პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა:
"ორი მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე ადამიანი არის ღარიბი ჩვენს ქვეყანაში. დღეს გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც მე მიმაჩნია, რომ არ აქვთ უფლება, განაცხადონ, ამ ორ მილიონ ღარიბ ადამიანს რატომ ვერ უშველა სახელმწიფომ ორი წლის განმავლობაში. დამისახელოს ნებისმიერმა პროფესორმა, ნებისმიერმა ჩვენზე მეტად მცოდნე, გამოცდილმა ადამიანმა, ერთ მაგალითი, თუნდაც რომელიმე ქვეყნის პრეცედენტი მოიყვანოს, სადაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში. ეს არის გამორიცხული, ეს არის ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შეჰყავთ შეცდომაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა".
"ალიას" ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა:
- ბატონო დემურ, პრემიერი ამბობს, რომ ყოველი მეორე ღარიბია ჩვენს ქვეყანაში და ამ 2 წლის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რომ ამ ადამიანებისთვის ეშველა ხელისუფლებას. რაღაცის გაკეთება ხომ მაინც შეიძლებოდა და რა არის ეს რაღაცა?
- პრემიერის ნათქვამი შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან არა მგონია, საქართველოში ცხოვრობდეს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ 2 წლის მანძილზე აყვავდებოდა ქვეყანა. რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა, ეს ჩანს ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან. სახეზე გვაქვს ტოტალური უმუშევრობა, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ყველანაირი რესურსი, მათ შორის ადამიანურიც, არ გამოიყენება მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად. ასე იყო ადრე და ამ 2 წელიწადში რაღაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა არ ხდება, ინფლაცია არის 4,8%.
2 წელი იყო ძალიან სუსტი მმართველობის წლები, როცა ძალიან სუსტი პოლიტიკა ხორციელდებოდა ხელისუფლების მიერ. ეს არა მხოლოდ ეკონომიკას ეხებოდა, არამედ მთელ საშინაო ვითარებას, არ მოხდა ინსტიტუციონალური ცვლილებები, ხელისუფლება დააჯდა იმ სისტემას, რაც წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა და ისიც ვერ მართა. ვადევნებ თვალყურს ამ 2 წელს და არ მომწონს ის, რომ მთავრობა კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთეს, შეიძლება მათ მხოლოდ 25-30% აქვთ გაკეთებული იმისა, რაც შეიძლებოდა.
- რა შეიძლებოდა, ეს მაინტერესებს, რა უშლიდათ ამაში ხელს მათ?
- უპირველესი ამოცანა ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. ვერც ერთი მიმართულებით 2 წლის თავზე ძვრა არ გვაქვს, ეკონომიკური სიტუაცია მძიმეა, ინფლაცია მაღალია, დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავდნენ ეს ადამიანები. მთავრობამ წარმოადგინა დოკუმენტი "ძლიერი ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც 2015-2018 წლებს მოიცავს. რომ ვნახოთ მისი ეკონომიკური ნაწილი, დავთვალე ყველა ციფრი, გამოვიყვანე შესაბამისი მაჩვენებლები და აღმოვაჩინე, რომ უკეთესობისკენ არანაირი ძვრა არ არის. 2015 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება მიზერული - 5%, 2018 წელს - 5.5%, ეს არაფერს ნიშნავს. ყველაზე შემაფერხებელი ეკონომიკის განვითარებაში და მახინჯი ფულად საკრედიტო პოლიტიკა ეროვნული ბანკისა, როგორც ჩანს, ისევ აქტიურად გამოიყენება ხელისუფლებაში, მთავრობა ამ გზას დაადგა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში არანაირი ძვრა არ იქნება. სამთავრობო დოკუმენტი გვეუბნება, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე ქვეყანაში ფული არ იქნება და ადამიანები ვერ შეძლებენ რაიმე სახის სერიოზული პროექტების განხორციელებას. აგერ ვარ მე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
- ამ ყველაფერს ხომ ხელისუფლებაც ხედავს, სად დაუშვა მთავრობამ შეცდომა?
- ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ხელისუფლებამ დაუშვა, ისაა, რომ საკუთარი მოსახლეობა არ დაასაქმა, უამრავი თანხაა ჩადებული კომერციულ ბანკებში და არაა ჩადებული ეკონომიკაში. არც ფინანსური რესურსი გამოიყენება, არც ადამიანური. ყველაფერი ციფრებზე დაყრდნობით მაქვს და ემოციით არ გესაუბრებით. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ეს ყველაფერი კომპლექსურად შეიმუშაოს, აამოქმედოს, რეალური ინვესტორები მოიზიდოს, ამბობს, რომ შემოდინება არ ხორციელდება, რაც ავტომატურად იმოქმედებდა ლარის კურსზე. რა გვრჩება? რის იმედზეა მთავრობის მეთაური? სად არის ის პროპაგანდირებული ასოცირების ხელშეკრულების დადებითი გავლენა, როცა გათვლებმა აჩვენა, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი 4,5%-ით უნდა გაზრდილიყო. ამაზე ცუდი რეაქცია იმთავითვე მქონდა და ვამბობდი, რომ 7-10 წელი სჭირდება მთავრობას ინტენსიური მუშაობა, რომ ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და ინსტიტუტები მივიყვანოთ ევროპულთან მიახლოებულამდე, რომ გვესარგებლა ამ ძალიან კარგი ხელშეკრულებით. ვალუტის შემოდინების წყარო არის ექსპორტის ზრდა და მისი წილი 17%-ზე ოდნავ მეტია, ანუ 4 წლის შემდეგ მისი წილი იქნება 20,3%, ანუ ამ 4 წლის მერეც არ იქნება არაფერი ის, როგორც ახლა არაა.
- მახსოვს, თქვენ მუშაობდით კონცეფციაზე, რომელსაც სოციალური ფონი უნდა გაეუმჯობესებინა, რატომ არ გამოიყენა ეს ხელისუფლებამ?
- ის, რაც ჩვენ დავწერეთ, არ იქნა გამოყენებული 2 წლის განმავლობაში, თორემ სიტუაცია სულ სხვა იქნებოდა. სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა არის საჭირო, მართალია, ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, მაგრამ სამსახურებში ხალხის დასაქმებით ხალხს იმედი მიეცემოდა, ანუ გამოდის, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედება არ იყო გათვლილი სოციალური ფონის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
- რატომ? ვინ უშლიდა ხელს?
- ქვეყანაში სისტემური კრიზისია, ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მოშლილია, მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, გაუგებარ წრეში გაუგებარი ადამიანების მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ისინი ვერ აზროვნებენ სისტემურად, სისტემური კრიზისიდან კი მხოლოდ პროფესიული ხედვის მქონე ადამიანები ვერ გამოგვიყვანენ.
- ეს კონცეფცია ხომ "ქართულმა ოცნებამ" მოიწონა და ზოგიერთი ნაწილი, როგორც მახსოვს, საარჩევნო პროგრამაშიც გადაიტანეს. ახლა უარს რატომ ამბობენ მის განხორციელებაზე?
- საქმე ისაა, რომ ყველა ის მონაცემი, ყველა ციფრი იყო სწორი, მაგრამ მას სისტემურად არ მიუდგნენ და ამიტომ მოხდა ასეთი იგნორირება ამ კონცეფციის. ჩავარდა საქმე და ყველა სფერო, მაგალითად, სოფლის მეურნეობა. დარჩა იგივე მავნებლური სისტემა, ლარი ისევ თამაშობს ისე, რომ ნებისმიერ ეკონომიკას მოტეხავს კისერს და წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაიჭერდნენ. ფული არაა ქვეყანაში და მთავრობამ არ იცის, სადაა საკვანძო პრობლემები. როგორ საუბრობენ განვითარებაზე? მესამე და მეოთხე წელს უკეთესი იქნებაო, ამტკიცებენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არაფერი არ იქნება კარგად ამ დოკუმენტების მიხედვით, თუ მათ წესიერად წაიკითხავთ. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ.
- როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა და ქვეყანა ვალებს იღებს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საბიუჯეტო ორგანოებში კიდევ 4460 ადამიანის დასაქმებას აპირებენ და ამისთვის 54.0 მლნ ლარია გამოყოფილი. კრიზისის დროს სახელმწიფო სტრუქტურებში შტატებს ამცირებენ ხოლმე და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება როგორ გავიგოთ?
- უმუშევრობის დაძლევა შეუძლებელია, მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე, თუ ამას ფიქრობს მთავრობა, უდიდესი შეცდომა დაუშვია. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს იმ სფეროებით, რომელიც წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეოს. სტატისტიკა არის კატასტროფული. მთავრობა არ უკვირდება ამ მონაცემებს, არადა ყველა მონაცემი მიუთითებს იმას, რომ 2018 წლისთვის არანაირი წინსვლა არ იქნება.
მეცინებოდა, როცა ას საწარმოზე იყო საუბარი. მთავრობამ პირობები უნდა შექმნას და თავად გადაწყვეტენ მეწარმეები, ას საწარმოს შექმნიან თუ მეტს. მონოპოლისტური ჯგუფები დომინირებენ, ისინი ქმნიან პირობებს და მთავრობა ვერაფერს ხდება. ის არასისტემურად ფიქრობს და ფრაგმენტული ქმედებები უარესად ამძიმებს სიტუაციას. ვწუხვარ, მაგრამ საიმედო სიტუაციაში არც ვართ და ვერც ვიქნებით მომდევნო წლების მანძილზე.