„საქართველოში მეხუთე კოლონა არსებობს“

„საქართველოში მეხუთე კოლონა არსებობს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოცი პირი დააკავა. ოთხი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ოფიციალური ინფორმაცია და დეტალები 5 ნოემბერს გახდება ცნობილი.

„ახალი თაობა“ ჯაშუშების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ, თუმც რამდენად ეფექტურად, ეს სხვა საკითხია.

- მე ვერ გეტყვით, რომ მათი ინფორმაცია მაინცდამაინც ეფექტურია, ზოგ შემთხვევაში მათ მართლაც აქვთ სრული ინფორმაცია და ეს მათი საქციელიდან ჩანს კიდეც ზოგიერთ ფაქტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს ეკონომიკურ ინფორმაციას ეხება. რაც შეეხება სამხედრო ინფორმაციას, როგორც ჩანდა, მათი საიტებიდან და ღია ინფორმაციიდანაც კი მათ ქონდათ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია ჩვენ სამხედრო პოტენციალზე 2008 წლის ომამდე, მაგრამ რომ გითხრათ, რომ მაინცდამაინც გამოიყენეს ომში ეს ინფორმაცია, ეს არ დატყობიათ.

თუ ეფექტურად მუშაობენ, რატომ ვერ გამოიყენეს ეს ინფორმაციები?

- პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი, შეიძლება ჯაშუშები არ არიან იმ დონის, რომლებიც ესე ვთქვათ სიტუაციას ფლობენ. მე ხშირად მითქვია, რომ საქართველოში არსებობს მეხუთე კოლონა და ვგულისხმობ სწორედ ისეთი ტიპის ხალხს, რომლებიც ეხლა დააკავეს და ასევე უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებსაც, თუმც ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეფექტურად არის გამოყენებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იქნება ესა თუ ის ინფორმაცია გამოყენებული.

დაკავებულები არ არიან პროფესიონალები?

- ჯერ ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ამ ხალხის თაობაზე არა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რას სწავლობდნენ, რა დარგში მუშაობდნენ. როგორც ჩანს, შსს აპირებს სრული სურათი დადოს და ამიტომაც არ ჩქარობს ინფორმაციის გამოქვეყნებას.