მამა თეოდორე: “უბედურებები იმის გამო ხდება, რომ უფლის წინაშე ვცოდავთ”

მამა თეოდორე: “უბედურებები იმის გამო ხდება, რომ უფლის წინაშე ვცოდავთ”

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის განადგურებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ხოლო სასულიერი პირები ამას ქრისტეს მეორედ მოსვლას, ანუ ცხოვრების განახლებას უკავშირებენ. საზოგადოება დაზაფრულია და რაღაც უარესის მოლოდინშია, რისი კატალიზატორიც იაპონიაში მომხდარი კატაკლიზმები იყო. ამ თემებზე ”ვერსიას”  ჯვართამაღლების ტაძრის წინამძოლი, მამა თეოდორე (გიგნაძე) ესაუბრა.

 

მამა თეოდორე, საზოგადოებაში ნიჰილიზმია დათესილი. ბოლო დროს განვითარებული კატაკლიზმების გამო, ხალხს აპოკალიფსის მოლოდინი გაუმძაფრდა. რას მივაწეროთ ეს?

- ეს არის ურწმუნოების ბრალი. ადამიანი რომ პირუტყვი იყოს, ამგვარი  პრობლემები არ ექნებოდა. ადამიანი რომ საკუთარი თავის ბიოლოგიურ მდგომარეობასთან იდენტიფიკაციას ახდენდეს, პრობლემა არ იარსებებდა. ამ ცხოვრების წესით, რაც არ უნდა ინტელექტუალურად ცხოვრობდეს ადამიანი, მას უკვდავი სული აქვს. აქედან გამომდინარე, აქვს ზნეობრივი კანონი, რომელსაც სინდისი ავლენს. სულს თავისი მოთხოვნილებები აქვს, რომელიც ხორციელი საკვებით ვერ დაკმაყოფილდება.

 

ბევრი მორწმუნეა დღეს ქვეყანაში. მიაჩნიათ, რომ ეს საუკუნე ეკლესიისკენ მიბრუნების ეპოქაა, თუ მართლაც ასეა, ადამიანებს შიში რატომ ეუფლებათ?

- მორწმუნეები პროცენტულად მაინც ცოტანი არიან. რას ვუწოდებთ ჩვენ მორწმუნეს? ვინც მიხვდა, რომ ღმერთი არსებობს? ჩვენ ასეთ ადამიანს არ ვუწოდებთ მორწმუნეს. სარწმუნოება არის არა ინტელექტუალური, არამედ  გულისმიერი მდგომარეობა. როცა ადამიანს იმედის სახით არ აქვს სულიერი საზრდო, ის გამოკიდებულია ჰაერში, უმწეოა. როცა უყურებს სამყაროს, ის გასაოცარ უფსკრულად ეჩვენება და თავისი თავი ნული ჰგონია. ამ შემთხვევაში, აკეთებს არჩევანს, ნულობასა და უსასრულობას შორის. თუ შენს თავს აღიქვამ იმად, რაც ხარ და შენს თავში უსასრულობას აღმოაჩენ, მაშინ ურწმუნოსავით რატომ უნდა იცხოვრო.

 

მაშინ სადაა პრობლემა?

- მორწმუნე არის ადამიანი, რომელიც თავის ხორციელ ბუნებასთან საკუთარი  თავისი იდენტიფიკაციას არ ახდენს. უფალი ამბობს, ნუ გეშინია იმის, რასაც შენი ფიზიკური მოკვდინება ძალუძსო. ნამდვილ ქრისტიანს სიკვდილის არ ეშინია.

 

ბიბლიაშიც არის საუბარი აპოკალიფსზე, რომელიც ტერმინოლოგიური სახესხვაობებითაც გვხვდება. ზოგ მორწმუნეს ეს არ აბნევს?

- აპოკალიფსი საშიშია, რადგან ადამიანი კვდება. ქრისტიანობა კი არ ამბობს, რომ აპოკალიფსის დროს ადამიანი კვდება. საერთოდ, სიკვდილი საშიშია თუ არა? სიკვდილი რომ არ არსებობდეს, სიყვარული იარსებებს? სიცოცხლეს ფასი არა აქვს სიყვარულის გარეშე და იმის გამო, რომ არსებობს სიკვდილი, მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ესა თუ ის ადამიანი მიყვარს. ეს უფლის განმარტებაა და არა ჩემი. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, ვიდრე იმას, ვინც თავისი მეგობრისათვის თავს სდებს. ესე იგი, გამოდის, რომ სიყვარული იხსნის შიშს სიკვდილისას. ღმერთმაც ასე დაგვიმტკიცა, რომ ვუყვარვართ. იმისათვის, რომ მას ეჩვენებინა თავისი სიყვარული, მან იწვნია ტანჯვა ჩვენთვის. ადამიანური ხორცი რომ ტკიოდა, უკვე ღმერთს სტკიოდა და არა ადამიანს.

 

სამყაროს აღსასრული, რომელიც ასე აშინებს ადამიანებს, სინამდვილეში აღსასრული კი არა, გარდაცვალებაა, სამყაროს სახეცვლილებაა. ბიბლია მთავრდება აპოკალიფსის წიგნით და ფიქრობენ, რომ ეს საშიშია. ეს არის საოცრად იმედისმომცემი წიგნი, რომელიც მთავრდება ასე _ ”მალე მოდი, უფალო”. ანუ არსებობს მოლოდინი ქრისტეს მეორედ მოსვლისა.

 

ქრისტეს მეორედ მოსვლა როგორ გავიგოთ?

- ეს არის ადამიანად მოსული ღმერთის მეორედ მოსვლა. ის უკვე მოვიდა და ამაღლდა ზეცად. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კოსმიური სიმაღლეები დაიპყრო, ადამიანურმა ბუნებამ დაიწყო ღმერთის შიდაცხოვრებით ცხოვრება და მისი დაბრუნებით იწყება სამყაროს განახლება. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ზნეობრივი ნორმების ნიველირება ხდება. ადამიანი ცდილობს, ფიზიკური კანონი არ უგულვებელყოს, რადგან არავინ ჩამოვა მეცხრე სართულიდან ფეხით, როცა არსებობს ლიფტი. მან იცის, რომ გრავიტაციის კანონის უგულვებელყოფა არ შეიძლება. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი კანონის დარღვევის უფლება აქვთ. ეს კი იმაზე უარეს კატაკლიზმებსა და კატასტროფას იწვევს, ვიდრე ფიზიკური კანონის უგულვებელყოფა.

 

როცა ღმერთისკენ ხელს იშვერენ და სასტიკ არსებად გამოჰყავთ, ეს საშიში მკრეხელობა, არასწორი დამოკიდებულება და ხედვაა. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ღმერთი სინამდვილეში არ არის ჯალათი და დამსჯელი. ეს არასწორი ქრისტიანული ხედვაა. უბედურებები რომ ხდება, ეს იმის გამოა, რომ უფლის წინაშე ვცოდავთ. ადამიანი რომ გამოდის სახლიდან და ფეხს მოიტეხს, რატომ უნდა დააბრალოს ღმერთს? ზნეობრივი კანონის უგულვებელყოფა ხელს უწყობს ასეთ უარყოფით კატაკლიზმებს. ამას ასწავლის ქრისტიანობა 2000 წელია, მაგრამ გვიჯერებენ? როცა ზნეობრივი მდგომარეობა დეგრადირებულია, გლობალურ კატასტროფებს იწვევს.

 

ასევე არაკორექტულია, როცა მასმედიის საშუალებით ხშირად ისმოდა მოწოდებები ხალხის დასაზაფრად. როცა სხვას ტკივილი აქვს, კი არ უნდა დაუმატო, უნდა ანუგეშო. როცა იაპონიას ეს საშინელება დაემართა, იმის მასობრივად ძახილი, რომ ყველაზე ცოდვილები ისინი არიან, არ იქნება სწორი. ბაბილონის გოდოლი რომ ჩამოინგრა, თქვენ გგონიათ, ყველაზე ცოდვილები ისინი იყვნენ? არა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ უზნეოდ და უსჯულოდ იცხოვრებთ, ეს ყველას შეიძლება დაგვემართოს.

 

შესაძლებელია, რომ ქვეყანაში წარღვნისმაგვარი რამ მოხდეს?

- წარღვნა აღარ იქნება. ბიბლიაში წერია, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა არის სიხარული. მეორედ მოსვლის წინ გარკვეული კატაკლიზმები მოსალოდნელია, მაგრამ არა ისეთი, რომ დამანგრეველი იყოს. როცა უფალი ბრუნდება, ხდება მატერიალური სამყაროს განახლება. კაცობრიობა აგრძელებს ცხოვრებას. არსებობს წინასწარმეტყველებები, რომ შესაძლოა, მოხდეს ომიც.

 

მამა გაბრიელმაც იწინასწარმეტყველა მსგავსი რამ, როგორ ფიქრობთ, ეს მორწმუნეებში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს?

- არ ვიცი, რას ამბობს მამა გაბრიელი. საერთოდ, წინასწარმეტყველებას ორგვარი გაგება აქვს. ერთია მკითხაობა, ხვალ რა იქნება. მეორე, როცა ღვთის ნება მჟღავნდება ჩვენში. ურწმუნო ადამიანი ყველაფერს ართულებს. ის სულ რაღაცას ეძებს ბუნებაში, უფრო დამანგრეველს.

 

წარმოიდგინეთ, ვიღაც მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, ყველა დღეს გაგიწერ, და გეცოდინება, რა მოხდება შენს ცხოვრებაშიო. სულ რომ გეცოდინება, რა გელოდება წინ, შენი ცხოვრება კარგავს ინტერესს, როგორც ჯოჯოხეთიდან ამოსული სიტყვა. ადამიანისათვის ღვთის ძიების ყველაზე დიდი სტიმული არის იმედი. როცა შენ ყველაფერი იცი, იმედი აზრს კარგავს და როცა იმედი გეკარგება, გეკარგება ღვთის ძიების სურვილიც.

 

თუნდაც ასი წელი იცხოვრო ღმერთით, მაინც კვდები უღმერთოდ. ვერასდროს იპოვი ღმერთს. ქრისტიანის ფიქრით კი, მარადისობა შენშია. როცა სიცოცხლის საზრისი არის ღმერთი და იცი, რომ ის ცივი შორეული სუბსტანცია არ არის, მას მიელტვი. ღმერთი ხომ მოკვდა, რათა ეჩვენებინა, როგორ ვიცხოვროთ ჩვენ. ადამიანები კი ელოდებიან რაღაც ფოკუსს, რომ ღმერთის არსებობა დაიჯერონ.

 

ჭეშმარიტ მეცნიერებასთან რელიგია წინააღმდეგობაში არ მოდის, მაგრამ ჩვენ უარვყოფთ ასტროლოგიას. თუ ადამიანს ცოცხალი კავშირი აქვს ღმერთთან, მას ნერვიულობის საფუძველი არა აქვს, ამიტომაც ნუ ფიქრობ იმაზე, ხვალ მოკვდები თუ არა.