„თავისუფალი-დემოკრატები“ 8 ნოემბერს დაგეგმილი პარტიული ყრილობისთვის ემზადებიან. გამგეობის წევრები პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას არჩევას გეგმავენ, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი იქნება წარდგენილი.
თუ რატომ ბრუნდება ალასანია პარტიულ თანანმდებობაზე და რა მიზანს ემსახურება 15 ნოემბერს დაგეგმილი „ნაციონალების“ აქცია? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილთან ჩავწერეთ:
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. რა არის ამ ინიციატივაში ახალი?
- შეთავაზება დროული იყო, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა კი უნდა გადაწყვიტონ, მათ იდენტობის დაკარგვა და რუსეთის გუბერნიად გადაქცევა ურჩევნიათ, თუ თავისუფალ საქართველოსთან ერთად ყოფნა, არჩევანი მათზეა. მათ ჩვენთან ერთად ევროპისკენ სვლა შეუძლიათ, სადაც მათი იდენტობა შენარჩუნებული იქნება, მათ სრული ავტონომია ექნებათ და ქართველებთან ერთად იცხოვრებენ. რუსეთის გეგმის განხორციელების შემთხვევაში კი, მათ იდენტობის დაკარგვა, „დიდ რუს“ ერში არევა, საკუთარი ისტორიის და დედა-ენის დავიწყება მოუწევთ. ეს მათ ემუქრებათ და ეს გარდაუვალია.
გჯერათ, რომ აფხაზები რუსების წინაააღმდეგ ხმას აიმაღლებენ?
- რუსები აფხაზებს იგივეს გაუკეთებენ, რაც ინგუშებისა და ჩეჩნების შემთხვევაში მოხდა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ხაზი იმას გაუსვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის არავითარი „დამოუკიდებელობა“ არ იქნება. ამას არცერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი არ დათანხმდება. აფხაზებთან ურთულესი მოლაპარაკებების პროცესი უნდა დაიწყოს, რათა ისინი დედასამშობლოს დაუბრუნდნენ. საქართველო სამშობლოა როგორც ქართველების, ასევე აფხაზების, ოსების, სომხების და ა.შ.
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში უმძიმესი შეცდომები იყო დაშვებული და ამის თქმა პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო. უმძიმესს შედეგებზე რომელიმე წინა მმართველი საუბრობდა? - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ წუთისოფელს ისე მოშორდა, რომ მას შეცდომა არასოდეს უღიარებია. შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული, რამაც სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა, რომელიც რუსეთის პროვოცირებული იყო. საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს და ამას აღიარებს ყველა, მათ შორის კოალიციის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი. ამას ხაზს ნიშნისმოგებით ვუსვამ, რადგან ბევრი ლაყბობს, თითქოს, ჩვენ ქვეყანას სხვაგან მივაქანებთ. ამას იმ ხელისუფლებაზე ამბობენ, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, უელსის სამიტი წარმატებით ჩაატარა და ნატო-სთან ურთიერთობას აღმრმავებს. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ მსგავს წინადადებას აფხაზებს სააკაშვილიც სთავაზობდა, მაგრამ ეს ტყუილია და ეს ირაკლი ალასანიასგან ვიცი, რომელიც მოლაპარაებებში იყო ჩართული.
რას გულისხმობთ?
- იმას, რომ 2005-2006 წლებში, სამშვიდობო ინიციატივები რომ გახმოვანებულიყო და ეს პროცესი უფრო შორს წასულიყო, სააკაშვილმა ამის საშუალება არც ალასანიას და არც სხვა პირებს არ მისცა. მოგვიანებით კი, სიტუაციის ესკალაცია და კოდორის ხეობაში სამხედრო შენაერთების შეყვანა მოხდა. ხეობიდან ერთი ტყვის გასროლის გარეშე, ჩვენს ცხენს გამოვასწარით. ასეთმა სამხედრო რიტორიკამ და ბოკერია-ბაქრაძე-სააკაშვილის გაუაზრებელმა ნამოქმედარმა სანამდე მიგვიყვანა, კი ხედავთ. აფხაზეთთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ალასანია იყო, როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩი და აღნიშნული პროცესი სააკაშვილმა ჩაშალა.
სააკაშვილმა რატომ ჩაშალა?
- იმიტომ ჩაშალა, რომ მას სამშვიდობო პროცესი არ აწყობდა. მას ეგონა, როგორც ბათუმი „დაიბრუნა“ და იქედან ასლან აბაშიძე გააძევა, სოხუმსა და ცხინვალში იგივეს გააკეთებდა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ სეპარატისტების უკან უმძლავრესი სამხედრო მანქანა დგას, რომელსაც ომს ვერ მოვუგებთ, იმიტომ კი არა, რომ სხვაზე ნაკლები ვაჟკაცები ვართ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს მეტი სამხედრო პოტენციალი და ბირთვული იარაღი აქვს. რუსეთმა ყირიმი და დონბასი მიიერთა და უკრაინა რა დღეში ჰყავს, ხომ ხედავთ?!
ამჟამად კი, დე-ფაქტო აფხაზეთის ანექსიის გეგმაზე მუშაობაზე. რუსეთის მორიგ გამოწვევას, რა ნაბიჯებით პასუხობს ქართული მხარე?
- ხელისუფლება ამ გამოწვევის წინაშე აბსოლუტურად ადეკვატურია. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. ასევე რუსეთისგან, როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, მომდინარე საფრთხეები შეფასებულია. ძველი რიტორიკის და ურა პატრიოტიზმის გარდა, ოპონენტები რას გვთავაზობენ? - ომის გამოცხადებას? პუტინს რა ვუთრათ, შენ ხარ „ლილიპუტინი“ და ფეკალიები მიირთვი-თქო?
„ნაციონალური მოძრაობა“ მოგიწოდებთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეწყვიტოთ...
- ფორმატი რატომ უნდა შეწყდეს? - ამ მოლაპარაკებებმა უზარმაზარი შედეგი მოიტანა. ოპონენტები კახეთში ჩავიდნენ და გლეხს უთხრან, თქვენი ღვინო რუსეთში აღარ უნდა გავიდესო? - ვნახოთ, მათი პასუხი რა იქნება.
თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ზიანს ჟენევის მოლაპარაკებებს აყენებს, რადგან ისინი ამბობენ, რომ იდენტური საკითხების განხილვა ხდება...
- ეს არის პრიმიტიული მიდგომა, რადგან აბაშიძე-კარასინს უფლება არ აქვთ ისაუბრონ? ის, რაც მათ ვერ შეძლეს, ჩვენ შევძელით და ეს ეტყობა სოფლის მეურნეობას, განათლებას, ტურიზმს და ა.შ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ხმა „ქართულ ოცნებას“ ხომ არ მიუცია? „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი ტანზე ტანსაცმელს იხევდა, რომ საქართველო დსთ-დან არ გამოსულიყო. მაშინ, „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები იყვნენ და მოსკოვში ელცინის დაძახებას გულის ფანქცალით ელოდნენ. „ქართულ ოცნებას“ ქართული მიწის არცერთი მტკაველი არ დაუთმია. ომის დროს ზოგიერთი ჩინოვნიკი წითელ ხიდზე იდგა და გარბოდა. რომ არა მისი უწმინდესობა და სასულიერო პირები, უამრავი ადამიანი დაიკარგებოდა. განსხვავებას იმაშიც ვერ ხედავთ, ქართველი ჯარისკაცი ჩვენს დროს როგორი დაფასებულია და ბაჩანა ახალაიას დროს, რა პირობებში იყვნენ? დაგავიწყდათ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯარისკაცებს ცოცხებით დასდევდა? წინა ხელისუფლების პირობებში, მარჩენალდაკარგულების ოჯახები, რატომ არავის ახსოვდა? - მათ ადრე 55 ლარს აძლევდნენ, ამჟამად 500 ლარს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქვეყნის დაცვა ხდებოდა და ჩვენ ეროვნულ ინტერესებს გადავუხვიეთ? მტერს სად შევეკარით? ყურძენი თუ ქვეყნის გარეთ გავიტანეთ, ანსამბლები მიდიან და გასტროლებს მართავენ, ამით დედამიწა ინგრევა? სააკაშვილი ბათუმში ჭაჭის ფანტანს ამზადებდა და ხომ არ იცით, ვის უმზადებდა? - იქ ქართველი ჩაწვებოდა თუ რუსი ტურისტი, რომელსაც ჭაჭა უყვარს? ვისთან ვართ შეკრული და სად? ეს ბრიყვული მიდგომა არ უნდა დასრულდეს?
თქვენს საგარეო კურსთან დაკავშირებით ეჭვებს თქვენი ოპონენტები გამოთქვამენ, რომელთაც 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია დაგეგმეს...
- კონსტიტუციით, ღია ცისქვეშ შეკრება და მანიფესტაცია ნებადართულია. მათ ვპირდებით, რომ არ ვცემთ, არ დავარბევთ, არ მოვიტაცებთ და პარკებით არც ფეკალიებს ვესვრით. ეს ნაძირლები კი ჩვენ გვესროდნენ. აქციის დროს რომ ჩამოივლიან, ის გაიხსენონ, თავის მანიაკ პრეზიდენტთან ერთად ამ ქუჩაზე 7 ნოემბერს და 26 მაისს აქციები როგორ დაარბიეს. ასევე ისიც გაიხსენონ, გვამები მაღაზიის თავზე როგორ შემოაწყვეს.
რაც შეეხება 8 ნოემბერს დაგეგმილ თქვენს პარტიულ ყრილობას, „თავისუფალი-დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ალასანია უბრუნდება. ექსპერტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ თქვენი ეს ნაბიჯი კოალიციიდან შესაძლო წასვლას უკავშირდება. რა ხდება რეალურად?
- განსაკუთრებით გენიოსი ერთ-ერთ „ექსპერტია“, რომელიც რატომღაც ალასანიას პოლიტიკურ ნაბიჯებს მწვავედ განიცდის და ნერვიულობს. მგონი, შეკვეთით ნერვიულობს. შეკვეთით მონერვიულე ექსპერტების პოზიციები ნაკლებად მაღელვებს.
რატომ ბრუნდება ირაკლი ალასანია ამ თანანმდებობაზე?
- კონტექსტი გაიხსენეთ. თავდაცვის სამინისტრო სადამსჯელო ორგანიზაციას ჰგავდა, სადაც ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავები და ბუცხრიკიძეები ბატონობდნენ. ეს უკანასკნელი დეპუტატად მიზის და თავი მამა აბრაამის ბატკანად მოაქვს. უწყებაში შესაცვლელი ბევრი რამ იყო და თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კუთვნილება უნდა გამხდარიყო და არა ბაჩანა ახალაიასი, ან მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ჯარი ყაზარმიდან მიტინგების დასარბევად გამოყავდა. ირაკლი ალასანიას პირობებში უწყება აბსოლუტურად აპოლიტიკური გახდა და ყველამ დაინახა, რომ თავდაცვის სამინისტრო „თავისუფალი დემოკრატების“ ჯიბის სამინისტრო არ გახდა. პარტიაში მისი დაბრუნება დროული და უპრიანია. მართალი გითხრათ, ირაკლი ალასანია არაფორმალურად ყოველთვის ჩვენი ლიდერი იყო.
პარტიაში ალასანიას დაბრუნება 2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას არ უკავშირდება?
- პარტიული ყრილობა გამართეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე „ეროვნულმა ფორმუმმა“. თუ ეს ყრილობა იმიტომ არის ანგაჟირებული, რომ ალასანია რეიტინგული ფიგურაა, ამიტომ, ვთქვათ, რომ ის არარეიტინგულია? არსად გასვლას არ ვაპირებთ, ან რატომ უნდა დავაპიროთ გასვლა? ძლიერი პარტიები კოალიციას აწყობს. თქვენ ძლიერი მეგობარი გირჩევნიათ, თუ სუსტი და ხელით სათრევი? პირადად მე მირჩევნია, ძლიერი პარტნიორი მყავდეს. არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სურდეს ირაკლი ალასანია სუსტი, დავრდომოლი და მუხლებზე დაჩოქილი იხილოს. ეს რად უნდა, ასე ხომ ერთი მსახიობის თეატრი იქნება, როგორც სააკაშვილის დროს იყო?
ანუ, ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოკავშირედ მასზე ძლიერი და უფრო რეიტინგული ირაკლი ალასანია აწყობს?
- დიდი ოჯახი წარმოიდგინეთ, რომლის წევრები ძლიერები არიან. არ მგონია, ოჯახში ვინმე უკმაყოფილი დარჩეს. ამ ტოტზე ხომ ყველანი ერთად ვსხედვართ? კოალიციაში რაში აწყობს ვინმეს ალასანიას დაუპირისპირდეს, ან პირიქით, ალასანია დაუპირისპირდეს? ეს რას მოგვიტანს? ეს იქნება პოლიტიკური სამარის გათხრა. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მშვდობიანად გადავაბარეთო, მაგრამ ქართველმა ხალხმა ნაციონალები აიძულა, რომ წასულიყვნენ. ხალხის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, რადგან შეეშინდათ. მმართველს თავისი ხალხის უნდა ეშინოდეს.
თქვენ გეშინიათ?
- რა თქმა უნდა, საზოგადოების მეშინია. ამაში ცუდი რა არის? ქუჩაში დღესაც თავაწეული დავდივარ და არ მგონია, იგივე განცდა ჰქონდეთ ჩემს კოლეგა ნაციონალებს. ეს მათი ავაზაკობის ბრალია. როცა შენს ხალხს მოწყდები და სულში ჩააფურთხებ, არ გაპატიებენ. 9 აპრილის შემდეგ, მსგავსი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არავის ჩაუდენია. ძალიან ბევრმა ადამიანმა ივანიშვილის დახმარებით იბრძოლა, რომ 1-ელი ოქტომბერი დამდგარიყო. ამ ბრძოლაში მონაწილეობა იმიტომ არ მიმიღია, რომ ეს ყველაფერი სანაგვეში მოვისროლო. ეს სკამი ამად არ მიღირს. ამ ქალაქში უნდა ვიცხოვრო და ადეიშვილივით ვირთხასავით საზღვარგარეთ არ დავიმალები.
და ბოლოს... „თავისუფალი-დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი იქნება?
- ამას ყრილობაზე გაიგებთ. იმას ნუ მათქმევინებთ რისი საშუალებაც არ მაქვს. ეს პარტიული დისციპლინაა.