სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება “სომხეთის ეროვნული კონგრესი”, რომელსაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, 8 აპრილს ერევანში თავისუფლების მოედანზე მიტინგის ჩატარებას და დედექალაქის ცენტრალურ ქუჩებში კი მსვლელობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ კონგრესის წარმომდაგენლებმა მოთხოვნით უკვე მიმართეს ქალაქის მთავრობას, რაზეც უარი მიიღეს. მერიამ ოპოზიციას მიტინგის გამართვა ერევნის ცენტრში მდებარე ხელნაწერთა ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესთავაზა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობის მოწყობის თაობაზე მერიის მხრიდან ცნობადაა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მიტინგი, რომელიც ერევანში 17 მარტს გაიმართა, სწორედ ამ ტერიტორიიდან დაიწყო, თუმცა პოლიციასთან მცირე შეხლა-შემოხლისა და მოლაპარაკებების შემდეგ მომიტინგეებმა თავისუფლების მოედანზე შეღწევა მოახერხეს.
აქციის სწორედ თავისუფლების მოედანზე გამართვას სომხური ოპოზიციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. 2008 წლის მარტში ცნობილი მოვლენების შედეგად იქ “სომხეთის ეროვნული კონგრესის” მიერ გამართულ აქციას სახალხო მღელვარებები მოყვა, რომელთა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.
მას შემდეგ მოედანი სხვადასხვა მიზეზთა გამო დახურულია. თუმცა, 17 მარტს ოპოზიციის დაახლოებით 10 ათასმა მხარდამჭერმა ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვა მაინც შეძლო.
როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში, დაძაბავს თუ არა ერევნის მერიის უარი ვითარებას, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ აფრიკული რევოლუციების ქარიშხალმა კავკასიამდე მოაღწია - “რეზონანსი” ამ თემებზე ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ქვეყანში და მითუმეტეს მეზობელ სახელმწიფოში დემოკრატიულ ჩარჩოებში განვითარებული მოვლენები, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის მისაღებია. დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალადობრივი სცენარები კი არც სომეხი ხალხის ინტერესებშია და არც მეზობელი საქართველოს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, სომხეთში ოპოზიციის გააქტიურების მთავარი სტიმული სწორედ არაბული რევოლუციების ტალღა იყო.
“სომხურ სინამდვილეზე და იმაზე, თუ რა ძალა აქვს ოპოზიციას, საუბარი გამიჭირდება. თუმცა მეეჭვება სომხური ოპოზიცია იმ ძალის იყოს, რომ მისთვის სასურველი შედეგი მოიპოვოს, რადგან რამდენჯერმე ჰქონდათ მსგავსი მცდელობა და ვერაფერს მიაღწიეს.
რაც შეეხება საქართველოს, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ სომხური მაგალითი იყოს იმპულსი, რადგან ქართული ოპოზიცია ისედაც შეპირებულია, რომ საპროტესტო აქციები გაიმართება. ქართული ოპოზიციისა და მოსახლოების გარკვეული ნაწილი ემხრობა იმ აზრს, რომ იქნება გამოსვლები.
თუ სომხეთში დაიწყო მღელვარება, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოშიც გაძლიერდება საპროტესტო პროცესები. სტიმული იქნება ის, რომ “სომხეთშიც ხდება”; “სომხეთშიც აქვს ხალხს გამოხატვის უფლება”. ეს კი მეტ რწმენას მისცემს საპროტესო ტალღის ორგანიზატორებს. რაც შეხება საფრთხეებს, საპროტესტო გამოსვლები არცერთ ქვეყანაში საფრთხედ არ აღიქმება”, - განაცხადა “რეზონანსთან” რამაზ საყვარელიძემ.
სოსო ცისკარიშვილი: “კონგრესს დღევანდელ ხელისუფლებასთან აქვს დაპირისპირების გამოცდილება და თანაც საკმაოდ მძიმე. არც ის მგონია, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას დაღვრილი სისხლი არსებული ხელისუფლებისათვის მონანიების საფუძველი გამხდარიყო. 2008 წლის არჩევნები სომხეთში, ეს მეხსიერება ძალიან ცოცხლად არის შემორჩენილი სომხურ საზოგადოებაში. ამიტომ ორივე მხარე თუ შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი, რეალისტურად შეაფასოს მოვლენები, აქცია უფრო საინტერესო იქნება, შესაბამისად დაპირისპირების ხარისხიც.
სომეხი ერი საკმაოდ გონიერია, რომ უპასუხისმგებლოდ არ მოექცეს თავის ქვეყანას. რა თქმა უნდა, მიზეზები იმისა, რომ ხალხმა თავის უკმაყოფილება დააფიქსიროს, საკმარისზე მეტია სომხეთშიც, აზრბაიჯანშიც და საქართველოშიც, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ინდივიდუალური მიდგომები ექნება.
რაც შეეხება იმას, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები შეიძლება კოპირების საფუძველი გახდეს, შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე პირუკუ ხდებოდა. მაგალითად, როდესაც ქარველმა სტუდენტებმა ღირსეულად შეინარჩუნეს დედა ენა. იმავე პერიოდში იქაც კონსტიტუციაში შეიტანეს უკანა რიცხვით მუხლი იმის თაობაზე, რომ სომხური ენა სახელმწიფო ენა იქნებოდა”, - განაცხადა “რეზონანსთან” სოსო ცისკარიშვილმა.