რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჯერჯერობით ხელმოუწერელია, საქართველოსთვის საფრთხეების შემცველია. ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი და ამ ხელშეკრულების ტექსტი შეიცავს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. უნდა შეხვედროდა თუ არა აბაშიძე კარასინს ამ დაანონსებული ხელშეკრულების შემდეგ, ამაზე ძალიან ბევრს დაობდნენ მხარეები. გაიმართა პრემიერთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა. შეძლებს თუ არა ხელისუფლება შეაჩეროს რუსეთი და რა ინფორმაციას ფლობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს:
- შევეცადე, შედარება გამეკეთებინა ორი დოკუმენტისთვის, ერთი, რომელიც დაიდო 2008 წელს და მეორე, რომელსაც ახლა აპირებს რუსეთი დადოს აფხაზეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტს ჯერჯერობით პროექტის სახე აქვს. ვიცი, როგორი მძაფრი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ პროექტმა თვითონ აფხაზეთში, საქმე იქამდე მივიდა, რომ ისეთი ბუნჩულა კაციც კი, როგორიც არის აფხაზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ისიც კი აღშფოთებული იყო ამ დოკუმენტით. მან განაცხადა: ჩვენი იურისტები ახლა პარლამენტში სხედან, ყველა პუნქტს დაწვრილებით გადიან და ასწორებენო... სხვათა შორის, პრივატულ საუბრებში რუსმა პოლიტოლოგებმა მითხრეს, რასაკვირველია, ეს დოკუმენტი არ იქნება ისეთი სახით, როგორიც პროექტშია, რადგან აფხაზები თვლიან, რომ ეს არის მათი სუვერენიტეტის შელახვა და სერიოზული დარტყმა მათ მომავალზე.
- რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
- ეს არის ერთგვარი კულუარული მესიჯი რუსების მხრიდან, ჩვენ მაქსიმუმს დავწერთ პროექტში და შევჯერდებით მინიმუმამდე, მეორე, ეს არის საპასუხო ღონისძიება საქართველოს მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, აქ ნატოს საწვრთნელი ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში, რუსული პოლიტიკის ისეთმა ქორებმა თქვეს, რომ ეს არ არის საბოლოო და ბევრად და უფრო დაიხვეწება აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებითო, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს არის ერთგვარი სასინჯი ქვა, რა გაუვათ. ამ დოკუმენტში მთავარი არის ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა, რამაც განსაკუთრებით გააღიზიანა ქართული მხარე. ის თუ იცით, რამ გააღიზიანა აფხაზები? აფხაზები გააღიზიანა იმან, რომ რუსები ითხოვენ შიდა საბაჟო კონტროლის უფლებას. პირველი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2008 წელს დაიდო, რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ საქართველო-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარს. ახალი დოკუმენტის მიხედვით რუსეთი ითხოვს მესაზღვრეების შიდა კონტროლს. მესაზღვრეები უნდა იყვნენ აფხაზეთის პორტებში, კერძოდ, ოჩამჩირის, სოხუმის პორტებში და თუ აეროპორტი ამუშავდება, იქაც... ვიცი, ეს მუხლი რუსებმა რატომ ჩადეს, მათ ძალიან აწუხებთ იმ ტვირთებისა და ადამიანების გადაადგილება, რაც ხდება აფხაზებსა და თურქებს შორის. ამის გარდა მათ აინტერესებთ გემების საშუალებით შემოტანილი ნარკოტიკების ნაკადი, არ გამოვრიცხავ, რომ ამ გემებით შემოდის იარაღი, რაც რუსებს ძალიან აინტერესებთ. რომ იცოდეთ, ამან გამოიწვია აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება.
- როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, ამ ხელშეკრულების შემდეგ უნდა შემდგარიყო აბაშიძე-კარასინის შეხვედრა?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ეს სხვა ფორმატის შეხვედრაა. იქ განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები და არ ეხებიან უსაფრთხოების საკითხებს. გარდა ერთი გამონაკლისისა, ერთხელ შეეხნენ საკმაოდ მწვავედ მოდერნიზაციის საკითხს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ეგ იყო და ეგ... თუ გახსოვთ, ეს იყო მაისის ბოლო და კარასინმა განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია. მაგრამ ამ საკითხს განიხილავდნენ იმ კონტექსტში, რაც გულისხმობდა ადგილობრივი ქართველების შევიწროებას. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ახალ დოკუმენტს აფხაზეთთან მიმართებაში, მე ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით აბაშიძემ შეკითხვა დასვა, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა კარასინის მხრიდან და განცხადება იმის თაობაზე, რომ ასეთ შეხვედრებზე მსგავსი მწვავე საკითხები არ განიხილება. აი, დღეს რომ საუბრობენ, კარასინისა და აბაშიძის შეხვედრას აზრი არა აქვს და ერთმანეთს აღარ უნდა შეხვდნენო. მე ვსვამ კითხვას, - რა უნდა ვქნათ?.. რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის არარსებობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავისუფლად გააკეთებს იმას, რაც უნდა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები მათზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. მე მესმის ოპოზიციის, რომელიც ამბობს: ჯობია რუსეთზე გვქონდეს მუდმივი ზეწოლა დასავლეთის მეშვეობით, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. ასეთი ფორმატი "ნაციონალებს" ჰქონდათ, დასავლეთი მუდმივად ახდენდა ზეწოლას რუსეთზე, მაგრამ ვერაფერი მიიღო. მე ვთვლი, რომ დღეს ყველანაირი ხერხი უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ხელისუფლება მინდა ერთ კონკრეტულ საკითხში გავაკრიტიკო, ძალიან შემსუბუქდა დასავლეთთან ურთიერთობა ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, რასაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჰქვია... ჯობდა დასავლეთის რიტორიკა არ შემსუბუქებულიყო და ისეთივე მიმართულებით გაგრძელებულიყო, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ჟენევისა და პრაღის ფორმატით რაღაცნაირად რუსეთი გონს მოეგებოდა, მაგრამ რუსეთი არ არის იმ ტიპის ქვეყანა, ვისთანაც შეიძლება ერთი რეჟიმიდან მეორეში ისე გადახვიდე, რომ რუსეთმა წინა რეჟიმი დაივიწყოს.
- ძალიან უცნაურად დაემთხვა ორი მოვლენა, მიხეილ სააკაშვილმა 7-პუნქტიანი პოსტულატი გამოაქვეყნა, რაც, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პროგრამას უფრო ჰგავს, მეორე მხრივ, გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი ალასანია უბრუნდება საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტს. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს უკავშირდებოდეს... მკითხველს აქვე ვეტყვი, რომ სააკაშვილის ეს 7-პუნქტიანი "ნაშრომი" "ალიამ" სრულად გამოაქვეყნა და როგორც მკითხველს დავპირდით, მისი გარჩევა "ქრონიკის" ფურცლებზე მოხდება...
- საქმე ის გახლავთ, რომ პირდაპირ კავშირს ალასანიას და სააკაშვილს შორის გამოვრიცხავ, ბუნებრივია, თქვენ ჩამეკითხებით, თუ ღია კავშირს გამორიცხავთ, მაშინ გულისხმობთ ფარულ კავშირსო... ვფიქრობ, რომ ალასანიასნაირი მოქნილი პოლიტიკოსი, თავის თავს ამის უფლებას არ მისცემს. მოგეხსენებათ, რომ პარტია მხოლოდ ალასანია არ არის. პარტიაში არიან სხვებიც, რომლებიც არ დაელაპარაკებიან "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოსტულატებს, ძალიან ყურადღებით წავიკითხე და ერთი განწყობა გამიჩნდა, თუკი ის ხალხსა და ქვეყანაზე მზრუნველი იყო, 9 წელი რას აკეთებდა? ამ პოსტულატებში ადგილ-ადგილ ნაცრისდაყრის მცდელობაც არის, აღიარებს, რომ შეცდომები იყო დაშვებული. მე მისი არ მჯერა. მე ხომ მაქვს უფლება, რიგით მოქალაქეს, არ დავიჯერო, რომ მას კეთილი განზრახვა აქვს. მიხეილ სააკაშვილი არის ტიპაჟი, რომელსაც ქვეყნის სხვანაირი მართვა არ შეუძლია, ის მართავდა ისე ქვეყანას, რომელიც მისი მართვის სტილია. ყოველთვის მისი სიტყვა უნდა იყოს გადამწყვეტი, ყველა მას უნდა ემორჩილებოდეს, ეს არის მისი ფსიქოლოგია, სხვანაირად არ შეუძლია. როცა 9 წლის განმავლობაში არ მოინდომე იმის კეთება, რასაც დღეს ხალხს ჰპირდები, თურმე გცოდნია და არ გააკეთე, უფრო მეტად დამნაშავე ხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ესე იგი კარგად ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ აკეთებდა. ამიტომ, მისი პოსტულატების არ მჯერა. სააკაშვილთან ერთად "ნაცმოძრაობას" შედეგი არ ექნება, ან ექნება ისეთი სავალალო შედეგი, როგორიც ჩვენ ვნახეთ.
- დაბოლოს, მართალია, თქვენ არ ბრძანდებით ფსიქოლოგი, თუმცა მინდა გკითხოთ, როგორც მამაკაცს და როგორც ექსპერტს. თქვენი აზრით, რატომ ხდება ოჯახური ძალადობა, რაც მთავრდება მკვლელობებით? ბოლო კვირის მანძილზე, ქვეყანაში, ფაქტობრივად, ცოდვის კალო ტრიალებდა. ამ ყველაფერს რას უკავშირებთ?
- მართალი ბრძანდებით, არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ განსაკუთრებით მხვდება ის ფაქტები, როცა მამაკაცი ქალს კლავს და შემდეგ თავს იკლავს. ერთი საკითხია ოჯახური ტრაგედია, მეორე არის ოჯახის ფსიქოლოგია, ეს არის ძალიან საინტერესო მეცნიერება. ისეთი უარყოფითი ფონია ქვეყანაში შექმნილი, ადამიანების მორალური ნორმები მოირღვა და საზოგადოება ნელ-ნელა ხდება ამორალური. ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება საზოგადოება, წარმოუდგენელი ამბების მომსწრენი ვართ. ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცევას ხელს უწყობს ელექტრონული მედია. არ შეიძლება ელექტრონულმა მედიამ ეს საკითხები ასე გააშუქოს, ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ სუსტი ფსიქიკის ადამიანი თვლის, რომ მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ამას ვეძახი ზუსტადაც მორალური კატეგორიების რღვევას. ერთი მხრივ, საზოგადოების ნაწილი არის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, ადამიანი ამდენ სტრესს ვერ უძლებს, ამას ემატება მუდმივი ზეწოლა ელექტრონული მედიიდან და პოლიტიკოსების მხრიდან. დამკვიდრდა ისეთი წესი, რომ ადამიანს შეუძლია საზოგადოებაში მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც იქცევა ქუჩაში. ესეც გამოძახილია იმ ვითარებისა, რაც არის ქვეყანაში. ზნეობრივი კატეგორიები მორღვეულია და ამიტომაც ადამიანები ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს.