2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით 4 ფოტოგრაფი დააკავეს. ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე, სასამართლომ დამნაშავეებად ცნო, მაგრამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს. მოსამართლე ზვიად ესებუამ გიორგი აბდალაძეს და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ქურციკიძეს - 3, ხოლო გედენიძის მეუღლეს, ნათია გედენიძეს „ჯაშუშობის ხელშეწყობისთვის“ წელიწად-ნახევარი. რა მტკიცებულების საფუძველზე მიიღო მოსამართლე ესებუამ ეს გადაწყვეტილება, ამ დრომდე უცნობია, რადგან მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ კვალიფიკაცია მიენიჭა.
ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ფოტორეპორტიორებს ნასამართლეობა მოეხსნათ, თუმცა „საიდუმლო“ გრიფი ამ სისხლის სამართლის საქმეს ისევ ადევს. ფოტოგრაფები საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვენ, ამ მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. საგამოძიებო უწყებამ ორ-წლიანი ლოდინის შემდეგ საქმეზე გამოძიება განაახლა. გასულ კვირას ფოტორეპორტიორები დაზარალებულის სტატუსით პროკურატურაში უკვე დაკითხეს.
დაკითხვიდან გამოსული ფოტორეპორტიორი, გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ ისინი არასდროს ყოფილან ჯაშუშები, ელოდებინ გამოძიებას და სიმართლის დადგენას. აბდალაძის განცხადებით, მან და მისმა კოლეგებმა, რომელბიც ამავე საქმეში ბრალდებულები არიან, მიმართეს პროკურატურას შესაბამისი განცხადებით, რომ გახმაურებული საქმე თავიდან გამოეძიებინათ.
for.ge გიორგი აბდალაძეს ესაუბრა.
რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას?
- ხელი მოვაწერეთ, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება თავი შევიკავოთ დეტალების კომენტირებისგან. მხედველობაში მაქვს საპატიმროში ყოფნის პერიოდი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ ვითხოვდით საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, რადგან ეს საქმე იყო შეთითხნილი. ბრალი, რომელიც ფოტორეპორტიორებს წაგვიყენეს, თავდაპირველად, არც ერთი არ ვეთანხმებოდით, მაგრამ იმ ზეწოლის გამო, რომელიც ჩვენზე განხორციელდა, ვაღიარეთ ის, რაც არ ჩაგვიდენია.
დღეს ამ საქმით დაინტერესდა გამოძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, პასუხისგებაში იქნება მიცემული. იმიტომ, რომ უშუალოდ ისინი წყვეტდნენ ჩვენს ყოფნა-არყოფნის საკითხს. დღეს ერთადერთი, იმის მოლოდინი გვაქვს, რომ გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ეს არ გაჭიანურდება. უამრავი მტკიცებულებები და მათ შორის დაკითხვის ოქმებია საქმეში. ყველაფერი არსებობს იმისათვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს უახლოეს მომავალში.
ვერსიები, რომელიც დაკავების დღეს გავრცელდა ეს უკავშირდებოდა 26 მაისს. დღესაც თვლით, რომ 26 მაისის ფოტოები გახდა თქვენი დაკავების მიზეზი?
- ციხეში, ანუ გლდანის ჯოჯოხეთში ყოფნის დღიდან ვამბობდი, რომ 26 მაისის ფოტოების გადაღებისთვის დამაკავეს, ეს იყო ჩემი ვარაუდი და დღესაც ამ აზრზე ვარ. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება ჩვენ შეიძლება ბევრი ისეთი რამ გავიგოთ, რაც დღემდე ჩვენც არ ვიცით.
გარდა თქვენი ჩვენებებისა, საქმეში რა მტკიცებულება დევს კიდევ, რომელიც მაშინდელ ბრალდებას ამყარებს, ან ვისი ჩვენებებია თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- არა. ჩვენი ჩვენების გარდა რა დევს საქმეში, არც ერთმა არაფერი ვიცით. გრიფის ახსნაც იმიტომ იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომ რეალურად გაგვეგო ის მიზეზი, რატომაც მოხდა ჩვენი დაპატიმრება. ყველაზე მძიმე მუხლით გაგვასამართლეს.
გიორგი, თქვენი დაკავების დღეებში გავრცელდა სააკაშვილის, მერაბიშვილის და უტიაშვილის ის ცნობილი საუბარი. იმ პირებიდან ვინც ფოტოგრაფების საქმე მტკიცებულებების გარეშე შექმნა, ამ დრომდე მხოლოდ მერაბიშვილია დაკავებული, თუმცა არა ამ ბრალდებით. რამდენად დიდია იმ პირთა სია, ვინც შექმნა ფოტოგრაფების საქმე?
- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოძების დასრულების შემდეგ, უამრავ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს ქართული საზოგადოება და მათ შორის ჩვენც. ფოტოგრაფების საქმეში და ამ ბრალდების შეთითხვნაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა მაღალი ეშელონის წარმომადგენელი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიების დასრულება ისეთივე ხმაურიანი იქნება, როგორიც იყო დაპატიმრება.
უდიდიესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გრიფი მოეხსნას ამ საქმეს. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ საჯარო არ გახდება ეს საქმე. მე პირადად დასამალი არაფერი მაქვს.
როგორც ვიცი, ჩვენების მიღებას საშინელი მეთოდით ცდილობდნენ, განახეს ფეკალური მასით სავსე ე.წ. კარცერი, და თუ არ მისცემდი მათთვის საასურველ ჩვენებას, სწორედ იქ დამწყვდევით დაგემუქრნენ...
- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ყველას ინტერესში შედის ერთი რამ - რეალურად დადგინდეს მიზეზი, რის გამო ვიტანჯებოდით და რატომ გაგვატარეს იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ჩვენ ვიყავით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში გამოძიება დასრულდება. ვპირდები ყველას, რომ როგორც კი გვექნება საშუალება, აბსოლუტურად ყველას გავაგებინებთ რა ხდებოდა ამ გრიფით „საიდუმლო“ საქმეში.
საინტერესოა დღეს რას ეტყოდი სააკაშვილის, მერაბიშვილს, უტიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე? ეს ადამიანები დღესაც ამტკიცებენ, რომ ფოტოგრაფების საქმე მტკიცებულებით იყო შექმნილი...
- უსამართლობა არავის შერჩენია. ყოფილმა, დღევანდელმა და მომავალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, ისინი კანონს უნდა ემსახურებოდნენ, ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს თავისი შეხედულების თუ თავისი ნამუშევრების გამო. ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას.
არასოდეს ჩემი ქვეყნისთვის ცუდი არ გამიკეთებია, პირიქით ტყვიაზე წავსულვარ, 2008 წელს მთელს მსოფლიოს გავაგებინე, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი იყო. თქვენ მკითხეთ, რას შეეკითხებოდიო - არაფერს, მე მათთან კითხვა არ მაქვს. შიდა კულუარულ საუბრებში სინანულს გამოთქვამენ, ხვდებიან, რაც გააკეთეს. მე პირდად იმ ადამიანებთან საუბრის სურვილი არ მაქვს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყანა გაანადგურეს, ხალხი გააუბედურეს.
რაც მე გლდანში ვნახე, ეს არ იყო ციხე, ეს იყო სააკაშვილის მიერ შექმნილი კომუნისტური კონცლაგერი, სადაც ადამიანებს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მორალურად ანადგურებდნენ. თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნება, ვერც ერთი ადამიანი თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს, მათ შორის მეც. მოლოდინის რეჟიმში ვარ, შვილი მყავს, მეგობრები მყავს, მინდა ნახონ, რომ ამ ქვეყანაზე სამართლიანობა არსებობს, როგორც ჩემთვის, ასევე იმ ადამიამებისთვის, რომლებიც უსამართლოდ დაიჩაგრნენ წინა ხელისუფლების პერიოდში.