ვინ არის იბრაგიმ ალი ალ-ბადრი, იგივე აბუ ბაქრ ალ-ბაგდადი, ანუ შემოკლებით, - ალ-ბაგდადი?! დღეს ეს პიროვნება ე.წ. სახელმწიფოს - “ისლამის ხალიფატის” თვითგამოცხადებული ხალიფა, ემირი და მსოფლიოში ნომერი პირველი ტერორისტია. რაც შეეხება ე.წ. სახელმწიფო “ისლამის ხალიფატს”, ასეთი ქვეყანა, მართალია, ოფიციალურ რუკაზე არ არსებობს, მაგრამ ერაყისა და სირიის ტერიტორიების იმ დიდ ნაწილს მოიცავს, რომელსაც დღეს ალ-ბაგდადის ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს. პრაქტიკულად, ახლო აღმოსავლეთი - სირია, ერაყი, ისრაელი და ეგვიპტე ომშია ჩართული და სუნიტები (მუსულმანური რელიგიის ერთ-ერთი ფრთა; ალ-ბაგდადი და მისი ტერორისტული დაჯგუფება სუნიტები არიან) მთელი რეგიონის აღებას აპირებენ... არცთუ დიდი ხნის წინ, თვითმკვლელი ტერორისტები გააფთრებით უტევდნენ ქართულ ბაზებს ავღანეთში. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა მეთიუ ბრაიზას განცხადება, რომლის თანახმადაც, იმ ფონზე, რაც დღეს სირიასა და ერაყში ხდება, შესაძლოა, საქართველო მუსულმანური რელიგიის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს და ქრისტიანობას საფრთხე დაემუქროს. ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს: “დღეს მსოფლიოში ყველაზე საშიში და ყველაზე სერიოზული ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამის ხალიფატია”, რომელიც საქართველოსთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს”. მაინც, რა საფრთხის წინაშეა საქართველო და რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება? “ქართულ სიტყვას” “სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია ესაუბრება.
- ბატონო ბადრი, ტერორისტები ინტერნეტში ისეთ არაადამიანულ დოკუმენტურ კადრებს ავრცელებენ, რომ მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია. ამბობთ, რომ “ისლამის ხალიფატი” ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც კი ოდესმე ყოფილა. როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია და რა ვიცით მის ლიდერზე?
- ეს არის ორგანიზაცია, რომელიც “ალ-ყაიდაზე” სასტიკი და მასზე გაცილებით ამბიციურია. მისი ხელმძღვანელი იბრაგიმია, რომელსაც ალ-ბაგდადის სახელით იცნობენ. ამ კაცზე არავინ არაფერი იცის. თუ უსამა ბენ ლადენზე ვიცოდით, სად დაიბადა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა, რამდენი მილიონი ჰქონდა, ავღანეთში როგორ მოხვდა და ა.შ., ამ კაცზე თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ 1971 წელსაა დაბადებული. წლების წინ “ალ-ყაიდას” საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ნაწილი იყო და ერაყში იბრძოდა. “ალ-ყაიდასთან” კონფლიქტის გამო, ორგანიზაციიდან გარიცხეს თუ თვითონ წამოვიდა, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ “ალ-ყაიდას” დატოვების შემდეგ, იბრაგიმმა ერაყში უზარმაზარი ტერორისტული ორგანიზაცია შექმნა.
ერაყის ნახევარმილიონიან არმიაში ძირითადად სუნიტები იყვნენ, ხელმძღვანელობა კი, შიიტური იყო. ერაყიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ, კონფესიური ომი დაიწყო. სუნიტი მებრძოლების მთავარი იდეა ე.წ. ისლამის ხალიფატის შექმნაა, ბრძოლაც ამ მოტივით დაიწყეს და დღეს ერაყისა და სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ამერიკის შეერთებული შტატების დიდი შეცდომა ისაა, რომ ნაადრევად გამოიყვანა ჯარები ერაყიდან.
რამდენიმე ხნის წინ, ალ-ბაგდადის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯერ ქალაქი არტანუჯა აიღო, სადაც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მერე, - ქალაქი მოსული და საფრთხე ბაღდადსაც ემუქრება. დღე-დღეზე დაეცემა ქალაქი ქობალი, რომელიც სირიული ქურთისტანის დედაქალაქია და ამის შემდეგ, ალ-ბაგდადის ტერორისტული დაჯგუფება ჩვენს საზღვრებთან 700 კილომეტრის დაცილებით იქნება.
- ეს საქართველოსთვის რეალური საფრთხეა?
- რა თქმა უნდა. ხომ ნახეთ ფილმი, რომელიც “ისლამურმა ხალიფატმა” გადაიღო. ერთ-ერთ კადრში ნაჩვენებია ტერორისტების და მათი მომხრეების ხმაურიანი თავყრილობა, რომლის წინაშეც მამაკაცი გამოდის და ამბობს, რომ მათ უერთდება, ხევს თავის პასპორტს და “ისლამის ხალიფატის” მოქალაქე ხდება. ალ-ბაგდადი სუნიტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. ისინი მხოლოდ სხვა რელიგიების კი არა, არამედ, შიიტი მუსლიმების წინააღმდეგაც ქადაგებენ და ამბობენ, შიიტი მუსლიმების ლოცვები იგივეა, რაც ქრისტიანებისა და იუდეველებისო.
ერთი კვირის წინ, “ისლამურმა ხალიფატმა” დააკანონა მონობა და ეს ხდება 21-ე საუკუნეში. ჯერჯერობით მხოლოდ იეზიდ ქალებს ყიდიან 5-დან 50 დოლარის ფარგლებში. ქმრებს უკლავენ და ამას სუნიტური დოქტრინით ხსნიან. ალ-ბაგდადი, რომელმაც ემირის ტიტულიც მიინიჭა, თავის ქადაგებებში აცხადებს: “ჩვენ არ გავჩერდებით, ავიღებთ რომს და შევალთ ანდალუზიაში!”
საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილო კავკასიაში და, საერთოდ, ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი მუსულმანია და სუნიტებიც არიან და შიიტებიც. პანკისელი ომარ ალ-შიშანი, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, ვიცით, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ჩეჩნეთიდანაც ბევრია წასული, ჩვენი ინფორმაციით, 300-ადამიანამდე, აგრეთვე, არის 400 დაღესტნელი... ეს ციფრი მომავალში შესაძლოა, გაიზარდოს. მეთიუ ბრაიზამაც თქვა, თუ ეს “ისლამის ხალიფატი” არ გავაჩერეთ, შეიძლება საქართველოში შემოვიდნენო.
მინდა, აქცენტი გავაკეთოთ იმ საშიშროებაზე, რაც ჩვენს რეგიონს ელის: საქართველოში მაჰმადიანური მოსახლეობაც ძალიან ბევრია და ბევრი მეჩეთიც შენდება. რა ლიტერატურა ჩამოდის ჩვენს მედრესეებსა და მუსულმანურ სკოლებში, ვიცით?! - არ ვიცით. ამიტომ, საქართველომ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რის წინაშეც აღმოვჩნდით. ექსტრემისტურ ლიტერატურასთან, პირველ რიგში, ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ.
- ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა გამორიცხულია?
- ტერორისტებთან ტოლერანტობა შეიძლება? ერთი ერის წარმომადგენლები არიან და არაბები არაბებს კლავენ, სუნიტები - შიიტებს. ის კლასიკური ტოლერანტობა, რომელიც სირიაში, ანტიოქიის საპატრიარქოს სახით არსებობდა, პრაქტიკულად, აღარაა. ქრისტიანული მოსახლეობა თითქმის განადგურებულია, ან გაქცეულია ქვეყნიდან. დარჩა მხოლოდ ალავიტების სექტა, დაახლოებით, 3 მილიონი. ბაშარ ასადი ალავიტია. “ხალიფატი” სამხედრო ტექნიკით კარგად აღჭურვილია, ავიაციაც აქვს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც და ახორციელებს არალოკალურ ტერორისტულ ბრძოლას, არამედ, - მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს, რომლებშიც ჩართული არიან სუნიტი ოფიცრები. ამ ბრძოლაში მთელი სადამ ჰუსეინის არმიაა ჩართული... თუ სირიის დედაქალაქ დამასკოს აიღებენ, ბაშარ ასადის რეჟიმიც დაეცემა და ალავიტებსაც გაანადგურებენ.
- მათ ვინ აიარაღებს?
- ობამასა და სხვა პოლიტიკოსების შეცდომა ის იყო, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდება უნდოდათ. ძალიან ბევრი იარაღი დაურიგეს იმ ხალხს, რომელიც ბაშარ ასადზე საშიში აღმოჩნდა. ტერორისტებმა ქალაქი მოსული 1 500 მებრძოლით აიღეს, ეს თბილისზე დიდი ქალაქია, მაგრამ იმდენად მოუმზადებელი იყო, რომ ხალხს ბანკებში 400 მილიონ დოლარზე მეტი დარჩა. ეს თანხა, რასაკვირველია, ტერორისტებმა მიითვისეს და იარაღით აღიჭურვენ.
გარდა ამისა, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა ერაყის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის ჭაბურღილები და კაპიკებში ყიდიან ნავთობს: თუ ბარელი ნავთობი 86-90 დოლარი ღირს, ისინი 30-40 დოლარად ყიდიან. ამიტომაც ტერორისტებს ფულადი რესურსი შესდით და შესდით.
- მსოფლიო პოლიტიკის დიდი მოთამაშეები რა ზომებს იღებენ?
- პარადოქსია, მაგრამ ირანის და აშშ-ის ჩართულობა რომ არ ყოფილიყო, ტერორისტებს ბაღდადი უკვე აღებული ექნებოდათ. ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ და ირანი მეკავშირეები არიან. უახლოეს მომავალში დიდი ანტიტერორისტული კოალიციის შექმნაც არაა გამორიცხული, რომელსაც შესაძლოა, რუსეთიც შეუერთდეს.
ქალაქი ქობალი, დღეს თუ ხვალ, დაეცემა და ტერორისტები თურქეთისა და სირიის საზღვარზე განთავსდებიან. ამის შემდეგ კი, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს საზღვართან ახლოს ანარქიული პროცესები დაიწყოს. ამიტომ აუცილებელია, გაძლიერდეს ანტიტერორისტული სტრუქტურები, მოხდეს საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში, ამაღლდეს ანტიტერორისტული კულტურა და ყურადღება მიექციოს, თუ ვინ შემოდის საქართველოში. დღეს ძალიან ადვილად მისაწვდომია ექსტრემისტული საიტები და, ალბათ, მათზე წვდომაც უნდა შეიზღუდოს, სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს საქართველოში არსებული მედრესეები და მეჩეთები - “ხალიფატი” შეეცდება, თავისი ლიტერატურა ამ დაწესებულებებში შეიტანოს.
ტერორისტებს სერიოზული დასაყრდენი აქვთ თურქეთში. თურქეთის უნივერსიტეტში მოხდა საზარელი შემთხვევა - ექსტრემისტმა სტუდენტებმა ის სტუდენტები სცემეს, რომლებიც ანტიტერორისტულ თემაზე კონფერენციას მართავდნენ. მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს.
- რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოდან ტერორისტებს, ომარ შიშანის მსგავსად, სხვა მოხალისეებიც შეუერთდნენ?
- თურქეთში, სადაც ასობით ადამიანი ლუკმა-პურის საშოვნელად ჩადის, ბევრი პანკისიდან, დაღესტნიდან და აზერბაიჯანიდანაა და მათ გადასაბირებლად, რასაკვირველია, სერიოზული მუშაობა მიდის. სხვათა შორის, პანკისის ხეობაში ბაშარ ასადი ასოცირებულია, როგორც რუსეთის მარიონეტი და პანკისელი ქისტები და ჩეჩენი აქტივისტები მის წინააღმდეგ საბრძოლველად ამიტომაც მიდიან.
“ისლამის ხალიფატის” წარმატებამ თუ სამ-ოთხ თვეს გასტანა, რასაკვირველია, პრობლემები შეგვექმნება, რადგან არც კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყანა ვართ და არც - ნატო-სი. ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. თუ ქალაქი ქობალი აიღეს და ამის სერიოზული საფრთხეა, მილიონობით ქურთი თურქეთის ტერიტორიაზე გადავა. ტერორისტებს კი ახალი ტაქტიკა აქვთ: ყოველ დღე 400-500 მოხალისეს იღებენ. სავსებით შესაძლებელია, თურქეთის ტერიტორიაზევე მილიონი თურქი გადავიდეს ტერორისტების მხარეს, რაც ჩვენს გვერდით ქაოსს გამოიწვევს.
P.S. 2014 წლის 5 ივლისს, ალ-ბაგდადიმ ე.წ. ხუთშაბათის ლოცვაზე, ქალაქ მოსულის მეჩეთში, თავისი პირველი საჯარო გამოსვლის დროს, განცხადება გააკეთა, რომელიც ინტერნეტში განათავსეს.Aალ-ბაგდადიმ მსოფლიოს მუსულმანებს მოუწოდა, დაემორჩილონ და შეუერთდნენ ჯიხადს. არაღიარებული სახელმწიფო “ისლამის ხალიფატი” თავის რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას უქვემდებარებს ყველა იმ ტერიტორიას, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ. ამ ტერიტორიებში შედის იორდანია, ისრაელი, პალესტინა, ქუვეითი, ლივანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი.
ალ-ბაგდადის დეკლარაციას, რომელიც “ისლამის ხალიფატის” შექმნას ითვალისწინებს, მუსულმან ღვთისმსახურებსა და ლიდერებში დიდი კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვითარება მაინც უკიდურესად შიშისმომგვრელია, რადგან ფანატიკოსების ხელში დიდი რესურსები აღმოჩნდა.