"ილიაუნში" მომხდარი საზარელი ტრაგედიის გაუხმაურებელი ფაქტები

რაღაც დიდი უბედურება გვჭირს: საქართველოში ოჯახური ძალადობის შედეგად თითქმის ყოველდღე კლავენ ადამიანს. პარლამენტარ თამარ კორძაიას მტკიცებით, საქართველოში არ არის ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა. ის ისტორია, რაზეც დღეს გესაუბრებით, გარდა ოჯახური ძალადობისა, შემზარავი ტრაგედიაცაა: როცა მამაკაცი კლავს ყოფილ ცოლს და იქვე თავად იკლავს თავს, ამას აუცილებლად უფრო ღრმა ფესვები უნდა ჰქონდეს, ვიდრე სოციალური კასტრაციაა. 

17 ოქტომბერს ილიას სახელობის უნივერსიტეტში მკვლელობა მოხდა. მოდით, ამბავს თანმიმდევრობით მივყვეთ. 

ეს ტრაგიკული ამბავი "ილიაუნში" დილით, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა: ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ აუდიტორიიდან გამოიხმო ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე და კორიდორში "გეკოს" კალიბრის სპორტული პისტოლეტით "მარგოლინით" მოკლა, შემდეგ კი იქვე თავად მოიკლა თავი. სტუდენტების განცხადებით, მათ ოთხჯერ გასროლის ხმა გაიგეს. როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი მოგვიანებით იტყვის, სანამ მამაკაცი მაკას იპოვიდა და სიცოცხლეს გამოასალმებდა, მსხვერპლს აუდიტორიებში დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე გამწარებული ეძებდა: "ტიპი მეოთხე სართულიდან დაწყებული მეორის ჩათვლით ყველა აუდიტორიაში შევარდა შეშლილი სახით, ჩვენთანაც შემოგლიჯა კარი და მერე ძლივს იპოვა". 
მაკა წივწივაძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მშობლებიც მალე მივიდნენ. მაკა წივწივაძის მამის თქმით, საშიშროებიდან გამომდინარე, მისი შვილი იმ ტრაგიკულ დღეს უნივერსიტეტში დედამ მიაცილა. 

"ჩემი შვილი და მისი ყოფილი ქმარი ნაჩხუბრები იყვნენ და ყოფილი ქმარი შერიგებას ითხოვდა", - აღნიშნა მამამ. მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, მაკა წივწივაძისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. პაციენტი კლინიკაში სასწრაფო ბრიგადამ ინტუბირებული მართვის სუნთქვით შეიყვანა, მას მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა და დაახლოებით 2 საათზე მაკა წივწივაძე საოპერაციო ბლოკში ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ თქვა, მაკა წივწივაძე თავში იყო დაჭრილი. მისი თქმით, სიკვდილი გამოწვეული იყო თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით. ჭრილობების რაოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელმა კონფიდენციურობიდან გამომდინარე არ დააკონკრეტა. ასევე მან არ დაადასტურა ინფორმაცია პაციენტის ორსულობის შესახებ. 
ერთ საათში განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ "ილიაუნის" ლექტორმა მაკა წივწივაძემ ყოფილ ქმართან დაკავშირებით პოლიციას ორჯერ მიმართა. როგორც შსს აცხადებს, მაკა წივწივაძე პირველად 22 სექტემბერს - რუსთავის განყოფილებაში, მეორედ 26 სექტემბერს კი დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში იმყოფებოდა. 

"მარიამ წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, მათ შორის პირველად რუსთავის განყოფილებას და განაცხადა, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა, შედგა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან. წივწივაძე ითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შემაკავებელი ორდერის გამოწერა მომხდარიყო. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ პირობა დადო, რომ აღარ შეაწუხებდა ყოფილ მეუღლეს და ბოდიში მოიხადა. მეორედ მარიამ წივწივაძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ ლაშა მაღრაძე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. მაღრაძე 29 სექტემბერს ამავე განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ, თუ ყოფილ მეუღლეს ისევ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს. ამის შემდეგ მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს", - აცხადებს შსს. 
მაკა წივწივაძის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე, ამავე გვარისა და სახელის მქონე ლაშა მაღრაძე მფარველობდა. გარდაცვლილის დედის სიტყვით, მისი ყოფილი სიძე ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რუსთავში პარალელურკლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დედის განმარტებით, მისმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო და ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. 

"ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა, ყოფილმა ქმარმა მესიჯიც გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა, როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ. 
როგორც ახლობლები ამბობენ, აწ გარდაცვლილი ლაშა მაღრაძე  წარსულში სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა, ციხიდან ვადაზე ადრე ამნისტიის შედეგად წელიწად-ნახევრის წინ გამოვიდა და შემდეგ დაქორწინდა მაკა წივწივაძეზე. ლაშა მაღრაძისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, ის პირველ მეუღლეს თავისუფლების აღკვეთამდე დაშორდა. 

"ქრონიკამ" მოიპოვა ინფორმაცია ლაშა მაღრაძის პირველ ცოლ ნინო გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, რომელსაც აწ გარდაცვლილი მაღრაძე 6 წლის წინათ გასცილდა და ვისთანაც ორი საერთო შვილი ჰყავს. საინტერესოა, რომ სამივენი: ლაშაც, პირველი ცოლი და მაკა წივწივაძეც სკოლელები არიან. მაღრაძეს პირველი ოჯახი ისე დაენგრა, რომ ჯერ ციხეში არ იყო მოხვედრილი და სამართალდამცავებთან ჯერ კიდევ პრობლემები არ ჰქონდა. გაყრა ქალის ინიციატივით მოხდა, რადგანაც ქმარს ნარკომანობა შეამჩნია და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალის ოჯახი ფინანსურად საკმაოდ ძლიერია რუსთავში და ლაშა მაღრაძე აქ ზესიძედ იყო შესული. ამ ისტორიაში ნიშანდობლივი ერთი ფაქტია: ისევე, როგორც მაკა წივწივაძეს, ლაშა მაღრაძე ოჯახის დანგრევის შემდეგ პირველ ცოლსაც მოკვლით ემუქრებოდა და მუქარის მესიჯებს სწერდა, ისე, რომ შეშინებული ქალი ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავდა. მუქარა კი მას შემდეგ შეწყდა, რაც მაღრაძე და წივწივაძე დაქორწინდნენ.  ამ ტრაგედიის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძემ "ფეისბუქში" დაწერა: "უფალმა ნათელში ამყოფოს მაკა შენი სული... ეგ ნაძირალა კიდევ ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას. 15-ჯერ რომ გავიგო მაგისი სიკვდილი, ეგეც ცოტაა მაგისთვის". 

როგორც მაღრაძის ერთ-ერთი ახლობელი ყვება, ლაშა მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი და შეყვარებულია... როგორც გითხარით, მაღრაძეს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს, მაკა წივწივაძეს კი, ასევე პირველი ქორწინებიდან - გოგონა... 

დაახლოებით 6 საათზე "ილიაუნში" მომხდარ ფაქტს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ეხმაურება და ზოგადად, უმაღლეს სასწავლებლებში დაცვის სამსახურის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს. "უკვე არაერთი ფაქტი დაფიქსირდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. ხოლო რაც შეეხება "ილიაუნს", ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ფიქრობს, რომ "ილიაუნის" რექტორი გიგა ზედანია, სასწრაფოდ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ამავდროულად დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა თუ სხვა პირებმა, ვისი უმოქმედობაც შეინიშნებოდა აღნიშნულ მომენტში და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს უმაღლეს სასწავლებლებში უსაფრთხოების ნორმების გაზრდა!" - აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა. 

17 ოქტომბერს, გვიან ღამით, ვრეკავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვიგებ, რომ მაკა წივწივაძე ოჯახმა უკვე გადაასვენა რუსთავში, რაც შეეხება მის ყოფილ მეუღლეს, ის ჯერ კიდევ სამხარაულის საექსპერტო ბიუროშია და სავარაუდოდ, შაბათს, დილით ადრე გადაასვენებენ, ასევე, რუსთავში. 

18 ოქტომბერს "ილიაუნში" სტუდენტები და ლექტორები მომხდარ ამბავზე უცხოსთან არ საუბრობენ, ისე შევდივარ შენობაში, რომ არც საშვს და არც ფეისკონტროლს არავინ მთხოვს. ერთადერთს ვიგებ, რომ მაკა წივწივაძე თავდაცვისთვის სპეციალურ აეროზოლს ატარებდა, რომელიც იმ დღეს ვერ გამოიყენა. ვესაუბრები დაცვის წევრს, რომელიც მთხოვს, სამსახური არ დავაკარგვინო: 
- ესაა ღია უნივერსიტეტი და ნებისმიერ უცხო სტუდენტს შეუძლია, შემოვიდეს და დაესწროს ლექციას. 

- კი, მაგრამ ბომბით შემოვა ის უცხო, თუ სანადირო თოფით, არა აქვს მნიშვნელობა? აგერ, შემოვიდა იარაღიანი, ცოლიც მოკლა და თავიც მოიკლა. 
- შემხედეთ, "კურტკაში" ჩანს, რა მაქვს? 

- აბა, მე რას გეკითხებით? 
- სად გვაქვს დეტექტორი? არც სტუდბილეთები არ გვაქვს და არც კონტროლი, ყველა შემოდის. ეგ კაცი მთელი თვე დასდევდა თურმე და პატრულმა უარი უთხრა, ხელმოსაკიდი არაფერი გვაქვსო. მუქარა კი იყო, მაგრამ კაცი - შენ მოგკლავო, კი არ ეუბნებოდა ქალს, თავს მოვიკლავო, ამას ამბობდა. ეს ამბავი მოხდა "ცე" კორპუსში და არავინ არავითარ აუდიტორიებს არ გლეჯდა კარებს. ცხონებულთან რომ შეიხედა და უთხრა, გამოდიო, მაკას თავისუფლად შეეძლო, შიგნიდან ჩაეკეტა კარი და დაცვის უფროსთან დაერეკა და დაცვის უფროსის ტელეფონი კი უნდა იცოდეს ყველამ. ისე, უბედურებაა, თქმა რად უნდა? 

ვესაუბრებით უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ანა კვანჭილაშვილს. 
- გასროლა რომ მოხდა შენობაში, პირველი დაცვის თანამშრომელი ავარდა ზემოთ, მეორე სართულზე და სტუდენტებიც გამოვიდნენ აუდიტორიიდან. ჩვენ სხვა კორპუსში ვიყავით და, რომ მოვცვივდით, არავინ შეგვიშვა შენობაში საღამომდე. ითქვა, ოთხი გასროლა იყოო, მაგრამ ზოგი სამ გასროლას ამბობს და ზუსტად რამდენი ტყვია მოხვდა ამ ადამიანს, არ ვიცით. სასწრაფოც მალე მოვიდა, მე ხუთ წუთში ვიყავი ადგილზე და სასწრაფო უკვე ადგილზე იყო. პოლიციამ გვითხრა, კორპუსი დაიცალოსო და ეს სასწრაფოდ მოხდა, რადგანაც ევაკუაციის გეგმა გვაქვს. მაკა წივწივაძე არის ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომელი, ისინი ჩვენთან ახდენდნენ ინგლისურის სწავლებას და ამიტომ მას პირადად არ ვიცნობდი. 
- რაც შეეხება, უსაფრთხოების დაცვას, რატომაა ეს საქმე ასე თვითდინებაზე მიშვებული? 
- დეტექტორი არის არკა, რომელიც წრიპინებს გასაღებზეც კი. ანუ დეტექტორი არც ერთ უნივერსიტეტში არ დგას, მაშინ შეუძლებელი იქნება სასწავლო პროცესის დაწყება(?). ეს ადამიანი ციხიდან ახალი გამოსული იყო და მოძრაობდა შუა ვაკეში იარაღით. 
- და სად მოხდა ეს ამბავი, არა აქვს მნიშვნელობა? 
- კი, ეს პრობლემაა, მაგრამ ზოგადად ახლა კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესებულია და ცხადია, თავდაცვა უნდა გაძლიერდეს. 

ვუკავშირდებით ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელს ზაზა ფურცელაძეს: 
- მაკა იყო ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, თუკი მას ასეთი ტრაგედია ჰქონდა ოჯახში. ვიცოდით, რომ ამ ბოლო დროს ქმარს გაშორდა და მეტი არაფერი, არაფერს იმჩნევდა. სხვათა შორის, ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, სტუდენტებმა გვითხრეს, რომ ისე ღიმილით და მხიარულად დაიწყო გაკვეთილიო, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდაო. 
- კი, მაგრამ ქალი თავდასაცავი აეროზოლით დადიოდა და დედა აცილებდა უნივერსიტეტში და ცოტა უცნაურია, არ გაგეგოთ ამის შესახებ. 
- საერთოდ არაფერი ვიცოდით. 

ამის შემდეგ კი ვუკავშირდებით ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის იურისტს მანანა ფურცხვანიძეს.

- საერთოდ, პოლიცია თავს იკავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერისგან, თან უკვე კარგა ხანია, რატომღაც ასეთი პოზიცია აირჩიეს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 126-ე პრიმა მუხლი და ურჩევნიათ, სისხლის სამართლით აღძრან საქმე, ვიდრე შემაკავებელი ორდერი გამოწერონ და ამით დაიცვან მსხვერპლი. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას კი მერე აღმოჩნდება, რომ სისხლის სამართლის ნიშნები არ არის და საქმეც იხურება. ამ დროს, კაცი რომ სიტყვით იმუქრება, ამას მსხვერპლი ვერ ამტკიცებს, მუქარის მესიჯებს _ მტკიცებულებად არ იღებს სასამართლო, რადგანაც ამაზე არ არსებობს ნებართვა, ადამიანი კი რეალური საფრთხის წინაშეა და ბოლოს მივდივართ ასეთ ფატალურ შემთხვევამდე. ამ კონკრეტული შემთხვევის დროს მაკა წივწივაძეს მშობლები დაჰყვებოდნენ და ეტყობა, ეს იმ კაცმა იცოდა და ისეთი დრო შეარჩია, როცა ქალი მარტო იყო, მაგრამ მერე კაცმაც თავი მოიკლა, ამიტომ აქ ცოტა სხვა რამესთანაც გვაქვს საქმე და კაცის ფსიქიკური მდგომარეობაც საინტერესოა, რადგანაც იშვიათია, მოძალადემ თავი მოიკლას. ზოგი ამას ამნისტიას უკავშირებს, მაგრამ ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ამნისტია მძიმე კატეგორიის დამნაშავეებს არ შეხებიათ და, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აქ ყველაფერი ერთადაა. თან რა ხდება: ასეთი ტრაგედია მოხდა და არავინ ამბობს, ბავშვი რა მდგომარეობაშია ამ დროს, როცა მამა ან დედა მშობელს უკლავს და ამ ბავშვს რა ელის? ისიც ხომ მკვდარია ფსიქოლოგიურად? ის შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც არ შველის საქმეს და ეტყობა, სხვა გამოსავალი უნდა მოვნახოთ.