საქართველოში ფულის დეფიციტი აშკარა და თვალშისაცემია

საქართველოში ფულის დეფიციტი აშკარა და თვალშისაცემია

უკვე აშკარაა, რომ ქვეყანაში ფულის დეფიციტია და მომავალი წლიდან ამ პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავებაა მოსალოდნელი. მართალია, სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგებლები ირწმუნებიან, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება და დავალიანებებიც დაიფარება, არსებული რეალობა სრულიად საწინააღმდეგო სურათს გვაძლევს.

ხელფასების გაუცემლობა, უკეთეს შემთხვევაში, დაგვიანება, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რაც შეეხება, დეკრეტულ და სხვა თანხებს, თვეობით გაუცემელია. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მათ გაცემას წლეულს შობადობის მაღალმა მაჩვენებელმა შეუშალა ხელი. თუმცა, როგორც ირწმუნებიან, წლის ბოლომდე არც ეს პრობლემა დარჩება მოუგვარებელი.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ფულის მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობს და დასძენს, რომ ეკონომიკური აქტივობების შემცირება ამ ნეგატიური პროცესების გამწვავებას გამოიწვევს.

„თუ ფულის დეფიციტში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობების შემცირებას გულისხმობთ, ეს მართლაც შეინიშნება, თუმცა რამდენად მწვავედ, ვერ გეტყვით, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მომეპოვება. ფაქტი ის არის, რომ სამეწარმეო გარემო ქვეყანაში ძალიან არასახარბიელოა. მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა საეჭვო წარმომავლობის რეიტინგებს, ვინაიდან ისინი საკმაოდ ფრაგმენტულ ინფორმაციას ეფუძნებიან.

თუ ვიტყვით, რომ მეწარმეობის დაწყების სიმარტივით მსოფლიო ათეულში შევდივართ ეს კარგია, მაგრამ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია - მხოლოდ ნახევარი და არა მთლიანი. როგორც ჩანს, დაწყება ადვილია, შეიძლება, დასრულებაც ადვილი იყოს, მაგრამ შემოსავლების და, შესაბამისად, გადასახადების გენერირება სწორედ იმ შუალედურ პროცესში ხდება, რომელიც არცთუ ადვილია. ამ კუთხით ფულის დეფიციტი, სავარაუდოდ, მწვავე იქნება. თუ ეკონომიკური აქტივობა შემცირდება ეს ბუნებრივად გამოიწვევს ფინანსების ნაკლებობას", - განმარტავს კაპანაძე.

მისი თქმით, ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა მიმართულებით გაუჭირდება ხელისუფლებას სოციალური ვალდებულებების შესრულება, ვინაიდან ეს საკმაოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გადაწყვეტილების მიმღებთა მოსაზრებებზეა დამოკიდებული.

„ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას. ამაზე ექსპერტული მკითხაობა ძალიან ჰგავს ყავის ნალექზე დახატული პროგნოზების იმედად ყოფნას, მით უმეტეს თუ გადაწყვეტილების მიმღები არ ხარ", - დასძენს კაპანაძე და აქვე განმარტავს, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ კვლავ მიმართოს ბიზნესიდან ფულის გამოძალვის მისთვის კარგად ნაცნობ ხერხებს.

"ასეთი პროცესები, როგორც წესი არასოდეს უწყობს ხელს მოვლენათა პოზიტიურ განვითარებას. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო სექტორის ხელთ არსებული ფინანსები ამოწურვადი რესურსია და საქართველოში ის გაცილებით ადვილად მალე იწურება, ვიდრე, მაგალითად, ნორვეგიაში. მოკლევადიან პერიოდში ამან შეიძლება შეავსოს ბიუჯეტი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აუცილებლად დააზარალებს მეწარმეებს, რადგანაც მათ შეუმცირდებათ საბრუნავი კაპიტალი, რაც აუცილებლად გამოიწვევს სამეწარმეო აქტივების კლებას.

რომის იმპერატორი კლავდიუსი გადასახადების შემცირებით აღშფოთებულ ხელქვეითებს ეუბნებოდა "თუ გინდა გქონდეს მატყლი, ცხვარი კი არ უნდა გაატყავო, უნდა გაკრიჭოო". მარტივი ლოგიკაა, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელი. გრძელვადიანი პერსპექტივისათვის რასაკვირველია "გაკრეჭა" უმჯობესია და ისიც არა ყოველდღიურად. მოკლევადიანი პერსპექტივისათვის "გატყავება" აშკარად მომგებიანია, მხოლოდ უნდა გაითვალისწინო, რომ გაისად, "გასაკრეჭ-გასატყავებელი" ობიექტი აღარ გეყოლება", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

ფულის დეფიციტის შექმნას ნაკლებად ვარაუდობს ექსპერტი ავთო სილაგაძე, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ დაგროვილი ვალდებულებების დაფარვა, შესაძლოა, ქვეყანაში ინფლაციის ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

„ფულის დეფიციტი, წესით, არ უნდა იყოს მოსალოდნელი, რადგან საკმაო რესურსები არსებობს. უფრო მნიშვნელოვანი მომენტია, ეროვნული ვალუტა რამდენად იქნება მყარი. ამ მხრივ, სავალუტო რესურსებიდან გამომდინარე, პრობლემები არ ჩანს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას ყველა პირობა, რომ აგრარულმა სექტორმა კარგად იმუშაოს და მატერიალური დოვლათი შეიქმნას.

უცხოური ინვესტიციების მატება ჯერჯერობით ნაკლებადაა მოსალოდნელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფომ წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სოფლის მეურნეობას, ურომლისოდაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია. როცა არ გაიცემა თანხები, ჩნდება ინფლაციის საშიშროება. ამ მხრივ მართლაც სერიოზული პრობლემებია.

ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა ბოლო 1 თვის განმავლობაში შემცირდა. დღევანდელ პირობებში, უცხოური ინვესტიციების ნაკადი შემცირებულია. თანხების გაუცემლობა ინარჩუნებს ვალუტის სიმყარეს, მაგრამ, როგორც წესი, გასაცემი აუცილებლად უნდა გაიცეს და სწორედ ამ შემთხვევაში ჩნდება ინფლაციის საფრთხე", -  განმარტავს სილაგაძე.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობდა. ის რაც ახლა ხდება, ეს სწორედ ამ ნაბიჯების ლოგიკური შედეგია.

"რაც შეეხება ინფლაციის ზრდას, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ პროცესების კონტროლი ეროვნულ ბანკს შეუძლია ფულის მასის რეგულირებით, მაგრამ ამისაგან განსხვავებული ცნებაა მსყიდვითუნარიანობა, რასაც მოსახლეობის შემოსავლებს განსაზღვრავს, შემოსავლებს კი, თავის მხრივ, დასაქმების სტრუქტურა, რომელიც დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია", - დასძენს ავთო სილაგაძე.