28 ოქტომბერი ქართული ტელევიზიებისთვის ,,დიდი დახურვების’‘ დღე აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიურო მუშაობას 1 ნოემბრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ ბრძანებას ხელი 27 ოქტომბერს მოეწერა, ოფიციალური მიზეზი კი ადამიანური რესურსის შემცირება და ხარჯების ეკონომიაა. არადა, აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიურო 10 წელზე მეტი ხნისაა და მსგავსი პრობლემების შესახებ აქამდე მინიშნებაც კი არ ყოფილა. აი ,,მაესტრო’‘ კი, რომლისთვისაც ფინანსურ პრობლემებზე საუბარი და სასამართლო დავები ლამის ყოველდღიური მოვლენაა, ჟურნალისტების, ე.წ. ფეისების მთელმა გუნდმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია და რამდენიმე ოპერატორი წავიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არხი ,,ცხრიანის’‘ წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმაც დატოვა, თუმცა გადაცემა მისი წამყვანობით, ეთერში ჩვეულ დროს გავიდა.
,,ჟურნალისტებს დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც სჭირდებათ’‘, - მომხდარს თეონა გეგელია სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა. კონკრეტულ მიზეზებზე არც დიანა ტრაპაიძეს უსაუბრია, თუმცა გადაცემა ,,სუბიექტური აზრის’‘ პროდიუსერის, ირაკლი აბსანძის ინფორმაციით, ტრაპაიძემ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, მაკა ასათიანის მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მის გარეშე კი ,,სუბიექტური აზრი’‘ ეთერში ძველი ფორმატით, ცხადია, ვეღარ გავა. რამდენიმე კვირით ადრე ,,მაესტროდან’‘ ,,ცხრიანის’‘ კიდევ ერთი წამყვანი, ვახო სანაია წავიდა, ამ გადაწყვეტილების დეტალები კი დღემდე უცნობია, კულუარულ ჭორებს თუ არ ჩავთვლით. ,,მაესტროზე’‘ მიმდინარე მოვლენების გარშემო წვრილ-წვრილი ჭორების რამდენიმე ვერსია გავრცელდა.
ვერსია #1 - ფინანსური კრიზისი. როგორც ირკვევა, თურმე ,,მაესტროელებს’‘ სექტემბრის ხელფასი დღემდე არ აუღიათ, არხმა კი იმდენი შიდაომი გადაიტანა, მსგავსი ჩავარდნა წარმოუდგენელი სულაც არაა. როგორც გავარკვიეთ, ,,მაესტრო’‘, ასე ვთქვათ, ორ სხვადასხვა შენობაში ფუნქციონირებს - აქედან ერთი ,,ბიზნესკონტაქტის’‘ სტაფსა და აპოლიტიკურ ნაწილს აქვს დაკავებული. მათ კი არც ფინანსური პრობლემები შეხებია და არც პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს. შესაბამისად, იკვეთება კიდევ ერთი ახსნა, რატომ ტოვებს არხს წამყვან ჟურნალისტთა ,,პოლიტელიტა’‘.
ვერსია #2 - დამფუძნებლების პოლიტიკური და ბიზნესინტერესები. ვინ არიან ,,მაესტროს’‘ დამფუძნებლები, ამის შესახებ მრავალწლიანი კვლევა- ძიების შედეგად, როგორც იქნა ზოგად მონახაზზე შევთანხმდით. არხზე ,,ნულისტოლი’‘, მინიმალური წილები რამდენიმე ჟურნალისტსაც ჰქონდა, თუმცა იქ მუსიკას მაკა ასათიანის ბიზნესმენი ქმარი, კოტე გოგელია უკვეთავდა, ,,უცნობთან’‘ ერთად, რომელსაც ასევე 25%-იანი წილი აქვს და თავადაც უჭირს ჩამოყალიბება, ეს წილი საბოლოოდ მიჰყიდა თუ არა გოგელიას. არხის მენეჯმენტს სრულადაა ჩამოშორებული მამუკა ღლონტი, რომელიც ახლა შეკვეთილში ცხოვრობს და მყუდროებას არც არხზე მიმდინარე მოვლენების კომენტირებით ირღვევს. შესაბამისად, გადამწყვეტი კოტე გოგელიას როგორც ბიზნეს, ისე პოლიტინტერესები გამოდის. რატომ არ შეუძლია არხის მფლობელს ჟურნალისტებს თითი უქნიოს და ყოველგვარი იმპროვიზაცია აუკრძალოს პირდაპირ ეთერში?! რატომ ვერ შექმნის ხელოვნურ კრიზისს გოგელია და თუნდაც ხელფასების გადაუხდელობით, ჟურნალისტებს წასვლას აიძულებს?
ვერსია #3 - GDS-ის გაძლიერება. ფინანსური კრიზისიდან გამოსავალი მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნაა. ,,მაესტროდან’‘ ჟურნალისტების წასვლის ერთ-ერთ ვერსიად მათი GDS-ზე გადაბარგება დასახელდა. რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არავინ საუბრობს და ალბათ, ახალი არხის ამოქოქვამდე არც ისაუბრებს, მაგრამ რატომაც არა - თუკი ბიძინა ივანიშვილი ,,მაესტროს’‘ ეთერს ასე ხშირად სტუმრობდა და ამ ჟურნალისტებთან, ასე თუ ისე, ნორმალურად თანამშრომლობდა, იქნებ, თავისი ახალი ჰობი, ტელეწამყვანობა სწორედ ,,მაესტროს’‘ ყოფილ სახეებთან ერთად წარმოუდგენია. გააძლიერებს თუ არა თავის არხს,ან კონკრეტულად თავის გადაცემას ,,მაესტროელებით’‘, ამას მალე ვნახავთ, მანამდე კი ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.
ვერსია #4 - ეროსი კიწმარიშვილი. კიწმარიშვილის სახელის ხსენება თავში აზრად არავის მოსვლია. უფრო სწორად, შეიძლება, მოუვიდა კიდეც, მაგრამ ამ თემის გახმაურება და ,,მაესტროსთან’‘ დაკავშირება დღეს არავის ინტერესში აღარ შედის. არადა, ფაქტები ხელისგულზე დევს: დღეს ,,მაესტრო’‘ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს, ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ კი სასამართლო პროცესს აწარმოებდნენ და მას 4,5 მილიონ ლარს ედავებოდნენ. თავის მხრივ, ორჯერ 4,5 მილიონზე დავობდა თავად კიწმარიშვილი, რომელიც დღეს რომ ცოცხალი იყოს, ალბათ, პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართებოდა. ,,ვერსიამ’‘ არაერთხელ დაწერა ექსკლუზიური ინფორმაცია გოგელია- კიწმარიშვილის უთანხმოებისა და ძველბიჭურ ,,კაჩაობამდე’‘ მისული დავების შესახებ. კიწმარიშვილი მკვდარია და შესაბამისად, ,,მაესტროს’‘ მოპასუხე მხარე აღარ ჰყავს, რომ მოგების შემთხვევაში, მილიონები გადაუხადოს. მაგრამ იქნებ უზენაეს სასამართლოს კიწმარიშვილის სარჩელის განხილვაში მიღება სურდა და ,,მაესტროს’‘ ,,გადამგდებ’‘ მფლობელებს მილიონებს აქეთ აკისრებდა კიწმარიშვილის სასარგებლოდ? კიწმარიშვილ- გოგელიას შორისაც ხომ ამ თემაზე მიდიოდა მუდმივი დავა. არ ხმაურდება და არც პროკურატურა გვიმხელს, ერთ-ერთ მოწმედ კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხა თუ არა მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი, კოტე გოგელია, რომელიც გარდაცვლილს რამდენჯერმე მოწმეების თანდასწრებით დაემუქრა? იქნებ, სწორედაც რომ დაკითხა და ამიტომაა ახლა გოგელია თბილისში და ამიტომ სცემს ჟურნალისტების კითხვებს უტიფარ პასუხს - ხომ არ გაგიჟდი, გოგონა?! მოკლედ, კითხვა, რომელიც ,,მაესტროში’‘ მომხდარი ნებისმიერი სერიოზული ცვლილების დროს, ალბათ, კიდევ კარგა ხანს უნდა დაისვას, ასეთია - რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ეროსი კიწმარიშვილთან და ახლა უკვე მისი მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის გამოძიებასთან? ეს ჩვენი ვერსიებია, რაც კულუარებში თუ საჯაროდ ვრცელდება, პროცესის შეფასებისთვის კი რამდენიმე ადამიანს მივმართეთ. ია ანთაძე, მედიაექსპერტი: - როცა ვახო სანაია ,,მაესტროდან’‘ წავიდა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ ამ ტელეკომპანიაში რაღაც წესრიგში არ იყო. რატომ მოუხდა ვახოს ტელევიზიის დატოვება, დღემდე გაურკვეველია და ამაზე არც ვახო საუბრობს. ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სანაიას ნამუშევარი ისეთი ხარისხიანი არსად ყოფილა, როგორც ,,მაესტროზე’‘. როცა არხმა ასეთი ადამიანი გაუშვა, ე.ი. ამისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ჰქონოდა. ფაქტია, ამ ამბავსაც კარგი არაფერი მოჰყოლია. პრაქტიკულად, ამ ტელეკომპანიაში ისეთი ძვრებია, რაც მისი დასუსტებისკენაა მიმართული და არა გაძლიერებისკენ. ახლა მაინც ვიკითხოთ, ვახო სანაიას გათავისუფლების მიზეზი რა იყო, რადგან ცნობილია, რომ არსად წასულა და ჯერჯერობით, სახლში ზის. ამით დავიწყოთ ,,მაესტროს’‘ ამბის გარკვევა.
- როგორც მაყურებელმა კი არა, როგორც ჟურნალისტმა, მედიექსპერტმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელმა, ისე შეაფასეთ, ვის აძლევს ხელს ,,მაესტროს’‘ დასუსტება და რა რეაგირება ექნება ჟურნალისტთა ქარტიას?
- მე არც ქარტიის საბჭოს წევრი ვარ, არც მისი სახე, ქარტიას თავის საბჭო ჰყავს და თუ ჩათვლიან, რომ რაიმე განცხადება უნდა გააკეთოს, შეიკრიბებიან. მხოლოდ ,,მაესტროს’‘ მაყურებელი ვარ და გული დამწყდება, თუ ამ ტელევიზიის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების ყურების საშუალება აღარ მექნება. რატომ დგამს ტელევიზია მისთვის წამგებიან ნაბიჯებს, არ ვიცი. სანაიას წასვლისთანავე მივხვდი, ,,მაესტროზე’‘ ყველაფერი ამით არ დასრულდებოდა.
- ეს ის საკითხი არაა, რაზეც ქარტიის საბჭო უნდა შეიკრიბოს?
- ვერ გეტყვით. სანამ ქარტიის საბჭო შეიკრიბება და რამეს გადაწყვეტს, უნდა გავიგოთ, რა მოხდა. ისე არ მოხდება, რომ საბჭომ განცხადებები დაუდასტურებელ ამბებზე გააკეთოს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი და ყოფილი ,,მეცხრეარხელი’‘ ვასილ მაღლაფერიძე კი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, შეკვეთილში, ტელევიზიებზე მხოლოდ ზოგადად ისაუბრებს და ,,მაესტროს’‘ თემატიკა ნახსენებიც არ ყოფილა: ,,ვფიქრობ, ჟურნალისტები მარტო უნიჭო მენეჯმენტის კი არა, ყველას წინაშე დაუცველნი არიან. ფაქტობრივად, ჟურნალისტები დღეს მფლობელების ინტერესების მსხვერპლნი ხდებიან და მათ არც პროფესიული გაერთიანებები იცავს, არც კონტრაქტი. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, ეს იდუმალებით მოცული საუბარი კი არ ყოფილა, მას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა და მათგან უმეტესობას არც ვიცნობ. ტელევიზიებსა და მით უმეტეს, მათი დახურვის თემებზე არავის უსაუბრია. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გახლდათ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმოვიხილეთ. თავში აზრად ყველაზე მცხუნვარე ფანტაზიის პატრონსაც არ უნდა მოუვიდეს, რომ ,,მაესტროდან’‘ ჟურნალისტების წასვლა ვინმემ დაგეგმა. ჩვენ აქ მფლობელების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები უნდა ვეძებოთ. მათ GDS-ზე გადასვლას რაც შეეხება, ღმერთმა გაუმარჯოს, აბა, უმუშევრები ხომ არ დარჩებიან, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და თუ ,,მაესტროელებს’‘ ხელფასს არ უხდიან, ძაღლის თავიცა და ტანიც აქ ყოფილა დამარხული’‘.