მივიღეთ. სააკაშვილი პირდაპირი რუსული პროექტია, ისევე როგორც მერაბიშვილი.
შარშან, ივნისიდან მოყოლებული, ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ შემოდგომამდე აუცილებლად იქნებოდა რუსეთთან საბრძოლო მოქმედებები. ახლაც უკვე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. კიდევ გველოდება საფრთხე?
– რუსები ისედაც ახორციელებენ ყველაფერს – მამისონის უღელტეხილი, მეტეოსადგური და ჩვენი პოსტი. ვინც ერთხელ მაინცაა იქ ნამყოფი, მიხვდება, რას ნიშნავს ის მეტეოსადგური. სინამდვილეში ციხესიმაგრეა, რომელიც აკონტროლებს არამარტო ქართულ ნაწილს ამ საზღვრისას, არამედ ვალეს დაჰყურებს თავზე. ეს უმნიშვნელოვანესი ადგილია და ამიტომ მიიწევდნენ გერმანელები მისკენ. ეს ადგილი დაუთმეს რუსებს და იძახიან, კარგადაა ყველაფერიო. ამას წინათ სადღაც წავიკითხე, რომ თურმე მთელი ჩემი ცხოვრება ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ვეწევი. "წაკლაურებისგან" იმით განვსხვავდები, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პიროვნებას, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს. "წაკლაურებისთვის" სახელმწიფო არის ხელისუფლება. ხელისუფლებისთვის მსახურებაა მათთვის მნიშვნელოვანი და არა – სახელმწიფოსთვის. პირველ შემთხვევაშიც ასე იყო. მისთვის გამსახურდია იყო მთავარი და არა – საქართველო და ასეა ახლაც. მისმა პირველმა კერპმა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა ქვეყანა და მეორე კერპმა – რუსეთთან ომამდე. ჩემთვის მაშინდელი წყობა იყო მიუღებელი და არა – პიროვნულად ზვიადი.
პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გაგიხსენათ, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც რუსებს "მაესტროთი" ელაპარაკებოდა.
– თავის ბიძისკენ, ბეჟუაშვილისა და მერაბიშვილისკენ მიტრიალდეს და ის ფიცი გაიხსენოს, უშიშროებას რომ მისცა. პირდაპირ ვამბობ – სააკაშვილი რუსეთის უშიშროების თანამშრომელია, ისევე როგორც ბიძამისია ფეესბე–ს თანამშრომელი, როგორც მერაბიშვილია რუსეთის რეზიდენტი, ბეჟუაშვილია ჯერ კაგებე–ს და ახლა ფეესბე–ს თანამშრომელი. სხვათა შორის, "მაესტრო" ქართული ფილმიდანაა აღებული. როგორც სააკაშვილს ვუწოდებ ბაცი–კუკუს, ისე იმ თანამშრომელს ვუწოდე მაესტრო ზუსტად იმ კონტექსტში. დღეს, როგორც არასოდეს, ისეა აქტუალური ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები". ეს ჯაყო სააკაშვილი აუპატიურებს ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას. კარგი, ჩვენ, ოპოზიცია არ ვვარგივართ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვაუპატიურებთ ამ ქვეყანას?! დიდი–დიდი, ვლაპარაკობთ. ჩვენი ლაპარაკიც არ მოსწონთ. რადგან ხაინდრავა ცუდად ლაპარაკობს, მერაბიშვილს უნდა გავაუპატიურებინოთ მთელი ქვეყანა?!
რაც უნდა თქვათ, მერაბიშვილმა მაგარი ფხა გამოიჩინა. ოპოზიციამ ერთი ვერ გაიფხაკუნა, ერთი შეხვედრა ვერ გამართა ისე, ვანოს რომ არ გაეგო.
– რა ფხა?! ჯერ ერთი, რამდენი შეხვედრაც გინდა, იმდენი გვქონია, რომ არაფერი გაუგიათ. მეორეც, ბერლინში შეხვედრა არავის დაუმალავს. ყველაზე ცნობილი სასტუმროს ფოიეში შეხვდნენ ერთმანეთს. ძალიან ჩლუნგი უნდა გეგონოს საზოგადოება, რომ ამით ცდილობდე ოპერირებას.
რატომ ეშინია ხელისუფლებას ასე ძალიან თქვენი ფულების?
– იმიტომ, რომ ფულით არიან მოსულები და ფულზე სხედან. მოვიდნენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იმსახურონ. სააკაშვილი თბილისს ვერ იტანს და ამას ვერც მალავს. გაჩეჩილაძესთან თქვა პირდაპირ. ასეთ კაცს შეიძლება, რომ ქვეყანა უყვარდეს?! ერეკლეს აშენებულ კედელს რომ დაანგრევ და ქალაქის მერობას იბრალებ, ეს ნორმალურია?! ანგრევს იმიტომ, რომ ის ადგილი მისმა ახლობელმა ტენდერით ჩაიჯიბოს, ის კი იმ ტენდერიდან ჩაიჯიბავს ფულს და ბორდელს ააშენებს.
ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, მალე ევროპიდან ფული მოგვივაო. რაში გამოიყენებთ?
– საპროტესტო აქციებს მოვახმართ. როგორ გგონიათ, ეს ყველაფერი ჰაერიდან მოდის?! ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობას ფული სჭირდება. დააკვირდით, ნაციონალების გოშიები როდის იწყებენ ყეფას? როცა პატრონს უჭირს. ორი პატრონი ჰყავთ, სააკაშვილი და მერაბიშვილი. სააკაშვილი ვირტუალური პატრონია, მას ღიად აღარავინ ემორჩილება.
გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ქვეყანას ვეღარ მართავს?
- როდის მართავდა, რო?! სააკაშვილი ერთობოდა. პირდაპირ შეითვისა ასლან აბაშიძის როლი, ოღონდ მთელი საქართველოს მასშტაბით – ფაშასავითაა. დისკოთეკები, ქალები, განცხრომა. რას მართავს, არ გადამრიოთ!