90-იანი წლების დასაწყისი, ანუ ველური კაპიტალიზმის ხანა... ამ პერიოდში უდიდესი დრამები გათამაშდა, რომლებიც თავისი საშინელებით მაშინაც და ახლაც გვზარავენ.
- ეს იყო სახელმწიფოს ნგრევის, ფასეულობათა გაცამტვერების პერიოდი, – წერს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, - კომუნიზმი დაინგრა, მაგრამ ვინ ამოტივტივდა ზედაპირზე?! ოჰ, ღმერთო!
რევოლუცია საშინელებაა. ასე იყო საფრანგეთში, რუსეთში 1917 წელს, ან მოგვიანებით 1991–ში. თუკი ცხრაას ჩვიდმეტი წლის ოქტომბერში არსებობდა ბოლშევიკური პარტია, 91–ში ორგანიზებულ ძალებს პარტნომენკლატურა, სუკი და ქურდული სამყარო წარმოადგენდნენ. რუსული დემოკრატიული ძალების სისუსტემ და პრეზიდენტ ელცინის უნიათობამ განაპირობა რთული წარსულისა და ბიოგრაფიის ხალხის აღზევება. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ძმები კვანტრიშვილებიც - ოთარი და ამირანი.
- მათ მიმართ გულგრილი არავინ იყო, - ნათქვამია გაზეთ "კომერსანტის" პუბლიკაციაში, - ზოგიერთებს კვანტრიშვილები სძულდათ, სხვები აღმერთებდნენ. თუმცა, ყველა ერთსულოვანი იყო ერთში: ორივე ძმა პიროვნება გახლდათ და მათ წარუშლელი კვალი დაამჩნიეს რუსეთის უახლეს ისტორიას.
ძმებ კვანტრიშვილებზე დღესაც ბევრი იწერება.
ამირან კვანტრიშვილი მოსკოვში დაიბადა. ამიტომაც ხაზგასმით აცხადებდა, ძირძველი მოსკოველი ვარო. სულ პატარა იყო, როდესაც მშობლებთან ერთად ზესტაფონში გადასახლდა. ოთარი უკვე ზესტაფონში დაიბადა, თუმცა, ძმების კარიერული აღმასვლა მოსკოვში მოხდა.
ჟურნალისტი ნევზოროვი ამტკიცებდა, რომ კრიმინალურ საქმიანობაში ოთარი მისმა ძმამ ჩაითრია. ამირანმა პირველი კრიმინალური გაკვეთილები ზესტაფონში მიიღო, როდესაც კარტის შულერებს დაუკავშირდა. ის ისე გაიწაფა, რომ კარტი მისთვის შემოსავლის მთავარი წყარო გახდა. მოგვიანებით, ამირანი მოსკოვში დაბრუნებას გადაწყვეტს. მალე ძმასთან მოსკოვში ოთარიც გადაბარგდა. ამირანი ამ დროს მოსკოვის კრიმინალურ სამყაროში ფრიად ცნობილი პიროვნება გახლდათ.
- ამირან კვანტრიშვილი "იაპონჩიკის" ცნობილი ბანდის წევრი იყო, – ამტკიცებს ნევზოროვი.
ძმის რეკომენდაციით, ბანდის წევრი ოთარიც ხდება. ამირანი "იაპონჩიკის" ფასდაუდებელი თანაშემწე და ინფორმაციის წყარო იყო. პროფესიონალი მოთამაშე ბრწყინვალედ იცნობდა იატაკქვეშა საქმოსნების სამყაროს, ვის რა ქონება ჰქონდა, ვინ რისი მიმცემი იყო.
- "იაპონჩიკის" ბანდის ძირითადი საქმიანობა მაშინ რეკეტი გახლდათ, – ამტკიცებს ნევზოროვი, - ამირან კვანტრიშვილიც "ნავოდჩიკის" როლს ასრულებდა. ძმას აქტიურად ეხმარებოდა ოთარიც.
რეკეტის პარალელურად, ოთარ კვანტრიშვილი წარმატებით მისდევდა სპორტს. ის ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატიც გახდა. კარგი ფიზიკური მომზადება საშუალებას აძლევდა, წარმატებით აეთვისებინა რეკეტიორის ხელოვნება. სპორტს ამირანიც მისდევდა, თუმცა, ოთარის მსგავსი წარმატებები არ ჰქონია.
- მალე "იაპონჩიკის" ბანდას მთელ მოსკოვში სახელი გაუვარდა, – წერს ლიუდმილა ტელენი.
ეს გასული საუკუნის 80–იანი წლებია, პერიოდი, რომელსაც დღეს "უძრაობის ხანას" უწოდებენ. მალე "იაპონჩიკი" დააპატიმრეს. კვანტრიშვილები დაპატიმრების პირველ ტალღას გადაურჩნენ, თუმცა, მალე, ორივე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
- ძმებს პატიმრობაში ინტერესით აკვირდებოდა სუკი, – ამტკიცებს ცნობილი კრიმინალისტი გუროვი.
ოთარ კვანტრიშვილს "იაპონჩიკის" ბანდაში მონაწილეობა ვერაფრით დაუმტკიცეს. მაშინ ხელისუფლებამ ნაცად ხრიკს მიმართა და ოთარს შეთითხნილი ბრალდება - გაუპატიურება მიაკერა. ამან პატიმრობაში მყოფ კვანტრიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
- ოთარი მამაცი, ღონიერი და ძალიან ამბიციური იყო, – წერს გუროვი, – ციხეშიც თავი ამაყად ეჭირა. როგორც ცნობილია, საბჭოთა საპატიმროებში სავალალოა მათი ხვედრი, ვინც გაუპატიურებაზე ზის. ვიღაც–ვიღაცეებს ოთარის დასჯაც სურდათ. კვანტრიშვილი მომხდურებს საკადრისად დაუხვდა. მან მხეცურად სცემა რამდენიმე ავტორიტეტი. ერთ–ერთს კი უთხრა, შენ ქურდი კი არა, თვითმარქვია ყოფილხარო და თავში ჩაარტყა.
ამის შემდეგ კვანტრიშვილს გარდუვალი სიკვდილი ელოდა. ეს არ მოხდა. რატომ?
- მას მფარველად სუკი მოევლინა, – ამტკიცებს გუროვი, – ჩეკისტებმა ჩათვალეს, რომ მამაცი, ჭკვიანი და ამბიციური ოთარ კვანტრიშვილი გამოადგებოდათ.
მალე კვანტრიშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაჰყავთ. დიაგნოზი მარტივია: დუნე შიზოფრენია. ამბობენ, ოთარმა თავის ერთ–ერთ თანამოსაკნეს ყურზე უკბინაო. გუროვს ეს არ სჯერა:
- სუკმა "დაამუშავა" ოთარ კვანტრიშვილი, შემდეგ კლინიკაში, ანუ უფრო კარგ პირობებში გადაიყვანა. მალე ოთარი გაათავისუფლეს და ეს სუკის პროტექციით მოხდა.
იყვნენ თუ არა კვანტრიშვილები კანონიერი ქურდები? დანამდვილებით ეს არავინ იცის. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ იყვნენ, ზოგიც – არა. თუმცა, უდავოა ერთი: ორივე ძმა "შავ სამყაროში" ავტორიტეტს წარმოადგენდა და თავისი სიტყვა ეთქმოდათ.
პატომრობიდან გათავისუფლებული ოთარ კვანტრიშვილი ერთხანს სპორტსაზოგადოება "დინამოში" მწვრთნელად მუშაობს. ის უახლოვდება რუსულ სპორტულ ელიტას. კვანტრიშვილის ახლო მეგობრები არიან ცნობილი ჰოკეისტები მიხაილოვი და იაკუშევი, ფეხბურთელები გავრილოვი, ჩერენკოვი, დასაევი და ა.შ. ამირანიც ძმის გვერდითაა. ის მოსკოვის სპორტულ ელიტაში ტრიალებს, კარტის თამაში კი მისთვის კვლავაც შემოსავლის წყაროა. რეკეტს ძმები აღარ მისდევენ, სამაგიეროდ, როგორც კი "პერესტროიკა" დაიწყო, ორივემ ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ბიზნესში მათ სწრაფად მიაღწიეს წარმატებებს, რაშიც ძველი კავშირები დაეხმარათ.
1990 წლისთვის კვანტრიშვილები უკვე ცნობილი ბიზნესმენები არიან. მათ წილი აქვთ კაზინოებში, ბარებში, ფეშენებელურ სასტუმროებში. გამდიდრებული ძმები მკვიდრდებიან მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში. მათი ახლო მეგობრები ხდებიან ჩუბაისი, შახრაი და სხვა დემოკრატი პოლიტიკოსები. ოთარ კვანტრიშვილი უმეგობრდება ბორის ელცინის სიძეს, ცნობილ მომღერალ კობზონს, მსახიობ აბდულოვს და ა.შ. 1991 წელს დაინგრა სსრ კავშირი. ძმები კვანტრიშვილები წარმატებით იმკვიდრებდნენ ადგილს რუსეთის მაღალ საზოგადოებაში.
- ოთარი დაახლოებული იყო რსფსრ–ს პარლამენტისა და მთავრობის ბევრ წევრთან, – წერს "მოსკოვსკიე ნოვოსტი", – ამირანმა კი ლიტერატურას მოჰკიდა ხელი და რამდენიმე მოთხრობა გამოაქვეყნა.
მალე ამირან კვანტრიშვილი რსფსრ–ს მწერალთა კავშირში მიიღეს. ზოგიერთი ხუმრობდა, მალე დისერტაციასაც დაიცავს, დოქტორი გახდება, შემდეგ კი აკადემიკოსადაც მოგვევლინებაო.
- კი, მაგრამ დოქტორი როგორ გახდება? ჯერ ხომ კანდიდატი უნდა გახდეს?
- ნიჭიერია და პირდაპირ სადოქტოროს დაიცავს! დღეს რუსეთში ხომ ყველაფერი იყიდება!
ოთარი ამ დროს უკვე ლევ იაშინის სახელობის ფონდს ედგა სათავეში. ის რესპექტაბელური ბიზნესმენი და მეცენატი გახდა. ძმები კვანტრიშვილების სახელი მთელ რუსეთში გაიგეს. მათ იწვევდნენ სამთავრობო მიღებებზე, ბანკეტებზე, სადაც რუსეთის ბიზნეს და პოლიტელიტა იკრიბებოდა. კვანტრიშვილები მტკიცედ დამკვიდრდნენ რუსეთის ელიტაში.
დღეს ბევრი სვამს კითხვას: სურდათ თუ არა ძმებს პოლიტიკაში მოსვლა? დისკუსიები ამის თაობაზე არ ცხრება, თუმცა ფაქტია, რომ 1992 წელს ოთარ კვანტრიშვილმა შექმნა სპორტსმენთა პარტია და განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთში წესრიგის აღდგენაში შეიტანოს თავისი წვლილი.
- სამარცხვინოა ის, რაც დღეს რუსეთში ხდება. მე და ჩემს მეგობრებს მიგვაჩნია, რომ დღეს გულგრილი მაყურებლის როლში ყოფნა უზნეობაა, – განაცხადებს ტელეგამოსვლაში ოთარ კვანტრიშვილი.
ის გამოდიოდა, როგორც რუსი პატრიოტი, მაგრამ მუდამ ახსოვდა, რომ ქართველია:
- ოჯახი მაქვს ქართული, ხანჯალი მაქვს ქართული, – განაცხადებს ოთარი ერთ–ერთ ტელეგამოსვლაში, – ჩემს სახლში ლაპარაკობენ ქართულად, აზროვნებენ ქართულად, მიირთმევენ მხოლოდ ქართულ კერძებს!
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებას ოთარი აღშფოთებით შეხვდა:
- ეს საშინელებაა! ნუთუ არ შეიძლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება?
ოთარს ჰქონდა კონფლიქტის მოგვარების თავისებური რეცეპტიც:
- ძალიან მინდა აფხაზეთში ჩავიდე, მივიდე არძინბასა და მის ხროვასთან, გამოვიწვიო ისინი ისინდში და მოვუგო მათ!
ოთარს არ დავიწყებია თავისი მშობლიური ზესტაფონი. საფეხბურთო კლუბ "მარგვეთს" მან საკმაო თანხა აჩუქა.
როგორც სპორტსმენთა პარტიის ლიდერი, ოთარი ხშირად გამოდის ტელევიზიით. ამირანი ერთგვარად ჩრდილში რჩება. ის ძირითადად პარტიის ორგანიზაციული საქმეებითაა დაკავებული. ოთარი ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთში აუცილებლად უნდა დამყარდეს წესრიგი, მეტი ყურადღება მიექცეს სპორტს და ა.შ.
- მას ჰქონდა მთელი პროგრამა, – თვლის მიხეილ ლიუბიმოვი, – ამიტომ უდავოა, რომ მას პოლიტიკაში მოსვლა სურდა, მასაც და მის ძმასაც.
ცნობილი მომღერალი კობზონი ამას არ ეთანხმება:
- რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა! ოთარი უბრალოდ ერთობოდა და ცხოვრებით ტკბებოდა!
ეს გამონათქვამი მართლაც უსუსურია. ის, ვინც პარტიას ქმნის, უდავოდ პოლიტიკაში მოსვლა სურს.
- კვანტრიშვილების უკან მავანი ძალები იდგნენ, – წერს "მოსკოვსკიე ნოვოსტი".
ძმებ კვანტრიშვილებს მართლაც სურდათ პოლიტიკაში მოსვლა. ეს უდავოა, მაგრამ ვინ იდგა მათ უკან? ამის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი თვლის, რომ მათ უკან ელცინის დაცვის მაშინდელი უფროსი გენერალი კორჟაკოვი იდგა, სხვები მიუთითებენ კვანტრიშვილების კავშირზე შუმეიკოსთან, გაიდართან და სხვა ცნობილ პოლიტიკოსებთან. ჩვენი აზრით, სიმართლესთან ყველაზე ახლოს გაზეთ "გოლოს ნაციის" მიმომხილველი დგას:
- კვანტრიშვილები თამაშობდნენ საკუთარ თამაშს, რომლის მიზანიც პოლიტიკაში მოსვლა და რუსულ პოლიტიკურ ელიტაში დამკვიდრება იყო. საამისოდ მათ ჰქონდათ ყველა ატრიბუტი: ფული, გავლენიანი კავშირები. ვინ იდგა მათ უკან? კვანტრიშვილები სხვადასხვა პოლიტიკურ კლანებს შორის ლავირებდნენ, მაგრამ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მათ ვიღაც მართავდა და ხელმძღვანელობდა. არც შუმეიკო, არც კორჟაკოვი და არც სხვები არ მართავდნენ კვანტრიშვილებს. სსრკ–ს პერიოდში კიდევ შესაძლებელი იყო ძმების მართვა, მაგრამ მაშინდელი ქაოსის პირობებში ეს შეუძლებელი იყო. ძმებიც ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ძალად და საკუთარი თამაში დაიწყეს.
კვანტრიშვილების რეალურ ძალად ჩამოყალიბებას ბევრი მიესალმა, მაგრამ ბევრიც ამას ამრეზით შეხვდა. ძმების კრიმინალური წარსული ყველას ახსოვდა. ცნობილი იყო ისიც, რომ კვანტრიშვილებს კვლავ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ სამყაროსთან. ბევრს აღიზიანებდა ის, რომ ძმები ხაზგასმით აცხადებდნენ: დიახ, რუსეთი გვიყვარს, მაგრამ ქართველები ვართო.
- ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ, – განაცხადებს თავის ტელეგამოსვლაში ოთარ კვანტრიშვილი, – რომ ვეკუთვნი ერს, რომელმაც კაცობრიობას დიდი რუსთაველი მისცა.
ბევრი გააღიზიანა კვანტრიშვილის მიერ სტალინისა და ბერიას ქებამაც:
- არ მეგულება რუსი მამულიშვილი, რომელსაც იმდენი გაეკეთებინოს რუსეთისთვის, რაც სტალინმა და ბერიამ გაუკეთეს. სტალინმა მოიგო ომი და შექმნა დიდი სახელმწიფო! ბერია რომ არა, რუსეთს ატომური ბომბი არ ექნებოდა! საქართველოში სტალინსა და ბერიას ლანძღავენ, რადგან მოღალატეებად აღიქვამენ. ამას შესაძლოა არ ვეთანხმები, მაგრამ შემიძლია გავიგო. ამავე დროს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ლანძღავენ რუსები სტალინს, რატომ არაა რეაბილიტირებული ბერია, რომელიც შეთითხნილი ბრალდებით დახვრიტეს?! არ დაფიქრებულხართ, რომ ასეთი საქციელი უმადურობაა?!
ოთარმა ეს ტელევიზიით განაცხადა. გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ამ გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ძმებს ანგარიში გაუსწორეს.
პირველი მსხვერპლი ამირანი აღმოჩნდა. მკვლელის ტყვია მას მაშინ მისწვდა, როდესაც ცნობილ კრიმინალ ფედკა–ცოფიანთან ერთად ერთ–ერთ ოფისში შევიდა. ამბობენ, მისმა პატრონმა ფედკა დიდ თანხაში "გადააგდო" და ამირანსაც საქმე უნდა გაერჩიაო. ასეა თუ ისე, ანაზდად ოფისში შეიარაღებული ხალხი შემოიჭრა. ატყდა სროლა. ტყვიით განგმირული ამირანი დაეცა.
ოთარი ამაოდ ცდილობდა ძმის მკვლელობის შემკვეთის პოვნას. ქილერის ტყვია მას ერთი წლის შემდეგ მიეწია. ოთარ კვანტრიშვილი მოკლეს მაშინ, როცა აბანოდან გამოდიოდა. მკვლელი შეიპყრეს. ოფიციალური დასკვნა მოკლე იყო:
- ოთარ კვანტრიშვილი ჩეჩნებთან კრიმინალურ გარჩევებს შეეწირა.
მავანნი ამას ეჭვქვეშ აყენებდნენ, თუმცა, ოფიციალურად საქმე გახსნილად ითვლებოდა.
ოთარ კვანტრიშვილი ძმის გვერდით დაკრძალეს. დასაფლავებამ საზეიმოდ ჩაიარა. მას დაესწრნენ მომღერალი კობზონი, ჰოკეისტები იაკუშევი და მიხაილოვი, აგრეთვე, მწერლები, დეპუტატები, ბიზნესმენები. პრესითა თუ ტელევიზიით ძალზე ბევრი ითქვა კვანტრიშვილების ფენომენზე, იმაზე, თუ ვინ იყვნენ ისინი და რამ განაპირობა მათი აღზევება თუ სიკვდილი. მათი ხსენება დღემდე გრძელდება.