აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით დღეს არსებული პოლიტიკური გარემოების ფონზე ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება შეუძლებელია.
2 სექტემბერს სერგეი შამბამ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმისთვის რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება შესაძლებელი გახდეს, საჭიროა საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარება.
"მათ, ვისაც სურს აფხაზეთში დაბრუნება, მაგრამ მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ვერ დაბრუნდება და ჩვენ ვერ მივცემთ მათ ისეთივე ყალბ დაპირებას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება აძლევს". – თქვა სერგეი შამბამ და აღნიშნა, რომ ვიდრე საქართველოს აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, საქართველო-აფხაზეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე საუბარი რთულია.
1989 წელს აფხაზეთში დაახლოებით 240 000 ქართველი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა რეგიონიდან 1992-93 წლების ომის დროს გამოაძევეს, როდესაც პრო-მოსკოვური რეგიონი საქართველოს კონტროლს გამოეყო.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა-სახელმწიფო ნაურუმ.
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება.