ცხინვალის რეგიონში ისტორიული ქართული ტოპონიმების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტები და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აცხადებენ, რომ განზრახული აქვთ ისტორიულ ქართული ტოპონიმები, ოდესღაც თითქოსდა არსებული არაქართული ე.წ. ძირძველი სახელწოდებებით შეცვალონ. კერძოდ, ცხინვალის რეგიონში განზრახულია ადმინისტრაციული რუკიდან 200 ქართული დასახელების გაქრობა და მათ ნაცვლად ოსური და რუსული ტოპონიმების დამკვიდრება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქართული ტოპონიმებისათვის სახელების შეცვლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.
–ამგვარი ქმედებებით რუსეთს განზრახული აქვს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს მოუსპოს საკუთარ სახლებში დაბრუნების საფუძველი, წაშალოს ეთნიკური წმენდის სამხილები და შექმნას ე.წ. ახალი რეალობის არსებობის ილუზია.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არ არსებობს ისეთი სიმდაბლე, რასაც კრემლი და მის მიერვე შექმნილი საოკუპაციო რეჟიმები არ ჩაიდენენ, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.