რატომ გვამადლის კახი კალაძე თავის მინისტრობას?

რატომ გვამადლის კახი კალაძე თავის მინისტრობას?

კახი კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია, ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ხელდასმით გახდა მინისტრი, მერე - ვიცე-პრემიერი და დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად მიიჩნევა მთავრობაში. როცა ქართველმა ხალხმა "ნაცმოძრაობა" მოიშორა თავიდან, ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილმა ლომის წილი დაიდო. ხალხი ბოლომდე ენდო ივანიშვილს და არც მის საკადრო პოლიტიკაში ჩარეულა. არა, ხალხს მაინც არავინ ჩარევდა ამ საქმეში, მაგრამ სააკაშვილის დამმარცხებელს უპრეცედენტოდ მაღალი ნდობა გამოუცხადა. უკვე 2 წელია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ივანიშვილი პოლიტიკას გაერიდა და საკუთარი კოალიცია ირაკლი ღარიბაშვილს გადააბარა. ცხადია, მოვიდა დრო, ბევრი რამის გადაფასება-შეფასებისა და "ალია" ამას დროდადრო აკეთებდა. 

კახი კალაძე ხელისუფლებაში, ვიმეორებ, თავად ივანიშვილმა მოიყოლა. ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ თუ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა, კალაძე ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა. მან სამტრედიაში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები და პარლამენტარიც გახდა, თუმცა, ხელისუფლებაში ხომ მოვიყვანეთ ესენი და ახლა თავსაც გვამადლიან. კახი კალაძემ, თითქოს საქართველოში ენერგეტიკოს-მენეჯერთა დიდი დეფიციტი იყოს, ასეთი რამ განაცხადა "ასავალ-დასავალთან": 
"კარგად მახსოვს, როცა მინისტრების შერჩევა იყო და წარმადგინეს ამ პოსტზე, ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ არ მინდა მინისტრობა-მეთქი, მაგრამ მითხრა, საქმეს ასე სჭირდებაო! ვთვლი, რომ ჩემს გუნდს ვჭირდები ამ პოზიციაზე! მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი და თუ დავინახავ, რომ გუნდს არ ვჭირდები, ქუდს დავიხურავ და მივხედავ ჩემს საქმეს!" 

კახი კალაძის ნათქვამიდან გამოდის, რომ ხათრით დასთანხმებია მინისტრობას, არ უნდოდა და ბიძინა ივანიშვილს უარი ვერ უთხრა. მე თუ მკითხავთ, ბიძინა ივანიშვილის პატივისცემა სწორედ ის იქნებოდა, ამ შეთავაზებაზე უარი ეთქვა, - ბატონო ბიძინა, ჩემი ენერგეტიკის ცოდნა მარტო გადამწვარი ნათურის გამოცვლით ამოიწურება, სხვა არაფერი ვიცი ამ საქმისა და ადექით, მაგ პოსტზე ძლიერი პროფესიონალი დანიშნეთო. აი, ეს უნდა ეთქვა კალაძეს ივანიშვილისთვის, როცა ენერგეტიკის მინისტრის პოსტი შესთავაზა. ახლა რა გამოდის? ივანიშვილის ხათრით, კალაძე სოფლის მეურნეობის მინისტრობასაც დასთანხმდებოდა, შს და თავდაცვის მინისტრობასაც, რადგან ამ სფეროებისაც იმდენი გაეგებოდა მაშინ, რამდენიც ენერგეტიკისა. არა, სპორტის მინისტრი რომ გამხდარიყო, კიდევ ჯანდაბას, იმას მაინც ვიტყოდით, სპორტი იცის ამ კაცმა და იქნებ მენეჯერადაც ივარგოსო. 

ცნობილია, რომ კახი კალაძე მინისტრის ხელფასს არ იღებს და მთლიანად ქველმოქმედებაში რიცხავს. ქველმოქმედება ძალიან კარგია, მაგრამ აქ ერთი კითხვის ნიშანი უნდა დავსვა. ერთ მშვენიერ დღესაც კახი კალაძემ რომ განაცხადოს, ენერგეტიკის მინისტრობას ვერ მოვაბი თავი, თქვენი ნდობა ვერ გავამართლე ხალხო, მაგრამ მეპატიება, რადგან მუქთად გემსახურებოდით, ხელფასს არ ვიღებდიო, მერე? კი, კალაძე არ იღებს ხელფასს და გაჭირვებულებს სწირავს, ეს კარგია, მაგრამ მისი ხელფასი აკი ბიუჯეტიდან გამოიყოფა? მეორეც, კალაძე მართლა არ არის კარიერისტი, ეს მინისტრის ხელფასიც არ ადარდებს და გამოდის, მას მოტივაცია არ გააჩნია, რომ წარმატებული მინისტრი იყოს. 

პატრიოტიზმი? როგორც თავად ამბობს, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის ერთგულება? ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაც არ ჯდება სტანდარტულ პოლიტიკურ ჩარჩოებში. დასავლეთისკენ გაგვირბის თვალი და იქაურ ქვეყნებში, მინისტრებს სწორედ ეს ორი მოტივაცია აქვთ - მაღალი ხელფასი და კარიერული წინსვლის პერსპექტივა. კალაძე კი ამ მხრივ თავისუფალია და გამოდის, ბიძინა ივანიშვილის ხათრით მინისტრობს. ხათრით რომ  მინისტრობაზე დასთანხმდე, ასეთი რამე მარტო საქართველოში ხდება. 

კახი კალაძე ერთგულების ნიშნით შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ერთგულება იყო მთავარი კრიტერიუმი ირაკლი ღარიბაშვილისთვის, როცა თავისი ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი შს მინისტრობისას გენინსპექციის უფროსად დანიშნა, ახლა კი - "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად. როცა ღარიბაშვილი პოლიციის მინისტრი იყო და ზვიად ჯანყარაშვილი დაიყენა გვერდით, ყველა იმას ამბობდა, აბა, რა ექნა, ერთგული კაცი სჭირდებოდა ამ პოსტზე, "ნაციონალი" "საბოტაჟნიკებით" სავსეა სამინისტრო და მათ გაკონტროლება უნდაო და ეს არგუმენტი შეიძლება მიიღო ადამიანმა. ახლა "ქართულ ოცნებაშია" აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი, მაგრამ "მეოცნებეთა" ხოტბა-დიდება მის მიმართ არ გამიგია, ყველა ელოდა, რომ "ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყებოდა და პარტიას მიტმასნილ-შეგზავნილებისგან გაასუფთავებდა. 

საერთოდ კი, ჩემი აზრით, ლამის ოჯახის წევრის წინ წამოწევა და ამხელა პოსტებზე დანიშვნა, ღარიბაშვილის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. ეს, უბრალოდ, ნეპოტიზმია და როცა ამავეს "ნაცები" სჩადიოდნენ, დანაშაული იყო, როცა "ქართული ოცნება" და ღარიბაშვილი აკეთებენ - დასაშვებია. ამ ორმაგ სტანდარტს უნდა მოვეშვათ, თორემ "ნაცების" ნეპოტიზმი სანატრელი მალე გაგვიხდება. 
არა, ეს "მეოცნებეთა"  ნეპოტიზმის ერთეული შემთხვევები რომ იყოს, ჯანდაბას, აიტანდა კაცი, მაგრამ უკვე ყელში რომ ამოვიდა ასეთი ფაქტები? საცოდაობაა, როცა "ნაციონალები" ნათესავ-მეგობრების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებაში ადანაშაულებდნენ "ქართული ოცნების" ლიდერებს. ესენი კიდევ იმას გაიძახიან, ჩვენ ცოტ-ცოტას ვასაქმებთ ჩვენიანებს, თქვენ უფრო ბევრს ასაქმებდითო. არა, არ უარყოფენ რომ თავისიანებს უხსნიან გზას თბილი ადგილებისკენ. 

ცარიელი სიტყვები რომ არ გამომივიდეს, აქაც მაგალითებს მოვიყვან. ზურაბ ზვიადაურის ახმეტის მუნიციპალიტეტში დასაქმებული სანათესაო და სამეგობრო გავიხსენოთ. აჭარაში ავთანდილ ბერიძისა და მურმან დუმბაძის, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ოჯახის წევრები და ნათესავები გავიხსენოთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე შანსს არ უშვებს, "ნაცებს" მათი მმართველობის პერიოდის ნეპოტიზმის ფაქტები არ წამოაძახოს და ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 თვეში მისი და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი რომ გახდა და მისი ძმა, თედო კობახიძე "ქართული ოცნების" სიით თბილისის საკრებულოს დეპუტატია, იქნებ განგვიმარტოს, ამას რა ჰქვია? ესეც ნეპოტიზმია, ქალბატონო მანანა, ნეპოტიზმია, აბა რა ჯანდაბაა?! იურისტ ქალბატონსა და პოლიტიკოსს ამის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ. 

"ქართული ოცნება" ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში და პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა სახელისუფლებო პარტიას, ამ ხალხის დასაქმება იყო. ნურას უკაცრავად! სახელისუფლებო სტრუქტურებში ისევ "ნაცზონდერები" სხედან. მათთან შეხმატკბილებული ხელისუფლების წარმომადგენლები პოტენციურ დამნაშავეებს არაფერს ერჩიან, პროფესიონალები კი კვლავ უმუშევრები არიან, უმუშევრები არიან ის ადამიანები, რომელთაც თავის დროზე კოალიცია "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პროგრამა დაუწერეს, ის ხალხი, რომელიც კოალიციის თემატურ ჯგუფებში მუშაობდა და მოკლე დროში დადო ქვეყნის სხვადასხვა  სფეროების სტრატეგიული განვითარების გეგმები და პროექტები. ათიოდე ასეთი მართლა უებრო პროფესიონალი მარტო მე ვიცი. უმუშევარია ნახევარი საქართველო და მათი დიდი ნაწილი ელოდება იმ 100 ქარხნის აგუგუნებას, რომელთა ამუშავებასაც წინასაარჩევნოდ შეჰპირდა ხალხს ბიძინა ივანიშვილი. კი, პარლამენტარი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, ასი კი არა, მეტი საწარმო გავხსენითო, მაგრამ სადაც 10-12 კაცია დასაქმებული, არ ითვლება. საწარმო სხვაა, ქარხანა, სადაც 100-200 და მეტი კაცი დასაქმდება, სულ სხვაა. რაღაც არ მახსოვს, რომ 10-კაციანი საწარმოების გახსნას ჰპირდებოდით ხალხს წინასაარჩევნოდ. ანდა, სად არის დაკლებული კომუნალური ტარიფები, გაიაფებული ბენზინი? ბოლოს და ბოლოს, თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა აგერ, რედაქციაში მაქვს და თუ დაგავიწყდათ, გამოგიქვეყნებთ და გაგახსენებთ. 
სხვაც ბევრი გაქვთ შესახსენებელი და გზადაგზა იმათაც გაგახსენებთ, დღეს ეს იყოს.