გახდება თუ არა 28 ოქტომბერი პრემიერისა და პრეზიდენტის დიდი შერიგების დღე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, პოლიტიკურ კალენდარზე მნიშვნელოვანი თარიღი შემოიხაზა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა და უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სწორედ მათი კინკლაობა გახდა მიზეზი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიშვა და ბედავს რევოლუციური იდეების ქადაგებას. უშიშროების საბჭოს სხდომა უმნიშვნელოვანეს საკითხს მიეძღვნა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი ართულებს აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივას. მაგრამ საქმე ისაა, რამდენად შეძლებს ხელისუფლება უშიშროების საბჭოს ფორმატში არ დატოვოს ეს საკითხი და იყოს თანმიმდევრული იქ დაანონსებული განცხადებების მიმართ. დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მიეცეს საშუალება, ამ თემით ისპეკულანტოს და რუსთაველზე 15 ნოემბერს პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებულმა აქციები ჩაგვიტაროს. 9 წლის მანძილზე ხელისუფლება მათ ხელში იყო და შეძლეს ის, რომ ტერიტორიების 20% დაგვაკარგვინეს.
28 ოქტომბერს ასევე მნიშვნელოვანი დღე იქნება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთვის. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი აცხადებდა, რომ თავდაცვის სამინისტროში შესულია ფინანსური პოლიცია, რომელიც სწავლობს ტენდერების საკითხს, მან გამოთქვა გონივრული ეჭვი, რომ ალასანიას უარეს შემთხვევაში დააპატიმრებდნენ, მისი უწყების მაღალი თანამდებობის პირები პასუხისგებაში მიეცემოდნენ, რადგან გაფლანგულია მილიონები. რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას დაპატიმრება პოლიტიკური სიგიჟე იქნება, რადგან მას აქტიურად ლობირებს დასავლეთი და თუკი ალასანიას ზედმეტად ხელს ვინმე შეახებს, ეს აღიქმება როგორც დასავლური პრინციპების უარყოფა და მეტად გამყარდება ეჭვი, რომ ქვეყანას პრორუსული ძალა მართავს. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ალასანიამ თავისი ნებით დატოვოს პოსტი, შესაძლოა, ეს ნაბიჯიც არ გადადგას.
28 ოქტომბრის პოლიტიკურ პანორამას "ალიასთან" ერთად განიხილავს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:
- ხომ არ ფიქრობთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის დასწრება განაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებამ და იმ რეალურმა საფრთხემ, რაც შეიძლება 15 ნოემბრიდან ქვეყანაში დაიწყოს?
- რომ არა დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა ხელმოსაწერად შესთავაზა აფხაზეთს, შესაძლოა, ჩვენ კიდევ დიდხანს ვყოფილიყავით გაუგებრობაში და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ურთიერთობის გარკვევაში. ყინული დაიძრა, ახლა მთავარია, ყოველი ახალი კანონის მიღების წინ კვლავ არ იყოს ზეწოლა იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ითხოვდეს ვეტოს პრეზიდენტისგან, ხელისუფლება კი ითხოვდეს კანონზე ხელმოწერას.
ვერ ვხედავ, რომ რაიმე საინტერესო წინადადება ჰქონდეთ მოფიქრებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ჩვენმა მუდმივად უსუსურმა ხელისუფლებამ ვერაფერი მოიფიქრა, გარდა ერთისა, რომ მიეღო ერთადერთი კანონი, რასაც ჰქვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ტერმინი "სეპარატიზმი" დაიკარგა, ამიტომ დაბნეულია ჩვენი დასავლელი მეგობრების დიდი ნაწილი, ამისთანა როგორი ოკუპანტები არიან რუსები, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ადამიანი პროტესტს არ გამოთქვამს ოკუპანტის წინააღმდეგ. ვიდრე ჩვენ დასავლეთს არ გავაგებინეთ, რომ ეს არის სეპარატიზმის საფუძველზე ოკუპირებული და დიდი ალბათობით ახლა უკვე ძალიან მალე ანექსირებული ტერიტორია საქართველოსი, მაშინ ყველა მიხვდება, რაშია საქმე და ჩვენს ხელისუფლებას აღარ გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ რუსები მხოლოდ ბოროტებას თუ ჩაიდენენ აწი აფხაზეთის მოსახლეობის მისამართით.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად დროული იყო პრემიერის მიერ აფხაზი და ოსი ხალხისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიის შეთავაზება?
- ამ ვითარებაში იმის შეთავაზება, რომ მოდი ჩემთან, გენაცვალე, დავივიწყოთ რაც იყო, რომც დაბრუნდეს იმ სტატუსში აფხაზეთი, რისგანაც თავი დაიხსნა, ვფიქრობ, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მიპატიჟება წარსულში. ეს პროგრესის მკაფიო მაჩვენებელი არ არის აფხაზეთისთვის. ვწუხვარ, რომ არც ერთ სახელმწიფო ორგანოს აზრადაც არ მოსვლია, ერთ გვერდზე მაინც აკრიფონ ისეთი სტრიქონები, რომლის ადრესატიც აფხაზეთის თითოეული მოქალაქე იქნება, რომელიც იქ ცხოვრობს. იმათაც გული სწყდებათ, რომ ქართველებს აფხაზეთის მიმართ აქვთ დამოკიდებულება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიასთან. იმ შემთხვევაში, თუ გადადგამდნენ ნაბიჯს კეთილმეზობლობისკენ, აფხაზთა ნაწილისთვის მაინც რომ ეთქმევინებინათ, მოდით, დავფიქრდეთ, ნუ ვიჩქარებთ ხელმოწერას რუსეთთან, ეს რატომღაც არ ხდება. მიზნად უნდა დავისახოთ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა, რადგან კეთილმეზობლობის გარეშე, არანაირ პოლიტიკურ სტრუქტურას აზრი არ აქვს. თუ ჩვენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ და ეს არ იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, ავტონომიის შეთავაზებით კვლავ გაუგებრობაში ჩავაგდებთ აფხაზებს.
შეიძლება დღეს უადგილო იყოს იმის თქმა, რასაც ახლა თქვენთან ინტერვიუში ვაპირებ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, არ გაგვეწბილებინა ჩვენი აფხაზი თანამემამულენი და ერთ დონეზე არ განგვეხილა ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხი. აფხაზეთი არის აფხაზების, ასე იყო, ასე იქნება, ხოლო ოსეთი გვეგულება რუსეთის ტერიტორიაზე და როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ტყუპისცალებად წარმოვადგენთ მთელ მსოფლიოში სოხუმსა და ცხინვალს, ამით, რასაკვირველია, სრულ გაუგებრობაში ვაგდებთ აფხაზებს და მეტი საფრთხე წარმოიქმნება ცხინვალის რეგიონის სახით, შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ ისიც არ იცის, რომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, ეხებოდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანას, რომელიც ხელმოწერილია 1992 წლის ივნისში, სოჭში. 4-გვერდიან დოკუმენტში ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" საერთოდ არ ფიგურირებს, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტებმა შესაძლებლად ჩათვალეს, რომ ტერმინი "ცხინვალის რეგიონი" ყოფილიყო საკმარისი დამახასიათებლად იმ ტერიტორიისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ჩვენი მთელი ენერგია და რესურსი უნდა მივმართოთ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისკენ, წარმოგვიდგინონ პროექტები, რომელ სამინისტროს რა რესურსი აქვს, მივცეთ აფხაზებს მეტი სიკეთე, ვიდრე რუსეთისგან არის მოსალოდნელი აფხაზებისთვის.
რუსეთს სურს, რომ ერთ ქვაბში მოხარშოს ყველა და ყველაფერი. ჩემი ერთი ნაცნობისთვის თავად პუტინს აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი თავის ტკივილი საკმარისზე მეტი ჰქონდა მას ჩრდილო ოსეთის სახით და ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა სამხრეთ ოსეთის სახით, მაგრამ ეს უკვე იმდენი წლის წინათ ითქვა, რომ ასეთი განცხადების გულწრფელობაში, ცხადია, დარწმუნებული ვერ ვიქნებით.
შემთხვევითი არ იყო, რომ ერთმა გამოცდილმა დიპლომატმა, არაქართველმა, სოჭის მოლაპარაკების დროს შეძლო რუსეთიდან ჩამოტანილი ტექსტი გაერანდა ისე, რომ იქ ნახსენები არ ყოფილიყო სამხრეთ ოსეთი. ჩვენ ეს არათუ გამოვიყენეთ, არამედ დადის ხმები, რომ საერთოდ, ამ დოკუმენტის ასლი საქართველოში საერთოდ არ არის. ამ დოკუმენტის გაქრობა აჩენს საფრთხეს, რადგან იმ შემოთავაზებულ ვარიანტში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგება იყო ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე, იქვე შეიცვალა დასახელებები სოფლების, შევიწროვდა ეს ზოლი, არ გამოვრიცხავ საფრთხეს, თუ რუსეთმა მოახერხა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოში აღარ არის, არ არის გამორიცხული, ერთხელაც გადაგვიშალოს წინ ის ვარიანტი, რაც მოსკოვიდან ჩამოიტანა იმ დიპლომატმა. აი, ასეთი საკითხებია გასარკვევი უშიშროების საბჭოს მიერ.
- 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას უწყების მაღალჩინოსნების დაკავება, როგორ განვითარდება, თქვენი აზრით, მოვლენები, ალასანიას მინიმუმ თანამდებობას დაატოვებინებენ?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ ისეთ დიდ უწყებაში, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, რაიმე ტიპის ტენდერები წყდებოდეს მინისტრის დონეზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. ამ დაკავებებს არ დავაკავშირებდი ირაკლი ალასანიასთან, არ მგონია, რომ მის პოლიტიკურ კარიერაზე ამან რაიმე ფორმით იქონიოს გავლენა.