"ჩვენი შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან ლარსის გახსნა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს", - სწორედ ამის ახსნას შეეცდებიან სტეფანწმინდელები დღეს სტეფანწმინდაშივე, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ მიტინგზე. ისინი თბილისიდან სტუმრად უმრავლესობის წევრებს ელიან. როგორც სტეფაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, რომან მარსაგიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მათ მოხევეებს უნდა განუმარტონ, რომ ლარსის გახსნა საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთისთვის და, საერთოდ, საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ლარსის საგამშვებო პუნქტის გახსნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ჩიტაიამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ განაცხადა, რომ სომხეთის შუამავლობით ერევანში რუსეთთან მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა რუსული მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა.
"შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა მზად ვართ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან პასუხს მივიღებთ", - განაცხადა ჩიტაიამ და აქვე განმარტა, რომ "ქართული მხარე ამ მხრივ, პირველ რიგში, სომხეთის მძიმე მდგომარეობას ითვალისწინებს".
რუსეთი და საქართველო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნაზე რომ შეთანხმდნენ, ამაზე რუსული მედიაც იუწყება. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით კი, მოსკოვი და თბილისი ტექნიკურ მოლაპარაკებებს დახურულ რეჟიმში აწარმოებენ და ერთმანეთს არა პირდაპირ, არამედ სომხეთის შუამავლობით ეკონტაქტებიან.
შეგახსენებეთ, რომ ლარსი ვლადიკავკაზიდან 38 კილომეტრში, საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს. მისი გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 400 ავტომობილია. აღნიშნული პროგრამის შემუშავებამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ ლარსის გახსნა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. პუნქტზე განთავსებული იქნება ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების აღმომჩენი სტაციონალური დეტექტორი.
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წელს რუსეთმა სარემონტო სამუშაოების მომიზეზებით ჩაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა გამშვები პუნქტის დახურვა რეკონსტრუქციის მოტივით ახსნა, თბილისმა ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებული და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ნაწილი უწოდა.
ამის შემდეგ მოსკოვმა რუსეთში საქართველოს პროდუქციის იმპორტირებას ვეტო დაადო.
მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობისა, რუსეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება მოინდომა. ამას თბილისის მიმართ პოლიტიკური ჟესტი უწოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ილუხინმა: "რუსეთის მხარე აკეთებს ჟესტს, წინადადებას - მოდით, ვეძებოთ გადაწყვეტის გზები. ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა". საქართველოში მოსკოვის ამ ჟესტისა თუ ნაბიჯის მიზეზად, ძირითადად, მისი სტრატეგიული მოკავშირის, სომხეთის ინტერესებს ასახელებენ, რადგან ლარსის ჩაკეტვის შემდეგ სომხეთი რუსეთისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.
5 მაისს რუსეთის მიზნობრივი პროგრამის "რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის" საავტომობილო გამშვები პუნქტი - ზემო ლარსი სადღესასწაულო ვითარებაში გაიხსნა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი ანდრეი ბელიანინოვი, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი და ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნები.
თბილისი მოლაპარაკებებს შუამავლების საშუალებით დაჟინებით ითხოვდა. "ვრემია ნოვოსტეის" ცნობით, რამდენადაც სხვა გამშვები პიუნქტები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარეობს, საქართველო ლარსის გამშვებ პუნქტს ორ ქვეყანას შორის ერთადერთ კანონიერ პუნქტად მიიჩნევს.
პირველი შეხვედრა ექსპერტების დონეზე ერევანში ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, "კომერსანტის" ცნობით, შეხვედრაზე პუნქტის მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი პრაქტიკულად შეთანხმდა. "ამჯერად საქმე პუნქტის გახსნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზეა და თბილისიდან შესაბამის სიგნალს ველით", - იყო განაცხადი. ეს "სიგნალი", რომელიც თანხმობის ნიშანი იყო, ქართული მხრიდან უკვე 3 ნოემბერს გაისმა.
პუნქტის გახსნას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტით საქართველო შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
თავიდანვე დიდი შეშფოთებით უყურებდნენ,
სტეფანწმინდის ერთ-ერთი მცხოვრები, ზაზა წიკლაური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დღეს ყაზბეგში ჩასულ დეპუტატებს მოხევეთა დარწმუნება მოუწევთ იმაში, რომ ლარსის გახსნა საშიში არ არის.
ზაზა წიკლაური: "ეს მიტინგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის ინიციატივა. ეს არის აქაური მოსახლეობის აზრთა გამოხატვა-დაფიქსირება იმის შესახებ, რომ ლარსის გახსნა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ყური და არც თვალი არავინ გვათხოვა. ახლა, როგორც იქნა, დაინტერესდნენ ჩვენი პროტესტით. პარლამენტში ეს საკითხი დღეს განუხილავთ და გადაწყვიტეს, რომ დეპუტატების ჯგუფი უნდა მოავლინონ ყაზბეგში, რათა სიტუაცია ადგილზე შეისწავლონ. და თუ მართლა უსაფრთხოა ლარსის გზის გახსნა, ამაში უნდა დაგვაჯერონ. საინფორმაციო წყროებიდან ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ლარსის გახსნას უსაფრთხოდ თვლის. იმედია, დავარწმუნებთ ამ აზრის მცდარობაში: რომ ჩვენი შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან ლარსის გახსნა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს. არ ვაზვიადებთ და ღმერთმა ქნას, ასე არ იყოს".
წიკლაურისვე თქმით, ეს მხოლოდ ხევის პრობლემა არ არის:
"აქედან მოხდება საზღვრის გარღვევა რუსების მხრიდან და მოახდენენ ჯერ ხევის, შემდეგ კი, ხევის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი საქართველოს ოკუპაციას. დღეს სტეფანწმინდაში ძალიან ცოტა ხალხია დარჩენილი. ვინც არის (დაახლოებით 1000-1500) ქუდზე კაცი, ყველა მოვა ამ მიტინგზე. ყველას ესმის ეს საშიშროება და მიტინგზე თავისი დამოკიდებულების გამოხატვა ამიტომაც უნდა".
სტეფანწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, რომან მარსაგიშვილი მოხევეთა შიშს და სიფრთხილეს სკეპტიკურად უყურებს.
რომან მარსაგიშვილი: "ჩამობრძანდებიან უმრავლესობის წევრები, რომლებიც აქაურებს აუხნიან ლარსის გზის გახსნის უსაფრთხოებას. მოგეხსნებათ, ამის შესახებ უშიშროების საბჭომ თავისი დასკვნა დადო. ამის მიხედვით საზღვარი იქნება მხოლოდ სატვირთო მანქანების რეჟიმში და რუსები საზღვარს ვერ გადმოლახავენ. ისე კი, გაიხსნება თუ არა, ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მოხევეებს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, რუსეთის აგრესიის განმეორების შიში აქვთ. ამიტომაც ითხოვენ მთავრობისგან განმარტებას".