საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა რომ საქართველოს საგარეო ვალმა 7 მილიარდ 703,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
2008 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი 7 მილიარდ 302,3 მილიონ დოლარს შეადგენდა. ახლანდელი ვალის 29,1% (2 მილიარდ 242,9 მილიონი დოლარი) სახელისუფლო სექტორის ვალია, 8,1% (625 მილიონი დოლარი) - ეროვნული ბანკის, 22,6% (მილიარდ 737,3 მილიონი დოლარი) - საბანკო სექტორის, 14% (მილიარდ 79,2 მილიონი დოლარი) - სხვა სექტორების, 26,2% (2 მილიარდ 19,3 მილიონი დოლარი) კი კომპანიებს შორის ვალია.
საქართველოს საერთო საგარეო ვალის 95,1% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელისუფლო სექტორის ვალი პირველ კვარტალში 18,1 მილიონი დოლარით შემცირდა (2008 წლის მონაცემებით, ამ სექტორის საგარეო ვალი 2 მილიარდ 260,7 მილიონ დოლარს შეადგენდა), საბანკო სექტორის ვალი 137 მილიონი დოლარით შემცირდა (2008 წლის მონაცემებით, ამ სექტორის საგარეო ვალი მილიარდ 874,3 მილიონ დოლარს შეადგენდა), სხვა სექტორების ვალი შარშანდელი 778 მილიონი დოლარიდან 43,8 მილიონი დოლარით შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ეროვნული ბანკისა და კომპანიებს შორის ვალები, შესაბამისად, 164,1 და 27,7 მილიონი დოლარით (2008 წლის მონაცემებით, ამ სექტორებში საგარეო ვალი, შესაბამისად, 460,2 მილიონ დოლარსა და მილიარდ 928,2 მილიონ დოლარს შეადგენდა).
ეროვნული ბანკის განმარტებით, მისი საგარეო ვალის არსებითი ზრდა გამოწვეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი 190,9 მილიონი დოლარით, რომელიც შემცირდა ძველი ვალის (11 მილიონი დოლარი) დაფარვითა და ეროვნული ვალუტის გადაცვლის კურსის ცვლილების გამო.
2009 წლის პირველ კვარტალში მოკლევადიანი საბანკო კრედიტები 162 მილიონი დოლარით შემცირდა, გრძელვადიანი კი 25 მილიონი დოლარით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საერთო საგარეო ვალი საოპერაციო ცვლილებების შედეგად 90,6 მილიონი დოლარით გაიზარდა, ვალუტათა კურსის ცვლილების შედეგად კი (რაც ეროვნული ბანკის მონაცემებით, ძირითადად, გამოიწვია დოლარის მიმართ ევროს კურსის შემცირებამ) 97,6 მილიონი დოლარით შემცირდა.
იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 37,3 პროცენტით შემცირდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2 ივლისის განცხადებით, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 37,3 პროცენტით - 2 მილიარდ 9 მილიონ დოლარამდე შემცირდა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად). ექსპორტი 32,9 პროცენტით შემცირდა და 408,3 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 28,3 პროცენტით შემცირდა და მილიარდ 600,9 მილიონ დოლარს გაუტოლდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მილიარდ 192,6 დოლარს მიაღწია, რაც 2008 წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე 40%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის მიხედვით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის პირველ ადგილს კვლავაც თურქეთი ინარჩუნებს. მასთან სავაჭრო ბრუნვამ 394,7 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2 პროცენტით ნაკლებია. თურქეთთან საქონელბრუნვამ საქართველოს საერთო საგარეო ბრუნვის 19,6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, მასთან საქონელბრუნვის მაჩვენებელი საერთო ბრუნვის 10,1 პროცენტს გაუტოლდა. ვალუტაში ეს 202 მილიონი დოლარია და შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის მხოლოდ 61,8 პროცენტს შეადგენს. მესამე ადგილზე უკრაინაა, მასთან სასაქონლო ბრუნვამ 185,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსეთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის პარტნიორთა შორის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. მასთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 123 მილიონ 568,3 ათასი დოლარია და საქართველოს მთელი საგარეო ბრუნვის 6,2%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებითაც რუსეთი იმავე მეხუთე ადგილზე იყო, მაგრამ მასთან სავაჭრო ბრუნვა 195 მილიონ 932,8 ათას დოლარს შეადგენდა.
2006 წლამდე რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და ღვინის მასალის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა აკრძალა, პირველობა თურქეთს დარჩა. თითქმის მთელი 2007 წლის განმავლობაში რუსეთი მეორე ადგილს ინარჩუნებდა, 2008-ში კი უკვე მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოდან ექსპორტირებად პროდუქტთა პირველ ათეულში, წლევანდელი 5 თვის მონაცემებით, პირველი ადგილი ფეროშენადნობებმა დაიკავა - საანგარიშო პერიოდის მანძილზე 47 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი გაიტანეს (შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში 101,9 მილიონი დოლარის), რამაც მთელი ექსპორტის 11,5% შეადგინა. მეორე ადგილზე 42,3 მილიონი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროა (მთელი ექსპორტის 10,4%).
უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია - 163,3 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 10,2%. მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 116,9 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 7,3% შეადგინა, ნავთობაირებმა და აიროვანმა ნავთობწყალბადებმა კი - 79,7 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 5%.