რევაზ ცხვედაძე: დედამიწას ან რომელიმე მეტეორი ჩაყლაპავს, ან ატმოსფერული მოვლენები მის ლიკვიდაციას სხვა მიმართულებით დაასრულებს

რევაზ ცხვედაძე: დედამიწას ან რომელიმე მეტეორი ჩაყლაპავს, ან ატმოსფერული მოვლენები მის ლიკვიდაციას სხვა მიმართულებით დაასრულებს

დედამიწის მომავალთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა. მეცნიერები მის თვითლიკვიდაციას პროგნოზირებენ და ადასტურებენ, რომ მეტეოროლოგიური და სეისმოლოგიური ნიშნები ამის საფუძველია. საქართველოში კი კვლევითი  ლაბორატორიები უქმდება და ხელისშეშლის არანაირი საშუალებები აღარ არსებობს. იაპონიამ კატალიზატორის როლი შეასრულა და ხალხი მომავალ საფრთხეზე დააფიქრა, მაგრამ თვით ასეთი მეგასახელმწიფოც ბუნებრივ  კატაკლიზმებს ვერ შეეწინააღმდეგა. ასრულდება თუ არა ვანგას წინასწარმეტყველება და რა ელოდება საქართველოს, ამ საკითხებზე “ვერსიას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოციაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” თავმჯდომარე, პროფესორი revaz cxvedaZe ესაუბრა.

 

ბატონო რევაზ, იაპონიაში არსებობს განმეორებითი მიწისძვრის საფრთხე, რომელიც, ალბათ, მეტ ნგრევას გამოიწვევს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, დადგეს იაპონელების გადასახლების საკითხი?

- არა მგონია. თუმცა რაც მოხდა, იმდენად დამანგრეველი იყო, უარესს აღარ უნდა ველოდოთ. მიწისძვრის გავლენა ნელ-ნელა ცხრება და დროთა განმავლობაში, უფრო მეტად დაცხრება. იაპონიაზე დამანგრევლად იმოქმედა ჩილეს მიწისძვრამ. ჩემი აზრით, ახალი მიწისძვრა აღარ უნდა მოხდეს. ახლა საუბარია იმ რეაქტორების გაგრილებაზე, რომელიც ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ თუ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს გამოვიდა, მაშინ რადიაქტიული სადგურისგან საშიშროება აღარ იარსებებს. იაპონელები კაფსულებს ჰაერიდან აგრილებდნენ და ტექნიკა იმდენად განვითარებულია, რომ არა მგონია, ჩერნობილის პრეცედენტი განმეორდეს.

 

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ვრცელდება ამის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია.

- ბევრი წინაპირობა არსებობს, რომ მეცნიერება მოსალოდნელი მიწისძვრის თარიღს მიხვდეს და მის სიძლიერეზე, მეტ-ნაკლებად, მოხდეს გათვლა. ხშირად ხდება დაკვირვება ძაღლებზე, საქონელზე, რადგან ცნობილია, რომ მოსალოდნელ საფრთხეს ისინი კარგად გრძნობენ. თუმცა, ჯერ არ ვართ იმ დონეზე მისული, რომ ზუსტად გამოვიცნოთ მოსალოდნელი მეტეოროლოგიური საფრთხე. თვით იაპონიაც კი ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, ახალი ტექნოლოგიის პირობებში. ეს საფრთხე შეგვიძლია გამოვიცნოთ იმ პირობებში, თუ დავადგენთ ატმოსფერულ მოძრაობებს. დაახლოებით, 5 საათით ადრე ამ დაკვირვების შედეგად ბევრი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია. ჭაში წყლის დონე იმატებს, უარყოფითი ნივთიერებები განვითარებას იწყებს. დღეს ტექნოლოგიების იმედით ვიყოთ, რომ ბოლომდე შეგვიძლია ყველაფრის გარკვევა, შეუძლებელია.

 

არსებობდა წინაპირობები იაპონიაში? რა თავდაცვის მექანიზმები ჰქონდათ მათ?

- იაპონელები დაკვირვებას აწარმოებდნენ ზღვის ფსკერზე. ამიტომ დაახლოებით იცოდნენ, რა სიძლიერის მიწისძვრასთან ექნებოდათ საქმე. წყნარ ოკეანეში ყოველ წუთს იცვლებოდა ვითარება, რადგან ამხელა მასა რომ აწვება ფსკერს, იქ დიდი მასივები მოძრაობენ და დიდი ენერგიის გამოყოფა ხდება. ჩილეს მიწისძვრამ უკვე გამოიწვია იაპონიის ტერიტორიაზე მიწის ნაპრალის წარმოქმნა და ამას მოჰყვა ასეთი დამანგრეველი შედეგები. იაპონელებს ყველა ნაგებობა აგებული აქვთ სეისმური მდგრადობის მიხედვით და ეს მათი დიდი დამსახურებაა. აქამდე იყო მიწისძვრა, რომელსაც შენობებმა გაუძლეს, მხოლოდ მინები ჩაიმსხვრა. ასე რომ, იქ მშენებლობის მაღალი ხარისხი არსებობდა.

 

ჩვენთან როგორ არის?

- შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა, მაგრამ ასეთი მდგრადი სამშენებლო მასალები ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენ რომ ავაშენოთ 9-ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი შენობები, ამის ტექნიკური საშუალება არ არსებობს.

 

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არსებობს სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოება. არქიტექტორი ისე აპროექტებს საცხოვრებელ კორპუსს, რომ არ იცის, რაზე გათვალოს. სეისმური მდგრადობის სალექციო კურსი ამ ფაკულტეტზე სულ გააუქმეს. მეტიც, ერთადერთი კვლევითი ინსტიტუტი არსებობს, ზავრიევის სახელობის, საიდანაც პროფესორებს ყრიან და იქ სასტუმროს აშენება აქვთ გადაწყვეტილი. კვლევითი პროცესები არსად არ მიმდინარეობს.

 

საზღვარგარეთ ცხოველს არ უშვებენ სადგომში, სანამ არ შეამოწმებენ, ეკოლოგიურად ვარგისია თუ არა. აქ ხალხს არ უფრთხილდებიან და გამოდის, ცხოველებს მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ადამიანებს. ობიექტზე რომ მიდის სამშენებლო მასალები, საერთოდ არ მოწმდება და არც საბაჟო კონტროლს გადის. იაპონიის რადიოაქტიური სადგური მომზადებული შეხვდა მიწისძვრას, რადგან ყველაფერი აბსოლუტურად გათვლილი იყო. სადგურის მაცივრებს რომ ემუშავათ, კაფსულებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. მტკიცე სეისმური გათვლებით იყო აშენებული. ერთ-ერთი რეაქტორის დაზიანებით რადიაციამ გაჟონა, მაგრამ ახლა გაგრილება რომ მოხდეს, ყველაფერი ისევ წესრიგში ჩადგება.

 

იაპონიაში რადიაციის გაჟონვა რა დიამეტრზე გავრცელდება და საქართველოზე თუ ჰპოვებს ასახვას?

- რადიაცია დასაშვებს ასჯერ აღემატება. ეს იმ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომ აბსოლუტურად არავინ დაიბადება ნორმალური. მასობრივი სიმახინჯე და დეფექტები მომრავლდება. ფლორისა და ფაუნის განადგურება მოხდება. მოსავალს, განსაკუთრებით, მწვანილს და ხილს დიდი საფრთხე ემუქრება.

გარწმუნებთ, საქართველომდე ვერ მოაღწევს, მაგრამ იქიდან შემოტანილი ყველანაირი პროდუქტი უნდა აიკრძალოს. აქამდეც ამას ვამბობდი, მაგრამ არავის ესმოდა. ახლა განსაკუთრებით საზიანოა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ახლა შემოდის, აბსოლუტურად უვარგისი პროდუქტია. ამას უარესი რადიაციული ფონი ემატება და მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როცა გაიგეს, რომ საქართველოში კონტროლი არ წარმოებს პროდუქტებზე, ყველა კომპანია მოაწყდა აქაურობას, როგორც კარგი გასაღების ბაზარს. არ არის გამორიცხული, რომ ჩერნობილის ტერიტორიიდანაც ბევრი სამშენებლო მასალა და პროდუქცია შემოდიოდეს.

 

საუბარი დედამიწის თვითლიკვიდაციის პროცესზე აქტიურად მიმდინარეობს და ხალხი დაზაფრულია. როგორც მეცნიერი, ამას როგორ უყურებთ?

- დედამიწის ლიკვიდაცია გარდაუვალია და ამისკენ მიდის ყველა პროცესი. მარტივად რომ აგიხსნათ, დედამიწის ერთ მხარეს არის დიდი წყლის მასა, რომელიც ამძიმებს მას და როგორც კაცს აჰკიდოთ მასზე დიდი ხურჯინი, ისე ემძიმება დედამიწას ეს ტერიტორია. ნაურუს ჩაძირვის გარდა, ბევრ სხვა ქვეყანას ემუქრება საფრთხე. აუცილებლად შეიცვლება დედამიწის გეოგრაფია. დედამიწას ან რომელიმე მეტეორი ჩაყლაპავს, ან ატმოსფერული მოვლენები მის ლიკვიდაციას სხვა მიმართულებით დაასრულებს. დედამიწის ღერძის გადახრა ჩვეული მოვლენა იყო, მაგრამ ის ისევ უბრუნდებოდა ხოლმე საწყის ეტაპს. ახლა კი, ჩილეს მიწისძვრამ დედამიწის ღერძი ისე გადმოსწია, რომ უკუსვლა აღარ გააკეთა და იქვე გაჩერდა. დედამიწის სარტყელის შეცვლა მოსალოდნელია. როგორც კი დედამიწა მზის სხივებს მიიღებს, თუ ეს ჩრდილოეთ პოლუსზე მოხდა, ამას მოჰყვება მეტი დნობის პროცესი და ზღვის ადგილას ხმელეთი გაჩნდება, ან ხმელეთს წყალი გადაფარავს. ამ პროცესების გამო ჩვენ სეზონები აღარ გვაქვს. დედამიწა რომ დაუსრულებელია და არაფერი მოუვა, ეს თავის მოტყუებაა. ნოეს კიდობანი ტყუილი კი არ არის. მე პირადად ვარ ნამყოფი ვანგასთან და აბსოლუტურად სრულდება მისი წინასწარმეტყველებანი.

 

თუ ხალხს ეცოდინება, რომ ხვალ შეიძლება აღარ იყოს, როგორ გგონიათ, ეს მათზე როგორ აისახება?

- უნდა აკეთოთ მეტი სიკეთე. ეს ერთადერთია, რისი რჩევაც შემიძლია!

 

ატომური ელექტროსადგურების დახურვა აუცილებელია? ესპანეთმა უკვე დახურა, საუბარია სომხეთზეც...

- უნდა დაიხუროს ყველა. ჩვენი პრეზიდენტი ცდილობს, არა მხოლოდ მცხეთაში, სამცხეშიც ააშენოს რადიაქტიული სადგური, მაგრამ ათასჯერ მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ ეს შეიცავს დიდ საფრთხეს და ყოვლად დაუშვებელია. დიდი ამბავი იყო ატეხილი. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება სატელეფონო რადიაციული ანტენების აშენება. მანგლისში ერთადერთი 5-სართულიანი კორპუსია და “ჯეოსელმა” იმის თავზე დაამონტაჟა ანტენა. ეს არაფრით არ შეიძლებოდა. თავად ტელეფონებსაც იმდენად დიდი გამოსხივება აქვს, რომ ეს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას აზიანებს. საქართველო სეისმურად არამდგრადი ქვეყანაა და ის ატმოსფერული მოვლენები, რაც სახეზეა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მალე აქაც განმეორდება მსგავსი პროცესები.

 

ახლა ამბობენ, სეისმურ ცენტრს შევქმნით და იმიტომ ვაუქმებთ ერთადერთ ლაბორატორიასო. როდის ეს ცენტრი შეიქმნება, მერე გაიმართება და სპეციალისტები გაიზრდებიან, მაგას ველოდოთ? რაც არის, ის რომ შევინარჩუნოთ, უფრო ადვილი არაა? ამ ერთადერთი ინსტიტუტის გაუქმება ხომ დანაშაულია? სპეციალისტები მოვიზიდოთო. როდის მოიზიდავენ და ვის? ყველაფერი შეიძლებოდა გაეუქმებინათ, მაგრამ სეისმომედეგობის ცენტრის გაუქმება - არამც და არამც. გამოდის, რომ ბედის ანაბარა ვართ. ვერაფერი გვეცოდინება, როდის რა მოხდება ბუნებაში.