როგორ ,,ტეხავს’‘ ციხის ადმინისტრაცია ბარათებიდან თვეში 20 ათას ლარს
სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორობა უმადური საქმეა. გარდა იმისა, რომ მუდმივად ბოროტმოქმედებთან გიწევს ურთიერთობა და არ იცი, ვინ რა ჭკუაზე შეგხვდება თავისუფლებაზე, მეორე პრობლემაცაა _ ვიღაცას ნაცნობი, ახლობელი ან გავლენიანი მფარველი ჰყავს და იძულებული ხარ, შეღავათი გაუწიო. მაგალითად, ერთით მეტი გრძელვადიანი პაემნის უფლება მისცე, ზონაზე აკრძალული ნივთები (შაქარი, ცოტა მეტი ხილი, თასმებიანი ფეხსაცმელი, ქამარი) შეატანინო, თუმცა უფროსობას ხიბლიც აქვს _ ფული და ამაში, მხოლოდ სოლიდური ხელფასი და პრემიები არ იგულისხმება.
პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებით შევიდა, ნარზე ჩამოჯდა, კამერას თვალი მოავლო და დაიწყო: ,,ზონაზე სამი ათასამდე პატიმარი ვართ. აქედან, დღეში მინიმუმ ათი პროცენტი, ანუ სამასი კაცი მაღაზიაში ბარათს ატანს და საკვებს, სიგარეტს, ჩაის ან სხვა რამეს ყიდულობს. ბარათის მიტან-მოტანის სანაცვლოდ, ბალანდიორი, ორ ლარს ანუ ერთ კოლოფ ,,ვინსტონს’‘ იღებს. ოფიციალურად ბალანდიორის ფეხის ქირა ჰქვია ამას, მაგრამ რვავეს ვესაუბრე და თქვეს, რომ დღის ბოლოს უფლება აქვთ მაღაზიიდან ხუთი ლარის ღირებულების საქონელი აიღონ. ანუ, მათი შენახვა ადმინისტრაციას 40 ლარი უჯდება. არადა, დღეში, მინიმუმ 600 ლარი იხსნება. არ გიფიქრიათ ეს თანხა სად მიდის?!’‘
მაყურებლებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ერთმა მშვიდად თქვა: ,,არის რაღაც, რაზეც იძულებულები ვართ, თვალი დავხუჭოთ. შენც შეეშვი ამ საქმეს. დღეში 600 ლარი თვეში რამდენია, ხომ ხვდები და რად გინდა, რომ ქექავ?!’‘
,,იმად მინდა, რომ მაგალითად ჩემს ,,საკამერნიკ’‘ ლაშას კვირაში 20 ლარი ერიცხება და ამ თანხიდან ორი ლარი ეკარგება. ამ დღეში ბევრია და თქვენ უნდა აუხსნათ ზონის უფროსს, რომ ეს არ შეიძლება, თორემ ჟურნალისტებს გავაგებინებ’‘.
,,და რით დაამტკიცებ, რომ ეს ფული ნაჩალნიკის ჯიბეში მიდის?!’‘
,,იმას დავამტკიცებ, რომ თითო ბარათიდან ორი ლარი იხსნება და დღეში 600 ლარზე მეტი, კაცმა არ იცის, სად მიდის. თუ ციხის უფროსმა ეს არ იცის, ცალკე დანაშაულია, მაგრამ მის გარეშე ასეთ რამეს ვერ გაბედავენ. პატიმრებს უკვე ველაპარაკე და მინიმუმ ასი კაცი დაადასტურებს, რასაც ვამბობ. მოკლედ, ჟურნალისტებთან ვრეკავ’‘, _ თქვა პატიმარმა #0578-მა და ფეხზე წამოდგა, თუმცა მაყურებლებმა შეაჩერეს.
,,რჩევა თუ არ გესმის, პირდაპირ გეუბნებით, ამის გაკეთებას გიკრძალავთ, პალაჟენია გაფუჭდება’‘.
,,რომელი პალაჟენია, ვიღაც პატიმრის ფულს ჭამს და პალაჟენიაზე მელაპარაკებით?!’‘, _ გაბრაზდა #0578.
,,შენ რა რამკების მტვრევა დაიწყე? კაიბიჭობაზე, როგორც ვიცით, პრეტენზია არ გაქვს და რატომ ერევი?!’‘, _ მაყურებლებს ხმაში გაღიზიანება და სიბრაზე დაეტყოთ.
,,ხომ არ ვამბობ, რომ თქვენ ჩამახედოთ საერთოში და ყოველი თვის ბოლოს შეგროვილი ხუთი ათასამდე კოლოფი სიგარეტისა და ჩაის მიმართულება მანახოთ, მე ციხის ადმინისტრაციას ვერჩი’‘, _ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ თქვა პატიმარმა და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.
,,შენ რა, პრეტენზიებს გვიყენებ?! ახლავე სხადნიაკს შევკრებთ და ახსნი, რა პრეტენზია გაქვს ჩვენთან. თუ ვერ ახსნი, მაგრად დაილეწები და კაზლიატნიკშიც გაგიშვებთ’‘, _ იღრიალა მაყურებელმა. ათ წუთში მათ კამერაში მთელი ზონის ,,ბლატატა’‘ შეიკრიბა. მაყურებლებმა საგულდაგულოდ დამალული ,,ობშჩიაკის’‘ რვეული ამოიღეს, პატიმარს მიუგდეს და უთხრეს _ გადახედე და გვითხარი, აგროვებული სიგარეტიდან და ჩაიდან რა არის დაკარგული?!
#0578-მა მშვიდად გადაფურცლა რვეული, დაახლოებით ათი წუთი უხმოდ ათვალიერა და დაიწყო _ ზონაზე 108 ბედალაგა ანუ უპატრონო პატიმარი გვყავს. თითოეულს კვირაში ერთი კოლოფი ჩაი და შვიდი კოლოფი ასტრა ერგება, ანუ სულ ექვსლარნახევარის პესნიაა. მთლიანობაში ეს თანხა 700 ლარია. პატიმრებისგან კი ათი ათას ლარზე მეტის სიგარეტი და ჩაია აკრეფილი. მარტივი ლოგიკაა _ მინიმუმ ცხრა ათასი ლარი ჰაერშია, მაგრამ მე ეს კი არა, ის მაინტერესებს, სად მიდის ადმინისტრაციის მიერ თვის ბოლოს აკრეფილი ოცი ათასი ლარი...
,,კაიბიჭებმა’‘ ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ერთ-ერთმა მშვიდად თქვა: ,,პატიმრებიდან აგროვებული სიგარეტის ნაწილი ბალნიჩკაზე მიდის, იქ მყოფ პატიმრებს წამლების საყიდლად უჭირთ ფულის მოძიება და შესაბამისად, უნდა დავეხმაროთ. ნაწილი კარცერში და ნაწილი კიდევ ობშჩიაკში დევს, ზონაზე რომ იტრიალოს, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია და მეც მაინტერესებს, სად მიდის ეს სიგარეტი. მაყურებელი ექვსი თვეა ხარ, ანუ საუბარი მინიმუმ ორმოც ათას ლარზეა და გისმენთ’‘...
ვითარება ძალიან დაიძაბა. მაყურებელმა არაადამიანური ხმით იღრიალა და #0578-სკენ გაექანა, მაგრამ შეაჩერეს, ჯერ ახსენი და თუ საცემია, ჩვენ ვცემთო. მაყურებელმა იფეთქა, ვის აჩერებთ, თუ ხვდებითო, მაგრამ ,,ბლატატა’‘ უკანდახევას არ აპირებდა. ყველაფერი ათ წუთში დასრულდა _ კამერაში ოფიცრები შემოვიდნენ და მაყურებელი გაიყვანეს. მას შემდეგ იგი ზონაზე აღარავის უნახავს, თვის ბოლოს კი დაწესებულებაში მხოლოდ ათასი ლარის სიგარეტი და ჩაი აგროვდა, თუმცა...
,,რატომ არ გინდათ, ადმინისტრაციას ავახსნევინოთ იგივე?! და საერთოდ, გაირკვა, სად მიდიოდა აქ აგროვებული სიგარეტი? მაყურებელი კი არა, ზონიდან ამ სიგარეტის გასაყიდად ვერავინ გავა, თან ამდენი საქონელი მარტივი გადასატანი არ არის. მოვითხოვოთ, მოვიძიოთ’‘, _ #0578 ახალი მაყურებლების კამერაში იჯდა.
,,ადმინისტრაციას ვერაფერს ვუხერხებთ, არ ვიცით, სად და როგორ მიდის ჩვენგან ამოღებული სიგარეტი. ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ სიტყვაზე გვენდე, არაფერი გამოვიდა. ზონაზე როცა ფული ტრიალებდა, პალაჟენიას ფულით ვიკავებდით, ახლა კი ეს სიგარეტმა ჩაანაცვლა. რამე თუ არ გადავუგდეთ, ისე არაფერი გამოვა და ეს ,,რამე’‘, ამ ეტაპზე, თვეში 20 ათასია. ვის ჯიბეში მიდის, ვერ გეტყვი, მაგრამ რომ მიდის, ფაქტია. სანაცვლოდ, კარცერში ჩასულ სიგარეტსა და ჩაიზე თვალს ხუჭავენ და სხვა გზა, უბრალოდ, არ არის’‘.
,,თვეში ოცი ათასად ციხის ნაჩალნიკი კი არა, ფოთის პალიცმეისტერის ცოლი გაიხდის, ხომ იცით. ძალიან ბევრია. გავანახევროთ, ორი ბარათიდან მოიხსნას ერთი სიგარეტი ან სამიდან, ასე არ შეიძლება. გეუბნები, რომ მინიმუმ ას პატიმარს დავაწერინებ განცხადებას და ხელსაც ლამაზად მოაწერენ’‘, _ არ ცხრებოდა #0578.
,,ფოთის პოლიცმეისტერის ცოლი რა შუაშია?!’‘, _ გაოცდა მაყურებელი.
პატიმარმა მაყურებლების ბიბლიოთეკას გადახედა, ფროიდის, სტენდალის, გამსახურდიას, გალაკტიონისა და სხვათა წიგნების გვერდით ჭაბუას ,,დათა თუთაშხიაც’‘ იდო. წიგნს ხელი გადაუსვა, თავი გაიქნია და მშვიდად უთხრა _ არაფერი, ისე გამახსენდა... მაგრამ 20 ათასი მაინც ბევრია... თუნდაც ზონის უფროსისთვის...
პატიმარი #0578