როგორ ყალიბდებიან ციხეში მოძალადეებად და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ პრობლემის გადასაჭრელად
ილიას უნივერსიტეტში მაკა წივწივაძის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა - მკვლელი ყოფილი მეუღლე ამნისტირებული პატიმარი იყო და სამწუხაროდ, ეს პატიმრის მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად დადგა საკითხი - რას აკეთებს სახელმწიფო პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და თავისუფლებაში მათი მორალური თუ ფსიქოლოგიური ადაპტაციისთვის? ფაქტია, ობიექტური რეალობა კანონმდებლობის კუთხით არ შეცვლილა. მეტიც, ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი გვიყვება, რომ წლების განმავლობაში ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს ფსიქოტროპულ აბებს საკვებში უყრიდა, რაც ,,სხვა სიკეთეებთან ერთად’‘, მამაკაცის პოტენციის დაქვეითებას და ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. მაია ნიკოლეიშვილი ,,ვერსიასთან’‘ ადასტურებს, რომ მსგავსი მედიკამენტები პატიმრებს დღესაც ურიგდებათ, თუმცა ამჯერად, ექიმის მეთვალყურეობით.
- ქალბატონო მაია, მართალია, რომ წლების განმავლობაში მსჯავრდებულებს საკვებში ფსიქოტროპულ აბს - ,,აზალეპტინს’‘ უყრიდნენ?
- დიახ, ,,აზალეპტინი’‘ ციხეში ხვდება ხოლმე. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებისთვის ფსიქოტროპული აბები დღესაც ხელმისაწვდომია. მეტიც, ლევან კორტავას ფსიქოტროპული იმდენად დიდი დოზით ჰქონდა მიღებული, რომ გარდაცვალებიდან მეთერთმეტე დღეს ქიმიურმა ექსპერტიზამ, გადასხმებისა და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების შემდეგაც კი, ახალგაზრდას ორგანიზმში აღმოაჩინა. სამწუხაროდ, ლევან კორტავას შემთხვევა ერთადერთი მაგალითი არ არის. დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმრის ორგანიზმში აღმოაჩინეს.
- ფსიქოტროპულები პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობით შედის?
- როგორც ვიცი, ფსიქოტროპულებს პატიმრების მოთხოვნის შემდეგ ციხის ექიმები აწვდიან.
- პატიმრებს სხვა უამრავი მოთხოვნაც აქვთ, რომლის შესრულებაზეც უწყება, ხშირად უარს აცხადებს. ფსიქოტროპულებს რატომ არიგებენ ასე გულუხვად, თუ ამ მეთოდით ციხეში კონტროლის დამყარება ბევრად უმარტივდებათ?
- ნაციონალური მოძრაობის დროს ფსიქოტროპულ აბებს პატიმრებს მართლაც შეუზღუდავად აძლევდნენ. დღეს კი, ჩემი ინფორმაციით, ექიმი პატიმარს იგივე აბებს ორკვირიანი პაუზით უნიშნავს. როცა მსჯავრდებულების სამედიცინო ისტორიას ვკითხულობ, ხშირ შემთხვევაში მათ უძილობა და შფოთვა აწუხებთ. უამრავ ადამიანს ლიფტსა თუ თვითმფრინავში ჩაჯდომის შიში აქვს, წარმოიდგინეთ, გამოკეტილ საკანში ადამიანი რა მდგომარეობაში ჩავარდება. ამ გარემოსთან ადაპტაცია რთულია, ამიტომ ფსიქოტროპულ აბებს თავად ითხოვენ.
- პოტენციადაქვეითებული და ფსიქიკაშერყეული პატიმარი მამაკაცები ამნისტიის თუ სასჯელის მოხდის შემდეგ ოჯახში ბრუნდებიან. გამოდის, ახლა სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგებს ვიმკით.
- რა თქმა უნდა. პატიმრებს რომ აუპატიურებდნენ, ესეც შედეგია. ,,მეტადონიც’‘ იგივე არ არის, აბა, რა ჯანდაბაა?
- გასაგებია, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე პასუხი კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა აგონ, მაგრამ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ვისაუბროთ - რა გაკეთდა იმისთვის, რომ ასეთი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაცია დაწყებულიყო?
- არაფერი. არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც დანაშაულის პრევენციაზე იმუშავებს. ტრავმირებულ ერში ამ საკითხზე მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტრო კი არა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მუშაობდეს. საერთოდ, უსამართლობაზე საშინელი განცდა არ არსებობს. ეს ფსიქოლოგიური წამებაა! ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ და აქაც უსამართლობა დახვდათ, სადაც არავინ ისჯება. წლების განმავლობაში ციხეში დაგროვილი აგრესია არსად წასულა და გვერდითმყოფზე გადადის, ასეთი კი ოჯახის წევრია. მამაკაცისთვის ქალი ყველაზე ახლოსმყოფია, რომელთანაც აგრესიის ბუშტი სკდება. ცნობილი ფენომენია - მამა, რომელსაც სამსახურში მკაცრი უფროსი ჰყავს და ხშირად ამცირებენ, სახლში შვილს სცემს. ადამიანი მასზე სუსტს ჩაგრავს მაშინ, როცა აგრესიას საკუთარ თავში ვერ ერევა. ჩემი აზრით, ცოლის გახშირებული მკვლელობაც ამას უკავშირდება.
- უმეტესად, ცოლის მკვლელობაში ძირითად მოტივად ეჭვიანობა სახელდება. ღიად ვისაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე - დღევანდელი კანონმდებლობით პატიმრებს გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება მხოლოდ ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებთან აქვთ, ისიც შეზღუდული რაოდენობით. თანაც პაემნის უფლებით ყველა კატეგორიის პატიმარი ვერ სარგებლობს. რატომ არ იცვლება დღემდე კანონმდებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება?
- ქვეყანა ცალკეა, პარლამენტი - ცალკე. საზოგადოებამ მათზე ხელი ჩაიქნია. უბრალო მაგალითს მოგიყვანთ და ამ გვარის და სახელის ნუ შეგეშინდებათ. ტარიელ ფოცხვერია ე.წ. კანონიერი ქურდი, უმძიმეს მდგომარეობაში ონკოლოგიურ საავადმყოფოში წევს, რომლის დიაგნოზშიც პირდაპირ წერია, რომ მის მკურნალობას აზრი არ აქვს და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ. მას ერთი წლის შვილიშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. მეტიც, მასთან ზიარებისთვის მოძღვარიც არ შეუშვეს. არადა, პალატაში შვიდი ბადრაგის წევრი და სპეცრაზმი იმყოფება. ამიტომ უსაფრთხოებაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია. სად არის ადამიანობა? იგივე პრობლემაა პაემნების კუთხითაც, მაგრამ პატიმრის სექსუალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი მათი ცნობიერებაა - გამოვიდა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ეჭვიანობის მომენტი არასრულყოფილ სექსუალურ ცხოვრებასაც უკავშირდება, თუმცა ამას ისიც ემატება, რომ ციხიდან გამოსული კაცი ოჯახში საკუთარ ფუნქციას ვერ იბრუნებს - მარჩენალი ქალი გახდა, მამაკაცის ადგილი კი გაქრა. ანუ ადამიანი, რომელიც ციხეში დაჩაგრული იყო, თავისუფლებაზეც დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
- მკვლელ ქმრებად მხოლოდ ყოფილი პატიმრების წარმომადგენლები არ ჩამოყალიბებულან. რა გახდა თავისუფლებაში მყოფი მამაკაცის ძალადობის მიზეზი?
- ქართველი მამაკაცი სოციალურად კასტრირებულია! მართალია, ნაწილი მუშაობს, მაგრამ უმრავლესობა თავს არარეალიზებულად მიიჩნევს. საშუალო და უფროსი თაობა სააკაშვილმა ,,ჩარეცხა’‘, მაგრამ სამუშაო ადგილები დღესაც არ იმატებს. იქნებ სახელმწიფომ დროებით მაინც ფსიქოლოგიური დახმარების ბრიგადები ჩამოაყალიბოს, რომლებიც დედაქალაქსა და რეგიონებში ყოფილი პატიმრების თუ სხვა კატეგორიის მამაკაცებს გაესაუბრებიან. ეს მათ აგრესიის დაცლაში დაეხმარება.
- და ფიქრობთ, ქართველი მამაკაცების ის კატეგორია, რომელიც სუსტთან ძლიერია, პრობლემებზე ფსიქოლოგს დაელაპარაკება?
- აუცილებლად დაელაპარაკება! სხვადასხვა ორგანიზაციებში საკმაოდ ბევრი მამაკაცი დადის და საკუთარ პრობლემებზე ფსიქოლოგს უყვება. უბრალოდ, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ სახელმწიფომ ფსიქოლოგთან ვიზიტი დაზღვევის პროგრამაში უნდა ჩართოს. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ერი სტრესში ცხოვრობდა და არა მხოლოდ ცხრა წელი. 25 წლის განმავლობაში ერთი ბეწო ქვეყანამ, სამი ომი და უამრავი ახალგაზრდის დაღუპვა გამოიარა. ქალი ვარ და დღემდე თვალწინ მიდგას, აბსოლუტურად ჩაბნელებულ პალატებში აფხაზეთში დაღუპული ბიჭები რომ შემოყავდათ. დერეფანში რომ შევდიოდი, თავისუფლად გასვლას ვერ ვახერხებდი. მათი ნათესავები თავზე ავტომატებით მადგნენ და მოკვლით მემუქრებოდნენ. მესროლეთ-მეთქი, ბოლოს ვყვიროდი. უშუქობა, სიცივე, შიში, სახელმწიფო გადატრიალება - ეს ყველაფერი ჩემთან ერთად ქართულმა საზოგადოებამაც გამოიარა. ამ ყველაფერს სააკაშვილის რეპრესიები დაემატა. ყველაფერი კი, გონებაში ილექება და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გაძლევს. ამიტომაც გახშირდა სუსტზე ძალადობა...
- გამოდის, ერი ვერასოდეს შეძლებს ფსიქოლოგიური ტრავმისგან გათავისუფლებას და ეს აგრესია თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, რადგან შვილი, რომელსაც მამამ დედა მოუკლა და მას ვერც სახელმწიფო ეხმარება, უკვე განწირულია არასრულფასოვანი ცხოვრებისთვის?
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოციალური მდგომარეობა მკვეთრად რომ გაუმჯობესებულიყო და სამუშაო ადგილები გაზრდილიყო, ერი ამ სენისგან განიკურნებოდა. აგრესია პოზიტივმა უნდა გადაწონოს და როცა ადამიანი გრძნობს, რომ რეალიზებულია, მას შურისძიების სურვილი აღარ უჩნდება.