ნატოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი ჩრდილოეთ აფრიკისა და ნატოს საპარალმენტო ასამბლეის წამადგენლების მონაწილეობით საქართველოში კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმატებით განხორციელებული რეფორმებით ნამდვილად შეუძლია მოდელის როლი ითამაშოს არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ისწრაფიან დემოკრატიული რეფორმების გზას დაადგენენ, მაგალითად - ეგვიპტეს, ტუნისს და ა.შ.
მისი თქმით, ეს ქვეყნები დღეს იმ ეტაპზე არიან, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა და ახლა შეუძლია ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.
ამ თემაზე კონფერენციის ჩატარებას, თანაც - საქართველოში, მიესალმება სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, იგი “მოხარული და ამაყია”, რომ თავად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისაგან მიიღო შეთავაზება საქართველოში მსგავსი კონფერენციის მოწყობის თაობაზე.
ბარამიძე იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს ამ ქვეყნებს დემოკრატიული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს.
კონფერენციის ჩატარებას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, თუმცა თვლის, რომ საქართველოს გამოცდილება მაჟორულ ტონში ვერ იქნება განხილული.
“რა თქმა უნდა კონფერენციის ჩატარება პოზიტიურია. რაც მეტი საერთაშორისო ფორუმები ჩატარდება, მით უკეთესი. მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ მიიღო, მაჟორულ ტონში ვერ იქნება განხილული.
პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგები გასაზიარებელი იყო,მაგრამ დღეის მდგომარეობით, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება, უკუსვლით ჩავანაცვლეთ. პოზიტიური - ეს არის საბიუჯეტო პროცესის მოწესრიგება, რაც გასაზიარებელია; ძალოვანი სტრუქტურების მოწესრიგება, მხედველობაში მაქვს პატრული; ასევე რეესტრი და აღრიცხვიანობის სისტემა პოზიტივად ჩაითვლება.
რაც შეეხება დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით გატარებულ რეფორმებს, ვერანაირ გამოცდილებას ვერ გავუზიარებთ. კონკურენტული გარემოთი ეგვიპტე ჩვენზე წინ იყო წასული. დემოკრატიის კუთხით შეიძლება ოდნავ წინ ვართ. მაგრამ დემკორატიის მხრივ ჩვენთან არ არის ის ბაზა, რომ ვინმეს რამე გავუზიაროთ. ჩამოყალიბდა ერთპარტიული სისტემა. დაბალია ნდობა არჩევნებისა და სასამართლოსადმი და ა.შ.
კონფერენციის ჩატარების თაობაზე გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება. ნატოს მხრიდან ეს არის ბუნებრივი განცხადება. იმ ფონზე. რაც ხდება ლიბიაში, ნატო საქართველოს მიმართ ძალიან იაქტიურებს. დღეს რუსეთ-ნატოს შორის უკვე იკვეთება დაძაბულობის მომენტი და ნატო რუსეთთან მიმართებაში ცდილობს კიდევ ერთხელ გაითამაშოს საქართველოს კარტი.
კონტექსტი ამ ავანსად გაკეთებელი განცხადებისა არის ის, რაც ხდება ლიბიაში და რაც ცუდია საქართველოსთვის. რუსეთმა ისწავლა სქემა დასავლეთისგან. მხედველობაში მაქვს ის, რომ კოსოვოს აღიარების შემდეგ ეს აფხაზეთთან მიმართებაში გამოიყენა და იქით შეუტია არგუმენტებით.
დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ კი არ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ისე, თავის დროზე კადაფი მათ აქციეს გმირად და მუბარაქსაც ესაუბრებოდნენ დემოკრატიაზე”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.