რამაზ საყვარელიძე: “ხელისუფლებას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს თავისი ხალხის მიმართ და დაუნდობელია!”

რამაზ საყვარელიძე: “ხელისუფლებას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს თავისი ხალხის მიმართ და დაუნდობელია!”

ტელეკომპანია PBS-ის შოუს წამყვან ჩარლი როუზთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ქართულ მენტალობაზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, “ვარდების რევოლუციამ” მენტალური რევოლუცია მოაწყო ქართველი კაცის ცნობიერებაშიო. “ვარდების რევოლუცია” რაც არის, ვიცით, მაგრამ იმაზე, თუ რა შინაარსის მატარებელია “ახალი ქართული მენტალური რევოლუცია”, “ქართული სიტყვა” ფსიქოლოგსა და პოტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

ბატონო რამაზ, სააკაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო პოპულარულია, ვიდრე - პრეზიდენტი და ეს მენტალური რევოლუციის ყველაზე დიდი მიღწევააო. “ვარდების რევოლუციავიცით, მაგრამ მენტალური რევოლუცია რას ნიშნავს?

- ეს ფრაზა - “საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა” - პირველად “ეკონომიქსმა” გამოიყენა საქართველოსთან მიმართვებაში და სააკაშვილი ცდილობს, გაშიფროს ეს ფრაზა და თავის გამოსვლებში აცხადებს, ყველაზე დიდი რევოლუცია მენტალური რევოლუციაო. პრეზიდენტისთვის მენტალური რევოლუცია, თუ შეიძლება ასე ითქვს, სარეკლამო ფრაზაა.

 

რაც შეეხება ადამიანის მენტალობას. ის მუდმივად იცვლება ცხოვრების პირობებისა და წესის ცვლასთან ერთად. ერთ-ერთი ფორმულა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებამ წინა პლანზე დააყენა, ნულოვანი ტოლერანტობაა. ამას მოჰყვა საკმაოდ მკაცრი, დაუნდობელი მოქმედებები ძალოვანი და მაკონტროლირებელი სტრუქტურების მხრიდან, ამის მაგალითია თუნდაც სახლებისა და საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობაში დამკვიდრდა ახალი მენტალობა - ხელისუფლებას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს თავისი ხალხის მიმართ და, შესაბამისად, დაუნდობელია.

 

ესაა ჩვენი მენტალობის შეცვლის ერთ-ერთი ფაქტორი?

- საქართველოს მოსახლეობას დაუნდობელი ხელისუფლების პირობებში უწევს ცხოვრება და წინა პლანზეა შიში და უსუსურობა. ამბობენ, ხალხში საპროტესტო განწყობამ იკლოო. სწორედ შიშის გამო იკლო, ნულოვანი ტოლერანტობის გამო გაჩენილ შიშზეა ლაპარაკი. ერთხელ, რობიკო სტურუამ თქვა, საქართველოში შიში გაჩნდაო. პიველად მან შეამჩნია შიშის არსებობა საზოგადოებაში. თუ ამ შიშს მენტალობის შეცვლას დავარქმევთ, ანუ მენტალურ რევოლუციად ჩავთვლით, მაშინ ეს რევოლუცია უდავოდ მოხდა, მაგრამ არსად მინახავს, რომ შიში რევოლუციად ყოფილიყო გამოცხადებული.

 

შეშინებული ადამიანი მორჩილია, მაგრამ რუსთაველი გვეუბნება, შიში შეიქმს სიყვარულსაო და, როგორც ჩანს, ასეცაა: პრეზიდენტისაგან ძალიან დაშინებული ადამიანებისაგან შედგება ჩვენი საზოგადოება...

- შიშზე რამდენიმე ტიპის რეაქცია არსებობს: პირველი, რაც თქვენ გაიხსენეთ, შიში შეიქმს სიყვარულსაო. ზოგს ნებისმიერი ხელისუფლება უყვარს სწორედ იმიტომ, რომ მას ძალა აქვს. მეორე: შიში იწვევს პასიურობას, ანუ სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობს, ან ჩათრევას, ჩაყოლა სჯობიაო. არსებობს შიშზე რეაქციის მესამე ტიპი - როცა შეშინებულს დასაკარგი არაფერი აქვს და კედელთანაა მიყენებული, აგრესიული ხდება და ასეთი ადამიანი ძალიან სახიფათოა. თუ ისე შეაშინებ ადამიანს, რომ უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებ, შეიძლება, აქეთ შემოგიტიოს. ხშირად სწორედ ასეთი შიში აჩენს საპირისპირო რეაქციას.

 

ბოლო დროს სააკაშვილი მილიარდერ დონალდ ტრამპთან დაახლოებას ცდილობს. როგორც ჩანს, არც ტრამპია სააკაშვილთან მეგობრობის წინააღმდეგი. ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წევრია და ამბობენ, ამერიკის პრეზიდენტობა უნდაო... რაზე აქვს გათვლა სააკაშვილს?

- ტრამპთან ურთიერთობის ქვეტექსტი ასე იკითხება: ერთის მხრივ, სააკაშვილი რესპუბლიკური პარტიის პირმშოა - წარმატებული ქვეყნის, წარმატებული ლიდერია და ა.შ. ბუშიდან დაწყებული, ტრამპით დამთავრებული - ყველა თვლის, რომ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის “ვარსკვლავია”. ბუნებრივია, რესპუბლკურ პარტიას არჩევნებისთვის პოზიტივები სჭირდება და ერთ-ერთ პოზიტივად საქართველოს დაასახელებს, რომლის პრეზიდენტიც სააკაშვილია. პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, სააკაშვილისთვის ტრამპთან დაახლოება მომგებიანი პოლიტიკური სვლაა. ობამასთან ურთიერთობა სააკაშვილმა ვერ ააწყო. გარდა ამისა, ამერიკელ პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნვეს, რომ დემოკრატების გამარჯვება მომავალ არჩევნებში საეჭვოა.

 

ამერიკელებს არ მოსწონთ თავიანთი პრეზიდენტი?

- ამერიკელებს ბევრი პრეტენზია აქვთ ობამასთან. თუკი სააკაშვილი წინასწარ გააკეთებს გათვლებს, მაშინ რესპუბლიკელებზე უნდა დადოს ფსონი. რესპუბლიკური პარტია მისთვის უფრო კომფორტულია და, რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რა ნაბიჯებსაც ახლა ტრამპთან დგამს.

 

ფაქტია, რომ ამერიკა ქმნის მსოფლიო პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში, ავანგარდში დგას, მაგრამ კადაფი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა - პროდასვლურად განწყობილ თანამემამულეებს ჟლეტს, ამერიკასა და ევროპას დაუპირისპირდა. შეძლებს კადაფი, ხელისუფლების შენარჩუნებას ასეთ პირობებში?

- ერთი ცხადია: ტუნისისსა და ეგვიპტის რევოლოციების ინერცია კადაფთან შეჩერდა და ადვილად ვეღარ მიდის წინ. კადაფი უკომპრომისოა თავისი აჯანყებულებისა და დასავლეთის მიმართაც. ხელისუფალთან, რომელსაც თავისი ძალაუფლება აკვიატებული აქვს და დათმობა არ სურს, ბრძოლა საკმაოდ ძნელია.

 

40 წლის წინ, როდესაც კადაფი ხელისუფლებაში მოვიდა, არაბების დიდ გაერთიანებაზე ოცნებობდა. თავისი უკომპრომისობით, იქნებ, მართლაც, გააერთიანოს არაბები და ორი კულტურის - მუსულმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მოხდეს?

 - დაპირისპირება თითქმის გამორიცხულია, რადგან კადაფი არაა პოპულარული არაბეთში. კადაფს არაბული გაერთიანებები დაუპირისპირდნენ, მათ შორის, - “ალ ქაიდაც”. ასე რომ, ასეთი მასშტაბური იდეის განხორციელება ძალიან გაუჭირდება, ეს არარეალურია, უტოპიაა. გამორიცხული არაა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების შენარჩუბნება შეძლოს, მაგრამ მეეჭვება.

 

კადაფს არ თანაუგრძნობს ირანი, მეფე აბდალა. სამაგიეროდ, ლუკაშენკო და ჩავესი თავშესაფარს სთავაზობენ პოლკოვნიკს. რატომ აქვს ასეთი სიმპატიები მის მიმართ ლუკაშენკოს. ეს თემა თუნდაც ფსიქოლოგიურ ჭრილში განვიხილოთ...

- ფსიქოლოგიურად, კადაფი ჯდება იმ ტიპაჟში, რომელიც ლუკაშეკოს უნდა მოსწონდეს, რადგან თვითონაც კადაფისნაირი ლიდერია, თუმც მიუხედავად ასეთი ფსიქოლოგიური პასაჟისა, პოლიტიკა მაინც ნაკლებადაა პერსონების ფსიქოლოგიაზე დამოკიდებული. ევროპის კრიტიკამ ლუკაშენკო აიძულა, თავის ადრინდელ ამპლუაში დაბრუნებულიყო. ბოლო დროს თითქოს ევროპისაკენ აიღო გეზი, მაგრამ ევროკავშირის სანქციებმა ლუკაშენკო ისევ ჩავესის და კადაფის მაგვარი ლიდერების გვერდით “ჩასვა”. დასავლეთმა ლუკაშენკო არ მიიღო.

 

კადაფი თავის ხალხს ებრძვის, დასავლეთი - კადაფს, ირანი დღე-დღეზე ატომურ ბომბს გააკეთებს და, ერთი სიტყვით, ქვეყნები და ხალხები ერთმანეთთან ომობენ, ბუნება კი - ხალხთან; იაპონია იძირება, რადიოქტიური ნივთიერება ჟონავს... ყოველივე ამის ფონზე, მენტალური რევოლუცია, პოზიტური გაგებით, რა მიმართულებით გვჭირდება ქართველებს და, საერთოდ, მსოფლიოს?

- ჩვენ გვჭირდება მენტალური რევოლუცია აქტიურობის, შრომისა და ინტელექტის ამაღლების მიმართულებით. რუსებს - ევროპიზაციის მიმართულებით. პეტრემ კი მოჭრა ფიზიკური წვერი რუს ბოიარებს, მაგრამ უხილი წვერი მაინც დარჩათ რუსებს და ეს წვერი თავის საქმეს აკეთებს - დაპირისპირება ცივილურ მსოფლიოსთან დღემდე “ზის” რუსებში. უდიდესი მენტალური ამოცანა დგას ამერიკელების წინაშეც - მათ საკუთარ თავზე მსოფლიოს დირიჟორობის ფუნქცია ისე აიღეს, რომ ნოტები არ იციან.

 

ამერიკელები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადმოვიდნენ ევროპის კონტინენტზე და მერე დაინტერესდნენ, თუ რა ხდება მსოფლიოში. აშკარაა, რომ ადეკვატურად ვერ აფასებენ იმ მოვლენებს, რომლებშიც აქტიურად ჩაერივნენ და გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ამ მხრივ, მენტალური რევოლუციისა და განვითარების აუცილებლობა მხოლოდ ამერიკის კი არა, მთელი მსოფლიოს წინაშე დგას, რადგან ამერიკელების შეცდომებმა, შესაძლოა მთელი მსოფლიო გადაიყოლოს. ასე რომ, მენტალური რევოლუცია, პოზიტიური გაგებით, ზედმეტი არავისთვის იქნება.