ჯაბა ჯიშკარიანი: ხელისუფლებას იარაღით მიტაცებუდ სკამებს არ შევარჩენთ, ჩინოვნიკების სახლებთან აქციებს მოვაწყობთ

ჯაბა ჯიშკარიანი: ხელისუფლებას იარაღით მიტაცებუდ სკამებს არ შევარჩენთ, ჩინოვნიკების სახლებთან აქციებს მოვაწყობთ

ჯაბა ჯიშკარიანმა ახალი მოძრაობა სამოქალაქო ფრონტი შექმნა. სამოქალაქო ფრონტში ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები. ჯიშკარიანის განცხადებით ახალი მოძრაობის შექმნის მიზეზი რევოლუციური განწყობაა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაშია. სამოქალაქო ფრონტი პერმანენტული აქციებისთვის ემზადება. პირველი აქცია 1 აპრილს გაიმართება.

 

”პოლიტიკური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სამოქალაქო ფრონტი ის ძალაა, რომელიც არ წავა არანაირ გარიგებაზე ხელისუფლებასთან და საკუთარ მოქმედებებს მხოლოდ ხალხის სურვილებსა და დაკვეთაზე ააწყობს”, -  განაცხადა სამოქალაქო ფრონტის ხელმძღვანელმა.

 

სამოქალაქო ფრონტის ოფისში საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული, სადაც მოქალაქეები წევრიანდებიან, ძირითადად ახალგაზრდები.

 

ჯაბა ჯიშკარიანი:

- ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ქმედებებზე ქართველ ხალხთან ერთად. მელიქიშვილის 5 ნომერში ამოქმედებულია შტაბი, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეგისტრაცია. ამ ახალგაზრდების მობილიზება ხდება ჯგუფების მიხედვით ათეულებად, რომ უფრო ორგანიზებულები ვიყოთ. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ გაზაფხულზე ვაპირებთ სერიოზული დისკომფორტი შევუქმნათ და შემდეგ დავამთავროთ რეჟიმი, რომელიც მიტაცებული და უზურპირებული აქვს არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

 

კანონს ხომ არ დაარღვევთ ამით?

- ამომწურავად გაგცემთ პასუხს: მიტაცებული სკამები იარაღის ჟღარუნით აქვს შენარჩუნებული ხელისუფლებას, იცოდეს, რომ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ჯდომას და იმ ილუზიის განმტკიცებას, რომ თითქოს 100 თუ 200 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა. ამ ილუზიას აუცილებლად დავუნგრევთ მიხეილ სააკაშვილს და სხვასაც, ვისაც ამ ილუზიის სჯერა.

 

ვიმეორებ: ჩვენ გადავალთ ადეკვატურ ქმედებებზე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთლიანად მათ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობრივი ესკალაცია თბილისის ქუჩებში. არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. სწორედ ამიტომ მზადდება ორგანიზებული სამოქალაქო სექტორი. სამხედრო ტიპის სამოქალაქო სექტორი, რომელიც იქნება ასეულებად თუ ათეულებად დაკომპლექტებული, დაიცავს ქართველ საზოგადოებას თუ ხელისუფლება გადაწყვეტს 7 ნოემბრის განმეორებას ან მსგავსი ძალადობრივი გზით დარბევას.

 

როდის გაიმართება პირველი აქცია?

- მოქმედებათა გეგმის განხორციელებას დავიწყებთ პირველი აპრილიდან.

 

რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ყველა იმ ჩინოვნიკის სახლთან მივალთ, რომელსაც ხელები აქვს გასვრილი სისხლში თუ სხვადასხვა დანაშაულში. ყველა ამ ადამიანის სახლთან გავაკეთებთ მოწოდებას, რომ დაყარონ იარაღი არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც, დანებდნენ ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, რომ სკამები დატოვონ. მათი ნება, რომ დაემონონ და ემსახურონ რეჟიმს, უგულებელყონ. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც გადადგამს

დროულად ნაბიჯს და არ დააგვიანებს, შენდობილი იქნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლომდე დაემონებიან რეჟიმს, უმკაცრესად იქნებიან დასჯილები თავისუფალი სასამართლოს და ახალი ხელისუფლების პირობებში. თავისუფალი და ობიექტური მოსამართლის მიერ ყველა ჩადენილ დარღვევასა და დანაშაულზე. აქციები ასევე იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან, რომლებიც ცდილობენ ძალადობის ხელი აწვნიონ თავისუფალ მოქალაქეებს და ამის ნიადაგზე განამტკიცოს შიშის სინდრომი.

 

პირველი აქცია კონკრეტული მოთხოვნით იქნება?

- დიახ. აქცია გაიმართება გლდანის ციხესთან, მე-8 საპყრობილესთან პატიმრების წამების წინააღმდეგ.

 

პერმანენტული აქციები როდემდე გაგრძელდება?

- 15 აპრილამდე გაგრძელდება. შემდეგ სიურპრიზის მატარებელი აქციები იქნება.

 

კონკრეტულად?

- მაგალითად, გზის გადაკეტვა, პიკეტირება. სხვადასხვა რადიკალური ქმედებები, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია კანონდარღვევად იმ დარღვევებთან შედარებით, რის წინააღმდეგაც ვატარებთ ამ აქციებს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით, ასევე - ჩვენი თანატოლები, რომლებიც ასზე მეტი არის დახვრეტილი თბილისის ქუჩებში, ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა.

 

ოპოზიციის ერთი ნაწილი ბურჯანაძე, ქართული პარტია რევოლუციის მომხრეა,

მეორე - საარჩევნო გარემოს ცვლილებისა. სად იქნებით თქვენ?

- ჩვენს ხასიათს და მოქმედებას ყველა იცნობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან და გავყვებით ბოლომდე, არა მხოლოდ გავყვებით, არამედ ავანგარდში ვიქნებით, რომელიც ქუჩის აქციების მომხრეა და სწორედ ასე ფიქრობს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას. სააკაშვილმა ბევრი საკენკი გადმოუყარა, როგორც ხალხს, ასევე - ოპოზიციას, თუნდაც დიალოგის საარჩევნო გარემოზე მუშაობის სახით. მე, პირადად, წყლის ნაყვად მიმაჩნია სააკაშვილის შემოთავაზებები. ოპოზიციას, რომელსაც ის ქათმად თვლის და საკენკს უყრის, ჩვენ ამ

ხალხთან არანაირი საერთო არ გვაქვს. ამ ადამიანებთან არანაირ თანამშრომლობაზე

საუბარს და დროის კარგვას არ ვაპირებთ. ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიქნებით,

რომლებიც საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავენ, პრინციპებს უერთგულებენ. უერთგულებენ იმ პირობას, რომელიც მათ ხალხს მისცეს ჯერ კიდევ 2007 წლის აქციებზე. ახლა ოპოზიციის ფართო სპექტრზე ვსაუბრობ. მაშინ მათ ხალხს უთხრეს, რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ.

 

საარჩევნო გარემოს ცვლილების არ გჯერათ?

- საარჩევნო გარემოზე მუშაობა არის გაწელილი პროცესი, რაც სააკაშვილს 2013 წლამდე უხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას, რა თქმა უნდა, უკანონოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ის დღეს ქვეყანას მართავს.

 

სახალხო კრებასთან როგორია სამოქალაქო ფრონტის დამოკიდებულება?

- ყველა იმ ძალას, რომელიც არის ხალხის ნების აღსრულების მომხრე, რაც არ ნიშნავს ძალადობრივ გადატრიალებას, მივესალმებით და მხარს დავუჭერთ. რევოლუცია ნიშნავს ხალხის ნების აღსრულებას.

 

შეფიცულებთან გქონდათ კონსულტაციები?

- ჯერ არა. არ ვიცი, გადაიკვეთება თუ არა ჩვენი გზები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

დაახლოებით რამდენი ახალგაზრდაა გაწევრიანებული სამოქალაქო ფრონტში?

- მრავლად არიან, მაგრამ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ. დაახლოებით თვენახევარია, რაც არსებობს ეს მოძრაობა.

 

პოლიტიკური პარტიები თუ შემოუერთდებიან თქვენს აქციებს?

- ჩვენ საკუთარი ძალებით ვაპირებთ ზეწოლის და რადიკალური ქმედებების განხორციელებას. რაც შეეხება აქციაზე შემოერთების სურვილს, ამას ვერავის ვერ ავუკრძალავთ, ასევე, ვერავის ვერ ვთხოვ, რომ ამა თუ იმ აქციაზე მოვიდეს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, შეუძლია მიიღოს ჩვენს აქციაში მონაწილეობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილი არანაირ კომპრომისზე არ წავა საკუთარ მოსახლეობასთან. თუ სააკაშვილის პრობლემა იქნება გადაჭრილი, დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება. პოლიტპატიმრებიც განთავისუფლდებიან, სიკვდილის ბრიგადებისგან გაიწმინდება საქართველო, სასამართლო იქნება თავისუფალი და კანონი იქნება უზენაესი ყველა პოლიციელისთვის და არა მხოლოდ პოლიციელისთვის. არ გვეყოლება პოლიტიკური პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გესტაპოს დაემსგავსა.